სიახლეები
ეტალონი

ჩვენ ვქმნით მომავლის ისტორიას! - ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019 წლის ფინალური კონკურსი ჩატარდა
16-12-2019
-
+


14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიდი ჟრიამული იყო - მოსწავლეები, მასწავლებლები და თავად პროექტის სულისჩამდგმელები მოუთმენლად ელოდნენ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019 წლის ტრადიციული ფინალური კონკურსის დაწყებას. ღონისძიების დევიზი იყო „ჩვენ ვქმნით მომავლის ისტორიას!!! 

სტუმრებს შორის იყვნენ  საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ და  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი დელეგაციები; საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები... მარტივად რომ ვთქვათ, „ეტალონის“ მტკიცე ოჯახის წევრები და izrune.ge-ს თანამოაზრეები.

Izrune.ge ტყუილად არ გვიხსენებია - ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის izrune.ge-ს თბილისის სკოლების სუპერკლასები  და izrune.ge-ს სპეციალურ პროექტში „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ კითხვების მომზადებაში ჩართული სკოლების დირექტორები და პედაგოგები.

ყველაფერი ძალიან ემოციურად დაიწყო და ასევე ემოციურად გაგრძელდა; არც „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის - izrune.ge-ს თბილისის სკოლების სუპერკლასების დაჯილდოებას ჩაუვლია ოვაციების გარეშე. ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც სუპერკლასების დამრიგებლები, მოსწავლეებთან ერთად, სცენაზე მიიწვია და მათ სერტიფიკატები გადასცა. მანამდე კი დარბაზში „ჩურჩულები“ შემომესმა: „ახლა ჩვენი ჯერია? - ცქმუტავდა პატარა ბიჭუნა, რომელსაც გვერდით მდგომმა თანატოლმა შეუბღვირა და მკაცრი ტონით უთხრა, - ჩუმად იყავი და ბატონ გოჩას უსმინე, ხელს ნუ მიშლი! - ბიჭი გაჩუმდა, თუმცა ნერვიულობას მაინც ვერაფერი მოუხერხა და თავისთვის განაგრძო ბუტბუტი - „რომ გამომაცხადოს და ვერ გავიგო“?.. „მთავარია, ნერვიულობა არ შემეტყოს“... „ბატონმა გოჩამ რამე რომ მკითხოს და ვერ ვუპასუხო“?.. ხელებს იფშვნეტდა და აქეთ-იქით იყურებოდა, როდესაც გოჩა ტყეშელაშვილმა სუპერკლასების დამრიგებლები, მოსწავლეებთან ერთად, სცენაზე მიიწვია და  სერთიფიკატები გადასცა.

არანაკლებ ემოციური და დაძაბული გამოდგა ინტელექტ-ჩემპიონატის 2019 წლის შუალედური კონკურსი, რომლის დაწყებამდეც მონაწილეები ერთმანეთთან კომუნიკაციით ცდილობდნენ მღელვარების დაფარვას, გულის სიღრმეში კი ყოველ მათგანს ინტელექტუალური ბრძოლის ჟინიც ჰქონდა და გამარჯვების მოლოდინიც.

განწყობა ყველაზე უკეთ კონკურსის მიმდინარეობისას გამოჩნდა, როდესაც თითოეულმა მონაწილემ იოლად არც პოზიციები დათმო და ერთმანეთსაც ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს... თუმცა კონკურსი კონკურსია და შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს  გადაეცა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

„ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა კოტორაშვილმა მოიპოვა, რომელმაც „მთელი ძალით იბრძოლა გამარჯვებისთვის“, - ასე მოამზადა ბიჭი დამრიგებელმა, მარინე ჯინჭარაძემ კონკურსისთვის და შედეგმაც არ დაახანა; თავად ლუკამ კი გვითხრა - ველოდი, ჩემს სახელსა და გვარს რომ გამოაცხადებდნენ, დღევანდელი დღისთვის ყველას ძალიან მადლობას ვუხდიო. სამაგიეროდ, ცრემლებს ვერ იკავებდა ლუკას დედა, ნანა კაპანაძე, რომელმაც etaloni.ge-ს განუცხადა: „სიხარულისგან არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის წამომწყებს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს; ასევე მადლობა სკოლის მასწავლებლებს, დირექტორს. ჩემი შვილი ემზადებოდა და მისი წარმატება მინდოდა, მაგრამ პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდი“.

მეორე ადგილი ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლოლიტა კინწურაშვილმა მოიპოვა. ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მადლობა გადაუხადა, რომ „ოტია იოსელიანის სახელს არ არცხვენს“ და etaloni.ge-სთან აღნიშნა: „ასეთი ბრენდი-პროექტი ჯერ არ ყოფილა და პირადად ჩავუდგები სათავეში წყალტუბოს საგანმანათლებლო სკოლებს, რათა ამ პროექტმა რაც შეიძლება ბევრი ბავშვის გონებაზე გაიაროს“. თავად მეორეადგილოსანმა „წყალტუბოს ეტალონმა მოსწავლემ“ ლოლიტა კინწურაშვილმა კი ყველას წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა  ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, „ასეთი უნიკალური პროექტის შექმნისთვის“. 

საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მესამე ადგილზე გავიდა ხონის მუნიციპალიტეტის, გუბის საჯარო სკოლის მოსწავლე ზინიკო მოსეშვილი. გუბის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა გეგუჩაძემ მის მშობლებს მადლობა გადაუხადა „ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის“; ზინიკო მოსეშვილის მშობელმა და კლასის დამრიგებელმა, დალი კინწურაშვილმა კი etaloni.ge-სთან  დასძინა: „ზინიკო პატარა იყო, როდესაც ბატონ გოჩას დაჰპირდა, რომ გავიზრდები მეც აუცილებლად მოვალ თქვენთანო. მან პირობა შეასრულა... სკოლის ყველა მასწავლებელს მადლობას ვუხდი ჩემი შვილის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის“.

არანაკლებ ემოციური იყო  Izrune.ge-ს პროექტში „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“, კითხვების შედგენაში ჩართული ქუთაისის სკოლების დირექტორებისა და პედაგოგების დაჯილდოება. „დღეს ქუთაისის იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის კითხვებს ქმნიან, სპეციალურ დიპლომებს გადავცემთ. იმედი მაქვს, გავა წლები და ჩვენ მარტო მადლობის სიგელით არ შემოვიფარგლებით, იმიტომ, რომ ყველა ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. ეს პროექტი არის ზუსტად იმ სლოგანის, ლოზუნგის - „განათლება და ღირსება, ბედნიერება ყველას სჭირდება!“ მიმდევარი. Izrune.ge-ს წლის საუკეთესო პედაგოგს აუცილებლად ექნება ჩვენგან განსაკუთრებული საჩუქარი – ოროთახიანი ბინა, რომელიც უკვე აშენებულია და რემონტდება. მე კატეგორიულად მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად დასაფასებელნი სწორედ პედაგოგები არიან“, - მიმართა დაჯილდოების დაწყებამდე სტუმრებს გოჩა ტყეშელაშვილმა. პედაგოგები კი უზომოდ ბედნიერები  იყვნენ, რომ პროექტში ჩართვის საშუალება მიეცათ და რაც მთავარია, მათი შრომა დაუფასებელი არ დარჩენილა.

უსაჩუქროდ კონკურსის არც ერთი მონაწილე არ დარჩენილა - ყველა მათგანს გამომცემლობა პალიტრა-ელისგან ძალიან საინტერესო წიგნები, ხოლო „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფისგან ტკბილეული გადაეცა საჩუქრად. ღონისძიება ფოიერვერკითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. ყველა მონაწილე და მოწვეული სტუმარი ბედნიერი იყო, რადგან ზუსტად ჰქონდა გააზრებული პროექტის სლოგანი - განათლება და ღირსება - ბედნიერება ყველას სჭირდება!!!

ღონისძიების დასასრულს, etaloni.ge პროექტების სულისჩამდგმელს, გოჩა ტყეშელაშვილს ესაუბრა:

- ჩვენი ყველა პროექტი ეყრდნობა ორ რამეს - თანამოაზრეობასა და სტატისტიკას. მე, როგორც მათემატიკოსი, ვეყრდნობი სტატისტიკას და ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ეს პროექტი აქტუალობას არ კარგავს, ყველა ცდილობს აქ მოხვედრას და ამას ადასტურებს  ბოლო ფაქტი - კონკურსის მონაწილე წალენჯიხიდან - წალენჯიხის მთელმა მოსახლეობამ იბრძოლა, რათა კონკურსი დეკემბერში ჩატარებულიყო და მათი კონკურსანტი შუალედურ ფინალში მოხვედრილიყო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს - კითხვები იყო განსხვავებული, მათ შორის, შემოვიტანეთ მოქალაქეობრივი აზროვნების განმავითარებელი კითხვები; ზოგი კითხვა მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ, ზოგი - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ და სხვათა შორის, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ კითხვები ბათუმის მერიამ მოამზადა.

- წარმატების საიდუმლოც გექნებათ, ბატონო გოჩა...

- საიდუმლო ერთია - სითამამე და არა თავხედობა; სითამამე კი  განათლებასა და გენეტიკას ეყრდნობა... მეორეა - სხვისი წარმატებით გულიანად გახარების უნარი და მესამე - წარმატების მიღწევის რწმენა, რაც, ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძე ამბობდა, რომ გვაკლია ქართველებს. ჩვენი პროექტი კი მიდის მიზანმიმართულად. გაზაფხულზე შემოგვაქვს ეფექტური განათლების მიღების ინდიკატორი, რომელიც გამოითვლება ინდივიდუალურად - ქულების, გამოყენებული დროის მიხედვით და შეწონილია პასუხების ვარიაციაზე. ჩვენ ინსტრუმენტიც ვიპოვეთ - მოხდება ნებისმიერი მოსწავლის შეფასება და ამ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრებს პირადად მივაწვდი. დაახლოებით 2020 წლის მაისისთვის გვეყოლება - „თქვენი ბავშვის განათლების პირადი მენეჯერი“. გარდა ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებისა, მშობელს საშუალება ექნება, დააკვირდეს და მიიღოს ანალიზი, საით აქვს ბავშვს მიდრეკილება. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა დასრულდეს დიპლომიანი არაპროფესიონალების დრო.

- ქართული მენტალობიდან გამომდინარე, მივა მშობელი იქამდე, რომ პატივი სცეს  შვილის არჩევანს და არა საკუთარ წადილს?

- მენტალობას დრეკს ფაქტები. ჩვენი პროექტის წარმატებასაც ფაქტები და სტატისტიკა ადასტურებს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება