| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გერმანიაში არსებობს სავალდებულო სასკოლო დასწრების კონცეფცია - Schulpflicht, რომელიც წარმოადგენს კანონით დადგენილი ვალდებულებას, უზრუნველყონ მშობლებმა საკუთარი შვილების ყოველდღიური დასწრება სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონს კეთილი მიზნები აქვს, მისი აღსრულების მეთოდები შესაძლოა ზედმეტად მკაცრი მოგეჩვენოთ. წესების დაცვის სიმკაცრე შეიძლება განსხვავდებოდეს სკოლიდან სკოლამდე, თუმცა რეგულაციები მოქმედებს გერმანიის ყველა სკოლაში - განურჩევლად სახელმწიფოა, კერძო თუ საერთაშორისო.
სკოლის გაცდენის საპატიო მიზეზები გერმანიაში მკაცრად გაწერილია. პირველი და ყველაზე აშკარა მიზეზი არის ავადმყოფობა. სახელმწიფო ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების თანახმად, თუ ბავშვი ავადაა, მშობლებს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვთ, დატოვონ ის სახლში - როგორც ბავშვის, ისე სხვა მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
სხვა საყოველთაოდ მიღებულ საპატიო მიზეზებს მიეკუთვნება: ოჯახის წევრის გარდაცვალება, ქორწილი, რელიგიური დღესასწაულები ან მნიშვნელოვანი პირადი მოვლენა, მაგალითად, უმაღლესი დონის სპორტულ შეჯიბრებაში ან მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა. ყველა ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, საჭიროა სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ოფიციალური განცხადება.
დასწრების ნებართვის მიღების შესაძლებლობის გასაზრდელად, მშობლებს ურჩევენ, სკოლას ოფიციალური განცხადებით რაც შეიძლება ადრე მიმართონ და მიუთითონ გაცდენის მიზეზი და ხანგრძლივობა.
შვილის ავადმყოფობის შესახებ სკოლის ინფორმირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. კონკრეტული პროცედურები სკოლების მიხედვით განსხვავდება, თუმცა, როგორც წესი, აუცილებელია სკოლასთან დაკავშირება სასწავლო დღის დაწყებამდე - ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ონლაინ-პორტალის მეშვეობით.
ხანმოკლე გაცდენების შემდეგ, ბავშვის სკოლაში დაბრუნებისას მშობელს შეიძლება მოეთხოვოს მარტივი წერილობითი განმარტება (ე.წ. Entschuldigung). ექიმის ცნობისა და სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნის წესები განსხვავდება ფედერალური მიწებისა და ცალკეული სკოლების მიხედვით, თუმცა არსებობს ზოგადი პრინციპები. ხანმოკლე ავადმყოფობის შემთხვევაში (ერთი ან ორი დღე), როგორც წესი, საკმარისია მშობლის წერილობითი განმარტება. თუმცა, თუ გაცდენა ემთხვევა გამოცდას ან სკოლა მას საეჭვოდ მიიჩნევს, შესაძლოა დამატებითი დოკუმენტაცია გახდეს საჭირო. სამედიცინო ცნობა (ärztliches Attest) აუცილებელი ხდება, თუ გაცდენა ხანგრძლივია - ჩვეულებრივ, სამი ან მეტი დღე ზედიზედ - ან თუ ბავშვი ხშირად აცდენს გაკვეთილებს ავადმყოფოფობის მიზეზით.

კანონით სკოლებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ექიმის ცნობა, თუმცა პრაქტიკაში ზოგჯერ პრობლემები იჩენს თავს, რადგან ექიმებსაც აქვთ უფლება, უარი თქვან მის გაცემაზე. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მკაცრმა წესებმა სკოლებსა და ექიმებს შორის კონფლიქტი გამოიწვია: სკოლები ცდილობენ გააკონტროლონ უსაფუძვლო გაცდენები, ექიმები კი უკმაყოფილო არიან ცნობის წერისთვის დაკარგული დროით. ამასთან მათი მისაღებები სავსეა ბავშვებით, რომლებიც სახლში თბილ საბანში ყოფნა უფრო მოუხდებოდათ.
თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ან მაგალითად, ავადმყოფობის მიზეზით სკოლას აცდენს უშუალოდ არდადეგების წინ, ზოგიერთ სკოლას შეუძლია მოითხოვოს ექიმის ცნობა უფრო მოკლე პერიოდით გაცდენის შემთხვევაშიც.
მკაცრად კონტროლდება არდადეგების გახანგრძლივების საკითხი. კატეგორიულად აკრძალულია ბავშვების სკოლიდან გაყვანა არასაპატიო მიზეზით, განსაკუთრებით - არდადეგების გახანგრძლივების მიზნით.
მშობლები, რომლებიც გერმანიაში მოქმედ სასკოლო დასწრების მკაცრ წესებს არღვევენ, შესაძლოა სერიოზულ შედეგებს წააწყდნენ.
თუ მშობლები, ნებართვის მიღებაზე უარის მიუხედავად, ბავშვებს სკოლიდან მაინც გაიყვანენ, სკოლას აქვს უფლება, ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობოს. ხელისუფლებას კი შეუძლია ფინანსური სანქციების დაკისრება. ჯარიმის ოდენობა განსხვავდება ფედერალური მიწის მიხედვით. ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ბრემენში, ჰამბურგში, ჰესენში, ქვემო საქსონიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, საქსონია-ანჰალტში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და ზაარში ჯარიმები შედარებით დაბალია.
საქსონიაში ჯარიმის ზედა ზღვარი 1250 ევროს აღწევს, ხოლო რაინლანდ-ფალცსა და თიურინგიაში - 1500 ევროს. ყველაზე მაღალი სანქციები - 2500 ევრომდე - დაწესებულია ბერლინში, ბრანდენბურგსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში. მშობლებისთვის, რომლებიც განმეორებით ან სისტემატურად არღვევენ წესებს, სანქციები შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს. ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე, მაგალითად, ჰამბურგში, ჰესენში, მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ზაარში, სანქცია შეიძლება მოიცავდეს დღიური განაკვეთის მიხედვით დათვლილ ჯარიმებს, ასევე 180 დღემდე ან ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთასაც კი.
რა თქმა უნდა, არასაპატიო მიზეზით გაცდენების აბსოლუტური უმრავლესობა მშობლებისთვის ჯარიმით არ სრულდება. ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ რამდენიმედღიანი არასაპატიო გაცდენა ბავშვის სასკოლო ანგარიშში აისახება.
გერმანიაში სემესტრის ბოლო ანგარიშებში აღინიშნება მოსწავლის მიერ გაცდენილი დღეების საერთო რაოდენობა (versäumte Tage), მათ შორის, არასაპატიო გაცდენილი დღეები (davon unentschuldigt). გასათვალისწინებელია, რომ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, იმას, რომ ბავშვს სკოლის გაცდენისას არ ჰქონია საპატიო მიზეზი. ხშირად ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მშობლებმა არ დაიცვეს შეტყობინების დადგენილი პროცედურა ან სკოლამ მიზეზი არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია.
ერთჯერადი ასეთი შემთხვევა (ან თუნდაც ორი-სამი) ჩვეულებრივ მშობლებისთვის შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს. თუმცა გერმანიაში სისტემატურმა დარღვევებმა ან წესების განზრახ უგულებელყოფამ შესაძლოა მდგომარეობის სწრაფი გამწვავება გამოიწვიოს: განმეორებით შემთხვევებს შეიძლება მოჰყვეს დამატებითი ადმინისტრაციული ზომები, გაძლიერებული კონტროლი, უფრო მაღალი ჯარიმები და უკიდურეს შემთხვევაში - სპეცალური ორგანოების ჩარევაც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ