სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ანტიკრიზისული გეგმა თუ კრიზისში გადადგმული ნაბიჯების შეჯამება? - როგორ აფასებენ ექსპერტები განათლების სამინისტროს პრეზენტაციას
19-05-2020
-
+


მთავრობამ საზოგადოებას განათლების ანტიკრიზული გეგმა 15 მაისს წარუდგინა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა საათზე მეტ ხანს, ძირითადად, ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც კრიზის დასაძლევად გადაიდგა. წლიური ნიშნის დაწერის გამოთვლის შეცვლილი სქემა - ეს არის მთავარი სიახლე, რომელიც მიხეილ ჩხენკელისგან სკოლებმა შეიტყვეს. 

გაამართლა თუ არა განათლების სპეციალისტთა მოლოდინი, როგორ აფასებენ და რა პრობლემებს ხედავენ სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გეგმაში - დეტალებზე etaloni.ge სიმონ ჯანაშიას, თამარ მოსიაშვილსა და რევაზ აფახაზავას ესაუბრა.

განათლების ანტიკრიზისული გეგმა თუ კრიზისში გადადგმული ნაბიჯების შეჯამება - ასე სვამენ საკითხს განათლების სპეციალისტები. 

ის, რაც 15 წლის წინ შევიდა სკოლაში, როგორც სიახლეს ისე წარმოგვიდგენენ - აღნიშნავს პრეზენტაციაზე და 4 ძირითად პრობლემას ასახელებს სიმონ ჯანაშია. როგორც ის ამბობს, სამინისტრო ჩუმად არის ხარვეზებზე და ცდილობს საზოგადოებას დააჯეროს, თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ყველაფერი.
 
„განათლების სამინისტროს კომუნიკაცია საზოგადოებასთან არის იმის შესახებ, თუ როგორი წარმატებულია და არა იმის თუ რა პრობლემები არსებობს და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა. ამ პრეზენტაციაშიც ეს ფორმა იყო გამოყენებული. საუბარი იყო მიღწევებზე, იმაზე თუ ვინ შეაქო სამინისტრო და ა.შ. მგონია, რომ ეს მხარე ძალიან პრობლემურია, რადგან თავისთავად სამინისტროს ლეგიტიმაციის წყარო და ნაბიჯები დაფუძნებულია იმაზე თუ რას განიხილავენ საერთაშორისო ორგანიზაციები წარმატებულად. მათ შორის ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც სამინისტრო ფულს უხდის, მაგალითად Microsoft.

მეორე სერიოზული პრობლემა ამ გეგმაში ის იყო, რომ პრობლემების შეფასებისას მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო არა იმაზე რომ ბავშვების შემთხვევაში ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლება, მიიღონ განათლება და ასეთი ათასობით ბავშვია, ამის ნაცვლად ლაპარაკი იყო იმაზე რომ რადგან არსებობს ტელესკოლა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის.

მესამე სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით რაში მდგომარეობს სამინისტროს ნაბიჯები, რომელიც მომავალში იქნება გადადგმული. გარდა რესურსების შექმნაზე ლაპარაკისა, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რესურსი არ ქმნის პროცესს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რესურსის გამოყენების სურვილი და საშუალება, კომპეტენცია და სხვა. ამ შესაძლებლობების შექმნაზე კი სამინისტროს არაფერი უთქვამს. არ დაუსახელებია მონაცემები, რამდენს აქვს პრობლემა, რა რაოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს იმისთვის რომ ეს პრობლემა გადაიჭრას.

მეოთხე პრობლემა არის, რომ უწყება ისე საუბრობს, თითქოს მხოლოდ სამინისტროს ჩართულობაა მნიშვნელოვანი კრიზისის დაძლევაში. მაგალითად, არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებენ სკოლები იმისთვის, რომ კრიზისი გადალახონ, როგორ დაეხმარება სამინისტრო სკოლებს, რომ ისინი მოსწავლეებს დაეხმარონ შემდგომ. საჯარო სკოლებს შეუძლიათ რესურსებით დაეხმარონ მოსწავლეებს, მაგრამ ამისთვის მათ სამინისტროსგან უნდა ჰქონდეთ თანხმობა და დირექტივა.

სამინისტრო საუბრობს, როგორ ურთიერთობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამ დროს არ ლაპარაკობს არც ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, არც უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე, რაც ვფიქრობ, აღარიბებს იმის შესაძლებლობას რომ საზოგადოებამ ეფექტურად მოაგვაროს ის პრობლემა, რომ ბავშვები ვერ დადიან სკოლებში და ვერ იღებენ სათანადო განათლებას.

სასურველია არსებობდეს გარკვეული კონკრეტული გეგმები სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის, როგორ უნდა გააკეთონ შემდგომი სასწავლო წლის მოდიფიცირება. ბავშვებს გარკვეულ საკითხებში ექნებათ ჩავარდნები და როგორ დაეხმარონ აჩქარებული ტემპით ამ საკითხების დაძლევაში. უნდა არსებობდეს გეგმა დაჩქარებული სწავლების შესახებ, როგორ განხორციელდება დაჩქარებული სწავლება, მხოლოდ გაკვეთილებზე თუ გაკვეთილების შემდეგაც, შაბათ-კვირას, თუ დისტანციურად. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა სამინისტრო მხოლოდ შეფასებაზე ლაპარაკობდა. ერთადერთი რაც ითქვა, ის არის რომ შემდეგ სასწავლო წელს მოსწავლეებს შეეძლებათ არსებული შეფასება გაიუმჯობესონ, მაგრამ არ მგონია შეფასება იყოს მთავარი პრობლემა, რომელიც მშობლებსაც აწუხებთ, მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც. მთავრი პრობლემა არის ცოდნის ხარისხი და მოცულობა. დეტალურ გეგმაზე საუბრისას, მე ვფიქრობ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რაც ამ პრეზენტაციაზე ითქვა. მაგალითად, ერთ-ერთ სიახლედ განათლების სამინისტრომ წარმოგვიდგინა, ის რაც 15 წლის წინ შევიდა სკოლაში, ის რომ არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები და როცა ასეთ საკითხს, როგორც სიახლეს ისე წარმოგვიდგენენ, მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა კიდევ რა შეიძლება წარმოგვიდგინონ", - აღნიშნა ჯანაშიამ.

უფრო მომზადებული შეხვდება თუ არა ეპიდემიის შემოდგომით განმეორებას საგანმანათლებლო სისტემა - ეს არის მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვა თამარ მოსიაშვილისთვის, რომელიც სამოვავლოდ გეგმის აუცილებლობზე საუბრობს და საკითხს შემდეგნაირად აყენებს: რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა კარგად.
 
„მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რაც რეალურად განხორციელდა, თუმცა საკითხი შეიძლება ასეც დაისვას: რა გაკეთდა კარგად და რა არ გაკეთდა კარგად. მიმაჩნია, რომ სკოლების დროული დახურვა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და კარგი რაც მოხდა იყო ის რომ ჩვენმა სკოლებმა შეძლეს სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლა. ძალიან მძიმე გამოწვევებს გაუმკლავდნენ მასწავლებლები და დირექტორები. ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ ბავშვების ნაწილი ამ სწავლების მიღება დარჩა, მართალია მათთვის გაკეთდა „ტელესკოლა“, მაგრამ ეს თავიდანვე არასწორად იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის, არა მხოლოდ განათლების სამინისტრო, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფებიც ლობირებდნენ ამ ინიციატივას. „ტელესკოლამ“ ფაქტობრივად ვერ შეასრულა თავისი მიზანი და თავიდანვე გასაგები იყო რომ ვერ შეასრულებდა.

მინისტრის გამოსვლის დროს გარკვეული დანაკლისები მქონდა, პირველი არის, ის ვხედავთ თუ არა იმ ბავშვებს, რომლებიც სწავლების პროცესში არ არიან ჩართულები სხვადასხვა მიზეზის გამო, თუ ვხედავთ რა არის ამ ბავშვებისთვის დაგეგმილი და მეორე - რას ფიქრობს სახელმწიფო  სკოლებში სწავლების ტრადიციულ მეთოდთან ერთად დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით. თუ შემოდგომაზე ისევ მოგვიხდა სკოლების დაკეტვა - ეპიდემიოლოგები ამას ვარაუდობენ, უფრო მზად თუ შევხვდებით ამ პროცესს, ეს არის საინტერესო“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

შესრულებული სამუშაოების შეჯამებად აფასებს და პრეზენტაციის დადებით მხარეებზე საუბრობს რევაზ აფხაზავა. განათლების სპეციალისტი სამინისტროსგან სტატისტიკებს, მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს და სამოქმედო გეგმას ელოდება. 

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის ანგარიშების გაკეთება სამინისტროს მხრიდან ძალიან კარგია და ხშირად უნდა კეთდებოდეს, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს რა კეთდება და როგორ მიდის განათლების მიმართულებით საქმიანობა.

მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელზეც პრეზენტაციაზე იყო საუბარი, ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ რა იქნება და როგორ გეგმავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალში განვითარებას და რა კონკრეტულ მოცემულობებს დაეყრდნობა.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ უფრო დეტალურად გაშლილი თემები იქნება წარმოდგენილი, რომელიც სამინისტროს საიტზე დაიდება და გასაჯაროვდება. ეს პრეზენტაცია კი ალბათ, გათვლილი იყო უფრო ფართო აუდიტორიისთვის, რომლებიც სავარაუდოდ, განათლების სისტემის ნიუანსებში ვერ ერკვევიან.

როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება დეტალურად როგორ რანაირად იქნება მაშინ შეიძლება შესაბამისი დასკვნების გაკეთება, ახალ ჩვენ ძირითადად მოვისმინეთ ის თუ რა გაკეთდა. პრეზენტაციაში ახალი საკითხი რაც იყო ეხებოდა ნიშნის გამოყვანას. ის რამდენიმე ვარიანტი რომელიც სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა ცუდი ნამდვილად არ იყო, რადგან ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა სკოლა ინდივიდუალურია და არ შეიძლება ერთი მექანიზმის შემოღება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გვქონდეს კონკრეტული სტატისტიკები და მე იმედი მაქვს ეს ყველაფერი იმ გეგმაში იქნება გაწერილი, რომელიც სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდება. ეს პრეზენტაცია უფრო შესრულებული სამუშაოების შეჯამება უფრო იყო.

ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია, არამედ სიღრმისეული კვლევის გაკეთება. ანუ არა მხოლოდ იმის გაგება, რომ ვიღაც ვერ ჩაერთო დისტანციურ სწავლების პროცესში, არამედ საინტერესოა, თუ რატომ ვერ ჩაერთნენ, რა იყო ამის მიზეზი. ვინც ჩაერთო, მათთვის რა იყო ხელისშემწყობი ფაქტორები. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისთვის რომ გავიგოთ შემდგომში სადაც დადებითი შედეგები გვქონდა რისი მხარდაჭერა მოვახდინოთ და სადაც ნეგატიური შედეგები გვაქვს, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი.

ჩემი მოლოდინია, რომ იქნება უფრო დეტალური ანგარიში და მონაცემები, რომელზე დაყრდობითაც შეიქმნება მიზნობრივი ინტერვენციების გეგმა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს ზოგად განათლებაში და არა მხოლოდ. რის შემდეგაც უფრო ლოგიკური და მარტივი გახდება სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიდგომების შეფასება“, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.


კომენტარები


სკოლები
სიახლეები
2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე უმაღლესებმა სასწავლო პროცესისას შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ
საინტერესო
კოღოებს და ტკიპებს არ შეუძლიათ ყველა ტიპის ვირუსის გავრცელება
დისტანციურმა სწავლებამ მრავალრიცხოვანი საგანმანათლებლო რესურსი და ფორმატი აღმოგვაჩენინა
გამოიკვეთა სირთულეები, გაურკვევლობა, კითხვები
პიროვნება
„პროფესიული ზრდისთვის, საგანში გამოცდა უნდა ჩააბაროს მასწავლებელმა და თუ პროფესიონალია, უნდა დადოს ნორმალური ქულა“
„ჩემს მოსწავლეებს ბევრს ვესაუბრები ადამიანობაზე, მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე“...
„წარმატებისთვის ადამიანს თავდაუზოგავი შრომა სჭირდება და არა პატრონი. აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც ამ შრომას დაგიფასებს“
„მონატრება დიდია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსწავლეებს მივაწოდოთ  სათანადო მასალები და არ ჩამორჩნენ პროგრამას“

„ბავშვების ჟრიამული სკოლას ძალიან სჭირდება და შექმნილმა რეალობამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა“

 

ეტალონი
შოუ-კონკურსს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა
Etaloni.ge-ს ცნობადობის და ეფექტიანობის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფი-მა (PRCG) განახორციელა
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება