მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო, მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო ცხოვრებას უბრუნდებიან, პირველკლასელები კი, პირველ ნაბიჯებს დგამენ სასკოლო ცხოვრების ჯადოსნურ სამყაროში.
სწავლის დაწყების პირველი დღე - ზოგისთვის დაუვიწყარი და დადებითი ემოციებით დამუხტული, ზოგისთვის კი, საკმაოდ რთული ეტაპია - Etaloni.ge-სთან ერთად, სკოლის ხელმძღვანელები ბავშვობაში ბრუნდებიან, იხსენებენ დღეს, როდესაც პირველად შეაღეს სკოლის კარი და ასე ყველაზე უმცროს მოსწავლეებს უწევენ მეგზურობას ცოდნის ტაძარში.
მარინა ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი:
როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც ემოციური და ამაღელვებელი იყო პირველი სასწავლო დღეს სკოლაში. როცა პირველად შეაბიჯებ ცოდნის ტაძარში შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციებით არ დაიმუხტო და იმ დღის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე არ გაგყვეს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ეს იყო დღე, რომელმაც მომცა დიდი სტიმული და მოტივაცია, რამაც განსაზღვრა ჩემი მოსწავლეობა და სწავლის სურვილი.
ჩვენ ვიცით, რომ პირველი დღე ყოველთვის ახდენს გავლენას მოსწავლეებზე და ვცდილობთ, პირველკლასელებსაც განსაკუთრებით შევეგებოთ, ვაგრძნობინოთ, რომ შემოაბიჯეს იქ სადაც მათ, თავგადასავლებით სავსე, შემეცნებითი ცხოვრება ელით.
მარი ტყემალაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის, დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სასკოლო ცხოვრების პირველი დღე ცოტა სხვანაირი იყო - მოგვიანებით, ნოემბერში მიმიყვანეს სკოლაში, კლასელებს უკვე ნასწავლი ჰქონდათ რამდენიმე ასო-ბგერა, ჩემზე წინ იყვნენ და ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ვტიროდი და დედაჩემს ვთხოვდი წავეყვანე... თუმცა მოგვიანებით, დამრიგებლის დახმარებით დავეწიე პროგრამას და ავუწყვე ფეხი სასკოლო ცხოვრებას. პირველი კლასი საკმაოდ რთულია, პატარებისთვის ეს დიდი გამოწვევაა და ხშირად ტრავმულიც კი, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, ისინი ვერ ტოვებენ მშობლებს, ვერ ამბობენ უარს სათამაშოებზე, ზოგი ტირის, ემოციებს გამოხატავს, უნდა, მშობელი გვერდით ჰყავდეს, ზოგი პირიქით - ისეთი სახით და თვალებით გიყურებს, ხედავ, რომ სუფთა დაფაა და რასაც დაწერ, იმას წაიკითხავს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მშობლებმა იცოდნენ, ბავშვი რომელ მასწავლებელთან ხვდება, რათა წინასწარვე ჰქონდეს მასთან კომუნიკაცია, ასევე მასწავლებელმაც უნდა იცოდეს, ვინ ეყოლება კლასში.
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, დაწყებითების მასწავლებელი ვარ და ყოველთვის, სწავლის დაწყებამდე ვეკონტაქტები მშობლებსაც და მოსწავლეებსაც. წინასწარ ვითვალისწინებ მათ ინტერესებს, იმასაც კი, რა ფერები უყვართ, რომ კომფორტული და სასიამოვნო გარემო დავახვედრო. ვუგზავნი მათ კითხვარებს და ინტერვიუებს, უკეთ რომ გავიცნო და პირველი სასწავლო დღეც მათთვის საინტერესოდ ვაქციო. განსაკუთრებით საინტერესოდ დაგეგმილი უნდა იყოს პირველი რამდენიმე გაკვეთილი, პედაგოგმა მათ თამაშ-თამაშით, ისე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ იმ მომენტში რაღაცას სწავლობს... პირველ დღეებს გაცნობითი ხასიათის გაკვეთილებს ვუთმობ, რომ მოსწავლეებმა ახლა სივრცეში ადაპტაცია შეძლონ, ჰქონდეთ ინფორმაცია სად არის ბიბლიოთეკა, საპირფარეშო და ა.შ.
ნინო ზაუტაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეობის პირველი დღე არის ემოცია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ადამიანს. საბჭოთა პერიოდი იყო, როცა პირველად შევაბიჯე სკოლაში, ძალიან კარგად მახსოვს, სოფლის სკოლა დავასრულე, ის სკოლა, რომელსაც ახლა ვხელმძღვანელობ და ძალიან მიყვარს. მახსოვს პირველ მასწავლებელთან შეხვედრა, ის ჩემი საყვარელი მასწავლებელია დღემდე, როგორ გავიცანი ჩემი კლასელები და როგორ შემიყვარდა ყველა მათგანი, განსაკუთრებით მახსოვს, როგორ ჩავეხუტე დედაენის წიგნს და მივიტანე სახლში, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა ვიცოდი, ის ჩემი პირველი წიგნი სხვანაირად მნიშვნელოვანი იყო.
ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ დღეს სკოლაში, პირველ შთაბეჭდილებას, ემოციას, ყველაფერი ეს გავლენას ახდენს მოსწავლეზე და ეს აისახება არა მხოლოდ მოსწავლეობაზე, მის მოტივაციასა და სტიმულზე, არამედ მიყვება მთელი ცხოვრების მანძილზე.
მარინა მჭედლიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი: