სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არასწორი თარიღები, გვარები და სხვა ფაქტობრივი შეცდომები მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში - საგნის სპეციალისტები უზუსტობებზე საუბრობენ 
17-09-2026
-
+


ისტორიის ახალი სახელმძღვანელო 2026-2027 სასწავლო წლის ტოპ-საკითხად იქცა შინაარსის, უფრო სწორად წიგნიდან იმ თემების ამოღების გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსულ ოკუპაციას უკავშირდება. მალევე ავტორებმა, მათ შორის გიორგი კალანდიამ, განაცხადეს, რომ დღის სინათლე ჯერ მხოლოდ პირველმა ნაწილმა იხილა, ისტორიის გადაწერას ადგილი არ აქვს და ყველა დეტალი სახელმძღვანელოს სხვა ნაწილებში იქნება წარმოდგენილიო. მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა კი დასძინა, ქრონოლოგიაზე კი არა, თემებზე გავაკეთეთ აქცენტი და ამიტომ ჩანს ისე, თითქოს ზოგიერთი ისტორიული მოვლენა სახელმძღვანელოდან ამოვიღეთ, გამოვა დანარჩენი ნაწილები და ნახავთ, ყველაფერი წერიაო.

რა ეწერება სხვა ნაწილებში, გადაიწერა თუ არა ისტორიის სახელმძღვანელოში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გარკვეული თავები და გვაქვს თუ არა საქმე ფაქტების შეგნებულ თუ შეუგნებელ დამახინჯებასთან? - ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ, როდესაც საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ყველა ნაწილი თვალსაჩინო გახდება, მანამდე კი საგნის და სფეროს მცოდნეები, მეცნიერები, თავად სკოლის პედაგოგები მნიშვნელოვან ლაფსუსებზე ღიად მიუთითებენ (კორექტურებზე რომ არაფერი ვთქვათ) და მათ გამოხმაურებებს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

პირიმზე რურუა (ისტორიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი): რამდენიმე დღეა ვფიქრობ, გამოვთქვა თუ არა ჩემი აზრი საქართველოს ისტორიის ახალი, მეათე კლასის სახელმძღვანელოს შესახებ.

არ თქმაც დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან, რადგან 35 წელია ისტორიას ვასწავლი, მენტორი მასწავლებელი ვარ, ისტორიის აკადემიური დოქტორი, დიდი ხნის წინ საავტორო სახელმძღვანელოც დავწერე და ათწლეულების მანძილზე მთელს საქართველოში პედაგოგებს ვუტარებდი ტრენინგებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პროფესიული გამოცდილება საკმაოდ დამიგროვდა და დღეს დუმილი უბრალოდ უპასუხისმგებლობა იქნებოდა!

მომავალში მე რას და როგორ ვასწავლი, ეს ძალიან კარგად ვიცი!

დიახ, სახელმძღვანელო არ არის ერთადერთი რესურსი პედაგოგისთვის, ვიცი! არც არასდროს ყოფილა. მაგრამ ხომ არიან მასწავლებლები, რომლებიც ძირითადად ამ წიგნით ხელმძღვანელობენ? მოსწავლეები ხომ უპირველესად აქედან სწავლობენ? ჰოდა, ასე ფრაგმენტულად ჩვენი ქვეყნის წარსულის მიწოდება რა შედეგზე გაგვიყვანს?

დღეს სადღაც წავიკითხე, ეს მხოლოდ პირველი ნაწილია და გაგრძელება იქნებაო. რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ? იქნებ ამიხსნას ვინმემ ამგვარი „თანმიმდევრულობის“ ლოგიკა. თემატურადაც რომ დავალაგოთ, როდიდან ამოვარდა სწავლების მეთოდიკიდან ქრონოლოგიური ხაზის დაცვა, თანაც მეათე კლასელებთან?!

ბევრი დაიწერა და ითქვა ტექსტების შინაარსობრივ ნიუანსებზე, ამიტომ ყურადღებას სხვა, ფუნდამენტურ პრობლემაზე გავამახვილებ.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს სახელმძღვანელო, მასში მოტანილი მასალა, წყაროები, შეკითხვები და დავალებები აცდენილია მეათე კლასის მოსწავლის სააზროვნო უნარებსა და განვითარების დონეს. უფრო მეტიც, ის ვერ აკმაყოფილებს საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებსაც კი.

საშუალო საფეხური ის ეტაპია, როცა მოსწავლეს უნდა ვუვითარებდეთ კრიტიკულ, ანალიტიკურ და მიზეზ-შედეგობრივ აზროვნებას. ამის ნაცვლად, რა გვხვდება წიგნში?

- ისტორიული მოვლენები მოწოდებულია მშრალად, მარტივად, სიღრმისეული კონტექსტის გარეშე.

- ტექსტი მოსწავლეს არ სთავაზობს სერიოზულ საფიქრალს.

- კითხვები და დავალებები ძირითადად ორიენტირებულია მასალის მექანიკურ აღდგენასა და ფაქტების უბრალო დამახსოვრებაზე.

- ნაკლებად (თითქმის არ) არის წყაროების შედარებითი ანალიზი?

- სად არის ისტორიული პარალელები, დებატები, მრავალმხრივი პერსპექტივების შეფასება?

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წიგნი შექმნილია ბევრად უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის და არა დამამთავრებელი საფეხურის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ხვალ-ზეგ უნივერსიტეტებში მოუწევთ სწავლის გაგრძელება.

მოგეხსენებათ, ისტორიის სწავლება არ არის მხოლოდ მშრალი თარიღებისა და ფრაგმენტული ამბების მოყოლა. ისტორია ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ხერხემალია, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების საძირკველი. როდესაც მეათე კლასელს , მომავალ მოქალაქეს, რომელმაც ხვალ ქვეყნის ბედი უნდა მართოს, საქართველოს ისტორიას ასე ზედაპირულად, გაუფასურებულად და ლოგიკურ ჯაჭვს აცდენილად ვწვდით, ამით უპირველესად ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ვავნებთ. მოსწავლეს, რომელსაც არ ვასწავლით საკუთარი ქვეყნის წარსულის სიღრმისეულ ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და ეროვნული ფასეულობების გააზრებას, ვართმევთ შესაძლებლობას, გახდეს აზროვნებით თავისუფალი, გაცნობიერებული და მყარი ეროვნული სულისკვეთების მატარებელი მოქალაქე. ეს კი უკვე სცილდება უბრალო საგნობრივ ხარვეზს და პირდაპირ აისახება ჩვენი მომავალი თაობის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე.

ოთარ ჯანელიძე (ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი: რამდენიმე სიტყვა მეათე კლასისათვის განკუთვნილი „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელოს პირველ ნაწილზე

სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მისი მთავარი თემაა „პიროვნება და ისტორია“ და რომ ამ თემის გაკვეთილებში მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილ პიროვნებათა როლსა და ღვაწლს ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არის ერთგვარი ბიოგრაფიული ან პორტრეტული მეთოდი, როგორც ინდივიდის მეშვეობით წარსულის შემეცნების ინსტრუმენტი. იგი ახალი არ გახლავთ. „ისტორიის პერსონალიზაცია“ დიდი ხნის წინ, ისტორიული ცოდნის ფორმირების პარალელურად დაიწყო და დღემდე გამოიყენება. მას უფრო სამეცნიერო კვლევაში მიმართავენ სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური პროცესების გასაშუქებლად. ამასთან, პიროვნებათა პორტრეტების გამოყენება არც სწავლებაშია უცხო, რათა აბსტრაქტული ისტორიული ეპოქები მოსწავლეებისათვის მეტი კონკრეტიკით შეივსოს. აქ ყურადღება თარიღების მექანიკურად დამახსოვრებიდან ადამიანურ გამოცდილებაზე გადადის, ეს კი მოსწავლეებს ეხმარება როგორც ისტორიული დოკუმენტების, ისე მრავალფეროვანი პერსპექტივების კრიტიკულად გააზრებაში. მაგრამ, მეთოდს აქვს სერიოზული ნაკლიც: არ ჩანს კონტექსტი და სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე პიროვნებების მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთთან დაკავშირებაც თითქმის შეუძლებელი იქნება. ამასთან, ჩვენს ისტორიის პედაგოგებს ამგვარი სწავლების გამოცდილება ნაკლებად აქვთ, რის გამოც მათი საგანგებო გადამზადება გახდება საჭირო.

სახელმძღვანელოს რუკები, ილუსტრაციები და ვიზუალურ მხარე ნამდვილად მოსაწონია, რის შესახებაც უკვე ითქვა. მე წიგნის მხოლოდ იმ მონაკვეთს შევეხები, რომლებიც ახალ და თანამედროვე ეპოქებს მოიცავს.

გვხვდება რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა:

გვ. 160. თერგადალეულთა შორის მოხსენიებულია კონსტანტინე ლორთქიფანიძე. უნდა იყოს კირილე ლორთქიფანიძე.

გვ. 170. 1917 წლის აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერია პეტერბურგი. უნდა ეწეროს პეტროგრადი, რადგან ამ ქალაქს 1914-1924 წლებში ასე ეწოდებოდა.

გვ. 170. წერია: ივანე ჯავახიშვილი რუსეთიდან სამშობლოში საბოლოოდ 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა. სინამდვილეში, დიდი მეცნიერი საქართველოში 1917 წლის აპრილში ჩამოვიდა. აქვე ვიტყვი, რომ ივანე ჯავახიშვილზე საუბრისას არაფერია ნათქვამი მეცნიერის მოღვაწეობაზე, მათ შორის პოლიტიკური კუთხით, პირველი რესპუბლიკის პერიოდში.

გვ. 170. სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ 1918 წლის აგვისტოში თბილისის უნივერსიტეტს „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტატუსი მიენიჭა. სასურველი იყო თქმულიყო, რომ სათანადო კანონი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო. ეროვნულმა საბჭომ რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დაამტკიცა ასევე „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროებითი ძირითადი დებულებები“, რომლის საფუძველზეც უმაღლეს სასწავლებელს სრული ავტონომია მიენიჭა (ეს ნიშნავდა, რომ უნივერსიტეტისათვის ბიუჯეტს სახელმწიფო გამოჰყოფდა, მაგრამ მთავრობა არ ერეოდა მის სასწავლო, სამეცნიერო და მართვა-გამგეობის სფეროში).

თუ სახელმძღვანელოს პრინციპად აღებულია, რომ „მეცნიერის თვალსაზრისს“ იქვე ახლდეს მეცნიერის ფოტოსურათიც, ეს პრინციპი დარღვეულია ვ. გურულის (გვ. 157), გ. ყორანაშვილისა (გვ. 172) და რ. მეტრეველის (გვ. 173) შემთხვევაში.

გვ. 166-ზე მოკლე ქვეთავი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხს, მაგრამ არაფერია ნათქვამი, თუ ვინ იმემკვიდრა მისი თეორიული ნააზრევი. არადა, კარგადაა ცნობილი, რომ ილიას ეროვნულ-პოლიტიკური პროგრამა თავის მსოფლმხედველობრივ საფუძვლად ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიხადა.

გვ. 179. აღნიშნულია რომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა: ჰიმნი, დროშა და გერბი, მაგრამ არ არის ნახსენები რომ ისინი 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები იყო.

გვ. 179. წერია, რომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის 25 თებერვალი შეაფასა ოკუპაციად. კონტექსტიდან გამომდინარე, აქ 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნების შედეგად ფორმირებული უზენაესი საბჭო იგულისხმება. მგრამ ეს თარიღი ოკუპაციად და პოლიტიკური თვალსაზრისით „ფაქტობრივ ანექსიად“ უფრო ადრე, 1990 წლის 9 მარტს თვითონ კომუნისტურმა ხელისუფლებამ აღიარა (იხ. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“). რაც შეეხება 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადებას, - გადაწყვეტილება უფრო გვიან, 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

სახელმძღვანელოს მეოცე გაკვეთილში შემჩნეული სხვა უზუსტობების შესახებ საფუძვლიანად მიუთითა ახალგაზრდა ისტორიკოსმა გიორგი არქანიამ და აქ მათი განმეორების საჭიროებას ვერ ვხედავ. დავძენ მხოლოდ რომ, ვიდრე სახელმძღვანელოს გადამუშავებული ვერსია გამოიცემა, ეგებ უკვე დაბეჭილ წიგნს ცალკე ფურცლად დაერთოს შეცდომების გასწორება, სადაც გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები.

გიორგი არქანია (ისტორიკოსი, მკვლევარი და პედაგოგი): დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ისტორიის ახალმა სასკოლო (განსაკუთრებით მე-10 კლასის) სახელმძღვანელოებმა. ობიექტური მიზეზების გამო წიგნის სრულად და დეტალურად წაკითხვა ჯერჯერობით ვერ შევძელი, მაგრამ ჩემი საკვლევი ინტერესის შესაბამისად დეტალურად გავეცანი ერთ-ერთ გაკვეთილს - „1.20. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები“ (გვ. 174-181). ყველაზე მეტად გამაკვირვა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა. მრავალი პირველხარისხოვანი რამ საერთოდ უგულებელყოფილია.

მოკლედ:

1) გვ. 174: გაკვეთილში წერია: „ერთ-ერთი პირველი არალეგალური ორგანიზაცია იყო „გორგასლიანი“, რომელიც 1956 წელს შექმნეს სკოლის მოსწავლეებმა...“ - სინამდვილეში ეს ორგანიზაცია 1953 წელს შეიქმნა, სკოლის მოსწავლეებმა ფიცი ზვიად გამსახურდიას ოთახში დადეს. 1956 წელს ორგანიზაციამ პროკლამაციები გამოაკრა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მოწოდებით.

2) გვ. 174: „გორგასლიანის“ მიერ გავრცელებული პროკალამციაზე წერია: „მათ თბილისის ქუჩებში გააკრეს პროკლამაციები, რომლებშიც გმობდნენ საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში განხორციელებულ ძალადობას“ – ავტორებმა რატომღაც საერთოდ არ ახსენეს პროკლამაციის უმთავრესი მოტივები და მიზნები, რომლებიც შემდეგ სიტყვები იყო მოცემული: „ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ?.. დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად... ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!“.

ვფიქრობ, ამ პროკლამაციაში მთავარი სათქმელი იყო ქართველებისთვის ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდება და არა უნგრეთში მომხდარი ძალადობის დაგმობა.

3) გვ. 174: რატომღაც მე-7 აბზაცში მხოლოდ მერაბ კოსტავას დაპატიმრების შესახებაა საუბარი: „მერაბ კოსტავა პირველად 1956 წელს დააპატიმრეს... მეორედ 1977 წელს დააპატიმრეს“. მოსწავლეს შეექმნება წარმოდგენა, თითქოს საბჭოთა რეჟიმი ზვიად გამსახურდიას არ აპატიმრებდა. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი დააპატიმრეს 1956, 1958, 1977, 1989 წლებში.

4) გვ. 175: „1977 წელს დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“ - სინამდვილეში ეს ორგანიზაცია ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ 1976 წელს დაარსეს.

5) გვ. 175: „1990-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის აღზევებასთან ერთად ჯგუფმა აღადგინა საქმიანობა „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ სახელწოდებით“ – სინამდვილეში ეროვნული მოძრაობის აღზევება მოხდა 1980-იანი წლების ბოლოს, „ჰელსინკის კავშირი“ კი 1990 წელს შეიქმნა.

6) გვ. 175: ავტორები ქართველ დისიდენტებს შორის იხსენიებენ ვინმე ვახტანგ ჭითანავას - სინამდვილეში ასეთი დისიდენტი არ არსებობდა, სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს, ვახტანგ ჭითავა - დისიდენტი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი.

7) გვ. 175: ილუსტრაციის აღწერაში ვკითხულობთ: „ეროვნული მოძრაობის ლიდერები ტელევიზიასთან“ - სინამდვილეში ფოტო ასახავს ფილარმონიის წინ მიმდინარე მიტინგს.

8 ) გვ. 176: გორბაჩოვის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვკითხულობთ: „ამ პროექტის მიხედვით, კონსტიტუციიდან ქრებოდა მუხლი, რომლითაც საბჭოთა მოკავშირე რეპუბლიკებს სსრკ-დან გასვლის უფლება ეძლეოდათ“ - სინამდვილეში ეს მუხლი კი არ ქრებოდა, მისი ცვლილება იგეგმებოდა იმგვარად, რომ გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა.

9) გვ. 179: მოცემული ილუსტრაცია „1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები“ - სინამდვილეში ილუსტრაციაზე 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმია ასახული.

10) გვ. 179: „12 ივნისს ინაუგურაციაზე ზვიად გამსახურდიამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა...“, აგრეთვე, 181-ე გვერდზე მოცემულია ილუსტრაცია წარწერით: „ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 12 ივნისს საპრეზიდენტო ფიცის დადება“ - სინამდვილეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1991 წლის 7 ივნისს მოხდა.

11) სახელმძღვანელოში 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მიმდინარე მოვლენები შეფასებულია როგორც „თბილისის ომი“. სიტყვა „გადატრიალება“ საერთოდ არ არის ნახსენები. სხვათა შორის, ეს მოვლენა გადატრიალებად სახელმწიფო დონეზეა შეფასებული 2000-იან წლებში. ამ უდიდესი დანაშაულის შესახებ თვალების დახუჭვა და მოსწავლეებისთვის მისი დამახინჯებულად მიწოდება დანაშაულის ტოლფასია.

მოკლედ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთი გაკვეთილის ასეთი მდგომარეობა სახელმძღვანელოზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელადაც, ალბათ, საკმარისია. სასკოლო სახელმძღვანელოები ასე არც ერთ ქვეყანაში არ იწერება.

იხილეთ საქართველოს ისტორია X კლასის სახელმძღვანელო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

„გილოცავთ და გისურვებთ საუკეთესო სტუდენტურ წლებს, წარმატებულ კარიერას და ბრწყინვალე მომავალს“

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება