სიახლეები
ინტერვიუ

საბა კემულარია: „ეკლესიასთან დაახლოება ჩემი ქართულის მასწავლებლის დამსახურება იყო...“
12-12-2018
-
+


პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, საბა კემულარია ამბობს, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში რამდენიმე მასწავლებელმა და ასევე, ეკლესიამ და იქ გალობამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. დღემდე გალობს და ამბობს, რომ ამით უფრო უმძაფრდება სიყვარულისა და სიკეთის კეთების სურვილი.

საბა კემულარია „ეტალონს“  თავის განცდებსა ბავშვობაზე ესაუბრა. 

- ბოლო 5 წელი ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მანამდე თბილისში, ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე სკოლაში დავდიოდი.

- თბილისიდან ზუგდიდში რატომ გადახვედით?

- იმიტომ, რომ ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ ზუგდიდში და როდესაც მოხუცდნენ, ყურადღება სჭირდებოდათ. მთელი ოჯახი გადავედით მათთან, რათა თბილი და ტკბილი სიბერე ჰქონოდათ.

- ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ეს ამბავი... როგორ გახსოვთ სკოლა?

- სკოლაში მისვლის პერიოდი ნაკლებად მახსოვს, მაგრამ მახსოვს გარკვეული შიში, რაღაც ახლის ინტერესი... ბოლო კლასები უფრო ცხადად დამამახსოვრდა. მყავდა რამდენიმე ისეთი მასწავლებელი, რომელთა შეგონება, ქცევები, ცხოვრების წესი, ჩემზე დღესაც აისახება და ახლაც თან დამყვება მათგან ნასწავლი ბევრი რამ. 

13 წელია ვგალობ ეკლესიაში. ტაძარში ჩემი მისვლა და ეკლესიასთან დაახლოება ჩემი ქართულის მასწავლებლის, ნინო შენგელაიას დამსახურება იყო. თვითონაც ეკლესიურად ცხოვრობდა და კარგად გვიხსნიდა ხოლმე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს და სხვა დეტალებს. ქართული ენა და გრამატიკა რომ კარგად ვიცი, ესეც მისი დამსახურებაა. შესანიშნავად გვასწავლიდა გრამატიკას. 

ბიოლოგიის მასწავლებელი იყო ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. ახლა, თუ არ ვცდები, ზუგდიდში ერთ-ერთი სკოლის დირექტორია. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იმდენად თბილ და კარგ გარემოს გვიქმნიდა, რომ ჩვენზეც კარგად ისახებოდა ეს ყველაფერი. მისგან წამოსული სიკეთე ადამიანების მიმართ კეთილად განგაწყობდა. სიკეთის კეთება სკოლაში, ფაქტობრივად,  მისგან ვისწავლეთ. 

სკოლის პერიოდი და კლასელებიც კეთილად მახსოვს. ვცდილობ, ჩემს მეხსიერებაში კლასელები ისეთებად დარჩნენ, როგორებიც ბავშვობაში წარმომედგინა – კარგები, საყვარლები, თბილები... რამდენიმე შეიცვალა და, ვცდილობ, მათთან ურთიერთობაში მხოლოდ ის მახსოვდეს, როგორები იყვნენ სკოლაში და ისევ ისე მიყვარდნენ და პატივს ვცემდე, როგორც ბავშვობაში. 

- რომელი საგანი გიყვარდათ?

- ქართული ენა და ლიტერატურა, რადგან პედაგოგი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და საგანიც ძალიან შემაყვარა. როდესაც ამბობენ, ადამიანს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო, არ მგონია, მართალი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორია პედაგოგი. არ მიყვარდა ტექნიკური საგნები, თუმცა სკოლა, საბოლოო ჯამში, კარგ ნიშნებზე დავამთავრე. არც ფიზიკა მიყვარდა, არც ქიმია... ისტორიაც მაინტერესებდა, უცხო ენებიც და ა.შ. სკოლა 2007 წელს დავამთავრე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მერე, ორი წელი ვიფიქრე, რა მიმართულებით გამეგრძელებინა მაგისტრატურა. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. ბოლოს, საქართველოს უნივერსიტეტში ვისწავლე მაგისტრატურაში და  საჯარო მმართველობის მაგისტრი გავხდი. 

- მუშაობთ ამ მიმართულებით?

- ამჟამად არ ვმუშაობ ამ პროფესიით, მხოლოდ ვმღერი. 

- სიმღერა გალობით ხომ არ დაიწყეთ?

- სულ პატარა ვიყავი სიმღერა რომ დავიწყე. ბებია, ბაბუა და, საერთოდ, მთელი ოჯახი სიმღერის მოყვარული მყავდა. ყველა მღეროდა. მახსოვს, როგორ მასწავლა ბაბუამ  3–4 წლის ასაკში „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“. 5–6 წლისა უკვე ბავშვთა სტუდიაში დავდიოდი. თბილისში ზაზა მენაბდიშვილთან ვიარეთ მე და ჩემმა ძმამ ხალხურ სიმღერებზე. ზუგდიდში რომ გადავედით, ნინო მამფორიასთან დავდიოდით და ის წლები არაჩვეულებრივად მახსენდება.  ზაზა მენაბდიშვილთან კვარტეტი გვქონდა და ფესტივალებზე გამოვდიოდით.

გალობა 15 წლის ასაკში დავიწყე. დღეს ვფიქრობ, რომ რასაც წარმოვადგენ და, საერთოდ, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, სწორედ ეკლესიამ ითამაშა მთავარი როლი. ეკლესიაში გალობამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მუსიკა რომ გვერდით გადავდოთ, ისეთი ტექსტების სწავლა გიწევს, შეუძლებელია, შენზე არ იმოქმედოს. ეს ტექსტები გარკვეულწილად მოთმინებასაც გასწავლის, სიყვარულსაც გასწავლის, სიკეთის კეთებასაც... დამატებით კი, მელოდიური ნახაზი, რომელიც წინაპრებისგან, დაახლოებით მე–9, მე–10 საუკუნიდან მოგვდგამს და აქამდე ღვთის წყალობით მოვიდა, მოქმედებს შენს განწყობაზე, გამშვიდებს, სულიერად გზრდის... ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. 

- დღემდე გალობთ?

დიახ, ქაშუეთის ტაძარში ვხელმძღვანელობ ერთ–ერთ ანტიფონურ გუნდს. ანტიფონური გალობის ტრადიცია  მე–4 საუკუნიდან მოდის. ერთ–ერთ დიდ წმინდანს ჰქონდა გამოცხადება, რომ უფალს უგალობდნენ ორგუნდოვნად. ანუ ერთი გუნდი დაიწყებს, შემდეგ მეორე გუნდი აგრძელებს... ანუ რამოდენიმე გუნდი უნდა იყოს ტაძარში. ჩვენ ორ გუნდად ვგალობთ და ერთ–ერთის ხელმძღვანელი მე ვარ უკვე 2–3 წელია.

- გაკვეთილის დროს სიმღერა თუ მოგდომებიათ?

- კი, როგორ არა?! თბილისში რომ ვსწავლობდი, შარფს მოვიხსნიდი ხოლმე, გავშლიდი მერხზე და ვითომ კლავიშებზე ვუკრავდი. მაიკლ ჯექსონი მიყვარდა ძალიან და დასვენებების დროს სულ მის სიმღერებს ვმღეროდი და ვითომ ვუკრავდი.

ცოტას ვცელქობდი კიდეც. მე–8 თუ მე–9 კლასში ვიყავი, როდესაც შატალოს გავუკეთე ორგანიზება და 40 ბავშვი მდინარეზე წავიყვანე. გვეგონა, რომ ძალიან დაგვსჯიდნენ, მაგრამ ყველა გაგებით მოეკიდა ამ ფაქტს და დიდად არავინ დასჯილა. გამიხარდა, რადგან არ მინდოდა, ჩემ გამო ვინმე დასჯილიყო. არც ჩემი მშობლებისგან მახსოვს მკაცრად დასჯა. ცდილობდნენ ხოლმე, ჩემთვის ყველაფერი კარგად აეხსნათ და მივეხვედრებინე,  რა იყო ჩემთვის საჭირო.

როდესაც პროექტი „მხოლოდ ქართული“ დამთავრდა,  მასწავლებელმა, ირმა სტვირიამ მომწერა – მე შენი მასწავლებელი ვარ, მეორე–მესამე კლასში გასწავლიდიო...  ჩემი ნახატები შეუნახავს და ახლა გამომიგზავნა – როგორი საყვარელია, წარმოგიდგენიათ?!  ისიც გაიხსენა, მაშინ ბევრ კითხვებს მისვამდი სარწმუნოებაზეო. იმ ნახატებზე ეკლესია მაქვს დახატული. თან მიწერილი მაქვს ჩემი სახელი და გვარი. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო. გამიხარდა, რომ შენახული ჰქონდა ეს ნახატები და თან გავახსენდი! ამ მასწავლებელს მეუღლე ჰყავს მღვდელი და გამახსენდა, სკოლაშიც რომ მოდიოდა და გვესაუბრებოდა, გარკვეულ რჩევებს გვაძლევდა. ტაძრების დახატვის ამბავი კი ჩემთვის ძალიან სენსიტიური გამოდგა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

ზოგადი უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - NAEC

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ინდივიდუალური გამარჯვება მოიპოვა თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩილინდრიშვილმა

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს ამ საოცარი დღისთვის და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინეს

მოსწავლეებმა სააქციო საზოგადოების მნიშვნელობაც შეისწავლეს და ბიზნესის არსიც უკეთ გაიაზრეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება