სიახლეები
სიახლეები, საინტერესო , რჩევები

„პასკა დიდ ხუთშაბათამდე უნდა გამოცხვეს“ - სააღდგომო ნუგბარის რეცეპტი მონასტრიდან
11-04-2023
-
+


სააღდგომოდ პასკის ცხობის ტრადიციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ნუგბარი, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას მთას, ქრისტეს წამების ადგილს განასახიერებს, წელიწადის ერთსა და იმავე დროს, ქრისტეს აღდგომის წინ ცხვება.

ქართულ ეკლესია-მონასტრებში პასკას ვნების კვირას აცხობენ. ნატახტარში, მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწე დედა მარიამ ტიკურიშვილი etaloni.ge-ს პასკის ცხობის ტრადიციაზე მოუყვა და საეკლესიო რეცეპტიც გაუმხილა.

- დედაო, როგორია ტრადიცია, რას ითვალისწინებენ მონასტერში პასკის ცხობისას?

- პასკა გოლგოთის მთას განასახიერებს, სადაც ქრისტე ჯვარს ეცვა. წითელ პარასკევს, ტაძარში რომ გარდამოხსნას დავაბრძანებთ, თავთით აუცილებლად ვუდებთ გოლგოთის განსახიერებას, ანუ პასკას და ამით ვიხსენებთ, რომ უფალი ჩვენთვის ეცვა ჯვარს.

პასკის ცხობის ტრადიცია ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება. პასექს აღდგომამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე აღნიშნავდნენ და ხმიადებს აცხობდნენ. ებრაელები დღემდე აცხობენ ამ დღეს უსაფუარო ხმიადებს. პასექის დღესასწაულის აღნიშვნა გაერთიანდა ქრისტიანობასთან და ასე შეიქმნა პასკა, რომელიც საფუარიანი გახდა.

ქრისტეს სწავლების, სახარების მიხედვით, რწმენა ადამიანში საფუარივით არის - მცირედიც კი დიდს წარმოშობს ანუ მცირე საფუარი დიდ ცომს წარმოშობს. აქედან გაჩნდა საფუარი უსაფუარო ხმიადებში და დამკვიდრდა, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო. ამიტომაც აუცილებლად საფუარით უნდა გამოცხვეს პასკა.

რადგან აღდგომა დღესასწაულია, ამ განცდისთვის ქრისტიანებმა ცომი დაატკბეს და ასე გამოვიდა პასკა, რომელიც ყველასთვის საყვარელი ნუგბარია. ტკბილ პურს და წითელ კვერცხს მივირთმევთ, რომ გავიხაროთ და ერთად აღვნიშნოთ ბრწყინვალე აღდგომა.

- როდის ცხვება მონასტრებში პასკა?

- პასკა დიდ ხუთშაბათამდე უნდა გამოცხვეს. რაც უფრო ძველია, მით უფრო გემრიელია და, როგორც წესი, დიდ ხუთშაბათამდე აცხობენ ყველგან. მონასტერშიც ამ დღემდე მოილევენ ხოლმე ამ დიდ საქმეს, რადგან ხუთშაბათიდან ტაძარში გაძლიერებული ლოცვებია. დიდ ხუთშაბათს ეკლესიაში პირველი ზიარების დამკვიდრება აღინიშნება, წითელ პარასკევს, ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დღეს კი კვერცხებს წითლად ვღებავთ, რაც მარიამ მაგდალინელს უკავშირდება - ქადაგებდა და იმპერატორმა უთხრა, ისე აღდგა თქვენი ქრისტე, როგორც ეს კვერცხი შეიძლება წითლად შეიღებოსო და კვერცხი გაწითლდა. ეკლესიაში ამ დღეს გარდამოხსნის რიტუალი ტარდება, შაბათ დღესაც წირვაა და განცდა და თანდათან სიხარული ეპარება ადამიანის გულს, რადგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება.

- როგორია ეკლესიური, მონასტერში გამომცხვარი პასკის რეცეპტი?

- როგორც წესი, მონასტრებში, ძირითადად, იქვე მოწეული, ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება ყველაფერი. მონასტრების უმრავლესობას ჰყავს შინაური ფრინველი თუ საქონელი. კვერცხი, რძე ნატურალური აქვთ მონასტრებს. ვისაც ფუტკარი ჰყავს, შაქრის მაგივრად თაფლით ამზადებს პასკას. ჩვენ ფუტკარი არ გვყავს, მაგრამ, მაგალითად, ხორბალი მოგვყავს მონასტერში. სამ ჰექტარზე გვითესია ხორბალი და ჩვენი ფქვილი გვაქვს, რომლითაც პურსაც ვაცხობთ, ქატო გვაქვს და ა.შ.

როგორც გითხარით, პასკა საფუართან ასოცირდება ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე. ჩვენ ბუნებრივ საფუარს ვიყენებთ, რომელსაც პურის დედოს ან პურის ხაშს ვეძახით. ეს მჟავე ცომია, რომელსაც მაცივარში ვინახავთ. ერთ კილო ფქვილზე დაახლოებით 100 გრამი პურის დედო უნდა. პასკასაც ისე ვაცხობთ, ძველი ქართველები როგორც აცხობდნენ - სად იყო მაშინ ხელოვნური საფუარი?

ზუსტი რეცეპტი კი ასეთია:

10 კვერცხი, 1,3 კილო შაქარი ან შაქრის მაგივრად 700-800 გრამი თაფლი, 1 ლიტრი რძე, 500 გრამი კარაქი ან 200 გრამი ერბო, 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, ან 200-300 გრამი ბუნებრივი საფუარი ანუ პურის ხაში, 2 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, 2 ჩაის კოვზი ილი ანუ კარდამონი, 1 ჩაის კოვზი მიხაკი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი კოჭა, 15 გრამი ვანილი და 3,3 კილო ფქვილი.

ცომს რომ მოვზელთ, ვაჩერებთ 4-5-6 საათი თბილ გარემოში. ოთახში, სადაც ეს ცომი იქნება, ტემპერატურა 30 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. რომ ამოვა ცომი, ჩავზელთ, კიდევ ამოვა და კიდევ ჩავზელთ. მესამედ რომ ამოვა, ჩავაყრით ქიშმიშს და ისე ჩავზელთ - ამ რაოდენობას უნდა 800 გრამი ქიშმიში - 400 გრამი თეთრი და 400 გრამი ყავისფერი. ქიშმიში უნდა იყოს გარჩეული, გარეცხილი, გამშრალი, რომელსაც 1-2 მუჭა ფქვილი უნდა მოვაყაროთ წინასწარ და ავსვრიმოთ, რომ არ მიეწებოს ერთმანეთს და ცომშიც ყველგან გაიშალოს.

ქიშმიშთან ერთად რომ ჩავზელთ, მერე უკვე გადავიტანთ ფორმებში. რომ გეტყვიან, ფორმა 800 გრამიანია, 200 გრამით მეტი უნდა ამოვიღოთ, რადგან 100-150 გრამს კარგავს ცხობაში და მერე მართლა 800 გრამი რჩება. ანუ 800 გრამიან ფორმაში 1 კილო ცომს ვდებთ და საბოლოოდ, 820-840 გრამიანი პასკა გამოდის.

ფორმებში რომ ჩავდებთ, საათ-ნახევარი ან ორი საათით ვაჩერებთ. ცომი რომ ამოიწევს, ვთქვეფთ ცალკე კვერცხს გულიან-ცილიანად... 1 კვერცხს ვუმატებთ 1 ჩაის ჭიქა რძეს, ამ ნარევს ფუნჯით ვუსვამთ თავზე პასკებს და ვაწყობთ გამოსაცხობად.

ღუმელს 180 გრადუსზე ვახურებთ ორივე მხრიდან და მერე, ზედა ცხობას გამოვურთავთ. 180 გრადუსზე, მხოლოდ ქვედა სპირალი რომ აქვს ჩართული, ასეთ ღუმელში ცხვება ერთი საათი. ერთი საათის შემდეგ ვრთავთ ზედა მხარეს და ვაკვირდებით. 7-8-10 წუთი სჭირდება, რომ რა დონეზეც გინდათ, იმ დონეზე დაიბრაწოს. ამის მერე, ისევ გამოვურთავთ ზედა ცხობას და ისევ ქვედა სპირალზე ვაშრობთ 15-20 წუთი. სულ დაახლოებით საათ-ნახევარი ცხვება და გამოდის იდეალური პასკა. მონასტერში საცხობი ღუმელი ქვის ძირით გვაქვს და ისე იდება ტაფა, რომ სპირალს 7-8 სანტიმეტრით არის დაშორებული. ლამაზი, დაბრაწული, ყავისფერი პასკები გამოგვდის.

- როგორც ცნობილია, პასკის გამოცხობა მხოლოდ აღდგომისთვის არის ნებადართული. რატომ არ შეიძლება სხვა დროს მოვამზადოთ?

- ქრისტიანები წელიწადში ერთხელ ვიხსენიებთ გოლგოთას, ჯვარცმას... ამაღლებამდე ყოველდღე შეიძლება გამოაცხოთ და მიირთვათ პასკაც და ასევე შეღებოთ წითელი კვერცხიც, რადგან ამ დღემდე აღდგომას ვზეიმობთ. ამაღლება დღეს მთავრდება ეს ტრადიცია და ამის შემდეგ აღარც პასკა უნდა გამოაცხოთ და აღარც კვერცხი შეღებოთ მეორე წლის აღდგომამდე. პასკას აღდგომის განცდა და მადლი აქვს. აღდგომის დღეებში დედამიწა გაჟღენთილია ამ მადლითა და სიხარულით და პასკასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება