სიახლეები
პიროვნება

გზა ლექტორობიდან თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორობამდე - მიხეილ ჩიქოვანის არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ
16-07-2021
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ჩიქოვანის გზა ლექტორობიდან დირექტორობამდე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და როგორც თავად ამბობს, საკუთარი ადგილიც იპოვა. არც პედაგოგობაზე უთქვამს უარი - ყურადღებიან დირექტორსა და განვითარებაზე მზრუნველ მასწავლებელს, არც ერთი ბავშვის პრობლემა არ ეპარება თვალთახედვიდან და სხვათა შორის, სოციალური სამსახურისთვის ჯერ კიდევ სკოლებში დამკვიდრებამდეც მიუმართავს. Etaloni.ge-სთან მიხეილ ჩიქოვანი 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს და სასკოლო განათლების ცვლილებებზეც გვესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, კმაყოფილი ხართ მოსწავლეთა შედეგებით?
- დიდი სურვილი მაქვს, ბავშვი ყოველთვის საკლასო ოთახში იღებდეს განათლებას და არა - ონლაინ, რადგან დისტანციური სწავლება, მიუხედავად დიდი მცდელობისა და მონდომებისა, სწავლების ხარისხზე მაინც მოქმედებს. სიმართლე გითხრათ, წინა წლის გაზაფხულთან შედარებით, გაცილებით მობილიზებულები შევხვდით ახალ სასწავლო წელს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 7 კურსდამთავრებული მედლის კანდიდატია, ნორმალური შედეგებით დავხურეთ სასწავლო წელი. აღსანიშნია, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან კოვიდინფიცირების სულ 4 შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

- ონლაინ სწავლებას ხარვეზები არ ჰქონია?
- არა, რადგან მეტად გამოცდილები, მობილიზებულები შევხვდით ახალ სასწავლო წელს. განათლების სამინისტროც მაქსიმალურად მხარში გვედგა - ყველა იმ წვრილმანით მოგვამარაგა, რაც კი ვირუსის პრევენციისთვის იყო საჭირო.

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რამდენად შეძელით პრაქტიკაში?
- ჯერ ვნერგავთ... აქტიურად ვართ ჩართულები, თუმცა გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, მასწავლებლებიც ტრენინგებს გადიან... აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში ვერ ავსახეთ აღნიშნული რეფორმა. ამ მოდელს აქვს 3-4 ისეთი მიდგომა, რომელსაც მომავალი წლიდან უკეთ დავნერგავთ საგაკვეთილო პროცესებში. ჩვენ მეორე სემესტრიდან ჩავერთეთ ამ პროცესში და ჯერჯერობით განხილვის, დამუშავების ეტაპზე ვართ.

- ახსენეთ, რომ მასწავლებლებს ტრენინგები უტარდებათ, რამდენად ხედავთ ამის საჭიროებას?
- ტრენინგები და გადამზადება აუცილებელია. თუ გვინდა, ფეხი ავუწყოთ სიახლეებს, მაშინ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. არის მასწავლებლების კატეგორია, რომელთა გადამზადებას დიდად არ აქვს აზრი, რადგან მაინც საკუთარი შეხედულებებიდან გამოდიან, მაგრამ პედაგოგების 90 პროცენტი დადებითადაა განწყობილი. მასწავლებელი მუდმივად სიახლის ძიებაში უნდა იყოს, ეს მოთხოვნა აქვს სამინისტროს, თუმცა არის დიდი კითხვის ნიშანი - რამდენად პროდუქტიულია ეს ტრენინგები და ხომ არ არის წყალში ჩაყრილი თანხა და დრო.

-  თავად როგორ ფიქრობთ?
- ამას სჭირდება დიდი განხილვა. არიან პედაგოგები, რომლებსაც დაკარგულად მიაჩნიათ დრო, თუმცა კმაყოფილი მასწავლებელი გაცილებით მეტია. ტრენინგები ნამდვილად აუცილებელია, თუმცა ცალკე სასაუბრო თემაა მათი ხარისხი, დაგეგმვა... ყველა კმაყოფილი ვერასოდეს იქნება... საბოლოოდ, ვთვლი, რომ ამ ტრენინგების გაორმაგებაც კია საჭირო.

- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ტრენინგებში ჩართული მასწავლებლები, რამდენად არიან პროდუქტიულები გაკვეთილზე?
- 2020-2021 სასწავლო წელი ერთგვარად, გარდამავალი იყო პანდემიის გამო და ამ რთულ პერიოდს დაემთხვა რეფორმა, რომლის დანერგვასაც ახლა ვიწყებთ. ეს ყველაფერი კი მასწავლებლის მხრებზე გადადის. რამდენად გაუძლებენ და აისახება თუ არა ეს მათზე დადებითად, მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, პედაგოგმა ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს, იშრომოს და განვითარდეს, რათა განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე მომავალი თაობა აღზარდოს. თუ ყველა რეფორმაზე უარს ვიტყვით, მაშინ წინ ვერ წავალთ და არც არაფერი გაკეთდება მომავლისთვის.

- ფაქტია, მასწავლებლებს ორმაგი შრომა უწევთ და მათი დღის რეჟიმიც საკმაოდ დატვირთულია. როგორ ფიქრობთ, დღეს მასწავლებლის პროფესია დაფასებულია?
- დედა მოქმედი პედაგოგია, 39-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს; მეც მთელი ცხოვრება ამ მიმართულებით ვმუშაობდი. მიმაჩნია, რომ ჩვენი პედაგოგები გმირები იყვნენ: 90-იან წლებში, როცა შუქის გარეშე, შეშის ღუმელის ფონზე ასწავლიდნენ; 90-იანი წლების ბოლოს, როცა ანაზღაურების გარეშე აძლევდნენ მომავალ თაობას განათლების... 2000-იან წლებშიც, როცა უამრავი გაჭირვება იყო და გმირები არიან დღესაც! ბოლო წლებში გაცილებით დაფასდა პედაგოგის პროფესია, თუნდაც შემოსავლის კუთხით. ჩემს სკოლაში რამდენიმე პედაგოგს ჩემზე მაღალი ხელფასი აქვს, რაც ძალიან მახარებს, მათ შორის დედაჩემსაც. მასწავლებლების დაფასება იყო ისიც, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებსაც უჭირდათ სკოლის დატოვება „საპენსიო ჯილდოთი“ გააცილეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ამ მხრივ, რაც მახარებს და იმედი მაქვს, უფრო ბევრი კარგი რამ გაკეთდება.

- სოციალური სამსახური თქვენს სკოლაშიც შემოვიდა? რამდენად ხედავთ მათ საჭიროებას?
- ზოგადად მივესალმები ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენს სკოლას ჯერ არ დამატებია. რამდენჯერმე გვქონდა სკოლაში ისეთი შემთხვევა, როცა დავუკავშირდი სოციალურ სამსახურს და დახმარება ვთხოვე.

- შეგიძლიათ, ერთი ფაქტი გაიხსენოთ...
- მეორეკლასელის ხელზე მასწავლებელმა დამწვრობა შენიშნა, შემდეგ იგივე სახის დაზიანება აღმოვაჩინეთ მუცელზე... სიგარეტით დამწვრობას ჰგავდა, ვნახეთ მშობლები, რომლებიც ცოტა არაადეკვატურები იყვნენ - დედა ალკოჰოლისკენ მიდრეკილი, გავაფრთხილეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს ჩვენი დარიგებები და ამიტომ, დახმარება ვთხოვეთ სოციალურ მუშაკს. სამწუხაროდ, არსებულ ოჯახში დადასტურდა ბევრი არასასურველი რამ, რის საფუძველზეც ჩამოერთვათ მეურვეობის უფლება. ასე რომ, ყოველთვის ყურადღებით ვართ, მაგრამ თუ მეტად მოხერხდება მონიტორინგი, მივესალმები. როგორც ექიმის კაბინეტი იყო თავის დროზე პოზიტიური ნაბიჯი სკოლისთვის, ასევეა სოცმუშაკების ინტეგრირებაც.  

- ბავშვი კვლავ თქვენს სკოლაში სწავლობს? ალბათ, ფსიქოლოგიურად გაუჭირდა...
- არა, სხვა ოჯახის მზრუნველობის ქვეშაა და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სკოლაც შეუცვალეს. საბედნიეროდ, ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა. ის ქალბატონი, ვინც უკვე მასზე ზრუნავს რამდენიმეჯერ მოვიდა სკოლაში და ვისაუბრეთ.  მითხრა, რომ ბავშვი ბედნიერი იყო და საერთოდ არ ახსენდება ბიოლოგიურ მშობლებს. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯერო. მართალია, მიმაჩნია - ყველა ბავშვი თავის ოჯახში, საკუთარ დედ-მამასთან უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ხანდახან რადიკალური ზომების მიღება აუცილებელია. მქონია შემთხვევა, ბავშვის რთული საქციელის გამო, დამიბარებია მშობელი და ისეთი მოსულა, მითქვამს კარგი ბავშვი გყავთ-მეთქი. სამწუხაროდ, არ არის მექანიზმი მშობლების აღზრდის, თორემ ურიგო არ იქნებოდა. ბავშვს ვადანაშაულებთ ყველაფერში, ვამბობთ ასეთი და ისეთი თაობა მოდის, სინამდვილეში კი პრობლემა ოჯახიდან და მშობლებიდან იღებს სათავეს.
 
- ბატონო მიხეილ, ახლახან გამოცდები დაიწყო მასწავლებლებისთვის. თქვენი სკოლიდან ხომ არ გადიან გამოცდაზე?
- მყავს მაძიებელი პედაგოგი, რომელიც გადის გამოცდაზე და იმედი მაქვს, წარმატებული იქნება მისი ეს მცდელობა. მაძიებლის ერთი ეტაპი წარმატებით დაძლია და ახლა ველოდებით გამოცდის შედეგს, სამწუხაროდ, წამყვანი მასწავლებლებით ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ უფროსი მასწავლებელი ბევრი გვყავს.

- თქვენ შესახებ მიამბეთ, რა იყო დირექტორობამდე?
- 90-იან წლებში დავამთავრე სკოლა ოქროს მედალზე, მერე უნივერსიტეტი, ეკონომიკის მიმართულებით - წითელ დიპლომზე, ასპირანტურაში გავაგრძელე სწავლა და დაახლოებით 10 წელი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. 2014 წელს გამოცხადდა დირექტორების კონკურსი, მივიღე მონაწილეობა, გავიარე გასაუბრება და გამანაწილეს ჩემ სახლთან ახლოს სკოლაში. მე-7 წელი დაიწყება, რაც ამ სკოლაში ვარ და ჩემი ადგილი ვიპოვე. კარგი კოლექტივი მყავს, ისევე, როგორც ადმინისტრაცია და ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. სკოლა, რომელიც ქართულ-რუსული სექტორის იყო და რაიონში არც ისეთი პოპულარული, ამ ეტაპზე ძალიან მოთხოვნადია - რეგისტრაციის დროს წამებში ივსება ადგილები.

- რა პრობლემები იყო სკოლაში, როცა რუსული და ქართული სექტორი დაგხვდათ?
- როცა სკოლაში მივედი, უკვე მხოლოდ ქართული სექტორი იყო, თუმცა მაინც რუსულ სკოლასთან ასოცირდებოდა და  არაქართულენოვანი მოსწავლე მეტი გვყავდა. ნელ-ნელა გავიარეთ ეს პერიოდი და ახლა უკვე ძალიან მოთხოვნადია რაიონში. გვყავს ბევრი არაქართველი მედალოსანი, რომელიც ნამდვილად გვეამაყება და ცალკე სტენდიც კი მაქვს გაკეთებული. გადავდივართ ახალ რელსებზე და ვთვლი, რომ ერთ-ერთი კარგი სკოლა გვაქვს თბილისის მასშტაბით. ეს კი თანამშრომლების და განათლების სამინისტროს თანადგომით შევძელი. ახლაც  სპორტდარბაზების რემონტია და მომავალი წლიდან განახლებულ დარბაზებში შევლენ ბავშვები.

-  თავად თუ გაქვთ საგაკვეთილო საათები?
- წელს არჩევითი საგნები იყო და ეკონომიკას ვასწავლიდი, მომავალშიც ვაპირებ ერთი საათის აღებას მათემატიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, ტექნიკური საგნების მიმართ დაინტერესება ნაკლებია და მოსწავლეების 90 პროცენტი გამოცდებზე გეოგრაფიასა და ისტორიას ანიჭებს უპირატესობას. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ გონებრივად ტექნიკური განვითარების გარეშე, რთულია ზოგადი განვითარება. სამომავლოდ ვგეგმავ, გაძლიერებული მათემატიკის მიმართულებით წასვლას, რადგან ძალიან კარგი თაობა გვყავს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება