ყველაზე პოპულარული
პიროვნება

5 ქალიშვილი, 12 შვილიშვილი და ასობით წარმატებული მოსწავლე- გაიცანით ასპინძის რესურსცენტრის ხელმძღვანელი 45-წლიანი საგანმანათლებლო გამოცდილებით
24-04-2019
-
+


ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ტრისტან მურადაშვილი ხუთი ქალიშვილის მამაა. მიიჩნევს, რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს და იმისათვის, რომ ბავშვი კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს, შრომას ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს. ბავშვობაში თავადაც შრომობდა და შვილებიც ასე გაზარდაშრომას მიაჩვია.

ტრისტან მურადაშვილი ასპინძის უძველეს, ისტორიულ სოფელ ხიზაბავრაშია დაბადებული და გაზრდილი. 45 წელი პედაგოგად მუშაობდა. მერე, კონკურსის წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი გახდა. ამბობს, რომ დაბაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სულ მისი ყოფილი მოსწავლეები მუშაობენ და მათ, სკოლების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც უნდა სთხოვოს, უარს არასოდეს ეუბნებიან.

- ბატონო ტრისტან, თქვენი მშობლიური სოფელი ხიზაბავრა უძველესი მესხური სოფელია. როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

- დიახ, სოფელ ხიზაბავრაში გავიზარდე. როდესაც ამ მხარეში მოსახლეობა გამაჰმადიანდა, ხიზაბავრაში და კიდევ, ახალციხის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებმა კათოლიკური სარწმუნოება  მიიღეს და ამით დაიცვეს თავი გამუსულმანებისგან, რადგან საფრანგეთი, იტალია იცავდნენ კათოლიკეებს და ხელშეუხებელ სოფლებად იქცნენ. სოფელში ორი წყარო გვაქვს დღემდე – ერთი კათოლიკებისააა და მეორე – მართლმადიდებლების. სხვა სოფლებში თითქმის ყველგან იყვნენ მაჰმადიანები და ჩვენთან – არც ერთი.

თავის დროზე, ჩვენც კათოლიკური წესით მოგვნათლეს, მაგრამ ბოლო წლებში ყველა მართლმადიდებლად გადავინათლეთ. დღეს მთელი ახალგაზრდობა მართლმადიდებლად ინათლება. ახლა კათოლიკეები ძალიან ცოტანიღა არიან ჩვენს სოფელში და ისინიც 70 წელს გადაცილებულები. დღესაც ორი ეკლესიაა სოფელში – კათოლიკური და მართლმადიდებლური.   

სოფელში იყო მიწისქვეშა სამალავები, დარნები. მტრის შემოსევის დროს, ყველა თავის დარანში უნდა ჩამალულიყო. სულ სამი დარანი იყო სოფელში და ისინი მდინარე მტკვარს უერთდებოდა, რომ იმ გაჭირვების დროს წყლის პრობლემა არ შექმნოდათ. დღესაც არის ეს ნაკვალევი შემორჩენილი და ბევრი ადამიანი მოდის მის სანახავად.

ბავშვობაში ყველა პირობა გვქონდა, რომ გვესწავლა. მაშინ კოლმეურნეობები არსებობდა და მშობლებს ჩვენ, ბავშვებიც ვეხმარებოდით გათოხვნაში, გათიბვაში თუ საქონლის მოვლაში. შრომით საქმიანობაში ბავშვობიდან ვიყავი ჩართული. შვიდი დედმამიშვილი ვიყავით. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით, მაგრამ საკვები და სამოსი არ გვაკლდა. ხელს ძალიან გვიწყობდნენ მშობლები, რომ გვესწავლა.

- დღესაც გიწევთ ფიზიკური შრომა?

-  რა თქმა უნდა, მიწევს. ნაკვეთი მაქვს, სადაც ყველანაირი ხილი, კარტოფილი, თუ სხვა ბოსტნეული მომყავს. დავამთავრებ თუ არა სამუშაოს რესურსცენტრში, მივდივარ და მიწაზე ვმუშაობ. ხან დილის 6 საათზე მივდივარ და ვბარავ, ვთოხნი... 9 საათამდე რასაც მოვასწრებ, ვმუშაობ. 70 წელს გადავაბიჯე და დღესაც აქტიურად შემიძლია ფიზიკური მუშაობა. გაზაფხულია და უკვე მოვუარე ჩემს ნაკვეთს. 4 ტომარა კარტოფილი დავთესე და 4 ტომარას რომ ვთესავ, 25–26 ტომარა კარტოფილი მომყავს. ნაკელი შემაქვს მხოლოდ და სასუქს არასოდეს ვაყრი. ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი მომყავს. იმდენი მოსავალი მომდის, ჩემს შვილებს ყოფნის. ხუთი შვილი გავზარდე, 12 შვილიშვილი მყავს.

- ბატონო ტრისტან, თქვენს დროს, მთის სოფლებში ბავშვობიდან შრომობდნენ ადამიანები, ეხმარებოდნენ მშობლებს. დღესაც შრომობენ ბავშვები?

- დღეს აღარ შრომობენ, ადრე გაღვიძებაც კი უჭირთ. ჩვენს ბავშვობასთან შედარებაც არ შეიძლება. ბავშვი, რომელიც შრომობს, სწავლაშიც კარგია, პატიოსანიცაა და საუკეთესო ადამიანიც დადგება.

- თქვენი შვილები შრომაში გაზარდეთ?

- დიახ, შრომობდნენ და გვეხმარებოდნენ პატარ-პატარა საქმეებში. ჩემი გოგონები მწყემსადაც კი წასულან არდადეგების დროს, თუ შაბათ–კვირას. შრომა სწავლაში ხელს არ გიშლის, პირიქით, თვალსაწიერს გიფართოვებს. ჩემმა ხუთივე შვილმა უმაღლესი დაამთავრა. დღე და ღამე კი არ უნდა ამუშაო ბავშვი, 1–2 საათით რომ მოგეხმარება მშობელს, მაგას რა სჯობს?!

დღევანდელი ცხოვრებაა სხვანაირი. ახლა თითქოს ყველაფერი ბავშვების კეთილდღეობაზეა მორგებული, მაგრამ შრომა მაინც უნდა ვასწავლოთ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში იზრდება. მე და ჩემი თანამშრომლები ხშირად დავდივართ სკოლებში და ბავშვების მოსაზრებებს ვიწერთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ბავშვი თბილ გარემოში უნდა გაიზარდოს. მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა თუ ჩხუბი, მკვეთრად  ისახება ბავშვის სულიერ სამყაროზე და ეტყობა ხოლმე კიდეც ასეთ ბავშვს, ფერხდება მისი განვითარება. ბავშვს კონტროლიც უნდა, მაგრამ გარკვეული თავისუფლებაც უნდა მისცე, მშობელი ახლოს უნდა იყოს შვილთან...

- ბატონო ტრისტან, პროფესია როგორ აირჩიეთ თავის დროზე?

- სკოლა რომ დავამთავრე, ქულები დამაკლდა და პირველ წელს ვერ ჩავირიცხე უმაღლესში. იმ წელს პროფტექნიკურ სასწავლებელში ვისწავლე სამთო მანქანების მემანქანეობა. წითელ დიპლომზე დავამთავრე ეს სასწავლებელი და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. თვითონ მოვემზადე უნივერსიტეტისათვის. სკოლაში ძალიან მიყვარდა ქიმია და ბიოლოგია და ამ გზით წავედი. მთელი 5 წელი სტიპენდიას ვიღებდი. თბილისში სტუდქალაქში ვცხოვრობდი – 17 მანეთს გადავიხდიდი და მთელი წელი უფასოდ შემეძლო იქ ყოფნა. კვებაც გვქონდა... ისეთი პირობები იყო, აუცილებლად უნდა გესწავლა. თუ არ ისწავლიდი, სტიპენდიას დაკარგავდი. მე რომ სტიპენდია დამეკარგა, რა უნდა მექნა, როცა ჩემს უკან კიდევ 6 დედმამიშვილი იდგა?!

უნივერსიტეტი 1972 წელს დავამთავრე და განაწილებით გამიშვეს ასპინძის რაიონის სოფელ იდუმალის სკოლაში, სადაც ქიმია–ბიოლოგიას ვასწავლიდი. თავიდან ვფიქრობდი, სკოლაში როგორ ვიმუშავებ–მეთქი, მაგრამ მერე  ისე მომეწონა ბავშვებთან ურთიერთობა, გადავწყვიტე, ამ გზით გამეგრძელებინა მუშაობა, კლასში რომ შეხვალ ერთხელ, ორჯერ, მერე გიჭირს მიტოვება.

მერე, ასპინძის სკოლაში მუშაობაც შემომთავაზეს. სამ დღეს ასპინძის სკოლაში ვმუშაობდი, სამ დღეს – სოფელში. ასპინძის სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ ვიმუშავე 5 წელი, შემდეგ სკოლის დირექტორიც გავხდი. მოგვიანებით, მეთოდკაბინეტის გამგეობაც ჩამაბარეს. მეთოდკაბინეტი რომ გაუქმდა, ისევ ასპინძის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ ვიმუშავე. 2004 წელს დაბის განათლების განყოფილების გამგე გავხდი. 2006 წელს კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რესურსცენტრის უფროსად დავინიშნე და დღემდე ვმუშაობ. 2007 წლამდე სკოლაში ვმუშაობდი. სკოლაში მუშაობის 45 წლიანი სტაჟი მაქვს. 2007 წელს მითხრეს, რომ აღარ მქონდა სკოლაში მუშაობის უფლება, მთელი 3 თვე ცუდად ვიყავი. მანამდე მიჩვეული ვიყავი, რომ, დილით მივდიოდი სკოლაში, პირველ გაკვეთილს ვატარებდი და მერე გადავდიოდი რესურსცენტრში. ბავშვებისგან იმდენ რამეს ვიგებდი, იმდენ რამეს ვსწავლობდი...

დღეს განათლების სამინისტრო ძალიან გვეხმარება, რომ სკოლებში ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ ადგილობრივ საკრებულოში, პოლიციასა თუ სხვა ორგანოებში, ყველგან ჩემი ყოფილი მოწაფეები არიან და უნდა ნახოთ, ისინი როგორ მეხმარებიან. ასპინძის ახალი მერი რომ ავირჩიეთ, ისიც ჩემი მოსწავლე იყო. რაც უნდა ვთხოვო, ყველა გვერდით მიდგას. პირად საქმეზე არასოდეს არაფერს  ვთხოვ, როცა რომელიმე სკოლას რამე სჭირდება, მაშინ ვაწუხებ. მთელ ასპინძის მუნიციპალიტეტში სკოლა არ არის, რომელსაც მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა არ აქვს, ცენტრალური გათბობაც გავაკეთეთ თითქმის ყველგან...

ბევრი ნიჭიერი ბავშვიც გვყავს ასპინძაში. გასულ წელს, ჩვენი ერთი მოსწავლე ამერიკის პრესტიჟულ სასწავლებელში ჩაირიცხა და 80 000 დოლარიანი გრანტი მოიპოვა. არაქართული, სომხური სკოლაც გვაქვს და იქ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფო ენის შესწავლას. ამ სკოლის მოსწავლეებმა გასულ წელს ესეების კონკურსში პირველი ადგილი აიღეს და მინისტრმა დააჯილდოვა. სოფელ იდუმალას მოსწავლეებმა ქვეყნის მასშტაბით წარმოადგინეს თემა „არა ძალადობასთან“ დაკავშირებით და მათაც პირველი ადგილი აიღეს. „ეტალონი“ რომ ტარდება ჩვენთან და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი მობრძანდება, დიდი ცოდნის ზეიმი იმართება, და ასე, ჩვენი სკოლებით, საგანმანათლებლო სექტორით და ჩვენი ბავშვებით ყველანი კმაყოფილები ვართ და ვამაყობთ.

სკოლები
რუფოთის საჯარო სკოლაში პენსიონერი პედაგოგების გაცილების ცერემონიალი გაიმართა
მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
სტატუსი ლია დანელიამ და მაია ხუხუამ აიმაღლეს
სტატუსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლიანა სუარიშვილმა და ისტორიის პედაგოგმა ზურაბ მარაულმა აიმაღლეს
სიახლეები
ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო! ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
ცხრილის ფორმატი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ამობეჭდონ ის და საკუთარ სასწავლო კუთხესთან გაიკრან
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები დაახვედრა
ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაში ამ ბაღების აღსაზრდელები ახლომდებარე ბაღებში დარეგისტრირდებიან
იხილეთ გამოცდის ჩატარების თარიღები საგნების მიხედვით
საინტერესო
სასწავლო წელი ავსტრალიაში 27 იანვარს იწყება
ვამოწმებთ იცის თუ არა ბავშვმა უფროსების მოსმენა
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ვიზუალიზაცია წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვაა
ამასთან ამერიკელმა  დაადგინეს, რომ მშობელთა დახმარება მოსწავლის მოსწრებაზე უარყოფითად აისახება
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
ყოველი თვის ბოლო კვირას მშობელს/ოჯახს ინტერნეტით მიუვა მისი შვილისთვის მომზადებული საკლასო ტესტი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
საზოგადოება