სიახლეები
ინტერვიუ

რატომ ვერ ხერხდება მიუსაფარ ბავშვთა პრობლემის გადაჭრა საქართველოში
07-09-2018
-
+


საქართველოში მიუსაფარ ბავშვთა პრობლემა კვლავ აქტუალურია. Unicef-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ამგვარ ბავშვთა პოპულაცია მრავალფეროვანია და ის როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოიცავს. 

კვლევის მიხედვით, მიუსაფარი ბავშვები ორ კატეგორიად იყოფიან-ისინი, რომელთაც მშობლები არ ჰყავთ და ბავშვები, რომელთაც ჰყავთ მშობლები, თუმცა მაინც უწევთ ქუჩაში ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გასვლა. 

უსახლკარო ბავშვების თავშესაფრით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო არასამთავრობო სექტორთან ერთად ზრუნავს. როგორც Etaloni.ge-ს სოციალური სააგენტოდან აცნობეს, 2014-2018 წლებში  თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მასშტაბით მობილური ჯგუფების მიერ კონტაქტის დამყარება სულ 1307 ბავშვთან მოხერხდა. 2018 წლის მონაცემებით კი, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ 2051 ბენეფიციარი ჩაერთო, მათგან 1483 მინდობით აღზრდის პროგრამაშია, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში 325 განთავსდა, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრით 243 ბენეფიციარმა ისარგებლა:

„აქ ასახული რიცხვები აჩვენებს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვები მუშაკებთან კონტაქტში შევიდნენ და მათი ცენტრებში მიყვანა და გადანაწილება მოხერხდა. ამ ეტაპზე 4 მობილური ჯგუფი გვყავს-3 თბილისში და 1 ქუთაისში. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადგილის არ ქონის გამო ბავშვი ქუჩაში დაგვრჩენოდეს, პირიქით, ადგილი ბევრია. მთავარია, ბავშვმა ჩვენი შეთავაზება მიიღოს. იძულებით 6 წლის ბავშვსაც ვერ დავტოვებთ ჩვენ ცენტრში. ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ სოციალურ მუშაკებს და მობილური ჯგუფების წევრებს, რომ თუნდაც ერთი ბავშვი მიიყვანონ ცენტრში და ის იქ დარჩეს. ის რომ „ძალიან ბევრი ბავშვია ქუჩაში“, არ ნიშნავს იმას, რომ  მხოლოდ საქართველოში ხდება. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, რომ ბავშვები ქუჩაში მაინც არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ცენტრი არსებობს.“-განუცხადა Etaloni.ge-ს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჯიქიამ. 

პრობლემას უსახლკარო მოზარდების დაურეგისტრირებლობაც აძლიერებს. Unicef-ის კვლევის მიხედვით, ამგვარ ბავშვთა შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც სახელმწიფოსგან სერვისების მიღებას არ ელიან. უფრო მეტიც, თავს შეძელებისდაგვარად არიდებენ ყველა ოფიციალური დოკუმენტის არსებობას, მათ შორის-ოჯახის წევრების მატების დარეგისტრირებას. შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს, რომლებიც მიუსაფარ ბავშვთა გამოვლენასა და დახმარებაზე მუშაობენ, მათი იდენტიფიცირება უჭირთ:

„ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ბავშვია მიუსაფარი, არ არსებობს. დათვლის პრობლემას რეგისტრაციის უქონლობაც ქმნის. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ“.-აღნიშნავს ხათუნა ჯიქია. 

საქართველოში სულ 6 დღის ცენტრი და 6 სადღეღამისო თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომლებიც უსახლკარო და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაბინავებაზე ზრუნავს. კერძოდ, თბილისის მასშტაბით 4 დღის ცენტრი და 4 სადღეღამისო თავშესაფარია, რუსთავში-1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი, ქუთაისში კი-1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი. მიუსაფარი ბავშვები სხვადასხვა საოჯახო ტიპის დაწესებულების სერვისს, ან რომელიმე ოჯახში მინდობით აღზრდას სწორედ ცენტრში მოხვედრის შემდეგ იღებენ. 

სოციალური მუშაკების მიერ მიუსაფარ ბავშვთა გამოვლენა სხვადასხვა ხერხით ხდება, მათ შორის მობილური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ პოტენციური ბენეფიციარების იდენტიფიცირებით. კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ის ბავშვები ხვდებიან, რომელთაც ან თავშესაფარი არ აქვთ, ან, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მშობლებს განარიდეს. აქ მნიშვნელოვანია ბავშვის თანხმობა, რომლის შემდეგაც ის ცენტრში მიჰყავთ, სადაც ბავშვი მაქსიმუმ 1 წელი რჩება, შემდეგ კი ან მინდობით აღზრდაში გადადის, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ხოლო თუკი საზიანო არ იქნება, შესაძლოა, ოჯახშიც დაბრუნდეს. სოციალური სააგენტო მიუსაფარ ბავშვებს ბუნებრივია  იძულებით ვერ იტოვებს ცენტრებში, ამიტომ, არის შემთხვევები, როცა ბავშვები კვლავ ქუჩაში ბრუნდებიან. ის მათთვის შემოსავლის წყაროა და ამას თუ მშობლის მხრიდან ზეწოლაც ემატება, მაშინ ბავშვის დღის ცენტრით დაინტერესება კიდევ უფრო რთულია. 

ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ხათუნა ჯიქია Etaloni.ge-სთან დეტალურად აღწერს, თუ როგორ ხდება მიუსაფარ ბავშვებთან მობილური ჯგუფების მიერ კონტაქტის დამყარება

„მიუსაფარი ბავშვების გამოსავლენად მობილური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ-ავტომობილებით დადიან ქუჩებში და აკვირდებიან იმ ადგილებს, სადაც ამგვარი ბავშვები თავს უფრო ხშირად იყრიან. ან, შემოსული ზარის საფუძველზე გადიან კონკრეტულ ადგილზე. არის შემთხვევები, როცა მობილური ჯგუფის დანახვაზე ბავშვები გარბიან-ისინი უფრო ხშირად საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მათთან სხვადასხვა ხერხით ხდება კონტაქტის დამყარება: ზოგს ეთამაშებიან (მობილურ ჯგუფს ბატუტიც კი აქვს და  იმ ადგილებში შლიან, სადაც ამგვარი ბავშვები  თავს იყრიან), ზოგს ახატვინებენ, ზოგს საკვებს ჩუქნიან და ასე ცდილობენ ბავშვების მოზიდვასა და ჩვენი სერვისებით მათ დაინტერესებას. შეიძლება ცენტრში 20 ბავშვი მოვიდეს, მაგრამ 19 უკან წავიდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალით ვერავის დავაკავებთ ადგილზე. მათ, რომლებიც ჩვენ ცენტრში ხვდებიან, პირად ნომერს ვანიჭებთ. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობას ეს არ მოსწონს. ამ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახს უნდოდეს, რომ ის კვლავ ქუჩაში იდგეს, რადგან ამით თავს იფინანსებენ, შესაბამისად, არ სურთ რეგისტრაციის გავლა და აღრიცხვაზე აყვანა. შეიძლება ბავშვს მშობელიც არ ჰყავდეს, მაგრამ მიჩვეული იყოს ქუჩაში ყოფნით მატერიალური რესურსების მოპოვებას და ამიტომ არ სურდეს ჩვენთან მოსვლა. რაც უფრო მეტი დრო აქვს გატარებული ბავშვს ქუჩაში, მით ძნელია მისი ცენტრში მოყვანა და ხანდახან 2 წელიც დაგვჭირვებია, რომ დაგვერწმუნებინა. არც საქართველოში და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ბავშვების სადმე იძულებით გამოკეტვა, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ ხდება“.-განმარტავს ხათუნა ჯიქია. 

სოციალური სააგენტოს მიერ Etaloni.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, მიუსაფარ ბავშვებისთვის მზრუნველობის გაწევასა და თავშესაფრის მიწოდებაზე მომუშავე დაწესებულებები ახალგაზრდულ სახლებსაც კურირებენ, რომელთა მიზანია საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვნებისთვის სერვისების მიწოდება. კერძოდ, სხვადასხვა საოჯახო ტიპის დაწესებულებებში მყოფი მოზარდები 18 წლის შემდეგ 18+ პროგრამაში ხვდებიან, რაც გულისხმობს ამ ასაკის პირთა კვლავ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრებას, შემდეგ კი უკვე კონკრეტულად მათთვის ბინების დაქირავებას, რომ ნახევრადდამოუკიდებლად ცხოვრებას მიეჩვიონ. აღნიშნული პროცესი 6 წლის განმავლობაში გრძელდება, რა დროსაც 18+ პირები იღებენ განათლებას, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაციას და ასევე, სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსაც იძენენ. მიუხედავად ამ სერვისებისა, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა. ამავდროულად, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ პროგრამაში ჩართვას ხარვეზები ახლავს, ამასთან, გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეპროგრამაში ოჯახთა ჩართვის პროცესიც ჭიანურდება:

„ჩვენი პროგრამა, რომელიც ოჯახების გაძლიერებას მოიცავს, მხოლოდ მიუსაფარი ბავშვების ჩართვას არ გულისხმობს. ეს პროგრამა ითვალისწინებს ყველას, ვინც კრიზისულ მდგომარეობაშია. მათ კიდევ კრიტერიუმები აქვთ, რაც მთავრობის დადგენილებაში წერია-რა პროცედურები უნდა გაიარონ, ქულას რის მიხედვით იღებენ, რამდენი ბავშვი უნდა ჰყავდეთ და ა.შ. ეს არის ის მოთხოვნა კანონის მიხედვით, რაც აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ძალიან დიდი რიგებია და ერთობლივად ყველას ვერ დავეხმარებით. რაც შეეხება რესურსების დეფიციტს, მეტი ამგვარი სერვისის მიმწოდებელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგია. მაგალითად, აჭარაში არ გვაქვს ფილიალი და კონკურსიც გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ პროვაიდერი არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, თუ გაიხსნება, მობილური ჯგუფიც აუცილებლად დაგვემატება“.-აცხადებს ხათუნა ჯიქია. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება