სიახლეები
ინტერვიუ

„ყველას ვურჩევ, ქუჩაში წლები ჩემსავით არ დაკარგონ“ - „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული მოზარდებს მიმართავს
06-03-2019
-
+


მუსიკალური პროექტის, „მხოლოდ ქართულის“ 2019 წლის გამარჯვებული, გიორგი კელაპტრიშვილი ცნობილი ქართველი ლოტბარისა და შემოქმედის, გერისო კელაპტრიშვილის შვილიშვილია. პატარა გიორგის რომ უნიკალური სმენა და ხმა ჰქონდა, პირველად სწორედ პაპამ შენიშნა. გართობისა და თამაშის მოყვარული ბიჭი ხშირად იტყუებოდა,  თითქოს სიმღერა არ შეეძლო, რადგან პაპას, რომელსაც უნდოდა შვილიშვილი სანაქებო მომღერლად გაეზარდა,  სხვაგვარად თავს ვერ აღწევდა.

გიორგი კელაპტრიშვილს სკოლაში სწავლაც ეზარებოდა. ამბობს, რომ მოგვიანებით ე.წ. „ქუჩის ბიჭის“ ცხოვრებითაც იცხოვრა, რაც ამ გადმოსახედიდან დიდ შეცდომად მიაჩნია.

– სკოლაზე დიდი ემოციებით ვერ ვისაუბრებ, რადგან, როგორც ალბათ ყველა ბავშვს, არც მე მინდოდა სკოლაში სიარული. რაღაც ზეიმებში კი ვიღებდი მონაწილეობას – დოლზე ვუკრავდი ბავშვობისას... ახალ წელს პაპაჩემი, გერისო კელაპტრიშვილი ჩამოდიოდა ხოლმე და ჩვენი სკოლის საახალწლო ზეიმზე თოვლის პაპას როლში გამოდიოდა. ეს კი ყველაზე მეტად მახარებდა. მიხაროდა ბავშვობა და ვმღეროდი კიდეც. როგორც ჩანს, ჩემში ბავშვობიდან იდო ეს ნიჭი.

– როდიდან მღერით, რომელი წლიდან?

52920488_2350918321587634_7189288865637597184_n.jpg

– 5 წლიდან ვმღერი. პაპაჩემმა მაშინ აღმოაჩინა, რომ სიმღერა შემეძლო. მე თბილისში ვიზრდებოდი. ერთ დღეს პაპა ჩამოვიდა სოფლიდან.  ბუნდოვნად მახსოვს – მანქანაში ვისხედით და რაღაც სიმღერა დაიწყო რადიოში. მეც ავყევი. მერე დამისვა და მითხრა, აბა წაიმღერე ეს ტექსტიო – „მენახშირე ბიჭი ვარ“... გადაირია პაპა, აქამდე სად ვიყავი, როგორ არ მოგისმინეო, ნამდვილ მომღერლად უნდა გაგზარდოო. პირველად სწორედ „მენახშირე ბიჭი ვარ“ მასწავლა.

იმ დროს გარეთ ბურთით თამაში, ველოსიპედით ქროლვა და მეგობრებთან ერთად გართობა მერჩივნა სიმღერას და თავს ვარიდებდი ამ გაკვეთილებს. პაპას ოღონდ სიმღერით დავეინტერესებინე და მპირდებოდა, ჩამოვალ, შენი სკოლის ზეიმზე მე ვიქნები თოვლის პაპა, ოღონდ შენ იმღერეო. მეც მისი ხათრით ვმღეროდი ამ ზეიმებზე. პაპაჩემს ჩემი ცეკვაც კი მოსწონდა, მაგრამ, ცეკვით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი. რომ მივხვდი, პაპას ჩემი მომღერლად გაზრდა უნდოდა, არ მესიამოვნა, რადგან მივხვდი, ხელს შემიშლიდა გარეთ გასვლაში, გართობაში... სულ მეხვეწებოდა, მოდი, გასწავლიო, ამყევიო... ოღონდ მეთამაშა და ვატყუებდი, ვითომ სმენა მერეოდა. ვფიქრობდი, დამანებებს თავს–მეთქი. ამ ჩემს ოინს ხვდებოდა და ამბობდა, ოღონდ არ ვამღერო და ვითომ სმენა ერევაო. შეიძლება გაცივდეს და ხმა დაკარგოს, მაგრამ სმენის დაკარგვა შეუძლებელიაო, ამბობდა ხოლმე. პაპა გერისო 8 წლის წინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 1 წლის მერე მომინდა სიმღერა და სერიოზულად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა.

პაპაჩემი ხალხურ სიმღერებს მღეროდა. ჩემი ბავშვობა კი იმ პერიოდს დაემთხვა, ქართულ ესტრადაზე ბევრი უნიჭო მომღერალი რომ მღეროდა. ახლა ვფიქრობ, იმ სიმღერებს რა მასმენინებდა, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ის უნიჭო სიმღერები სჯობდა ხალხურ სიმღერებს და ვფიქრობდი, ძველი ყაიდის პაპაჩემი გოიმურ სიმღერებს მასწავლის–მეთქი. რომ გარდაიცვალა, მივხვდი, ზუსტად ის უნდა მემღერა, რაც ჩვენს გენში იდო. მას მერე სწორედ ქართული სიმღერით ვცხოვრობ – ხალხურსაც ვმღერი და გემოვნებიან საესტრადო სიმღერებსაც. პაპა სულ მეუბნებოდა, იცოდე, ინანებ, მე რომ არ გეყოლებიო... როგორ არ იქნები–თქო, ვპასუხობდი, ვერ წარმომედგინა ეს ამბავი. მეუბნებოდა, რომ ამბობენ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, ისე გამოგდის შენო. პაპაჩემის მოსწავლეები ლა სკალაში მღერიან და დღემდე მისი მადლობლები არიან... შენ კი გვერდით მყავხარ და არ მიჯერებო, დარდობდა. რომ გარდაიცვალა, ისე მომინდა მემღერა... ვოკალის პედაგოგს მივმართე, ხმა დავამუშავე. ვთვლი, რომ ბევრი რამე მაქვს წინ და ვაპირებ ამ კუთხით გავაგრძელო მუშაობა.

– ბავშვობაში მხოლოდ სიმღერა გეზარებოდათ თუ სწავლაც?

– სწავლაც, მაგრამ ისე ლამაზად ვწერდი, სტენდზე იყო ხოლმე ჩემი ნაწერები გამოკრული. ასევე, კარგად ვხატავდი და ნახატებსაც აკრავდნენ. სწავლითაც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ბოლოსკენ ავურიე. 90–იანი წლების ბავშვი ვარ მაინც და ცოტა ქუჩისკენაც გავიწიე... ახლა კი ყველა ბავშვს ვურჩევ, არ გაიწიონ ქუჩისკენ.

53429958_607587096330161_322303154869764096_n.jpg

– რა ხდებოდა ქუჩაში და რატომ არ უნდა გაიწიონ იქით, მოგვიყვებით?

– არაფერს გაძლევს, თუმცა რაღაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ. რაღაც დონეზე ბავშვმა ალბათ უნდა ნახოს ეს ყველაფერი, მაგრამ არა იმდენი, რომ კრიმინალისკენ გადაიხაროს. ასეთი საფრთხე კი მუდამ არის. სკოლის პერიოდში ეს გარკვეული მენტალური პრობლემაა. არ ვყოფილვარ ხუთოსანი მოსწავლე და ისეთი, წიგნებიდან რომ თავს არ იღებს, მაგრამ... ისეთი პერიოდი იწყება, როცა „შატალოზე“ რომ არ წახვიდე, „ტეხავს“, ზოგისთვის სწავლა „ტეხავს“... მეც ავყევი ამ ტენდენციას და ერთი პერიოდი წავიქუჩისბიჭე. არადა, არაფერი ყრია ამაში. ბიჭებს მოვუწოდებ, ვაჟკაცურად იცხოვრონ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ქუჩაში იდგნენ. მეგონა, თუ ქუჩაში არ გავიდოდი და არ ვიძველბიჭებდი, პატივს არ მცემდნენ. ამ გადმოსახედიდან –უკვე  28 წლის ვარ, არაფერ შუაშია ამასთან პატივისცემა და ა. შ. მთავარია, მოყვასი გიყვარდეს და თუ ვინმე რამეს დაგიშავებს, პასუხი გასცე. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაც უფრო ბევრს მოვარტყამდი ყბაში, უფრო კაი ტიპი ვიქნებოდი. ვფიქრობ, დღეს სიტუაცია შეცვლილია და ბავშვები ასე აღარ ფიქრობენ.

ჩემს ბავშვობაში არ იყო ინტერნეტი და სოციალური ქსელი. ბურთი გაგვხევია ეზოში და ბავშვებს ჩვენი ხელით გაგვიკერავს. დედაჩემს დავუძახებდი ხოლმე და ჩამოაგდებდა მახათს. დღეს რომ ბავშვს აკადრო, ბურთი გაკერეო, გადაირევა, გეტყვის, ხომ არ უბერავო. მე კი მომწონდა, დახეული ბურთითაც რომ ვაგრძელებდით თამაშს. დღეს კომპიუტერში არიან ჩაფლულები ბავშვები და, რა თქმა უნდა, არც ეს ვარგა, თუმცა დღევანდელმა ბავშვებმა ჩვენს  თაობასთან შედარებით, ბევრად მეტი იციან, რაც მათ ხელს უწყობს იმაში, რომ ქუჩისკენ და ძველბიჭობისკენ არ გადაიხარონ და უფრო საქმეზე ორიენტირდნენ და მომავალზე იფიქრონ. მეც რომ ბავშვობიდან მეფიქრა ამ ყველაფერზე, შეიძლებოდა, ბევრად ადრე მიმეღწია იმისთვის, რასაც დღეს მივაღწიე და ასე არ დამეგვიანა. ბავშვებს ვურჩევ, დაუჯერონ უფროსებს და არ წააგებენ. არავის ეგონოს, რომ ქუჩაში უფრო კარგს ურჩევს ვინმე, ან თუნდაც – მეგობარი, ვიდრე ოჯახის წევრი – დედა, მამა ან პაპა თუ ბებია. მაინც მიხვდებიან, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, ეს წლები არ დაკარგონ. მე–9 კლასიდან დამეწყო, რომ აღარ მინდოდა სწავალა. ცოტა მაჩხუბარა ბავშვი ვიყავი. არაფერს „გავატარებდი“, ვიკამათებდი... ეს ყველაფერი ასაკთან ერთად შეიცვალა. ადვილად აღარ ვჩხუბობ, აღარც ვბრაზდები.

– საგნები და მასწავლებლები როგორ გახსენდებათ, რომელი გიყვარდათ?

– უცნაური ბავშვი ვიყავი – ყველა პედაგოგი მიყვარდა, ვინც არ მაძალებდა სწავლას. ვინც მაძალებდა, მეც წინააღმდეგობას ვუწევდი და არაფერს ვაკეთებდი. ჯიუტი ვიყავი. ინგლისურს ვსწავლობდი კარგად. მაგალითად, რომ მეტყოდა მასწავლებელი, ძაღლი თუ ბაყაყი როგორ იქნებაო, თან ვხატავდი. მე ასე მომწონდა და მასწავლებელიც მხარს მიბავდა – მშვენიერიაო. ქართულის მასწავლებელი მიყვარდა, რომელიც ჩემი მეზობელი იყო. ახლაც ვხვდები ხშირად და დღემდე მიყვარს. ჩემი ვოკალის პედაგოგები, ელზა ხარაძე და ვალიკო ბერაძე მიყვარს ძალიან. ფაქტობრივად, ოჯახის წევრებად მიმაჩნია ორივე.

– სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აღარ გააგრძელეთ?

– არა და ახლა მინდა კონსერვატორიაში ჩაბარება.

– ისევ ხატავთ?

– არა, აღარ ვხატავ. ჩემი და ხატავს კარგად, მაგრამ მე სიმღერისკენ უფრო გადავიხარე. მოგეხსენებათ, პაპაჩემიც ხატავდა, მამაჩემი ხატავს... სერიოზულად არაფერს ვაკეთებ ამ კუთხით.

– თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ვინ არის?

– გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ დომენიკოა ჩემი საყვარელი პერსონაჟი. დომენიკოსა და ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი თითქმის იდენტურია და მიყვარს.

– „მხოლოდ ქართულში“ გამარჯვების შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

50568717_2556482814378926_3879183271694696448_n.jpg

– რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. რაღაც კონცერტებზე „მხოლოდ ქართულამდეც“ მიმღერია, მაგრამ ამ პროექტში მისვლა მაინც დაუგეგმავად გადავწყვიტე. ჩემი თავით მუდამ უკმაყოფილო ვიყავი და ვფიქრობდი, ჯერ კიდევ მოვემზადები–თქო. ბოლოს, ოჯახის წევრებისა და მეგობრების ძალისხმევით გადაწყდა, რომ ბედი მეცადა. ვცადე და გამოვიდა.

როცა პროექტი მიმდინარეობდა, ხალხთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი. დილით მანქანით გავდიოდი და საღამოსაც ასე ვბრუნდებოდი. მხოლოდ სოციალურ ქსელში ვხედავდი, რა დამოკიდებულება იყო ჩემ მიმართ. რომ დამთავრდა პროექტი, მერე მომიწია მაღაზიაში შესვლა, ქალაქში გავლა... ახლა უნდა ნახოთ, რა ხდება. ყველა მხრიდან მიძახიან, გიორგი, შენი თაყვანისმცემლები ვართო. ამხელა სიყვარული მართლა ვერ წარმომედგინა. მოგეხსენებათ, სულ ლიდერი ვიყავი ერთი ლაივის გარდა. არადა, არც მეგონა, რომ ამ პროექტში მოვხვდებოდი, არამცთუ გავიმარჯვებდი. სურვილი და მოწადინება კი მქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ მხოლოდ რამდენიმე ტურს გავძლებდი. ეს გამარჯვება კი ჩემთვის დიდი ტრამპლინია. ახლა რეპეტიციები მაქვს და 29 მარტს ბათუმში უნდა გავმართო პირველი კონცერტი, მერე თბილისშიც...  უფლის წყალობას ვგრძნობ მუდამ და უფლის მადლიერი ვარ ამისთვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება