სიახლეები
ინტერვიუ

მიხეილ ცაგარელი: „აუცილებელია, პედაგოგმა ისწავლოს ზოგადი ზოდიაქალური ასტროლოგია, რათა 12 ფსიქოტიპის ბავშვთან შესაბამისად იმოქმედოს“
03-08-2019
-
+


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ბავშვობაში თავისზე უფროსი ასაკის ბიჭებს სცემდა და ამ დროს ისეთი ულმობელი ხდებოდა, მზად იყო, ისინი დაეხრჩო. ამბობს, რომ ამ დაუნდობლობის განცდას უსამართლობა უჩენდა.  თავდაჭერა  იოგით ისწავლა. ახლა იცის, რომ აღარ უნდა იჩხუბოს, რადგან ამით კარმულ კანონებს დაარღვევს... 6 წლამდე სოხუმში იზრდებოდა. საკუთარი თავი 3-4 წლის ასაკიდან ახსოვს. ახსოვს ისიც, სულ პატარამ როგორ დახერხა კარადა, რათა იქიდან ბებიას მიერ დამალული შოკოლადები გამოეღო და შეეჭამა...

- ბატონო მიხეილ, საიდან იწყება თქვენი მახსოვრობა და როგორია ბავშვობისეული განცდები?

- ჩემი თავი დაახლოებით 3-4 წლიდან მახსოვს. საბავშვო ბაღიც მახსოვს და სკოლაში მისვლაც. ეპიზოდებად მაქვს ჩარჩენილი რაღაც მომენტები. მაგალითად, მახსოვს, ჯავაში ვისვენებდით და იქ მეზობელს ჰყავდა შავი დობერმანის ჯიშის ძაღლი. მე გავეკიდე იხვებს. ის დობერმანი კი ჩემკენ გამოქანდა - რატომ მისდევ ჩემს იხვებსო და დამეტაკა. მახსოვს, როგორი შიში ვჭამე. მას მერე, დობერმანებთან ვერ ვურთიერთობ. კარგად დავიმახსოვრე, როგორი იყო...

სოხუმში დავიბადე და სკოლის ასაკამდე იქ ვცხოვრობდი. მანებივრებდა ბებია... ბებია და ბაბუა სოხუმში კიდევ კარგა ხანს ცხოვრობდნენ და სკოლის დამთავრებამდე დავდიოდი მათთან ზამთარ-ზაფხულ არდადეგებზე. მახსოვს დიდი „ფეჩი“, რომელიც სულ გუგუნებდა. შეშის დაჩეხვაც მახსოვს იქ... 6 წლის ასაკში კი ისეთი რამე გავაკეთე, ახლაც რომ მახსენდება, ვერ ვიჯერებ, რომ ეს მე  ვიყავი.

- მოგვიყვებით?

- ჩემი ზოდიაქოს ნიშანი კუროა, რომელსაც ძალიან უყვარს კარგი კვება. განსაკუთრებით მიყვარდა შოკოლადი, მურაბები და სხვა ტკბილეული. ბებიაჩემს საწოლის ქვეშ ედგა დიდი ქვაბი, სადაც ეწყო კაკლის  მურაბები. სულ ამოვჭამე. ერთხელ სტუმრები მოვიდნენ და რომ ნახა აღარ იყო, გადაირია. ბებიას ასევე ჰქონდა ხოლმე რუსული, კარგი შოკოლადები. რომ ხედავდა, რამდენს ვჭამდი, კარადაში ჩაკეტა და გასაღები წაიღო. ამ დროს კი მომაწვა შოკოლადის სიგიჟე.  უკანა მხარეს შემჩნეული მქონდა, რომ პატარა და ვიწრო ფანერა ჰქონდა მიკრული. ბაბუა იქ რაღაცებს აჭედებდა და დავინახე ერთხელ. მივხვდი, იმ ფანერის გამოჭრა შესაძლებელი იყო. იმდენად გადავირიე, ამოვიტანე ბაბუაჩემის ხერხი, გამოვწიე კარადა და ამოვჭერი ის ფანერა, გამოვჭამე შოკოლადები და მივდგი კარადა ისევ. საღამოს კარგად მომხვდა.

- სხვა დროსაც ჩაგიდენიათ მსგავსი ონავრობა?

- ასეთი აღარაფერი ჩამიდენია, მაგრამ ძალიან მსუნაგი კი ვიყავი, ტკბილეულის მუსუსი. ბიჭები „სგუშონკებს“ ჩავაგდებდით ხოლმე ცეცხლში და ყავისფერი რომ გახდებოდა, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ მეტს დალევდა. მე შემეძლო 2-3 ქილა გამეთავებინა.

- სკოლა როგორ გახსოვთ?

- სკოლამდე ერთი წელი საბავშვო ბაღში ვიარე, სადაც ერთი გოგონა მომწონდა. რუსულ ჯგუფში შემიყვანეს და მშობლები ფიქრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ეს ენა მესწავლა. ერთ დღეს ეზოში ვთამაშობდით, სადაც ქართული ჯგუფიც იყო. იმ ჯგუფში ორი ძმა იყო, რომლებიც ყველას სცემდნენ და ლეგენდები დადიოდა მათზე. ვხედავ, იმ გოგონას, რომელიც მე მომწონს, თმებს ქაჩავენ, უდიერად ექცევიან... კურო დიდხანს ითმენს, მაგრამ თუ გამოვიდა წონასწორობიდან, მერე კონტროლს კარგავს. ვითმინე, ვითმინე და რაც იქ მოხდა, ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.  ქვიშაში ჩავფალი ორივე! ძალიან მაგარი ვიყავი, ბებიაჩემიც კარგად მაჭმევდა და დაკუნთული ბიჭი ვიყავი. დაიბარეს მშობლები... იმ ბავშვების მშობლებმა იჩივლეს და იყო ერთი ამბავი, მაგრამ, სამაგიეროდ, ამის მერე ისეთი სახელი გამივარდა... რაც მთავარია, იმ გოგონას მადლიერებით სავსე მზერა ახლაც მახსოვს. მას მერე ის გოგონა აღარც მინახავს, მაგრამ ეს ამბავი კი კარგად აღიბეჭდა ჩემს გონებაში. კურო მშვიდია, მაგრამ არ უნდა გამოიწვიო... მიკვირდა ხოლმე ჩემი თავის, რა მჭირს, რატომ მეკეტება-მეთქი. მივხვდი, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლებოდა  ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო.  სკოლა რომ დავამთავრე, იოგაზე დავიწყე სიარული. იოგამ დამამშვიდა. მერე მივხვდი, რას ნიშნავდა თავდაჭერა.

- ჩხუბი ახლაც შეგიძლიათ?

- როგორ არ შემიძლია, მაგრამ ახლა უკვე ვიცი კარმული კანონები. გააგზავნი სამყაროში აგრესიას? - უკან ახალი ფორმის აგრესია დაგიბრუნდება და სულ ჩხუბში იქნები. მე კი ეს არ მინდა, მშვიდობიანი ნიშანი ვარ. ვცდილობ, ყველა საკითხი მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვაგვარო.

- სკოლაში მისვლა თუ გახსოვთ?

- სკოლაში მისვლა იცით რითი დამამახსოვრდა? იოსებ ნონეშვილი გამოვიდა ზეიმზე. მაშინ ახალგაზრდა პოეტი იყო და არც ისეთი ნაცნობი სახე გახლდათ, როგორც მერე გახდა. მახსოვს, საოცარი ლექსი წარმოსთქვა დედაზე. ის ლექსი ისე მომეწონა, დავიმახსოვრე მისი სახელი და გვარი. ლექსები დღემდე მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიმახსოვრებ. 

- როგორ სწავლობდით?

- სკოლაში დიდი გაქანების მქონე  და ხუთოსანი მოსწავლე არ ვყოფილვარ. 3-4-იანები მყავდა და ხანდახან კი 2-იანებიც გამოერეოდა ხოლმე და 5-იანებიც. 5-იანი მყავდა რუსულში. იმ ერთ წელიწადში, ბაღში რომ ვიარე, რუსული ძალიან კარგად ავითვისე. წიგნების კითხვა მიყვარდა და ქართულად, რუსულად და ინგლისურად კარგად ვკითხულობდი. ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს კარგი და როგორ იწერება ესა  თუ ის სიტყვა, არასოდეს მეშლებოდა, თუმცა გრამატიკის წარმოდგენა არ მქონდა არც ერთ ენაში. ამ დროს უშეცდომოდ ვწერდი. გაკვეთილს ვერ ვყვებოდი კარგად, მაგრამ წერაში სულ 5-იანები მყავდა. რუსულის მასწავლებელმა, აღარ იცოდა, რა ექნა. ბოლოს, მე-10 კლასში დასაწერად მომცეს ტურგენევიდან რამდენიმე ფრაზა, რომელიც ყველაზე რთული შესასრულებელია. უპრობლემოდ დავწერე. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, როგორ შეიძლება ამას 5-იანი არ დავუწეროთ, როცა ამის წინ ხუთოსანი გოგონა გამოვიდა, ჩაგვირაკრაკა ყველაფერი და წერაში შეცდომები მაინც დაუშვაო.

ასე რომ, რუსულში 5-იანი მყავდა, ქართულში - 4, ინგლისურშიც - 4, რადგან გრამატიკა არ ვიცოდი და მასწავლებელმა არ დამინდო და არ მაპატია იმის მიუხედავად, რომ გადასარევად ვწერდი და ვპასუხობდი. ვერ ვიტანდი მათემატიკას, ეს საგანი ჩემი საქმე თავიდანვე არ იყო. ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, ძალიან კარგი ვიყავი ისტორიაში, გეოგრაფიაში - სამაგალითო. რუკაზე ნებისმიერ ქვეყანას და სხვა დეტალებს უშეცდომოდ ვაჩვენებდი და გეოგრაფიის მასწავლებელს ძალიან ვუყვარდი. ბიოლოგიაც მიყვარდა და ქიმიასაც არა უშავდა... ფიზიკაში თეორიული მხარე გამომდიოდა, მაგრამ ამოცანებს ვერ ვიტანდი, რადგან იქ უკვე მათემატიკის მხარე შემოდიოდა და ჩემი საქმე არ იყო. ფიზკულტურაში ვიყავი გადასარევი. ჩოგბურთს ისე ვთამაშობდი, ბურთის მეფეს მეძახდნენ სკოლაში და ეს ამბავი ახლახან ერთმა ჩემმა სკოლელმა გაიხსენა, რომელიც 40 წელია არ მინახავს. ძალიან სპორტული ვიყავი რადგან ცურვაზე, წყალბურთზე დავდიოდი...

- რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდათ ცუდად და რომელი კარგად?

- 47-ე სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც ფუნიკულიორის ქვეშ არის და გარშემო სოფლებიდან ჩამოდიოდნენ ბავშვები და იქ სწავლობდნენ. ხაზვას მასწავლიდა მიხეილ ანდრონიკაშვილი, რომლის მიმართ სინანულის მომენტი მქონდა. ეს იყო არნახული არისტოკრატი და ინტელიგენტი. უნდა გენახათ, როგორ ეცვა, რა მანერები ჰქონდა და როგორ მოგვმართავდა. დახვეწილი იყო ყველანაირად და მახსოვს ასევე მისი თავის ლამაზი ფორმა. ჯოხიც საოცრად ეკავა, მაგრამ მას ყველა დასცინოდა. რას არ უკეთებდნენ - ხან ნემსები ჩაურჭეს სკამზე, დაუხიეს შარვალი, დაუსხეს მელანი და დასვარეს... აგიჟებდნენ. ეს ამბავი არ მომწონდა და ამის გამო კამათი და შეხლა-შემოხლა მქონდა ბავშვებთან. მაშინ, სულ ბავშვი, მივხვდი, რომ ქვეყნის საქმე ცუდად იყო, რადგან კულტურულ ხალხს ცუდად ექცეოდნენ. კარგი განწყობა მქონდა რუსულის მასწავლებლის მიმართ. ქართულის რამდენიმე მასწავლებელი მყავდა და ზოგი მომწონდა და ზოგი - არა. ფიზკულტურის მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო ჩემით და მეუბნებოდა, სპორტს გაყევიო...

მუსიკის მასწავლებელზე უნდა მოგიყვეთ. ოპერის დიდოსტატ ლადო ათანელივით დამემართა. ლადოს არ ვედრები, მაგრამ მსგავსი რამ დამემართა, რაც მას. ლადო ათანელი ერთ-ერთ საესტრადო ანსამბლში მღეროდა. გამოაგდეს - სმენა და ხმა არ გაქვსო, დღეს ის მსოფლიო ოპერის ერთ-ერთი დიდი მომღერალია. მეც ვერ ამიტანა მუსიკის მასწავლებელმა და გამომაგდო, მაგრამ მერე გავხდი სამი საესტრადო ფესტივალის ლაურეატი. მუსიკის მასწავლებელი კი მეუბნებოდა, ხმა და სმენა არ გაქვსო. გუნდი გვქონდა სკოლაში და იქიდან გამომაგდო.

26 წელია სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიას ვასწავლი. არსებობს პედაგოგი და ლექტორი. ლექტორმა შეიძლება გადასარევად ჩაატაროს ლექცია, მაგრამ არ ვარგოდეს, როგორც პედაგოგი და არანაირი მიდგომა არ შეეძლოს სტუდენტთან თუ მოსწავლესთან. პედაგოგი ის არის, რომელიც არა მარტო საინტერესოდ ჩაატარებს ლექციას, არამედ თან კარგი ფსიქოლოგია და გრძნობს,  თითოეული მოსწავლე რა მდგომარეობაში მივიდა იმ დღეს სასწავლებელში. უნდა შეგეძლოს, ბავშვის სულში ჩაძვრე და, თუ შეგიძლია, დაეხმარო. ასეთი პედაგოგები თითზე ჩამოსათვლელი თუ გვყავს. პედაგოგი განსაკუთრებული ნიჭისა და ბუნების პატრონი უნდა იყოს. პედაგოგი აღმზრდელია და სწავლასთან ერთად უნდა აღზარდოს ბავშვი. 12 ზოდიაქოს ნიშნის მქონე ბავშვები არიან და ყველას თავისებური მიდგომა უნდა. თავის დროზე, განათლების სამინისტროშიც გავაგზავნე ამის შესახებ წერილი, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება... აუცილებელია, პედაგოგმა ისწავლოს ზოგადი ზოდიაქალური ასტროლოგია, რათა 12 ფსიქოტიპის ბავშვთან შესაბამისად იმოქმედოს. მაგალითად, თხის რქა ნელა იმახსოვრებს, მაგრამ 20 წლის მერეც შეიძლება ახსოვდეს, რაზე ესაუბრე. ტყუპები სწრაფდ იმახსოვრებენ, მაგრამ შესაძლოა, მეორე დღეს უკვე დავიწყებული ჰქონდეთ.  თუ მასწავლებელი ტყუპია და საქმე აქვს მოსწავლესთან, რომელიც ნელა აზროვნებს, ნერვები ეშლება, ვერ იტანს იმ ბავშვს და ბავშვი იჩაგრება. თუ თხის რქაა მასწავლებელი და მოსწავლე ტყუპი, უკვე იცის, რით დაამთავრებს და აღარ აინტერესებს მისი მოსმენა. ამიტომაა აუცილებელი სწორი მიდგომა. მაგალითად, კირჩხიბი ცვალებადი ხასიათისაა. შეიძლება იცოდეს რაღაც, მაგრამ უცბად თავიდან ამოუვარდეს. ასტროლოგიის ცოდნა პედაგოგიურ სფეროში ძალიან  მეხმარება და ყველა პედაგოგს ვურჩევ, იცოდეს ეს სფერო.

- თქვენ ბავშობიდან დაინტერესდით ასტროლოგიით?

- ბავშვობაში კი მაინტერესებდა მანათობლები, ვარსკვლავები, მაგრამ... სოხუმში სასწაულად იყო ხოლმე ცა მოჭედილი ვარსკვლავებით, მაგრამ მაშინ რომ ასტროლოგიით დაინტერესებულიყავი, გაგაციმბირებდნენ. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და შესაბამისი ლიტერატურა  შემოვიდა, მერე შევისწავლე. იაკობ გოგებაშვილმა, სულხან-საბა ორბელიანმა გადასარევად იცოდნენ ასტროლოგია. ახლა რომ ბერძენიშვილები და ვიღაც ვითომ დიდი მცოდნეები გამოდიან და გოგებაშვილზე რაღაცას ამბობენ, წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე. იაკობ გოგებაშვილმა იცით რა ჩადო „აი ია“-ში? არსებობს ე.წ. მართული ენერგეტიკული პრინციპი ბავშვებთან მუშაობისა. ანუ, თითოეულ ბგერას აქვს თავისი ენერგოვიბრაციული მუხტი. ბერძენიშვილებმა და ვაიპატრიოტებმა კი ეს არ იციან. ამ წიგნში ჩადებულია ეზოთერული პრინციპი. აქ ორი ძირითადი ასოა.  „ი“ - ეს არის ზონა, რომელიც უკავშირდება ზედა კინკრიხოს ნაწილს, რომელიც პირდაპირ კავშირშია მესამე თვალთან. ანუ ეს არის გამავალი ზონა ენერგეტიკისა ადამიანის სხეულში, რომელიც გვაკავშირებს უფალთან. „ა“ - ეს არის გული.  ბავშვი რომ ამბობს „ა“, ხსნის გულს. „ი“-ს რომ ამბობს, უკავშირდება უფალს. გულს ხსნის და უფალი შემოდის მის გულში - გესმით, რა ჩადო გოგებაშვილმა და როგორ ხდებოდა ადამიანის სულის განწმენდა?! ეს მედიტაციური ტექნიკაა. სანამ რამეს იტყვიან, ვიღაც-ვიღაცებთან კონსულტაციები გაიარონ და გოგებაშვილზე მერე ილაპარაკონ!


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
 ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება