სიახლეები
ინტერვიუ

გოგი წულაია სკოლის მასწავლებლებს ბოდიშს უხდის
31-08-2018
-
+


პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ორგზის პარლამენტარი, ქუთაისელი გოგი წულაია ქუთაისის 32-ე სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ სკოლაში გაკვეთილზე 45 წუთი გაუნძრევლად ვერ ჩერდებოდა და ბევრს ოხუნჯობდა. ბატონ გოგის თურმე გაკვეთილების სწავლაც ეზარებოდა, რის გამოც მშობლები მკაცრად სჯიდნენ. გოგი წულაია „ეტალონს“ სკოლის პერიოდზე ესაუბრა.

- ამ გადასახედიდან სკოლა თბილად მახსენდება. ჩვენი დროის სკოლაში მოსწავლეების ურთიერთობა ერთმანეთთან და მასწავლებლებისა - ბავშვებთან, განსხვავებული იყო დღევანდელთან შედარებით.

- რას გულისხმობთ?

- რას და უფრო მეტი სიმკაცრეც იყო და ამასთანავე, - უფრო მოსიყვარულე გარემოც. ქუთაისის 32-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და შემდეგ - ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში. როგორც თბილისში კომაროვის სკოლაა, იმის მსგავსი იყო ქუთაისში ეს სკოლა. გული მწყდება, რომ სკოლაში უფრო კარგად არ ვსწავლობდი. ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, მეც მქონდა ამოჩემებული საგნები, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარდა და პირიქით. მაგალითად, ქიმია და ბიოლოგია არ მიყვარდა და ძალით ვსწავლობდი. მიყვარდა ტექნიკური საგნები - მათემატიკა, ფიზიკა... ვნანობ, ყველა საგანი რომ არ ვისწავლე, როგორც უნდა მესწავლა და არ დავუჯერე მშობლებს, რომლებიც მუდამ მიჩიჩინებდნენ, რომ მესწავლა. დღეს თუ რამე ვიცი, ჩემი მშობლების დამსახურებაა. მე თამაში უფრო მიტაცებდა, ვიდრე სწავლა, მაგრამ მშობლები მყავდა მკაცრი და სულ მათი ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი.

- გსჯიდნენ, თუ არ ისწავლიდით?

- რა თქმა უნდა! სხვადასხვაგვარად ვისჯებოდი. ოროსანი და სამოსანი არ ვყოფილვარ, არც ვაცდენდი ბევრს, თუმცა მე-8 კლასიდან შეყვარებულობის და ყოჩობის პერიოდი რომ დადგა, მაშინ უფრო ვაცდენდი და არ ვსწავლობდი. მაშინ მამაჩემი მცემდა კიდეც. დედა კი ისეთ საჭმელს მიკეთებდა, რომელიც არ მიყვარდა - სუპი, ბორშჩი... თან მომაძახებდა ხოლმე, ნუ შეჭამ, ცეცხლი ჭამა შენმა პირმა და მოუნელებელიო. ერთდროულად მკაცრებიც იყვნენ და ლმობიერებიც. მსჯიდნენ, როცა გაკვეთილს არ ვისწავლიდი, სკოლას გავაცდენდი, შატალოზე წავიდოდი, ვიხმაურებდი და გაკვეთილიდან გამაგდებდა მასწავლებელი... თუ კარგად ვიქცეოდი, ყველაფერს მისრულებდნენ. ბავშვმა რაც შეიძლება ჩაიდინოს, ყველაფერი მაქვს გაკეთებული.


- ყოჩობდით კიდეც?

- მარტო  მე არა, სხვებიც ყოჩობდნენ. ვიღაც გვიყვარდა, სხვასაც უყვარდა ის გოგო და მიდიოდა ამბები...  ბოლოს ის გოგო არც ერთს რჩებოდა და არც მეორეს. მიჩხუბია, თუმცა დიდი მოჩხუბარი არ ვიყავი.

- მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

- იმ საგნების მასწავლებლები უფრო თბილად მახსენდებიან, რომლებიც მიყვარდა. მათემატიკის მასწავლებელი ზურაბ ხმელიძე მიყვარდა. ნორა ლაბარტყავა მასწავლიდა 32-ე სკოლაში მათემატიკას და მან შემაყვარა ეს საგანი. თამარ ქარქაშაძე იყო ისტორიის მასწავლებელი და ისიც თბილად მახსენდება. იმ დროს თუ გულმოსული ვიყავი და გულში ვილანძღებოდი მასწავლებლების მისამართით, ახლა ყველას ბოდიშს ვუხდი.

თამარ ქარქაშაძემ გვასწავლა სამშობლოს სიყვარული, რაც იმ საბჭოთა პერიოდში მაინცდამაინც ადვილი არ იყო.

ვაპროტესტებდი ხოლმე პიონერული ყელსახვევის ტარებას... ზედმეტი წესრიგიც არ მომწონდა. დასვენებაზე რომ დავრბოდით და ვხმაურობდით, ამისთვის შეიძლებოდა დავესაჯეთ. ზედმეტი სიმკაცრე იყო და ისე აღგვიქვამდნენ, როგორც გასაზრდელ ობიექტს, რომელიც მერე საბჭოთა წყობას უნდა გამოსდგომოდა. ამ მიდგომას ვერ ვიტანდი. შალვა ნუცუბიძესთვის უკითხავთ ერთხელ, ბატონო შალვა, 2-იანებს რატომ არ წერო და შალვას უპასუხია, მე ბავშვში ვეძებ იმას, რა იცის და იმის მერე ვწერ ნიშანს და თქვენ რომ ეძებთ, რა არ იცის, 2-იანებს დაწერთ, აბა რა იქნებაო.

- ოხუნჯობით გაგიცნოთ მთელმა ქვეყანამ. ბავშვობიდან გიყვარდათ ხუმრობა?

- ძალიან ცელქი ვიყავი. დღემდე, კაბინეტში ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები.
ბავშვობისას 45 წუთი ერთ ადგილას რა გამაჩერებდა?! ამიტომაც ვოხუნჯობდი, ვცელქობდი... სკოლაშიც ზუსტად ასეთი ვიყავი, როგორიც დღეს ვარ, თითქმის არ შევცვლილვარ. ცოტნე დადიანობაც გამომიჩენია.

- ეგ როგორ?

- ყველა ერთად რომ გავაფუჭებდით კლასელები რაღაცას და დასჯაზე რომ დაიწყებოდა საუბარი, მითქვამს, სხვები არაფერ შუაში არიან, მე გავაკეთე-მეთქი.
   
- წიგნების კითხვა გიყვარდათ?

- ძალიან. ძირითადად საპირფარეშოში ვკითხულობდი. შევიტანდი და ვიჯექი საათობით. მაგალითად, ქიმიის წიგნს გადავშლიდი და ზემოდან დავადებდი რაიმე სხვა წიგნს და ვკითხულობდი. მშობლები სულ მაკონტროლებდნენ და როცა ოთახში შემოვიდოდნენ, გადავდებდი იმ წიგნს და ვითომ ქიმიას ვსწავლობდი. ასე წავიკითხე უამრავი წიგნი - დიუმა, ჰიუგო. წიგნების კითხვა უფრო მიყვარდა, ვიდრე გაკვეთილების სწავლა და ღამეებიც მითენებია კითხვაში.

- რომელი პერსონაჟი გიყვარდათ?

- არსენა მარაბდელზე ვგიჟდებოდი. საოცარი პერსონაჟია.

- თქვენი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან?

- ჩემი ვაჟი სტუდენტია და ქუთაისში, უნივერსიტეტში სწავლობს, გოგონა კი მე-7 კლასში გადავიდა.

- მოგწონთ დღევანდელი განათლების სისტემა?

- თაობებს შორის სულ კონფლიქტია და ღმერთმა ნუ ქნას, ეს კონფლიქტი აღარ იყოს! ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თაობა ვერ განვითარდა და იმ დონეზე დარჩა, რა დონეზეც მისი მშობელი იყო. ვფიქრობ, ახლანდელი განათლების სისტემა იმაზე დაბალი დონის განათლების მომცემია, ვიდრე ჩვენს დროს იყო, თუმცა მე ამ სფეროში ისეთი პროფესიონალი არ ვარ, რომ კონკრეტული რჩევები გავცე განათლების სისტემის მისამართით.

- თქვენი შვილების სწავლების საკითხში რამდენად ერევით?

- მე იმდენად არ ვერევი, რამდენადაც ჩემი მეუღლე. მე მეტ თავისუფლებას ვაძლევ შვილებს, ვიდრე მამაჩემი მე მაძლევდა. არასოდეს ვეკითხები, გაკვეთილი იციან თუ არა, ან რა ნიშანი მიიღეს. რაღაც დოზით უნდა ჩაერიო, მაგრამ ჩემი მშობლები რომ ერეოდნენ, ისე არა. კი, ბავშვი პლასტელინივითაა, რომელიც უნდა გამოძერწოს მასწავლებელმა, მშობელმა, ქუჩამ და საზოგადოებამ, მაგრამ ამ ძერწვის პერიოდმა, სრულად არ უნდა წაართვას თავისუფლება.  ხისტად არ უნდა ჩაერიო, რადგან ეს ბავშვზე აუცილებლად აისახება და დამოუკიდებლობას დაკარგავს. სწორედ ეს სჭირს ჩვენს და ჩვენს მომდევნო თაობას - დამოუკიდებლობის ხარისხი გვაქვს ნაკლები. ჩვენ ვიყავით მშობელზე თუ სხვაზე მიჩერებულნი, რადგან ზედმეტად ერეოდნენ ჩვენს ამბავში და ამის გამო უფრო დაუმორჩილებელი ვხდებოდი, უფრო მეტად ვცდილობდი, მომეტყუებინა ისინი.

- რა პროფესიის ხართ, ბატონო გოგი?

- ქუთაისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ჩარხებისა და დანადგარების ლითონმჭრელი ვარ. რამდენიმე წელი ავტოქარხანაში ვმუშაობდი ამ პროფესიით, სანამ ეროვნული მოძრაობა დაიწყებოდა. მერე ჩავები ეროვნულ მოძრაობაში, მერე - პოლიტიკაში და ვარ ასე...

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება