სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი სურვილი გვაქვს მოსწავლეებმა მერხებთან დაბრუნება შეძლონ“- სკოლის დირექტორები სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებს გვიზიარებენ
30-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სკოლის დირექტორები და პედაგოგი გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე:

„მას შემდეგ, რაც „კოვიდ 19“-ის თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული წესებით ცხოვრება და მუშაობა გვიწევს, პედაგოგები გამუდმებით ვფიქრობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვის მეთოდებზე, საგანმანათლებლო რესურსებზე და მათი მიზნობრივად გამოყენების ისეთ საშუალებებზე, რომლებიც სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, იქნება ეს საკლასო ოთახში თუ დისტანციურად. ამ კუთხით მუშაობა ყოველთვის იყო პრიორიტეტული. ახლა მით უმეტეს მზად უნდა ვიყოთ, როგორც ჩვეულებრივი ისე განსხვავებული წესებით მუშაობისთვის მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მასწავლებელს აკისრია მოსწავლის წინაშე ახლა ერთი ორად გაიზარდა. 

სასექტემბროდ ვისურვებდი პირველ რიგში კორონავირუსის გაქრობას მსოფლიოში, ადამიანების ჯანმრთელობას, ჩვენი სკოლების ახმაურებას მოსწავლეთა ჟრიამულით, ერთმანეთის ნახვით გამოწვეულ სიხარულს (დისტანციური სასწავლო პროცესის დამთავრებისას ერთმა მე–7 კლასელმა მოსწავლემ გამოხატა, რომ ენატრებოდა სკოლა, მეგობრები და მასწავლებლები. მან აღნიშნა,რომ ახლა უფრო მიხვდა: „თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი“), განსაკუთრებული წარმატებების დასაწყისს სწავლასა და სწავლებაში. 

მოლოდინი აღსავსეა იმ იმედით, რომ სექტემბრიდან სასწავლო პროცესი წარიმართება საკლასო ოთახებში. ეს ასე იქნება თუ არა სასექტემბრო განწყობა მაინც იქნება სასიამოვნოდ განსხვავებული და განსაკუთრებული – შესაბამისი ვითარებიდან და ჩვენი ძალისხმევიდან გამომდინარე. 

ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს და მთლიანად განათლების სისტემას სექტემბრიდან ვუსურვებ სასიამოვნო სიახლეებით დატვირთულ და წარმატებულ ახალ სასწავლო წელს“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კახაძე:

„ჩემი დიდი სურვილია კორონავირუსის პანდემია დასრულდეს, მოსწავლეებმა მერხებთან დაბრუნება შეძლონ და სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ“. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ღუნაშვილი:

„ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში შეხვედრა ჩვენი დიდი სურვილია, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს ყველას გვენატრება სკოლის კედლები და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა. დიდი იმედი გვაქვს რომ 15 სექტემბერს საგაკვეთილო პროცესი სკოლაში განახლდება და ახმაურდება სკოლის ეზო“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ბრეგვაძე:

„მარტი ძალიან უჩვეულო და დამაბნეველი იყო ჩვენთვის, მაგრამ 25 რიცხვიდან უკვე ავეწყეთ ონლაინ სწავლებას, ჯერ „მესენჯერით“ დავიწყეთ, შემდეგ ნელ-ნელა „თიმსზე“ გადავედით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში სამინისტრო და ადგილობრივი მთავრობა დაგვეხმარა, სირთულეები გვქონდა ადგილმდებარეობის გამო ტექნიკაზე და ინტერნეტზე წვდომის მხრივ, მაგრამ მშვენივრად ავეწყეთ და ვუპასუხეთ გამოწვევებს, ტელესკოლაც ძალიან დაგვეხმარა, ვფიქრობ, რომ ახალ გამოწვევებს წარმატებით გავართვით თავი და დიდი გამოცდილებაც მივიღეთ. 
ახლა რაც შეეხება მომავალს, მაქსიმალურად ვცდილობთ ვმობილიზდეთ, ჩემი სურვილი იყო და ამიხდება უმოკლეს ვადებში, რომ სკოლაში სველი წერტილები მაქსიმალურად ჯდებოდეს მოთხოვნებში, უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს, დიდი იმედი მაქვს, რომ სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში გაგრძელდება, შესაძლებლობაც მექნება მოსწავლეებს შორის დისტანციაც დავიცვათ სკოლის კონტიგენტიდან გამომდინარე, მაგრამ თუ რეკომენდაცია იქნება შერეულ მოდელზე, ამისთვისაც მზად ვიქნებით“.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია:

„მოლოდინი და სურვილი მაქვს, რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს, სკოლის კედლებში, უშუალოდ მოსწავლეებთან ურთიერთობით, ვიხილო ბავშვების ჟრიამული სკოლაში, უკვე მოსაბეზრებელი გახდა ეს სიტუაცია და აღარ მინდა განმეორდეს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციები, როგორც მე ასევე ყველა პედაგოგს სურვილი აქვს, რომ ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს სასწავლო პროცესი სექტემბრის თვეში, ამის დიდი მოლოდინი მაქვს და სურვილი, რომ ჩემი სკოლა ისევ დავინახო ბავშვებით სავსე“.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე:

„ჩემი სურვილი და იმედი არის ის რომ აღარ იყოს პანდემია და მოსწავლე მიუჯდეს მერხს. მოლოდინი მაქვს რომ მშვიდობა იქნება, სამართლიანობა გაიმარჯვებს და ცხოვრების კვლავინდებურ ​რიტმს დავუბრუნდებით“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მანუშაკ ავაქიანი:

„დიდი სურვილი მაქვს სწავლა სკოლის კედლებში დაიწყოს, რადგან ონლაინ სწავლების პროცესს მაინც ვერ შევადარებ სკოლაში ცოცხალ გაკვეთილს, მართალია, ის ვინც სწავლობს მაინც ისწავლის ყველა ხერხით, მაგრამ მაინც ცოცხალი გაკვეთილები ბევრად შედეგიანია“. 

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება