| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მოსწავლეთა მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებაზე ხელოვნების მასწავლებელი თამარ საზანიშვილი ზრუნავს. პედაგოგის ხელმძღვანელობით მოსწავლეები მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებში არიან ჩართულნი.
აღსანიშნავია შთამბეჭდავი პროექტი, რომელმაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.
პროექტის შესახებ თავად ხელოვნების მასწავლებელი თამარ საზანიშვილი გვიყვება და პროექტის ფარგლებში შესრულებულ შთამბეჭდავ ნამუშევრებსბ გვიზირებს.
„როდესაც ხელოვნებაზე ვფიქრობთ, ჩვენს გონებაში ხშირად ტილო, ზეთის საღებავები ან აკვარელი ისახება. თუმცა, დღეს ჩვენ გვინდა დაგიმტკიცოთ, რომ ხელოვნების საზღვრები იქ იწყება, სადაც კლასიკური წესები მთავრდება. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა, ყოველდღიურმა, ზოგჯერ კი სრულიად მოულოდნელმა საგნებმა შეიძინონ ახალი სიცოცხლე, გარდაიქმნან მხატვრულ ენად და გადმოსცენ უაღრესად ღრმა სოციალური თუ ფილოსოფიური სათქმელი.
ეს გამოფენა არის კოლექტიური და ინდივიდუალური ძიებების შედეგი (აქ არის როგორც ჩემი საავტორო ნამუშევრები, ისე ჩემი ნიჭიერი მოსწავლეების პროექტები), სადაც მთავარ ინსტრუმენტად იქცა ექსპერიმენტი.
ჩვენს ნამუშევრებში გამოყენებულია მიმართულებები, რომლებსაც თანამედროვე ხელოვნებაში ასამბლაჟს, კოლაჟს, Trash Art-ს (ნარჩენების ხელოვნებას) და Bio-Art-ს (ნატურალური მასალების ხელოვნებას) უწოდებენ. თუკი ნამუშევრებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ თითოეული ნივთი თავისებური მეტაფორაა.
ნივთებს ჩვენს ყოფაში დაკარგული აქვთ ფუნქცია, ისევე როგორც სიტყვებს მნიშვნელობა და ისინი მხოლოდ გარეგნულად გვანან საკუთარ თავს.
XXI საუკუნე, სამწუხაროდ, ერთგვარი ქაოსის, ღირებულებებისა და ფასეულობების დაკარგვის საუკუნეა, იმ ღირებულებების, რომლებიც კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა. აქ წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი განსხვავებულ ღირებულებასა და ინტერპრეტაციაზე მეტყველებს.
როგორც მარსელ დიუშანმა თქვა, “ნებისმიერი საგანი შეიძლება გახდეს ხელოვნება, თუ მას მხატვარი აირჩევს ახალ აზრს მისცემს”... ჩვენი პროექტიც სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა...თითოეული მასალა რაც აქ გამოვიყენეთ წამალი, ყავის მარცვალი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, გაზეთის ნაგლეჯი, ლობიოს მარცვალი და სხვ. უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთებია, მაგრამ როდესაც ისინი ჩვენს იდეებს დავუკავშირეთ ჩვენ თითოეული მასალა ხელოვნების ნიმუშად გადავაქციეთ. ამასთანავე, მოვახერხეთ მათი ტრადიციულ მასალასთან საღებავსა და ტილოსთან სინთეზი. აბი აღარაა წამალი ის გახდა ტკივილის სიმბოლო, ხოლო გაზეთი აღარაა საინფორმაციო ფურცელი, ის არის ეპოქალური ჭაობის სიმბოლო. ღილების მოზაიკა იმიტომაა ღირებული, რომ ის ადამიანური კავშირების, ყოველდღიურობის და ერთობის ენერგეტიკას ატარებს. შესაძლოა ითქვას რომ არატრადიცულ მასალას თავისი „ბიოგრაფია“ შეაქვს ნამუშევარში.
ასევე აღვნიშნავთ რომ ტრადიციულ ფერწერას დამთვარიელებელი აღიქვამს მხოლოდ თვალით (ანუ დისტანციით), ხოლო არატრადიციული მასალების ანსამბლაჟი კი სამგანზომილებიანია, ადამიანს უჩნდება სურვილი შეეხოს მას, შეისწავლოს ფაქტურა და გაანალიზოს თითოეული მასალის მნიშვნელობა ამა თუ იმ კონტექტსტში რაც “ხელოვნებას” ხდის უფრო ინტელექტუალურს და ახლობელს დამთვარიელებლისთვის... ის აღარაა შორეული და ხელუხლებელი, ის ჩვენი რეალობიდანაა აწყობილი.
დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი ფასი აქვს ნივთების მეორად გამოყენებას, როდესაც ნარჩენ ან მეორად ნივთებს ნაგავსაყრელის ნაცვლად მუზეუმის კედელზე ვათავსებთ ეს არის “ხელოვანის სოციალური პასუხისმგებლობა”, ჩვენ ნივთებს კი არ ვყრით მას სამუდამო ესთეტიკურ სიცოცხლეს ვძენთ.
ეს ნამუშევრების მერე დასკვნის სახით იყოს: არატრადიციული მასალა ამტკიცებს, რომ ხელოვნების შესაქმენალდ არ არის აუცილებელი გვქოდეს ძვირადღირებული, პროფესიონალური სღებავი ან მასალა, შემოქმედება ყველგანაა სამზარეულოში, ძველ ნივთებსა თუ ნარჩენებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარად ათავისუფლებს ადამიანს კომპლექსისგან, თუ ხატვა არ ვიცი ხელოვანი ვერ ვიქნები.
„დროის კაფსულა“

1. ჩვენი ერთ-ერთი კოლექტიური ნამუშევარი, რომელიც ერთობლივად შევქმენით შესაძლოა ამ პროექტის დაგვირგვინებად მივიჩნიოთ, ცენტრში მოთავსებული დიდი საათი მთელს ამ ქაოსს ერთ კონკრეტულ იდეას „დროს“ უქვემდებარებს. საათის გარშემო ტრიალებს ბავშვობა (სათამაშოები), საიდუმლოებები (გასაღები), რისკი თუ იღბალი (კარტები). სილამაზე (გვირგვინი, სარკე), მეხსიერება ( ფოტოფირის ნაგლეჯები), საფრთხეც კი (ხელყუმბარა)... ფონი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ეს კოსმიურ სივრცეში, დროის მდინარებაში ცურავენ. შესაძლოა, თამამად ითქვას, რომ ამ არატრადიციული მასალების ბავშვების მიერ სპონტანურმა განლაგებამ და მისთვის ფერების მინიჭებამ დროის ფერადი მორევის ეფექტი შექმნა. ჩვენ შევქმენით კონცეპტუალური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში, რომლის გააზრებაც თითოეულ მნახველზეა დამოკიდებული.
2.

ეს ნამუშევარი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის - „იგის“ მიხედვით შექმნა მოსწავლემ. ოქროსფერ ფონზე რომელიც მოთხრობის მთავარ სიმბოლოს - მზესა და შემეცნებას განასახიერებს, ლითონის უხეში მავთულებით გამოყვანილი პირველყოფილი ადამიანების სილუეტებია წარმოდგენილი. მავთულის სიხისთე და მისი გრაფიკა ზუსტად გადმოსცემს წელში ოდნავ გამართული ადამიანის დაბადების ანატომიას. ეს ნამუშევარი არის ვიზუალური დიალოგი ადამიანის ევოლუციაზე, ინსტიქტებზე, ტომის ერთფეროვნებასა და იმ უხილავ ბორკილებზე რომლებსაც მხოლოდ შინაგანი სინათლე და თავისუფლებისკენ სწრაფვა ამსხვრევს.
3.

ნახატზე ანატომიური გულის ფორმა შექმნილია წითელი ნაჭრისგან, ხოლოს სისხლძარღვები, წინაგულები და პარკუჭები აწყობილია რეალური აბებით, კაფსულებითა და დაგრეხილი ლურჯი ძაფებით. ეს ყველაფერი კი ღრმა, კოსმიურს ფონზეა განთავსებული.
გული ყოველთვის ასოცირდება გრძნობებთან, სიყვარულთან, ტკივილთან და სულთან. მისი შევსება წამლებითა და კაფსულებით არის უმძლავრესი მეტაფორა თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელიც ცდილობს საკუთარი ემოციები, დეპრესია, შფოთვა თუ ტკივილი მედიკამენტებითა და ანტიდეპრესანტებით ჩაახშოს ან მართოს.
ნამუშევარი აჩვენებს, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო და გულისცემა თითქოს ქიმიურ ნაერთებზე „აბებზეა“ დამოკიდებული. გული ფეთქავს არა ბუნებრივი ემოციით, არამედ წამლების ძალით.
რაც შეეხება ფერის სიმბოლიკას, წითელი რბილი ქსოვილი ორგანულ სითბოს, სიხლსა და ნამდვილ სიცოცხლეს განასახიერებს, ხოლო მასზე დაწებებული ხელოვნური, მყარი ფერადი კაფსულები ქმნის მწვავე კონტრასტს-ცოცხალის და ქიმიურის დაპირისპირებას.
4. „ბუნების სული”

ვიზუალურად ეს არის მწვანე ფერის ანდროგენული ან ფანტასტიკური არსება (შესაძლოა ბუნების სული ან ღვთაება), რომელსაც თვალები დახუჭული აქვს. პერსონაჟის კანი, თმა და ტანსაცმელი მთლიანად მწვანე ტონებშია გადაწყვეტილი. მისი თმა ფოთლებს ან ცეცხლისებრ მცენარეულ ალებს მოგვაგონებს, რომლებიც ქარში ირხევიან. ეს არის ადამიანისა და ფლორის სრული ჰარმონიის, მეტაფორიზმის სიმბოლო. გულმკერდთან ამოსული ვაზი და ყურძნის მტევნები მიანიშნებს, რომ ეს არსება თავად არის სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და დედაბუნების განსახიერება. ის საკუტარი სხეულით ასაზრდოებს და შობს სიცოცხლეს.
ხეულზე გამოყვანილი ყურძნის მტევნები დამზადებულია კაუჩუკის მასალისგან, რაც მათ რელიეფურობასა და რეალისტურობას სძენს. ასევე პერსონაჟის მხარსა და თმაზე გამოყენებული ცელოფანი ასევე არატრადიციული თემის სინთეზისათვის, რომელიც მცენარეული საფარის ილუზიას ქმნის.
ყურძენი და ვაზი ისტორიაში ყოველთვის ასოცირდება დიონისესთან, ნაყოფიერებასთან, შემოქმედებით ექსტაზთან და სიცოცხლის დღესასწაულთან. ქართულ იდენტობაში კი ვაზი უპირველესად წმინდა სიმბოლოა - სიცოცხლის ხის, სამშობლოს, რწმენისა და ფესვების გამომხატველი. არსების მშვიდი, ჩაფიქრებული, თითქმის მედიტაციური და ამასთანავე თითქოს ტკივილით სავსე სახე ნამუშევარს სულიერ, საკრალურ ელფერს სძენს.
5.

ეს ნამუშევარი წარმოადგენს მწვავე სოციალურ კონცეფციას თანამედროვე ეპოქასა და „ციფრულ თაობაზე”, ტილოზე გამოსახულია დედის მუცლის სილუეტი, სადაც ტრადიციული ემბრიონის ნაცვლად სმარტფონის ქეისია მოთავსებული.
ეს საავტორო მიგნება არის მძლავრი ალეგორია იმაზე, რომ თანამედროვე ადამიანი ჯერ კიდევ დაბადებამდე არის ინტეგრირებული ტექნოლოგიურ მატრიცაში. ტელეფონი იქცა ჩვენი ყოფიერების ახალ „ემბრიონად” და სიცოცხლის საწყისად. მასალების კონტრასტი-კლასიკური ფერწერა და მატერიალური ყოველდღიური ნივთი ( ქეისი )-აიძულებს მნახველს დაფიქრდეს ტექნოლოგიების გავლენაზე ადამიანის ბუნებრივ იდენტობასა და ევოლუციაზე. საინტერესოა რომ მუცელში მოთავსებულია არა ტელეფონი არამედ ცარიელი ქეისი, რაც სიმბოლურად შესაძლოა სწორედ სიცარიელეს ან „გარსს”გამოსახავდეს რომელსაც ციფრული სამყარო გვახვევს თავს. ჩვენ ვიბადებით გარკვეული სოციალური/ციფრული ჩარჩოებით. ეს ალეგორიულად ასახავს იმასაც თუ როგორ იზრდებიან თანამედროვე ბავშვები ეკრანებთან უფრო ახლოს ვიდრე, რეალურ სამყაროსთან.
რაც შეეხება ფერიზა და ფონის დრამატიზმს, ვარდისფერი და წითელი ტონები ქმნის სხეულის შიდა გარემოს, საშვილოსნოს და ცოცხალი ორგანიზმის ასოციაციას. ხოლო გარშემო არსებული რუხი ფონი, ნეკნების ან ჩონჩხის სტრყქტურას ჰგავს, ეს ნამუშევარს ერთგვარ გოთურ დრამატიზმს სძენს.
მოსწავლემ ძალიან კარგად მოახერხა ეს რთული პრობლემა მარტივად მაგრამ დასამახსოვრებელი გზით გადმოეცა.
6. „მონეტების ხე“

ხის ტანი და ტოტები დამზადებულია ყვითლად შეღებილი სქელი ძაფებისგან. ეს ხაზები ხის ქერქის ბყნებრივ რელიეფს, ორგანულობას და დინამიკას შესანიშნავად გადმოსცემს. ხვეულები მას დეკორატიულობას სძენს.ფოთლების ნაცვლად ნამდვილი მონეტების გამოყენება ქმნის საოცარი მეტალის ბზინვარებას. მუქ შავ ფონზე ყვიტელი თოკებისა და ვერცხლისფერი მონეტების კონტრასტი ნამუშევარს ძალიან თვალსაჩინო სა და ეფექტურს ხდის.
ფილოსოფიურად შეიძლება გავიგოთ , როგორც მატერიალურისა და სულიერის დაპირისპირება: ხე ბუნებაში სიოცოცხლის, ზრდის და სულიერების სიმბოლოა. მასზე ასხმული მონეტები კი მატერიალურ სამყაროს, ფასეულობებსა და კაცობრიობის მიერ შექმნილ ეკონომიკურ სისტემას განასახიერებს. ეს არის ერთგვარი ალეგორია, იმაზე თუ როგორ გადაეჯაჭვა ბუნებრივი სიცოცხლე მატერიალურ მოთხოვნილებებს.
ნამუშევარმა შესაძლოა გააჩინოს კითხვა: “რას ვთესავთ და რას ვიმკით?”- რა უფრო ფასეულია, თავად სიცოცხლის ხე (ბუნება) თუ ის ნაყოფი (ფული), რომელსაც ადამიანები მისგან ვითხოვთ?... მონეტებზე დატანილი წლები და სახელმწიფო სიმბოლოები კოლაჟს ისტორიულ კონტექსტაც სძენს-თითქოს ეს ხე დროის, ეპოქისა და ტაობების მეხსიერებას ინახავს.
7.

სოკრატეს გრაფიკული პორტრეტი შესრულებულია ცალკე ქაღალდზე, გამოჭრილია და დაწებებულია მუქ წითელ, სისხლისფერ ფონზე. მისი მზერა მიმართულია გვერდით, თითქოს ის აკვირდება სამყაროს საზოგადოებას და ფიქრობს მარადიულ კითხვებზე. მარცხენა მხარეს არის მძიმე დრამატული მონოქრომული ფონი, ხოლო მარჯვნივდატვირთულია მისტიური და სიმბოლური ნიშნებით.
ქვედა მარჯვენა კუთხეში ვხედავთ ტასს სოკრატეს სახელით, ეს ის თასია, საიდანაც ფილოსოფოსმა შხამი დალია, რადგან ათენის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მთელს თეთრს სივცეში მიმოფანტულია სილიკონისგან რელიეფურად გაკეტებული და წითლად შეღებილი სისხლის წვეთები, რომლებიც განასახიერებს მის მსხვერლპშეწირვას საკუთარი იდეებისა და ჭეშმარიტების გამო.
რაც შეეხება ფილოსოფოსის ხელს, ის ანტიკურ დროში და მოგვიანებით რენესანსის ეპოქაშიც სულიერი ტრანსოფრმაციის და უმაღლესი სიბრძნის საგზაო რუკას აქ წარმოადგენდა. გასაღები სიბრძნის კარის გამღებად გვევლინება, სოკრატე ხომ ამბობდა „მე ვიცი რომ არაფერი ვიცი...“ თითოეული ამ ხელზე (გასაღები, თევზი, მზე, ვარსკვლავი, სანათი, გვირგვინი) სწორედ ფილოსოფიური შემეცნების სიმბოლოა.
8.

კომპოზიციის ცენტრში გოგონაა დახუჭული თვალებით, რომელიც სახეზე გოგრის თესლებისგან გაკეთებულ ოქროსფრად შეღებილ ნიღაბს იფარებს (ან იხსნის ) დახუჭული თვალები მიანიშნებს იმაზე, რომ ის საკუთარ თავშია ჩაღმავებული და ფიქრობს ან ცდილობს გარესამყაროსგან დაიმალოს.
მის გარემოში სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნიღბებია მიმოფანტული (მწვანე, იისსფერი, წითელი, ჭრელი). ეს არის მეტაფორა იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს უამრავი განსხვავებული როლის მორგება უწევს საზოგადოებასთან ურთიერთობისას. თუმცა ნამდვილი მე მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი მარტო რჩება საკუთარ ფიქრებთან.
კაშკაშა ყვითელ ფონზე მკაფიოდაა გამოკვეთილი შემოქმედებითი ატრიბუტები, მუსიკალური ნოტები, ვიოლინოს გასაღები, მხატვრის პალიტრა, ფანქრები, ფუნჯები და ა.შ შესაძლოა ითქვას რომ ეს არის ერთადერთი წმინდა სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია მოიხსნას ყველა ნიღაბი და თავისი შინაგანი ემოციები სილამაზედ გარდასახოს.
გარდა ცენტრალური ნიღბისა რომელიც გოგრის თესლებისგანაა გაკეთებული, ქვედა მარჯვენა კუთხეში არის ნიღაბი, რომელიც გირჩისგანაა შექმნილი და შემდგომ შეღებილი, რაც ასევე რელიეფურობას სძენს ნამუშევარს. გირჩის ქერცლებს, ერთგვარად უხეში, მყარი, თითქოს „ჯავშნისებრი” ან არქაული ფაქტურა აქვს. ეს მიუთითებს ბუნების უფრო ძლიერ, თავდაცვით მხარეზე. ეს კონტრასტშია გოგრის თესლის სინაზესა და ორგანულობასთან.

კომპოზიციის ცენტრში ზურგით ზის ლურჯთმიანი ფიგურა, რომელსაც, ქაღალდისგან გამოჭრილი, სისხლიანი თეთრი ფრთები აქვს, ფონად კი ურბანული გარემო და თეთრი ღრუბლებით დაფარული ვარდისფერი ცაა. ნამუშევარი ადამიანის სულისა და ემოციური სამყაროს დაუცველობაზე გვიყვება. რაზეც სიმბოლური დეტალების გარდა თავად ფერებიც მეტყველებენ.
ავტორი საოცრად იყენებს სხვადასხვა მასალას: ბამბისგან შექმნილი ჰაეროვანი ღრუბლები და ქაღალდისგან გამოჭრილი ფენოვანი ფრთები თავისი წითელი ლაქებით არის ალეგორია იმ ტკივილსა და იმედგაცრუებაზე, რომელსაც ადამიანი რელობასთან შეჯახებისას განიცდის. უსულო შენობებისა და მარტოხელა ლამპიონის ფონზე ფონზე ეს არსება ხდება იზოლაციისა და ამასთანავე შინაგანი სიწმინდის შენარჩუნების სიმბოლო.
როგორც თავად ავტორი ამბობს: „ეს ნამუშევარი ჩემ თვალში, გამოხატავს ადამიანის შინაგან განცდებს, სადაც იმედი და ტკივილი ერთმანეთშია გადახლართული. ფრთები თავისუფლებისა და სულიერი ძალის სიმბოლოდ აღიქმება, მაგრამ წითელი დეტალები, მასში არსებულ ტკივილსა და ბრძოლაზე მიგვანიშნებს. ფონს რაც შეეხება, ვარდისფერი ცა და თეთრი ღრუბლები თითქოს იმედის და სიმშვიდის განცდას გვიქმნის“,- გვიყვება ყვარლის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თამარ საზანიშვილი.
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
დარეგულირდება, სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
შთამბეჭდავი პროექტი, რომელმაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს