სიახლეები
სიახლეები

რას გამოიწვევს განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება - ექსპერტების ანალიზი
03-07-2018
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთ-ერთი სტრუქტურული ცვლილება, რომელიც მთავრობაში განხორციელდება, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებაა.

განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაერთიანებას მხარს უჭერს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი კავშირები დამატებით განხილვას მოითხოვს.

მისივე განმარტებით, „დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში, კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე“.

რა შედეგებს მოიტანს ორი უწყების გაერთიანება მაშინ, როცა თავად განათლების სფერო მუდმივი რეფორმების ობიექტია? - Etaloni.ge აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების ექსპერტებს დაუკავშირდა. 

მკვლევარი განათლების საკითხებში, პროფესორი შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ ამ მხრივ ცვლილება თავიდანვე არასწორი ფორმით დაანონსდა. მისი განმარტებით, მექანიკური გაერთიანების შედეგი მხოლოდ უარყოფითი იქნება, რადგან საუბარი მართვის სისტემის ცვლილებაზე არ არის:  

„მოვისმინეთ, რომ გაერთიანება საბიუჯეტო სახსრების დანაზოგს გულისხმობს, თუმცა შედეგად თანამშრომლებს არ შეამცირებენ. რეალური, კონცეპტუალური ცვლილებისთვის კი მართვის სისტემაზე უნდა ვისაუბროთ. შეიძლება სამინისტრო 11 კი არა, 25 იყოს და მაინც ნაკლები დანახარჯი ჰქონდეს, დამატებით, უფრო ეფექტური მართვის სისტემა, მაშინ როცა არაეფექტური მმართველობითი სისტემით სამინისტროების მინიმუმამდე შემცირებაც კი უშედეგოა. აქ მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის ცვლილება შემოეთავაზებინათ. კონცეპტუალურად უნდა განხილულიყო სამინისტრო როგორ გახდებოდა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები და არა-ამ გადაწყვეტილებების უშუალო განმახორციელებელი.

მხოლოდ მექანიკურ გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს და პირიქით, მართვა უფრო გართულდება. მითუმეტეს, თუ ისევ ცენტრალიზებული მართვის სისტემა დარჩება, რაც სამინისტროს მიერ განათლებაშიც, სპორტშიც, კულტურაშიც და ა.შ. სხვადასხვა სერვისის განხორციელებას გულისხმობს. ამდენი რამის გაკეთება ერთ უწყებას გაუჭირდება. თუ სამინისტრო მხოლოდ გადაწყვეტილებების მიმღებად დარჩება და არა-განმახორციელებლად, ანუ მმართველობა დეცენტრალიზდება, მაშინ გაერთიანება ეფექტურიც იქნება. 

ზოგადად, სხვადასხვა სისტემის გაერთიანება გამოცდილი პრაქტიკაა, თუმცა შედეგის მომცემი მხოლოდ სწორი მმართველობის შემთხვევაშია,“ - განაცხადა ტაბატაძემ Etaloni.ge-სთან. 

განათლების სფეროს ექსპერტი პაატა პაპავა მიიჩნევს, რომ ორი სამინისტროს გაერთიანება ბარიერებს გააჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა განათლების სისტემის რეორგანიზაცია მუდმივ გამოწვევად რჩება:  

„თემა აუცილებლად განხილვას მოითხოვს. ჯერ კონკრეტული დეტალები გამოკვეთილი არ არის. ამიტომ, საუბარი მხოლოდ ზოგადად შეიძლება. პროგნოზი კი ნეგატიურია-გაერთიანება ბარიერებს გამოკვეთს. განათლების სისტემა ისედაც სერიოზული რეორგანიზაციის ობიექტი იყო ყოველთვის; ამავდროულად, ძალიან რთული სისტემაა, სადაც კოორდინაციის ხარვეზები არსებობს, ცენტრალიზებული მართვა კი პრობლემებს წარმოშობს. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ გაერთიანება ახალ, უარყოფით გამოწვევებს შექმნის,“ - აღნიშნა პაატა პაპავამ. 

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა პრემიერის ინიციატივას დამაზიანებელს უწოდებს: 

„კულტურის და განათლების სამინისტროების გაერთიანება შეგნებული მავნებლობაა, როგორც ქართული კულტურის, ისე განათლების მიმართ. ეს უგუნური სამთავრობო გადაწყვეტილება ორივე დარგს ძალიან დააზიანებს. ქართული კულტურა დღეს ჩვენი „რბილი ძალის“ მთავარი ინსტრუმენტია და მას აუცილებლად ესაჭიროება ცალკე სამინისტრო, როგორც ხელშემწყობი და მფარველი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული დაკვეთაც იყოს. ნუ გაიკვირვებთ-რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში, ზოგადად, კულტურამ და კულტურის სამინისტრომ წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტს, როგორც „არაღიარების“ პოლიტიკის დაცვით, ისე-საქართველოს, როგორც უნიკალური ევროპული კულტურის წარდგენით თავისუფალი სამყაროს წინაშე. 

განათლება რა მნიშვნელობისაა და რა დღეშია ის დღეს, ამაზე წერა მგონი ზედმეტიცაა-ეს ყველამ იცის, ვისაც საჯარო სკოლებში ცალი თვალით მაინც შეუხედავს,“- წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში. 

ამ ეტაპზე ორი სამინისტროს გაერთიანების შესახებ სამთავრობო განხილვები  მიმდინარეობს. შესაბამისად, უცნობია თუ ვინ დაიკავებს გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელის პოსტს. სამინისტროების გაერთიანებას კი საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს. 

კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

რა ფუნქცია ექნება და რას გააკეთებს სკოლებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტრო

რა არის დისკალკულია და როგორ უნდა დაეხმაროს პედაგოგი მოსწავლეს, რომელიც „რიცხვებთან ვერ მეგობრობს“

ზოგადი განათლების კანონში ცვლილება სკოლების ავტორიზაციას შეეხება - ცვლილებას პარლამენტი აანონსებს

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული იმაზე, მათმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე“...

შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად

საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება