სიახლეები
ყველაზე პოპულარული
იაზროვნე, წიგნები

გამოიცანი წიგნი დასაწყისით - ვიქტორინა ინტელექტუალებისთვის
07-09-2018
-
+


წიგნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაწყისია. კარგი დასაწყისი კი იმის მანიშნებელია, რომ ხელში ნამდვილად კარგი წიგნი გიჭირავთ, რომელსაც ვერ მოწყდებით. 

საინტერესოა, რამდენად ყურადღებიანი მკითხველი ბრძანდებით და გამახსოვრდებათ თუ არა წიგნების დასაწყისები. 

etaloni.ge მორიგ სახალისო ვიქტორინას გთავაზობთ და რა თქმა უნდა, ველოდებით თქვენს პასუხებს კომენტარებში. 

1. „ჩემს სოფელს მარჯვნივ გუბაზოული ჩაუდის, მარცხნივ - ლაშის ღელე, რომელიც სავსეა კიბორჩხალებით, ღორჯოებით და შარვალაკაპიწებული ბიჭებით. გუბაზოულზე ხიდია გადებული, რომელსაც ბოგას ეძახიან. ყოველ გაზაფხულზე მოვარდნილ წყალს მიაქვს ხიდი და ჩვენ მხოლოდ ხიდის თავი გვრჩება. მიუხედავად ამისა, ჩემი სოფელი მაინც ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია გურიაში“. 

2. „ -უდავოდ სისხლია! - წამოიძახა, წითელი ლაქა ყურადღებით დაათვალიერა ლუპით, პირში გაჩრილი ჩიბუხი მოქაჩა და ამოიოხრა.

რა თქმა უნდა, სისხლია. აბა, გაჭრილი ცერიდან სხვა რა გამოვა? წითელი ლაქა შეიძლებოდა ნამდვილი დამამტკიცებელი საბუთი ყოფილიყო იმისა, რომ სერ ჰენრიმ ცოლის თავიდან მოსაშორებლად ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული, როგორიც კი პოლიციის დეტექტივს ოდესმე შეხვედრია. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე როდი იყო. უბრალოდ, დეტექტივი ფანქარს თლიდა და უცაბედად თითი გაიჭრა, – ეს იყო და ეს“. 

3. „პარასკევი, I/XI 
 - ეს ყოველ წელს მეორდებოდა, რიტუალივით. დღეს ამ კაცს დაბადების დღე ჰქონდა, ოთხმოცდაორი წლისა შესრულდა. როგორც ყოველთვის, ახლაც საჩუქრად მიღებულ ყვავილს ბრჭყვიალა ქაღალდი შემოახია და დაურეკა პოლიციის ინსპექტორ მორელს, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ დალარნაში, სილიაენის ტბის პირას ცხოვრობდა. ის და ინსპექტორი მორელი არა მხოლოდ თანატოლები, ერთ დღეს დაბადებულებიც იყვნენ, რაც ამ ვითარებას ცოტათი ირონიულ ელფერს სძენდა. სავარძელში მყუდროდ მოკალათებული მოხუცი პოლიციელი ყავას სვამდა და ზარს ელოდა.“. 

4. „ყოფილ სპორტდარბაზში გვეძინა. ხის გალაქულ იატაკზე დახაზული წრეები და ზოლები იმ დროიდან იყო შემორჩენილი, თამაშები რომ იმართებოდა ხოლმე. კალათბურთის ძელები ჯერაც იდგა, თუმცა – ბადეების გარეშე. დარბაზს ოთხივე მხრიდან მაყურებლებისათვის განკუთვნილი იარუსები შემორტყმოდა და ჩემს ყნოსვას ჯერ ისევ, თუმცა ზმანებასავით მკრთალად, სწვდებოდა მატჩებზე დამსწრე გოგონების საღეჭი რეზინებისა და სუნამოების ჩამტკბარ სურნელთა შორის გამომსხლტარი ოფლის მკვეთრი სუნი. სურათებიდან ისინი ჯერ ფუშფუშა ქვედაბოლოებში გამოწყობილი მახსოვს, მერე – მინიკაბებში, მერე – შარვლებში, მერე კი – ცალი საყურითა და მწვანედ აჭრელებული „იროკეზის“ ვარცხნილობით“. 

5. „აპრილის კაშკაშა, ცივი დღე იდგა. საათი პირველს უჩვენებდა.
სუსხიანი ქარისგან თავდაცვის მიზნით მკერდში ნიკაპჩარგული უინსტონ სმიტი სწრაფად შევიდა „გამარჯვების სახლის“ შუშის კარში, თუმცა მაინც დააკლდა სისწრაფე და მობზრიალე ქარმტვერიც თან შეიყოლა“. 

6. „ახლა წვიმს. საღამოა. შინ მარტო ვარ. სექტემბერია, ფოთოლცვენა უკვე დაიწყო. ფანჯარასთან ვდგავარ და ვფიქრობ, ვინ იცის, მერამდენედ ვიხსენებ, როგორ მოხდა ყველაფერი. ოთახში ბნელა, მხოლოდ ლამპიონების ყვითელი, რბილი შუქი შემოდის ქუჩიდან. მერე სინათლეს ვანთებ, მაგიდასთან ვჯდები და ვიწყებ წერას. რა დღე იყო მაშინ? გამახსენდა. ძალიან უბრალოდ დაიწყო ყველაფერი“. 

7. „გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, პატრიარქის ტბორებს ორი მოქალაქე ეწვია. პირველს, ორმოციოდე წლის კაცს, ნაცრისფერი საზაფხულო კოსტიუმი ეცვა, ტანმორჩილი იყო, შავთმიანი, ჩასუქებული, გამელოტებული. ახალი ღვეზელისებური შლაპა ხელში ეჭირა, წვერი საგულდაგულოდ ჰქონდა გაპარსული, შავი რქისჩარჩოიანი ვეებერთელა სათვალე ეკეთა. მეორეს, მხარბეჭიან, თმააბურძგნილ, მოწითურო ახალგაზრდა კაცს კუბოკრული კეპი კეფაზე მოეგდო, კოვბოურა, დაჭმუჭნილი თეთრი შარვალი და შავი ჩუსტები ეცვა“. 

8. „ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. წვიმას ახლახან გადაეღო, წვეთები უხმაუროდ სხლტებოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე და აკანკალებული, გალუმპული, ერთიანად სმენად გადაქცეული ლტოლვილი ყურს უგდებდა ამ ილაჯგამოცლილ ჩქამს. ყოველნაირ ხმაურს აიტანდა იგი, გარდა ფლოქვების თქარათქურისა. წამდაუწუმ მდევარი ელანდებოდა და, ღონემიხდილი, ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა სველ ტოტებს“. 

გისურვებთ წარმატებებს! 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება