სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„თოვლში, წვიმასა თუ კარგ ამინდში ჩვენი პედაგოგები სკოლაში ფეხით დადიან“- კახა გიორხელიძე,ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2022
-
+


„ჩემი მიზანია ყველა მოსწავლეს სწავლის წყურვილი და სიყვარული ჩავუნერგო“- ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი კახა გიორხელიძე. ის 30 წელია, რაც თავის მშობლიურ სკოლაში ასწავლის და უკვე 9 წელია სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს. ჯერ კიდევ 1973 წელს აშენებულ 400 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, ახლა სულ 28 მოსწავლე სწავლობს, რასაც დირექტორი მთავარ პრობლემად ასახელებს. სკოლაში არ ჰყავთ პირველი და მეცხრე კლასი. კითხვაზე - როგორია სკოლა პირველკლასელების გარეშე, პასუხობს, რომ ძალიან ცუდი, რთულია სწავლის დაწყების დღეს პირველი კლასის გარეშე ყოფნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს 3 მოსწავლეს ელოდებიან, რაც მთელ სკოლას ძალიან ახარებს. 

დირექტორმა თავისი სკოლის პედაგოგებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი, ის გმირები არიან, რომლებიც ყოველ დღე ფეხით 4 კილომეტრს გადიან და მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავენ.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი კახა გიორხელიძე სკოლის, საკუთარი პროფესიის, პედაგოგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ Etaloni.ge-ს ესაუბრა.

- რამდენი წელია, რაც სკოლაში მუშაობთ?

- 30 წელიწადია, რაც სკოლაში ვმუშაობ, აქედან 9 წელია დირექტორიც ვარ და მასწავლებელიც. ახლა სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. ვცდილობ, ორივეს თანაბარი ყურადღება დავუთმო. ბევრი საათი არც მაქვს და დირექტორის სამუშაოს სრულფასოვნად ვასრულებ. ადრე, როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე ხაზვას ვასწავლიდი, სამხედრო განათლებასაც. შემდეგ ეს საგნები გაუქმდა. ჩემი მიზანია ყველა მოსწავლეს სწავლის წყურვილი და სიყვარული ჩავუნერგო.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობას?

- მოსწავლეებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს და მათ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ, ვუფრთხილდებით. ჩემთვის ჩემი პროფესია საინტერესოა. სკოლა აქ დავამთავრე, შემდეგ ცოდნა გავიღრმავე და ისევ აქაურობას დავუბრუნდი - სკოლას შემოვაბერდი. ალბათ, მასწავლებლობა მინდოდა და ამდენი წელი იმიტომ შემოვრჩი სკოლას. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს მშობლიურ სკოლაში გავატარე. აქაურობაზე ისეთი შეყვარებული ვარ, ვერც წარმომიდგენია აქაურობის გარეშე. ჩვენს სკოლაში სულ 28 მოსწავლეა, პირველ და მეცხრე კლასში მოსწავლეები არ გვყავს. ძალიან ცუდია სკოლა პირველკლასელების გარშე. როდესაც სექტემბერში მოსწავლე არ მოდის და კომპიუტერს ვერ გადასცემ, ძალიან გულისდასაწყვეტი მომენტია. ახალ სასწავლო წელს 3 პირველკლასელს ველოდებით. წელს სკოლას 5 მოსწავლე ამთავრებს, ისინი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ. ზოგადად, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან ხოლმე.

- რა არის მთავარ პრობლემა, რასაც სკოლაში აწყდებით?

- მთავარი პრობლემა არის ის, რომ სოფელი იცლება. ჩვენი სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი, ადრე პარალელური კლასებიც იყო, ახლა კი სოფელი მიგრაციას განიცდის და ეს, რა თქმა უნდა, სკოლასაც ეტყობა. სკოლა 1973 წელს აშენდა, ინფრასტრუქტურაც დიდი აქვს, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები 3 სოფლიდან დადიან. მათთვის ტრანსპორტია დანიშნული და ის ემსახურებათ.

- როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებს?

- ჩვენ თითქმის არ გავჩერებულვართ. უმეტესწილად, დასწრებით რეჟიმზე ვსწავლობდით. შარშან ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც 1 კვირა დისტანციურ ფორმატზე გადასვლა მოგვიწია. რეგულაციებსა და რეკომენდაციებს ვიცავთ. გვაქვს პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები, ვიცავთ სისუფთავეს. ჰიგიენას დიდი ყურადღება ეთმობა და შესაბამისად, სკოლაშიც სიმშვიდეა. მოსწავლეები და მასწავლებლები შექმნილ ვითარებას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

- თქვენი აზრით, დისტანციური სწავლებისას, მოსწავლეთა სწავლის ხარისხი შეიცვალა?

- ჩემი აზრით, საკლასო ოთახში სწავლება ბევრად უფრო ეფექტურია. ბავშვი მაინც სხვანაირად მობილიზებულია, კლასელები და პედაგოგიც იქვე ჰყავს. თუმცა, სხვა მხრივ, დისტანციურმა სწავლებამ პანდემიის გავრცელებისგან დაგვიცვა და ამას კარგი ეფექტი ჰქონდა. თანაც, ბავშვებმა ტექნოლოგიები უკეთ შეისწავლეს.

- პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ, ეს ზრდა საკმარისია? ასევე, თქვენი აზრით, დღეს მასწავლებლის პროფესია დაფასებულია?

- ვფიქრობ, რომ დღეს, პედაგოგის პროფესია უმაღლეს დონეზეა დაფასებული. მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით ძალიან კარგი ხელფასი აქვთ, მაგრამ ადმინისტაციის ხელფასი სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენი სკოლა მცირეკონინგენტიანია, ამიტომ ადმინისტაციის ხელფასები ნაკლებია. მოადგილეები არ მყავს, რადგან ესეც მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული და ჩვენ სკოლას არ ეკუთნის.

- რას იტყოდით თქვენი სკოლის მასწავლებლების შესახებ?

- ჩემი სკოლის პედაგოგები გმირები არიან. თოვლში, წვიმასა თუ კარგ ამინდში სკოლაში ფეხით დადიან. ისინი დღეში 4 კილომეტს გადიან, 2-ს სკოლამდე და 2-ს სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. ყოველ დღე ამ გზას 9-10 მასწავლებელი გადის. პედაგოგები წყალტუბოდან დადიან. ადრე ძირითადად, ადგილობრივები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ ისინი სკოლაში აღარ არიან. მთლიანობაში, 20 თანამშრომელი ვართ. აქედან 15 მასწავლებელი, 1 ბუღალტერი, 2 დამლაგებელი და 2 ყარაული.


- პედაგოგები წელს გამოცდაზე გასვლას აპირებენ?

- ჩემი მასწავლებლები გამოცდაზე გასვლას წელსაც აპირებენ. გამოცდების ფორმატს რაც შეეხება, რასაკვირველია, კომპეტენციის ამაღლება კარგია. შემდეგ მასწავლებელიც უფრო მოტივირებულია. მთლიანობაში სკოლის 12 მასწავლებელია სერტიფიცირებული.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება