სიახლეები
სამასწავლებლო

რატომ არ ინტერესდება ქართველ მოსწავლეთა დიდი ნაწილი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებით?
28-08-2018
-
+


სასკოლო გამოცდებში ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში ჩაჭრილთა დიდი რაოდენობა, უმაღლეს სასწავლებლებში არჩეული ჰუმანიტარული ფაკულტეტების სიმრავლე, სხვადასხვა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ მოსწავლეები მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკისა თუ ბიოლოგიის მიმართ ნაკლები ინტერესით გამოირჩევიან. როგორ უყურებენ ამ საკითხს სკოლების წარმატებული დირექტორები. Etaloni.ge მათ კომენტარებს გთავაზობთ:

ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ქოჩიშვილი: 

„ჩვენთან პრობლემა არის ის, რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასთან ვცხოვრობთ და კადრის მოზიდვა ჭირს. მაგრამ, ჩართული ვართ პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“, ქიმიის მასწავლებელი სწორედ ამ პროგრამიდან გვყავს. საკმაოდ წარმატებულადაც მიმდინარეობს ამ საგნის სწავლება. მე-12 კლასის მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლადაც კი აირჩიეს. სკოლიდან 4 კურსდამთავრებული გვყავდა, ოთხივემ ჩააბარა, აქედან ორმა საგამოცდო საგნად ქიმია აირჩია. სამაგიეროდ, ფიზიკაში გვაქვს პრობლემა, რადგან ამ საგნის სპეციალისტი არ გვყავს. ყოველ წელიწადს ვაკანსიას ვაცხადებთ, მაგრამ უშედეგოდ. ხარვეზია ისიც, რომ მცირე საათების გამო ამხელა მანძილზე სიარული არ უღირთ, ადგილობრივი კადრი კი არ არსებობს. ბიოლოგიაში კვალიფიციური სპეციალისტი გვყავს და ჩვენი მოსწავლეები საგამოცდოდ ბიოლოგიასაც ირჩევენ. თუმცა ბავშვებს მაინც ჰუმანიტარული საგნები ურჩევნიათ. ემარტივებათ უფრო თუ რა მიზეზით, არ ვიცი. პრობლემას, ჩვენი სკოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების დეფიციტში ვხედავ. ასევე, ტექნიკურ საგნებში საათების სიმცირეში.“
 
დაბა აგარის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ბეგიაშვილი

„პირველ რიგში, სახელმძღვანელოები უნდა ვახსენოთ, რომლებიც შესაბამისი დონის არ არის. აბსოლუტურად ყველა მასწავლებლისგან ეს მესმის. მათემატიკის, ქიმიის (მე თვითონ ქიმიკოსი ვარ), ბიოლოგიის, ფიზიკის და ა.შ. ისეთი სახელმძღვანელოებია, საიდანაც მოსწავლეებს შინაარსის გამოტანა უჭირთ. მეორე - მათემატიკაში არა, მაგრამ დანარჩენ ტექნიკურ საგნებში ძალიან მცირე საათებია, გარდა ამისა, მე-12 კლასში აღარ ისწავლება ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია. შესაბამისად, ეს ერთწლიანი გაცდენა მოსწავლეებზე მკვეთრად აისახება. ბავშვს ძალიან უნდა უყვარდეს საგანი, ან ცალკე, კერძო რეპეტიტორთან უნდა ემზადებოდეს, რომ მე-12 კლასში გაცდენილი ეს საათები აანაზღაუროს. ასევე, მოტივაცია, მასწავლებელი, სკოლა - ბევრი რამ განსაზღვრავს ტექნიკური საგნებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას. საგნისადმი ინტერესი კი, პირველ რიგში, მასწავლებელზეა დამოკიდებული. მაგრამ, როდესაც ხელს არ გიწყობს გარემო, სახელმძღვანელო, ამდენ პრობლემას მარტო ვერ უმკლავდები. ერთი აბიტურიის საათი მე-12 კლასში არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვნად მოემზადება. როგორც უკვე ვახსენე, მე თვითონ ქიმიის პედაგოგი ვარ და ზუსტად ვიცი, რა ხდება. ისეთი სკოლის დირექტორი ვარ, სადაც ტექნიკური საგნების პედაგოგები მაღალი დონის სპეციალისტები და კვალიფიციურები არიან, მაგრამ აუცილებელია მასწავლებლების სისტემატიური გადამზადება თუ ტრენინგები, სიახლეების შეტანა...“

ბერძენაულის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე გისი

„ძირითადად, ტექნიკური საგნების უმეტესობას თვალსაჩინოებებისთვის სპეციალური ლაბორატორიები სჭირდება. თუმცა ამ მხრივ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის. ამასთან, აუცილებელია, მასწავლებლების გადამზადება. ამავდროულად, გადამწყვეტია მშობლების ჩართულობა ამ საკითხში - მათგანაც არ ჩანს დაინტერესება, რომ მოსწავლეებმა ტექნიკური საგნები კარგად ისწავლონ, რადგან შრომით ბაზარზე ამ მხრივ მოთხოვნას ვერ ხედავენ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მცირეა ამ საგნების პედაგოგთა რაოდენობა, ახალი თაობა კი, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო არ გვემატება.“ 

აბანოს საჯარო სკოლის დირექტორი ია ვართასაშვილი

„პირველ რიგში, პრობლემას ვხედავ სასწავლო საათების სიმცირეში - ძალიან ცოტა საათი ეთმობა ამ საგნებს. მათემატიკით კიდევ ინტერესდებიან, რადგან ყოველდღიურად მიმდინარეობს მისი სწავლა, რასაც ვერ ვიტყვით ფიზიკაზე, ქიმიასა თუ ბიოლოგიაზე. ფიზიკაში საათები კიდევ შეამცირეს და კვირაში მხოლოდ ორი საათი დარჩა. შესაბამისად, ინტერესიც იკლებს. არც ლაბორატორიებია მოწესრიგებული. სკოლებს კი თავად თანხა არ აქვთ, რომ ეს ლაბორატორიები შეიძინონ. პედაგოგების სიმცირეც არსებობს ამ სფეროში.“

გვერძინეთის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კოჩალიძე

„მოსწავლეზეა დამოკიდებული ტექნიკური საგნის სიყვარული და სწავლა. თუ სხვა მიზეზებზე ვისაუბრებთ, სახელმძღვანელოები შეიძლება იყოს მიზეზი - პედაგოგები კვალიფიციურები და გადამზადებულები არიან. ასევე, საათების რაოდენობაა მცირე, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახებოდეს. თუ მეტი საათები დაეთმობა ამ საგნებს, უკეთესი შედეგი იქნება.“

საღოლაშენის საჯარო სკოლის დირექტორი გალინა ხუციშვილი

„სახელმძღვანელოები არ არის ისე აგებული, რომ მოსწავლისთვის გასაგები იყოს მასალა. სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლების სტილიც უნდა შეიცვალოს. პედაგოგების გადამზადება აუცილებელია - თანამედროვე მიდგომებს ნაკლებად იყენებენ. მასწავლებლები სასწავლო პროცესში ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ საგანი ასწავლონ და არ იმაზე, რომ ამ საგნით დაინტერესონ მოსწავლეები. მოსწავლეები იტვირთებიან და ამ დატვირთვის ფონზე სიძულვილი უჩნდებათ. ჩემი დაკვირვებით, ბავშვს, როცა საგანი არ მოსწონს, ის შეიძლება თამაშ-თამაშით ისწავლოს. ეს აუარება დავალებები გაკვეთილის შემდეგ, რომლებიც სახლში უნდა მოამზადონ, მე სწორად არ მიმაჩნია. მყავს მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც საუკეთესო პედაგოგია, საგანი ძალიან კარგად იცის, მაგრამ თავადვე აღნიშნავს, რომ სხვანაირი თაობა მოდის, არ უყვართ მათემატიკაო. თაობა არ მოდის სხვანაირი - თაობა ცვლილებებს მოითხოვს. ბავშვებს სიახლე სჭირდებათ. აღარ უნდათ ეს ერთფეროვანი გაკვეთილები, აღარ უნდათ მხოლოდ წიგნზე იყვნენ დამოკიდებულნი და უამრავი დავალება ჰქონდეთ გასაკეთებელი. მითუმეტეს, რომ თუ ერთ თემას ვერ გაიგებენ, მეორეს, მესამეს, და ამ დროს დავალებები დაემატებათ, საგნის მიმართ სიძულვილიც გაუჩნდებათ.“ 

კნოლევის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა კოკოლაშვილი: 

„ჩვენთან მხოლოდ მე-9 კლასის ჩათვლით სწავლობენ და შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკური საგნების მიმართ უინტერესობა არ შემიმჩნევია. კარგი პედაგოგები გყავს. მოსწავლეებს ტექნიკური საგნები მაშინ მოსწონთ, როცა ცდები, შეჯიბრებები, სახალისო აქტივობები ტარდება. როცა თანამედროვე მიდგომებია, პირიქით, ინტერესს გამოხატავენ ამ საგნების მიმართ. ტექნიკური საგნების სწავლება კვლევებისა და ლაბორატორიული ცდების გარეშე წარმოუდგენელია. რასაკვირველია, პედაგოგს უმთავრესი ადგილი უჭირავს, სწორედ მან უნდა დააინტერესოს მოსწავლეები.“ 

აბისის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სკოლაში ტექნიკური საგნების ძალიან კარგი სპეციალისტები მყავს, ვფიქრობ, რომ ამ საგნების მიმართ ინტერესი მაინც თვითნაბადი ნიჭია. იმ მოსწავლეებს, რომელთაც ტექნიკური საგნები აინტერესებთ, მათი სწავლა არ უჭირთ და პირიქით, ჰუმანიტარული საგნები არ მოსწონთ. ჩემ დროსაც ასე იყო, მოსწავლეები იყოფოდნენ ტექნიკური და ჰუმანიტარული ინტერესების მქონეებად. ჩემ სკოლაში CAT-ის გამოცდებამდე უფრო ჰუმანიტარული საგნები აინტერესებდათ, ამ გამოცდების შემდეგ კი ტექნიკურითაც დაინტერესდნენ. მათემატიკაში ემზადება ყოველი მეორე მოსწავლე, რადგან მას დიდი გასაქანი მიეცა ქვეყნის მასშტაბითაც - სადაც მათემატიკა ბარდება, ის პროფესიები უფრო მაღალანაზღაურებადია და სამსახურებსაც უფრო ადვილად იწყებენ. მოსწავლეები თვითონვე  ითხოვენ დამატებით მომზადებას. მათ პერსპექტივა დაინახეს ამ საგანში, ამიტომ დაინტერესდნენ. ჩვენი სკოლის პედაგოგები კი კარგად მომზადებულნი არიან, რომ ბავშვებს ცოდნა სრულყოფილად მიაწოდონ.“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება