სიახლეები
სიახლეები

მოტივაცია, მოტივაციის ამაღლება დიდაქტიკური თამაშებით დაწყებით კლასში
06-05-2019
-
+


რა არის მოტივაცია?

მოტივაცია განსაზღვრულია, როგორც შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. პედაგოგიკასა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს ,,მოტივაცია“ იყენებენ სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისთვის. ჩვეულებრივ მეტყველებაში მოტივაციაში იგულისხმება ის, რაც ადამიანს ამოძრავებს, აძლევს მიმართულებას, გეზს.

დიმიტრი უზნაძის თეორიიდან გამომდინარე ეს გავლენა შეიძლება მოდიოდეს როგორც პიროვნების შიგნიდან (ინტერნალური ფაქტორები, როგორიცაა მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა), ისე გარედან  (ექსტერნალური ფაქტორები, როგორიცაა ჯილდო, შექება  და სხვა).

იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს ადამიანის ინტერსს, რა განაპირობებს მის ქცევას, განასხვავებენ მოტივაციის ორ ფორმას შინაგან და გარეგან მოტივაციას.

შინაგანი მოტივაცია არის ტენდეცია - მიღწეულ იქნას მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებული, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია წახალისება და ჯილდო, რადგანაც თვითონ აქტივობა თავისთავად წარმოადგენს ჯილდოს. მაგალითად, ზოგჯერ მოსწავლე  იმიტომ სწავლობს მათემატიკას სკოლის გარეთაც, რომ მას ეს უნდა და მოსწონს და არა იმიტომ, რომ მას მაღალი ქულის მიღება სურს ან უნდა კლასში კარგად წარმოჩინდეს. ჩვეულებრივ, ინტერნალური მოტივების შეცვლა საკმაოდ რთულია და თუ ცვლილება მაინც ხდება, ეს საკმაოდ ნელი პროცესია. საწყის ეტაპზე განხორციელებული ცვლილება ძალიან მყიფეა და პედაგოგმა უნდა მოახერხოს საჭირო სტიმულაციით მისი გამყარება.

ამის საპირისპირო ტენდეცია, როცა რაღაცას კარგი შეფასებისთვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, თავის კარგად წარმოჩენის, მასწავლებლის სიამოვნებისთვის ან ამოცანასთან დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა. ამ დროს ჩვენ ქცევას იმიტომ კი არ ვახორცილელებთ, რომ თავად ის გვაინტერესებს, არამედ ჩვენ ის გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ეს ქცევა. ზოგიერთ მოსწავლეს საგანი ნაკლებად აინტერესებს. გარეგანი მოტივაცია ქცევაზე გავლენის მოსახდენად სხვადასხვა სახის ჯილდოს იყენებს. დაჯილდოების არსი მდგომარეობს იმაში, რომ წაახალისოს მოსწავლეები, რათა მათ უფრო ბეჯითად იმუშაონ. იდეალურ შემთხვევაში, ჯილდო არასოდეს არ უნდა გადაიქცეს სამუშაოს კარგად შესრულების ერთადერთ მიზეზად. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელმა ჯილდო საკმაოდ მომჭირნედ უნდა გამოიყენოს.

თანამედროვე კვლევები ცალსახად მხარს უჭერენ ისეთ სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეს სწავლის შინაგანი მოტივაცია გააჩნია. მოსწავლეებს სწავლისადმი მეტი მოტივაცია უჩნდებათ, როდესაც არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ, მათ წინაშე მდგარი ამოცანები მათ უნარებს შეესაბამება და ისეთ ჯილდოს იღებენ, რომელიც გაკონტროლების ხასიათს არ ატარებს.

ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ამაღლებას დაწყებითი კლასებიდან უნდა მივაქციოთ. ბავშვის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს სასწავლო თამაშებმა. სასწავლო თამაშები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გააქტიურებას, უვითარებს ბავშვებს დაკვირვების უნარს, მეხსიერებას. ისინი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ადრე შეძენილი ცოდნის შემოწმებისა და განმტკიცების მიზნით.

თამაშის მნიშვნელობა პირველ კლასში

5-6 წლის ასაკში ბავშვი წამყვანი ქცევა თამაშია, ხოლო 7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება.

ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის სახეები: ადრეული ასაკის ბავშვები თამაშის დროს არ ისახავენ მიზანს, არ ადგენენ წესებს. 5-6 წლიდან კი ბავშვები ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს.

ლევვიგოტსკის თანახმად, თამაშში მცირდება წარმოსახული სიტუაციის როლი და იზრდება წესების მნიშვნელობა. თუ ბავშვმა არ გაიარა თამაშის ყველა ფორმა, სწავლის მოტივიც დაიგვიანებს.

თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები. თამაში გავლენას ახდენს ნებისმიერი ფსიქიკური პროცესების ფორმირებაზე. მაგალითად, თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება. თამაში გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების განვითარებაზეც. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს აზროვნებას საგნების შესახებ და მათ გონებრივ ჭრილში გამოყენებას.

თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება. სწავლა შემოაქვს მოზრდილს, ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან. 5 წლის ასაკში სწავლას თამაში იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს. ამ წესების შესრულების დროს იგი ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას. მას უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.

თამაში დიდ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე. თამაშის სიტუაცია მასში ჩართული ყველა ბავშვისაგან მოითხოვს სამეტყველო ურთიერთობის განვითარების გარკვეულ დონეს. თუ ბავშვს არ შეუძლია მკაფიოდ გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები, ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.

ამრიგად, თამაში ავითარებს:

  • სწავლის უნარს;
  • შემოქმედებითობას და ფანტაზიას;
  • სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარულსა და კეთილგანწყობას;
  • იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
  • აყალიბებს ბაზისურ ცოდნას გარე სამყაროს მიმართ;
  • ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანად მიმაჩნია დაწყებით კლასში დიდაქტიკური თამაშების გამოყენება.

დიდაქტიკური თამაში არის კოლექტიური, მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის დროსაც ყველა მონაწილე გაერთიანებულია კონკრეტული ამოცანის გადაჭრის ან გამარჯვებისათვის.

დიდაქტიკურ თამაშში მონაწილეთა მოქმედება ფორმალიზებულია. თამაშს აქვს თავისი წესები - შეფასების სისტემა, მოქმედებათა თანმიმდევრობა და რეგლამენტი. მაგალითად თამაში წესი - მასწავლებელი ასახელებს სხვადასხვა სიტყვებს და მოსწავლეებმა ხელი უნდა აიწიონ. მაგალითად შინაურ ფრინველებზე. შეფასების სისტემა - მონაწილე, რომელსაც ორჯერ შეეშალა ტოვებს თამაშს. მოქმედებათა თანმიმდევრობა - მასწავლებელი ჯერ კითხულობს სიტყვებს და მოსწავლეების მის ნათქვამზე რეაგირებენ. თამაში რეგლამენტი - მასწავლებელი განსაზღვრავს თამაშის  დროს აქტივობის მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე. მაგალითად 10წთ.

დიდაქტიკური თამაშის ერთ-ერთი ფორმაა როლური თამაში

როლური თამაში ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი ფორმაა; ის ფართოდ გამოიყენება განათლების სფეროს ყველა საფეხურზე დაწყებითი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით. ამ დროს მოსწავლეები გაითამაშებენ რეალურ სიტუაციას, ასრულებენ გარკვეულ როლს და ამ გზით იძენენ თეორიული ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. როლური თამაშები სწავლების აქტიური ფორმაა; ამ დროს, შესაძლებელია, მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედფიზიკურადაც აქტიურები იყვნენ; საკითხის განხილვის გარდა, მათ საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები. ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას. სწავლის აქტიური მეთოდების გამოყენებით მოსწავლეები უფრო ადვილად სწავლობენ, ვიდრე მხოლოდ მასალის წაკითხვით, მოსმენით ან რაიმეზე დაკვირვებით.

როლური თამაშის დაწყებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გააცნოს თემა და მოკლე შესავალი გააკეთოს. მაგ: ეს თამაში შეეხება თანამშრომლობას; ის გაგრძელდება 20წთ-ს, რის შემდეგაც განვიხილავთ და შევაჯამებთ შედეგებს.

შემდეგ საჭიროა კლასი დავყოთ ჯგუფებად, რისთვისაც შესაძლებელია 4 მეთოდის გამოყენება:

1. ჯგუფის დაყოფა სიის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა გააკონტროლოს ჯგუფის შემადგენლობა;

2.შესაძლებელია მონაწილეების საკუთარი სურვილისამებრ დაიყონ ჯგუფებად;

3. შემთხვევით გადანაწილების პრინციპის გამოყენებისას ჯგუფების რაოდენობის მიხედვით მონაწილეებს ვთხოვოთ გაითვალონ. გათვლის შემდეგ პირველი ნომრები შექმნიან პირველ ჯგუფს, მეორე ნომრები მეორეს და ა.შ.

4. დაჭრილი ბარათების მეშვეობით გადანაწილებისას მასწავლებელმა უნდა აიღოს იმდენი ფერის პატარა ბარათი, რამდენი ჯგუფის შექმნას სურს. შემდეგ თითოეული ფერის ბარათი დაჭრას იმდენ ნაწილად, რამდენი ბავშვიც არის ჯგუფში; დაჭრილი ბარათები პატარა ყუთში იყრება.

ამის შემდეგ მასწავლებელს მონაწილეებს აცნობს ინსტრუქციას. ის ჯგუფური მუშაობის პროცესში ნეიტრალურია და ასრულებს დამკვირვებლის როლს.

შემდეგი ეტაპი უშუალოდ თამაშის მსვლელობა; მოსწავლეები ასრულებენ როლებს ინსტრუქციის შესაბამისად. როლური თამაშის შემდეგი ეტაპი პირდაპირ უკავშირდება ჯგუფის წევრების პროცესში ჩართულობას და დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ამიტომ, ჯგუფის პასიური წევრების წახალისება უნდა მოხდეს, რათა მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში.

როლური თამაშის დასრულებასთან ერთად, მონაწილეებიც ასრულებენ მოქმედებას და გამოდიან როლიდან; ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს, რა შეიძინეს/ისწავლეს აღნიშნული თამაშიდან. აფიქსირებენ ემოციებს, თუ როგორ გრძნობენ თავს. მონაწილეები აფასებენ ჯგუფის მუშაობის შედეგებს, იმის მიხედვით, თუ რა ისწავლეს, რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მუშაობის პროცესში; განხილვა უნდა იყოს პოზიტიური და მხოლოდ შინაარსის პროცესს უნდა შეეხებოდეს და არა პიროვნებებს, მონაწილეებს, მათ თვისებებს და ა. შ.

ასევე აუცილებელია მონაწილეების აზრის გაგება და ჯგუფის მუშაობის დაკავშირება თამაშის მიზნებთან.

ეს სტატია არის ჩემი დაკვირვებების შედეგი, რომელიც მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის შედეგად დაიდო, აქ განხილულია აქტივობები, რომელთა  გამოყენება გამოიწვევს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და  სასწავლო პროცესში  საგაკვეთილო მასალის ღრმად წვდომას, ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას ემოციის დონეზე, რაც მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ელენე წაქაძე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება