მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით წარდგა. ყველამ ერთად მოვისმინეთ, როგორი დადებითი ძვრებია ამა თუ იმ მიმართულებით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, პროცესები მშვენივრად იმართება, გვაქვს იაფი ინტერნეტი, ტელესკოლა, ჰიბრიდული სწავლება, სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები და რაც მთავარია გვყავს, აცრილი მასწავლებლები. გამოსვლის შემდგომ მინისტრს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს. ახლა იმის განხილვას არ დავიწყებთ, რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა-ს პრინციპით, ვინ რა პასუხებს ელოდა, მაგრამ რამდენიმე საკითხი, რომელიც დეპუტატებმა დარბაზში დააყენეს საკმაოდ მწვავე იყო და მათ Etaloni.ge უცვლელად შემოგთავაზებთ:
„შევეცადე, ყველანაირად მომესმინა თქვენი გამოსვლისთვის, თუმცა, ვერც სისტემური და ვერც შინაარსობრივი ვერაფერი დავინახე, რეალური რეფორმები იყოს ქვეყანაში. ამას მოწმობს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამბობს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში, განათლების სექტორში ვითარება უარესდება. სამწუხაროდ, ჩვენი შვილები ვერ იღებენ განათლებას ამ ქვეყანაში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, არადა, მთელი მსოფლიო ცოდნის ეკონომიკას აწყობს. რითაც განათლების სამინისტრო გამოირჩევა, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლებისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. სწორედ ამაზე მაქვს კითხვა - რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი მოვალეობის შემსრულებელია? რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი? რა მოხდა ისეთი, რომ ეს ადამიანები ვერაფრით დაინიშნენ? მე გეტყვით რაც მოხდა - თქვენ რომ მათ არ ნიშნავთ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ - თუ პოლიტიკურად არ მოხდება მათი ჩართვა არჩევნებში დაკარგავენ საკუთარ თანამდებობას. აღარაფერს ვამბობ ია კერზაიას საქმეზე. ეს არის მაგალითი, სადაც მთელმა საქართველომ დაინახა რისთვის ხდება საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. ასე რომ, თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია“.
„თქვენ რომ გისმენდით, დამიდასტურდა შეფასება, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი განათლების სამინისტროზე - თქვენ ხართ მთავარი სკოლის დირექტორი და ყველა დანარჩენი სკოლის დირექტორი თქვენი ფილიალი სკოლის მოადგილეა. იდეაში, ალბათ ხართ რექტორთ რექტორიც, იმიტომ, რომ უნდა იცოდეთ როდის განთავსდება ადრონული კოლაიდერი რომელიღაც ერთ-ერთი ქვეყნის უნივერსიტეტში და ა.შ. ანუ თქვენ ამენეჯმენტებთ ამ სისტემას. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ეს მგონია. ახლა პარლამენტში შემოვიდა „ბაღების რეგულირების შესახებ“ კანონპროექტი. თქვენ წლებია არეგულირებთ სკოლებს უმკაცრესად, არეგულირებთ უმაღლეს სასწავლებლებს და თქვენმა კოლეგებმა მოგახსენეს ის შედეგები, რაც ამ რეგულაციებს მოჰყვა. დაწყებული იქიდან, როგორია ჩვენი ბავშვების შედეგები, დამთავრებული ჩვენი პედაგოგების შედეგებით. ობიექტური შეფასებებით, ყველგან პრობლემებია. მაინტერესებს თქვენი ზუსტი პასუხი ბაღებთან მიმართებაში, რას ელოდებით? თქვენმა ბაღების რეგულაციამ რა უნდა გამოასწოროს? მიზნად რას ისახავთ? ანალოგიურად, იქნებ პარალელი გაავლოთ, რატომ არ მოქმედებს თქვენი რეგულაციები საჯარო სკოლებში, ანუ რატომ არ ვითარდება და უმჯობესდება თქვენი რეგულაციებით საჯარო სკოლები?“ .
„ძალიან აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როცა ბირთვულ კვლევებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როდესაც განათლების მინისტრი ხართ იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილის ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები; ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია, დატოვოს სკოლის სისტემა. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას. კონკრეტული კითხვა მაქვს - რა გააკეთეთ და რას აკეთებთ ბოლო წლებში იმ სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლის სისტემას უკავშირდება. არ ხართ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მაგრამ ეს საქმეები სკოლას უკავშირდება. ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძის და დათუნა სარალიძის საქმეები. თქვენ, სკოლამ, რა გააკეთეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ დარბაზში არ მოვისმენ, რომ სარალიძის მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდა“.
„განათლების მინისტრისგან ველოდებით პოლიტიკაზე საუბარს და არა ჩამონათვალს სად იყო, რომელ ქვეყანაში და ვის ჩამოართვა ხელი; მინდა, განგიმარტოთ, რომ არ გესმით აქ რისთვის სხედხართ საერთოდ, რომ თქვენ იმ ქვეყნის პარლამენტის წევრები ხართ, სადაც სკოლის მოსწავლეების 77% დროდადრო შიმშილობს და განათლების მინისტრი, ერთი წლის წინ, როდესაც მას განათლების მინისტრად ამტკიცებდნენ, გვეუბნებოდა, რომ ძალიან მალე წარადგენდა გეგმას, როგორ არ იშიმშილონ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში - აი, ეს არის ჩემი შეკითხვა - სად არის ეს გეგმა და რას აპირებს ამასთან დაკავშირებით მთავრობა? სკოლადამთავრებულებს შორის 2/3-ს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ეს არის ჩვენი შეკითხვა - რას აკეთებთ უცოდინარები არ ტოვებდნენ ბავშვები სკოლას?! სამსახურს ვერ შოულობს ვერავინ, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს - დიახ, შეკითხვა გვაქვს პოლიტიკაზე, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით?!“
„მოვისმინეთ განცხადებები, როგორი მაღალი ტექნოლოგიების შესაფერისი განათლების სისტემა გვაქვს, როგორ გახდება ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2030 წელს 2 მლრდ, როგორი ევროპული სტანდარტისაა ციფრული დუალური სწავლება - და არ ვიცით, რა დონეზე არიან ჩვენი მოსწავლეები განათლების დონით; პანდემიის ფონზე პირველი, რაც იხურებოდა, ეს იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები. წლევანდელი ბიუჯეტის ცვლილებაში 22 მლნ აკლდება ინტერნეტიზაციის ხარჯებს, მაშინ, როდესაც კარგად იცით, ბატონო მინისტრო, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ოჯახს არ აქვს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რომ ონლაინ გაკვეთილებით განათლება მიიღოს. ორი მიმართულებით მაქვს შეკითხვა - როგორ ხედავთ იმას, რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ იყოს პრობლემა. კონკრეტულად რა არის დაგეგმილი. რაიონების ჩამოთვლით და ასევე პროფესიულ განათლებაზე რომ თქვათ, რა არის სტატისტიკა დასაქმების“.
„ყველამ ვიცით, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით განათლების სფეროში. არ ვიცი, რამდენად იაზრებთ, მაგრამ თქვენ გაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტფელი, რადგან ჩვენი მომავალი თაობა თუ არ არის შესაბამისად განათლებული, ამ ქვეყანასაც, კარგი მომავალი არ აქვს. სამწუხარო ტენდენციაა, რომ არაერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, თუნდაც 2018 წლის ბოლო კვლევაში არის შედეგი, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორის 75 ქვეყნიდან ყველაზე ცუდ - ბოლო ათეულში ვართ. ამ კუთხით რას აკეთებთ, მართლა საინტერესო იქნებოდა ამის გაგება. ასევე საინტერესოა, რომ მთელი აქცენტი და სადამსჯელო ღონისძიებები პედაგოგებზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი იხარჯება პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ვხედავთ, რომ ეს სავალალო შედეგებით მთავრდება და ბოლო მონაცემებით, რომელიც იყო სტატისტიკურად, არის კატასტროფული. ის, რომ პედაგოგებს ბრალდებათ განათლების რეფორმის ჩავარდა, ამასაც მივეჩვიეთ. ასევე საინტერესოა პედაგოგების კარიერული წინსვლის საკითხი, რომელიც შეჩერებულია“.
ასევე საინტერესოა რა კეთდება სკოლებში თანამედროვე უნარების ასამაღლებლად. ელემენტარულ უნარზეა საუბარი, განსაკუთრებით კომპიუტერის ცოდნაზე. რატომ არ შეიძლება, რომ სკოლაში გამოცდები, რომელიც თქვენ გააუქმეთ, კომპიუტერით ყოფილიყო“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია