სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

გაიცანით დამრიგებელი, რომელმაც „ბოლო ზარზე“ მოსწავლეებთან ერთად იცეკვა - როგორი მიდგომები აქვს განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგს
06-06-2024
-
+


2023-2024 სასწავლო წლის „ბოლო ზარის“ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო, წალკის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათი დამრიგებლის, ჯუმბერ ანთაძის მიერ შესრულებული საცეკვაო ნომერი იყო, რომელმაც საზოგადოების გული ნამდვილად დაიპყრო. ალბათ შეუძლებელია, წარუშლელი შთაბეჭდილება არ მოახდინოს და დაგავიწყდეს ის მასწავლებელი,  რომელმაც სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე შენთან ერთად იცეკვა, იცინა და იტირა კიდეც.... სწორედ ასეთ, დაუვიწყარ პედაგოგად დარჩება თავისი მოსწავლეებისთვის ჯუმბერ ანთაძე.  

როგორც თავად, etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს პროფესია ბავშვებისადმი მისმა სიყვარულმა განაპირობა. თვლის, რომ პედაგოგობისთვს მნიშვნელოვანია, შეგეძლოს თითოეული მოსწავლის მიმართ სიყვარულის გამოხატვა და ბავშვებისთვის იმის ჩვენება, რომ ისინი განსაკუთრებულები არიან.  

- რამდენი წელია სკოლაში ასწავლით და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- 23 წელია განთიადის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. ეს საგანი ბავშვებთან სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებას მოიცავს. პროექტების ჩატარება, აქტივობები, ბავშვებთან ურთიერთობა -  ამ ყველაფრის  გათვალისწინებით ავირჩიე ეს პროფესია. თუმცა, ყველაზე დიდი გავლენა. მაინც ბავშვების სიყვარულს ჰქონდა, მიყვარს მათთან ურთიერთობა.

- არ ვართ განებივრებულები კაცი პედაგოგებით და მით უმეტეს, ნაკლებად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა მათ სადამრიგებლო კლასი ჰყავთ....

- ტრენინგებზე, როდესაც დავდივარ ხშირად ხდება ისე, რომ მხოლოდ 1 კაცი მასწავლებელი ვარ, მაქსიმუმ 2 შეიძლება აღმოვჩნდეთ, დანარჩენი სულ ქალბატონები არიან. ეს ზოგჯერ უხერხულობას ქმნის. რატომღაც მამაკაცი მასწავლებლები უფრო მკაცრი ჰგონიათ, თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არაა. მე სხვანაირი, მეგობრული მიდგომები მახასიათებს ბავშვებთან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აბარებენ კაცები ამ პროფესიაზე, ალბათ სურვილი არ აქვთ, ვერ გეტყვით. ზოგჯერ აქვთ სურვილი, მაგრამ ვერ ხვდებიან ამ ფაკულტეტზე.

-  თქვენი აზრით, მასწავლებელს თავისი საქმის პროფესიონალად რა აყალიბებს და გარდა საგნის ცოდნისა, რა თვისებებით უნდა იყოს შემკული?

- მასწავლებელს პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს. მას, აუცილებლად უნდა შეეძლოს მათთან საერთო ენის გამონახვა და ინდივიდუალურად, ყველასთან შესაბამისი მიდგომები ჰქონდეს. აუცილებელია, ამ პროფესიაში მოთმინების უნარი. ასევე, პედაგოგი ყოველთვის მობილიზებული უნდა იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კი ის აუცილებლად შეძლებს ბავშვების ნდობის მოპოვებას.

- თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?

-  ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემს მოსწავლეებთან. სკოლის ეზოში მხვდებიან ბავშვები, დიდი სიყვარულითა და პატივით მომიკითხავენ ხოლმე. წელს ჩემმა სადამრიგებლო კლასმა დაამთავრა სკოლა და ყველა ბავშვი მეუბნება, რომ თქვენ უნდა იყოთ სექტემბრიდან ჩვენი დამრიგებელიო.

 - „ბოლო ზარის“ ვიდეომ, სადაც მოსწავლეებთან  ერთად ცეკვავთ, საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია... ვიდეოდან კარგად ჩანს თქვენი უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება ბავშვების მიმართ... თქვენი სურვილი იყო, სკოლაში მსგავსი პერფორმანსის მოწყობა ?


-  „ბოლო ზარისთვის“ სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი. თუმცა, ზოგიერთ ბავშვს ცოტა ეზარებოდა „ბოლო ზარის“ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ძალიან მინდოდა, რომ ეს დღე თითოეული მათგანისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო და ვუთხარი, რომ ეს დღე განსაკუთრებული იქნებოდა, როგორც მათთვის, ისე მშობლებისთვის. ორი დღე იყო დარჩენილი მე-12 კლასელთა გამოსაშვებ ღონისძიებამდე, როცა ბავშვებს შევთავაზე, ბოლო მონახაზი გავაკეთოთ-მეთქი. შემდგომ კი ვუთხარი, რომ მათთან ერთად ცეკვას ვაპირებდი. ამ ინიციატივას დიდი ჟრიამულით შეხვდნენ. იმ დღესვე მომეცა სტიმული, მათმა ასეთმა სიხარულმა კი კიდევ უფრო ამიმაღლა განწყობა. მინდოდა ეს დღე იდეალური ყოფილიყო და მიხარია, რომ მართლაც ასეთი გამოვიდა.

- უფროსკლასელებთან ურთიერთობა რთულია? მოგეხსენებათ გარდატეხის ასაკში ბავშვებს ხასიათი ეცლებათ, უფრო ჯიუტები ხდებიან და თქვენ როგორი მიდგომები გაქვთ მათთან?

- ყოველთვის ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და არ გავბრაზდე. ხასიათის ეს თვისება ძალიან მეხმარება მოზარდებთან ურთიერთობისას. ბავშვებს დაშვებული შეცდომების გამო კი არ ვეჩხუბები, არამედ ვუთითებ მათზე და შემდგომ თავად ცდილობენ გამოსწორებას. გაბრაზებით, ჩხუბითა და ყვირილით ბავშვის ნდობას სამუდამოდ დაკარგავს პედაგოგი. მშვიდი საუბრითა და მეგობრული ურთიერთობით კი ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება განაპირობებს მოსწავლეთა სიყვარულს ჩემ მიმართ.

- თუმცა, ხშირად მასწავლებლები ამბობენ, რომ შედეგის მისაღწევად სიმკაცრე აუცილებელია მოსწავლეებთან... 

- დიახ, ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ თუ ბავშვთან მკაცრი იქნება ამით შედეგსაც დადებს. თუმცა, მე ასე არ ვთვლი. უნდა ვცადოთ რომ მათი თვალით შევხედოთ რიგ მოვლენებს. სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის მართალი და რა - ტყუილი. რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ეს ყველაფერი კი არ უნდა ვაიძულოთ, არამედ ისე უნდა მოვიქცეთ რომ სწორ დასკვნამდე თავად მივიდნენ. მით უმეტეს, ასეთი მიდგომები Gen Z-ის თაობასთან გასათვალისწინებელია, რადგან ისინი შინაგანად უფრო ლაღები არიან.

- როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს Gen Z-ის თაობას წინა თაობებისგან?

- Gen Z-ის თაობა უფრო თავისუფალია ალბათ. დამოკიდებულებებიც განსხვავებულია. ჩვენ მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს როცა დავინახავდით ვიმალებოდით... გვეშინოდა მათი. სხვა განწყობა იყო. მაგალითად, ქუჩაშიც როცა ვხედავდით მათ, ვცდილობდით, თვალი არ მოეკრათ ჩვენთვის. მაშინ ასეთი წესები იყო. მასწავლებელს ყური რომ „აეხია“ ჩვენთვის ვერაფერს ვეტყოდით. ძალადობა ნებისმიერ დროს დაუშვებელია, ნებისმიერ პერიოდში. თუმცა, სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევებიც. მიხარია, რომ ეს ყოველივე აღმოიფხვრა. ახლა ბავშვებმა იციან თავიანთი უფლებები, ჩვენ არ ვიცოდით... წინ მიდის სამყარო და ჩვენც აუცილებლად უნდა მოვერგოთ და ფეხი ავუწყოთ მას.

- რა მოგწონთ ახალ თაობაში?

- მომწონს რომ მეტად გათვითცნობიერებულები არიან. ბევრი რამ იციან, ეს ალბათ ტექნოლოგიების დამსახურებაა. იციან რა არის კარგი და რა - ცუდი. იციან თავიანთი უფლებები. თუმცა, ზოგჯერ ხდება ისე, რომ ამ უფლებებს და ვალდებულებებს ერთმანეთთან არ აკავშირებენ. უფლებები იციან, თუმცა ვალდებულებები ავიწყდებათ, სწორედ ამიტომ, ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ვესაუბრები მათ. ვმუშაობთ ამ საკითხზე. აუცილებელია უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც ჰქონდეთ გააზრებული.

- უშუალოდ სასწავლო პროცესის შესახებ რომ ვისაუბროთ... რას სთავაზობთ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის?

- კლასში ხშირად ვმუშაობთ კომპლექსურ დავალებებსა და პროექტებზე. ვაკეთებთ კედლის გაზეთებს, ვწერთ თემებს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. დიდ ყურადღებას ვაქცევ ასევე გარემოსდაცვით საკითხებს. ჩემი დიდი სურვილია, რომ თითოეული მოსწავლე აქტივობებში თანაბრად ჩაერთონ. სწორედ ამიტომ, მათ ინტერესებს ვითვალისწინებ. ბავშვებს იმდენად არ აინტერესებთ რაღაცის ზეპირად სწავლა, რამდენადაც პროექტებზე მუშაობა და აქტივობებში ჩართვა. მათ ურჩევნიათ, დამოუკიდებლად შექმნან სასწავლო პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები. მახარებს ის ფაქტი, რომ თავად მოსწავლეებიც ძალიან მონდომებულები არიან და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ.

- რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების ცოდნა მოსწავლეთათვის?

- სამოქალაქო განათლება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს საგანი ხელს უწყობს ბავშვებს რომ ისინი ღირსეულ მოსწავლეებად ჩამოყალიბდნენ, ვინაიდან სამოქალაქო განათლება მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ. ადამიანებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სწორი ქცევა - ამ ყველაფრის სწავლა ამ საგნის შესწავლით იწყება.

- თქვენ მოსწავლეებს ყველაზე ხშირად რა რჩევებს აძლევთ?

- ყოველთვის ვეუბნები, რომ კარგ პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რაშიც მეც ვუწყობ ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, პატრიოტიზმი... ქვეყნისა და ხალხის მიმართ სიყვარული. მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ  უნდა იყვნენ მობილიზებულები, უნდა იფიქრონ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე - რას, როგორ და ვისთვის აკეთებენ.

- ვიანიდან მეთორმეტე კლასის დამრიგებელი იყავით, თქვენი მოსწავლეებიც ალბათ აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რა უნდა გაითვალისწინონ ?

- წელს რვა მე-12 კლასელი გვყავდა. მათგან გამოცდებზე 6 დარეგისტრირდა. კარგად სწავლობდნენ და დარწმუნებული ვარ გამოცდებზეც შესაბამის შედეგებს დადებენ. მათ ვურჩევ, არ ინერვიულონ და გამოცდებზე ცოდნა მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და თუ აპირებთ, ახალი სადამრიგებლო კლასის აყვანას მომავალი სასწავლო წლიდან?

- დიახ, სადამრიგებლო კლასს ავიყვან. მე-5 კლასელები ყოველ დღე მეკითხებიან თქვენ ხომ იქნებით ჩვენი დამრიგებელიო. სხვათა შორის, სამოქალაქო განათლების კლუბი მაქვს, სადაც ბავშვებს სხვადასხვა პროექტებს ვთავაზობ. ასევე, რაიმე სასწავლო რესურსი - ფანქარი, კალამი, ფურცელი თუ დასჭირდებათ ყველაფერი მაქვს, ეს მოსწავლეებმაც კარგად იციან. ხელს ყველაფერში ვუწყობ მათ, მათი მოტივაციისთვის ყველაფერს ვაკეთებ, ოღონდ მოინდომონ და ისწავლონ. პედაგოგმა სწავლის სტიმული უნდა მისცე ყველა მოსწავლეს.


ასევე იხილეთ პედაგოგის ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება