სიახლეები
ინტერვიუ, რჩევები

„თუ ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე ვერ დაგყავთ, არბენინეთ მაინც, რომ ჯანმრთელი, ლამაზი და ჭკვიანი იყოს“ - სპეციალისტის რჩევები მშობლებს
24-02-2019
-
+


სიახლე ალბათ არავისთვისაა, რომ ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის საწინდარია, თუმცა დღეს, როცა ბავშვები საათობით კომპიუტერსა თუ ტელეფონს არიან მიჩერებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამით მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდი საფრთხე ექმნება, რაც სინამდვილეში, ძალიან მარტივი გამოსასწორებელია.

სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მერაბ მაისურაძე ამბობს, რომ ხშირად მშობლებს იდეაფიქსად აქვთ ქცეული, მათი შვილი მაგალითად, ფეხბურთელი გამოვიდეს და ადრეული ასაკიდან შეჰყავთ სპორტის ამ სახეობაზე, რითაც დიდ შეცდომას უშვებენ. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპორტმა ბავშვს სიკეთის მაგივრად  არ ავნოს, როგორ დავაინტერესოთ ზარმაცი ბავშვები და რა ვიღონოთ, თუ სპორტზე სიარულისთვის თანხები და დრო არ გვყოფნის? ამ კითხვებზე „ეტალონს“ ბატონმა მერაბ მაისურაძემ უპასუხა.         

– ბატონო მერაბ, რა ასაკშია მიზანშეწონილი სპორტის რომელიმე სახეობით ბავშვის დაკავება?

–  გააჩნია სპორტის სახეობას, არსებობს ტექნიკური სპორტის სახეობები, სადაც არ არის რეკომენდირებული ბავშვის ადრეულ ასაკში მიყვანა, რადგან ბავშვის ფიზიოლოგიური მოწყობა ფორმირდება და ბავშვს უჭირს იმ ტექნიკური მოძრაობების შესრულება, რაც იმ კონკრეტული სპორტისთვისაა აუცილებელი. ადრეული ასაკიდან, 5–6 წლიდან კარგია ცურვასა და ტანვარჯიშზე სიარული. უფრო ადვილადაც ითვისებენ ამ სახეობებს. 8 წლიდან კი მძლეოსნობაზე სიარულია მიზანშეწონილი. სირბილი ავითარებს გამძლეობას, მოქნილობას, კოორდინაციას, საკუთარი სხეულის ფლობის უნარს. ასეთი ბავშვი, მერე, ნებისმიერი სპორტის სახეობისთვის მისწრებაა. თუ ასე სწორად ფორმირდება, რომელ სპორტშიც ნიჭს გამოიჩენს, იქ შეძლებს მწვერვალების მიღწევას და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის შესრულება გაუადვილდება.

ბავშვებთან მიწევს მუშაობა, საერთო ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ვარ და რომ მოდიან ჩემთან მოზრდილი, 14-15 წლის ბავშვები, ისეთი საშინელი მოძრაობები აქვთ... ერთი სახეობის სპორტის მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხის და ხელის სწორ და კოორდინირებულ მოძრაობას, სწორ სირბილს, რაც გუნდური სპორტის სახეობაშია საჭირო. ფეხბურთის დროს დარბის 22 კაცი და დასდევს ბურთს. ეს ძირითადად რბენა და ხტომაა. ერთი თამაშის დროს, ევროპული გუნდის წამყვანი ფეხბურთელი დაახლოებით 8-12 კილომეტრს დარბის.  ჩვენი ფეხბურთელები კი – მხოლოდ 3-4 კმ-ს. ამხელა სხვაობაა და ამიტომაც ვართ ჩამორჩენილები ამ სფეროში. პრობლემა იცით რაშია? ბავშვი მიდის ფეხბურთზე და არ იცის, ნორმალურად როგორ ირბინოს, არ აქვს გამძლეობა, ეშინია გრძელ მანძილზე სირბილი. თავიდან მეუბნებიან, 20 წუთი რა მარბენინებსო. რომ შეეჩვევიან, მერე, 1 საათსაც ისე დარბიან, რომ პრობლემა არ აქვთ. რაც უფრო ადრეული ასაკიდან შეეჩვევა ბავშვი, რომ სირბილი კარგია, უკეთესია. მშობლები ფიქრობენ, რომ მთავარია, ბავშვი დაიღალოს რომელიმე სპორტით. საერთო ფიზიკური მომზადება კი არ გულისხმობს დატვირთვებს. ამ დროს ორგანიზმის ფიზიკურ წონასწორობაში მოყვანა ხდება და ბავშვის  ფიზიოლოგიური ზრდა შეესაბამება მის ფიზიკურ შესაძლებლობებს. ბევრი ბავშვი, თავის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს ჩამორჩება, რადგან ნაკლები ფიზიკური აქტივობა აქვს.  დღევანდელი ბავშვები ძალიან არიან სწავლით დატვირთულები – დაჰყავთ ცეკვაზე, მუსიკაზე, სიმღერაზე, მათემატიკაზე, ინგლისურზე... სპორტიც ჩააკვეხეს სადმე და თუ ვერ ასწრებს ყველაფერს, ამბობენ, მოდი, სპორტს დავანებებინოთ თავიო, რაც დიდი შეცდომაა.

– სკოლებში ტარდება სპორტის გაკვეთილები. კვირაში ორი გაკვეთილი რამდენად საკმარისია, თუ ბავშვი რაიმე სპორტზე არ დადის?

–  იყო პერიოდი, როცა სპორტის გაკვეთილები საერთოდ არ ტარდებოდა სკოლაში. ბავშვი ან კომპიუტერთან იჯდა, ან წიგნთან... ახლაც არიან ბავშვები, ვინც მთელ დღეებს კომპიუტერთან ატარებენ, მაგრამ კარგია, რომ სკოლაში მაინც ტარდება გაკვეთილები. მე თავად ვუტარებ სკოლის მასწავლებლებს კვალიფიკაციის გადამზადების კურსებს და ამის გამო დავდივართ  რაიონ–რაიონ. წინა წლებში კი სპორტის გაკვეთილის მაგივრად ფიზიკის თუ ქართულის გაკვეთილს უტარებდნენ ბავშვებს. არადა, აუცილებელია, ის ორი საათი მაინც ივარჯიშონ კვირაში. საკმარისი არ არის, მაგრამ ეს უკვე რაღაცას აძლევს ბავშვს. განვითარებულ ქვეყნებში, სკოლებში კვირაში 4 საათი აქვთ სპორტის გაკვეთილისთვის. ჩვენ ინფრასტურქტურაც გვაკლია. ზოგ სკოლას დარბაზი არ აქვს ნორმალური, არც მოედანი...

წესად იქცა, რომ 6 წლის ასაკის ბავშვები მიჰყავთ ფეხბურთზე, კალათბურთზე. ამ ასაკში ბურთთან ურთიერთობა  უჭირს ბავშვს. ჯერ ფეხზე უნდა დადგეს – ნორმალური სიარული და რბენა ისწავლოს, ხტომა შეძლოს და მერე მივიყვანოთ ფეხბურთზე. ბავშვს სირბილი არ შეუძლია და ბურთთან ერთად როგორ ირბენს ნორმალურად?! ბურთთან ერთად სირბილს როგორღაც სწავლობს, მაგრამ ფეხბურთელისთვის აუცილებელი სირბილი, სისწრაფე და გამძლეობა უკვე აღარ აქვს. 14-15 წლის ბავშვებთან ვწვალობ, რომ გავუსწორო ტერფი, მუხლი და ა. შ. არ შეიძლება 6-7 წლის ბავშვი რაგბიზე დადიოდეს და ასრულებდეს ისეთ დატვირთვას, როგორიც არის ჩაჯდომები, ხელებზე აზიდვა, ხტომები და ა. შ. ამ დროს კუნთძვლოვანი სისტემა ერღვევა. ამ დროს ბავშვს ფიზიოლოგიურ განვითარებაში უნდა ვეხმარებოდეთ. მშობლები მეუბნებიან ხოლმე, ბავშვს სისწრაფე აკლიაო. სისწრაფე იმიტომ აკლია, რომ ტექნიკურად არასწორად ვითარდება. როცა პატარა იზრდება, ძალისმიერი ვარჯიშით, შეიძლება ხელი შევუშალოთ და ბავშვი, რომელიც შეიძლება 180 სანტიმეტრი უნდა გაზარდილიყო, 170 სმ და ნაკლები დარჩეს. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა აქ თითქოს პერსპექტიული ფეხბურთელი წასულა ევროპაში და უკან მოუბრუნებიათ –  უთქვამთ, შენი კუნთები დამახინჯებული და გაუბედურებულია ადრეულ ასაკში, რადგან მაღალ ფიზიკურ დატვირთვას იღებდი, რომ ამას ჩვენ ვეღარ გამოვასწორებთო. ასეთ დროს, სპორტსმენს პერსპექტივა აღარ აქვს.

–  ბავშვი თუ სიმსუქნისკენაა მიდრეკილი, მისთვის რომელი სპორტი სჯობს და პირიქით – სუსტი აღნაგობის მქონესთვის?

–  მშობელმა უნდა მიიყვანოს აუცილებლად სპეციალისტთან. თბილისში ოლიმპიური რეზერვების სკოლა არსებობდა, სადაც ბავშვები მიჰყავდათ 6 წლის ასაკიდან. ისინი ვარჯიშობდნენ არა რომელიმე სპორტის სახეობაში, არამედ მწვრთნელები მუშაობდნენ მათ ზოგად განვითარებაზე. 12 წლის რომ ხდებოდნენ ის ბავშვები, იქ მიდიოდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელები, აკვირდებოდნენ და ირჩევდნენ. ბევრი ჩემპიონი აღზარდა ამ სკოლამ.

შეიძლება ბავშვი პატარა ასაკში მსუქანი იყოს, მაგრამ 12–13 წლისთვის სიმსუქნე სიმაღლეში გადავიდეს და პირიქით, ზოგი გამხდარი სიმსუქნეში წავიდეს. ბავშვი უნდა ნახოს პროფესიონალმა და გადაწყვიტოს, რომელ სპორტში იქნება წარმატებული. მთავარი სწორი მიდგომაა. დიეტა სპორტსმენისთვის მომაკვდინებელია. ის იმხელა ენერგიას ხარჯავს ვარჯიშზე, რომ დამატებით სხვადასხვა ვიტამინებსაც იღებს, რათა ორგანიზმის აღდგენა მოახდინოს ვარჯიშის შემდეგ. თუ ვარჯიშობს და მაინც სუქდება, უკვე გამოსაკვლევია, რადგან სპორტსმენმა ყველაფერი უნდა ჭამოს, მაგრამ არ უნდა გასუქდეს.

–  როდესაც ბავშვი ზარმაცია, როგორ დავაინტერესოთ სპორტით?

–  ინტერესი ვერ გაღვივდება, თუ ბავშვი არ მივიდა სტადიონამდე. დანარჩენი კი დამოკიდებილია მწვრთნელზე და მის მიდგომაზე. ბავშვი როცა სავარჯიშოდ მოდის, არ უნდა დააძალო და გააკეთებინო იმაზე მეტი, ვიდრე მას შეუძლია. ეს ყოველთვის უკარგავს ინტერესს. როცა რამე არ შეგიძლია, იმას როგორ გააკეთებ?! თანდათანობით თუ აჩვევ, უჩნდება ინტერესი და ფიქრობს, სხვა თუ აკეთებს, მეც შევძლებო.

53395002_389730595161384_1316148609955135488_n.jpg

–  გოგონებისთვის რომელი სპორტია უმჯობესი?

–   მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, ფიგურული სრიალი, ფრენბურთი, ხელბურთი... დღეს გოგონები სპორტის ყველა სახეობაში გამოდიან.

–  და ეს კარგია თუ ცუდი?

–   სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ქალი უნდა იყოს ქალური, მშვენიერი, სინაზე უნდა შეინარჩუნოს. მოკრივე, ძიუდოისტი ქალებს მამაკაცური აღნაგობა უყალიბდებათ. არც ვარგა ჯანმრთელობისთვის ქალის ასე დატვირთვა. მაღალი მიღწევების სპორტიც, როგორც წესი, არავის ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი, მაგრამ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ანტიკური ხანის ოლიმპიური თამაშების დროს, ოლიმპის მთის ქვეშ გააკეთეს წარწერა ბერძენმა ფილოსოფოსებმა – „გინდა, იყო ჭკვიანი? ირბინე. გინდა იყო ლამაზი? ირბინე. გინდა იყო ჯანმრთელი? ირბინე“. ეს სიტყვები იმ მთის ქვეშ დღესაც წერია, რაც ბევრის მანიშნებელია. ფიზიკური აქტივობა იმდენ რამეს აძლევს ორგანიზმს, ვერანაირი საკვები რომ ვერ მისცემს.

ქალები  იყენებენ სხვადასხვა მალამოებს, რომ კარგი სახის კანი ჰქონდეთ. როცა ქალი ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული, მალამოები აღარ სჭირდება, რადგან ფიზიკური აქტივობის დროს სისხლის მიმოქცევის პროცესი მატულობს. პულსი იწევა და სისხლი ამ დროს ყველა უჯრედამდე აღწევს. ეს უჯრედები ფიზიკური არააქტივობის შემთხვევაში არ იკვებება. ამიტომაც არის მალამო საჭირო, რომ ის უჯრედები გამოვკვებოთ, რაც სისხლით უნდა იკვებებოდეს. ჩვენთან, სპორტის უნივერსიტეტში  იმდენი ხანდაზმული, 70–80 წელს გადაცილებული  პედაგოგი გვყავს, რომლებზეც ვერც იფიქრებთ, რომ ამ ასაკის არიან, რადგან სულ სპორტით არიან დაკავებულნი. ჰენრი კუპრაშვილმა, რომელიც 72 წლის არის, ახლახან 4 მედალი მოიპოვა  ყინულიანი წყლის გაცურვაში. რომ შეხედოთ, 60 წელსაც არ მისცემთ, ახალგაზრდა ბიჭივით გამოიყურება. ყველას მოვუწოდებ, თუ  რომელიმე სპორტით ვერ დაკავდებიან, ირბინონ მაინც. დღეს მთელი მსოფლიო დარბის. ნებისმიერ ევროპულ ქალაქში დილის 6 საათზე რომ გახვიდეთ, მთელი ქალაქი დარბის. შუადღეს, სადილის მაგივრად, დასვენებისთვის გამოყოფილ 1 საათიანი შესვენების დროს დარბიან და მერე აგრძელებენ მუშაობას. ჩვენთანაც შემოდის ეს კულტურა. ხშირად მიწევს კუს ტბაზე ასვლა და ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ასაკოვანი ხალხი დარბის. ზოგს სირბილი არ შეუძლია და დადის. ამიტომ, მოგიწოდებთ, ბავშვები თავიდანვე შეაჩვიოთ სირბილს.  სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე საუბრისას ტელევიზიები ყველას იწვევენ, სპორტის საკითხებში გარკვეული ადამიანების გარდა. მაგალითად, ნარკომანიის პრევენციაზე როდესაც საუბრობ, ამ დროს ყველაზე კარგი საშუალება სპორტია. ბავშვი რომ თავიდანვე შეეჩვევა ჯანსაღ ცხოვრებას, ის წამალს მიეკარება?! სიგარეტსაც არ მოწევს და არც ქუჩაში იწანწალებს 24 საათი. უამრავი ბავშვია დაავადებული სხვადასხვა დაავადებით. სპორტით თუ დავაკავებთ, არ დაავადდებიან და არც ამდენი წამალი დასჭირდებათ, რაც ეკონომიკისთვისაც კარგი იქნება. სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია და ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება