მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოსწავლეებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა“,- აღნიშნავს თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე, რომელსაც პროფესიული საქმიანობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლებია, რაც სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ სკოლა არაერთი მიღწევით გამოირჩევა და იქ მისვლა როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსაც უხარიათ.
ამ ეტაპზე, თბილისის N143 საჯარო სკოლაში 1350 მოსწავლე სწავლობს. მათი ახლოს გაცნობის მიზნით, დირექტორი ყოველ წელს, კლასებს იცვლის და სხვადასხვა მოსწავლეებს ასწავლის. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბავშვების უმრავლესობას სახელით ესალმება. „რთულია, კლასების გამოცვლა, მოსწავლეებთან ურთიერთობის თავიდან აწყობა, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც დირექტორისთვის ეს კომფორტია“,- დასძენს თამარ ჭარბაძე.
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეა. იქ საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული განათლება ინტეგრირდა. აღსანიშნავია, რომ საპილოტედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 20 სკოლა შეირჩა. როგორც თამარ ჭარბაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, პროგრამამ მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია, ისინი სასტუმრო საქმეს სკოლაშივე ეუფლებიან.
სკოლის ხელმძღვანელმა ჩვენთან ახალ სახელფასო პოლიტიკაზე, 2024-2025 სასწავლო წლის გეგმებზე, 10-წლიან საბაზო განათლებასა და საკუთარ თავზეც ისაუბრა:
- თქვენი სკოლა საპილოტედ შერჩეულ 20 სკოლას შორის ერთ-ერთია და მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება ინტეგრირდა. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას? ასევე, რამდენად დაინტერესებულები არიან მოსწავლეები და როგორია ჩართულობა?
- ამ ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, მასში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრმა სკოლამ გამოთქვა, მათ შორის, ჩვენც ვიყავით. სულ 6 პროგრამა იყო მოცემული. სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში, კვლევა ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიეთ. მათ 6-ვე პროგრამა გავაცანი და ვკითხე, რას ფიქრობდნენ, რომელს აირჩევდნენ. აზრები ორ ნაწილად - გრაფიკულ დიზაინსა და სასტუმროს საქმეს შორის, გაიყო. სასტუმროს საქმის მომხრეთა არგუმენტი ის იყო, რომ ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და ამ მიმართულებით, ცოტა პროფესიონალიაო. მოსწავლეებმა თქვეს, რომ თუ ამ სპეციალობას სკოლაში დაეუფლებოდნენ, ძალიან კარგი იქნებოდა. საბოლოოდ, გრაფიკული დიზაინის მხარეს არ გადავიხარეთ, რადგან ბავშვებმა თქვეს, რომ ამის სწავლა უნივერსიტეტებშიც შეუძლიათ. სასტუმრო საქმეს კი, პროფესიულის გარდა, ვერსად ვისწავლითო. სწორედ ამიტომ, განაცხადი სასტუმროს საქმეზე გავგზავნეთ. შემდეგ, სკოლაში განათლების სამინისტროდან და პროფესიული სასწავლებლიდან შემოწმებაზე მოვიდნენ - უნდა ენახათ, მოთხოვნებს რამდენად ვაკმაყოფილებდით. აღმოჩნდა, რომ სტანდარტს ვაკმაყოფილებდით და თანხმობაც მივიღეთ. პროგრამისთვის ფართის - 3 ოთახის დათმობა მოგვიწია, ეს იმის ხარჯზე მოვახერხეთ, რომ ჩვენს სკოლაში 2 ცვლაა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რაიონში 47 სკოლაა და თანხმობა მხოლოდ ჩვენ მივიღეთ. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება გვქონდა და გლდანის პროფესიულ სასწავლებელთან წინა წლებშიც ვთანამშრომლობდით. ამის შემდეგ, პროცესი თავისთავად წარიმართა და ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ ჩვენთან ეს მიმართულება დაინერგა.
- როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ეს პროგრამა თქვენს სკოლას?
- თავიდან, ვფიქრობდი, რომ ეს პროგრამა იმ ბავშვებისთვის იქნებოდა, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება არ აქვთ და სკოლის დასრულების შემდეგ, სტუდენტობას არ აპირებენ. ამიტომაც მეგონა, რომ ჩემი თემის, სკოლისა და მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი შანსი იქნებოდა. მათ შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის დასრულების შემდეგ, სასტუმროებში დასაქმდნენ და მაღალი ანაზღაურება მიიღონ - ვსაუბრობ მინიმუმ 1500 ევროს ოდენობით შემოსავალზე. თუმცა, ასეთი რაღაც მოხდა - ჩემმა ერთმა მოსწავლემ, რომელიც ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, პროფესიულ სასწავლებელში სწავლა მოისურვა. მან თქვა, რომ ეს მისთვის ხელსაყრელია, რადგან პროფესიულის სტუდენტს 2 დიპლომი ეძლევა - ერთი სკოლის ატესტატთან გათანაბრებული, რომლითაც უმაღლესში სწავლის გაგრძელება შეუძლია და მეორე საერთაშორისო კატეგორიის დიპლომი, სასტუმრო საქმის მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დიპლომით მუშაობა ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია. ეს მოსწავლე ამბობს, არ ვიცი რომელ ქვეყანაში ვისწავლი და ვიცხოვრებ, ამიტომ ძალიან გამომადგება ეს დიპლომი, რათა ძირითადი შემოსავალი თუ არა, დამატებითი შემოსავლები მაინც გავიჩინოო. ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი მიდგომაა.
- პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, მშობლების დამოკიდებულება განსხვავებულია. მათ ნაწილს კატეგორიულად სურს, რომ მათმა შვილებმა უნივერსიტეტში ისწავლონ. ამ მხრივ, თქვენთან როგორი ვითარებაა?
- დიახ, რა სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზეც საუბრობთ, გარკვეულწილად, ასეთი განწყობა ახლაც არის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექციამ არნახული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რამდენჯერმე მიგვიწვიეს და მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები გამართეს. გარდა ამისა, პროფესიული უნარების სააგენტომ და განათლების სამინისტრომაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყველა მაქსიმალურად ინფორმირებული ყოფილიყო. მათთვის კონკრეტული ადამიანების მაგალითებიც მოგვყავდა. ბავშვები წარმატებულ ადამიანებს შევახვედრეთ, რომლებიც თავიანთ ისტორიებს უყვებოდნენ. ჩვენ 11 დარგის სპეციალისტი გვყავს, ისინი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვთ და სხვადასხვა პროფესიით მუშაობდნენ. ბავშვებს ისეთი ადამიანები ძალიან მოსწონთ, რომლებსაც დიდი შემოსავალი აქვთ და ამ ყველაფერს ძალიან მალე მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს სტერეოტიპი სრულად დამსხვრეული არ არის, მაგრამ პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგმულია.
- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ვინ ასწავლის მოსწავლეებს?
- როგორც იცით, ეს არის ინტეგრირებული პროგრამა. რიგ საგნებს ჩვენ ვასწავლით, ამისთვის ჩვენი კომპეტენცია საკმარისზე მეტია. თანაც, ზაფხულში ყველა მასწავლებელი გადამზადდა, ტრენინგები გაიარეს. გარდა ამისა, 11 მოდულისთვის 11 დარგის სპეციალისტია, რომლებიც მოსწავლეებთან 2 წლის განმავლობაში იმუშავებენ. ლექციების ცხრილი სკოლის ცხრილთან სინქრონშია. მოსწავლეები დილით, 9-ის ნახევარზე მოდიან და 3 საათამდე 8 გაკვეთილი უტარდებათ. მათ მე პირადადაც ვასწავლი - მათემატიკის კურსს ვუძღვები.
- ამჟამად, რამდენი სტუდენტი გყავთ?
- ჩვენ ავტორიზაცია გავიარეთ, სხვანაირად ამ პროგრამის დანერგვის უფლება არც გვქონდა. წელს პროგრამა მხოლოდ 15 სტუდენტზეა გათვლილი. ამ წუთის მონაცემებით, სასტუმრო საქმეს ჩვენი 11 მოსწავლე ეუფლება. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის გავლა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.
- უკვე 1 კვირაზე მეტია, რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შეგიძლიათ მიმდინარე სასწავლო წლის გეგმებზე გვესაუბროთ? რისი მიღწევა გსურთ თითოეულ მოსწავლესთან?
- სასწავლო წლის მიზნებზე საუბარი ორი სიტყვით ძალიან ძნელია, თუმცა მარტივად გეტყვით, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დასახული მიზნების მიღწევა გვსურს. უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესო შედეგზე გავიდეთ. ჩვენი სკოლა წლებია არაფორმალური მიმართულებით გამოირჩევა - სხვადასხვა აქტივობას ვაწყობთ. ვფიქრობ, ამას წელსაც წარმატებით განვახორციელებთ. ასევე, შევეცდებით, რომ პროფესიული მიმართულება დანარჩენ კლასებსა და მოსწავლეებში უფრო პოპულარული გავხადოთ. მათ სამუშაო სივრცეები ძალიან მოსწონთ. ერთგან მოდელირებული სასტუმროს ნომერია, ყველას საკუთარი პერსონალური კომპიუტერი აქვს. კიდევ ერთ სივრცეში სარესტორნო საქმის მაგიდებია განთავსებული.
- ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდნენ. მათ შორის, სავალდებულო განათლება 10-წლიანი გახდა, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? რამ განაპირობა ეს ცვლილება?
- ძალიან დიდი ხანია, რაც ამ თემაზე საუბარია. კვლევებში, როგორც მასწავლებელი, მეც ვმონაწილეობდი. გადაწყვეტილებას ვემხრობი, რადგან 10 კლასის ბოლოს, მაგალითად, მათემატიკაში ბავშვმა ყველა ის თემა იცის, რომელიც სკოლაში უნდა დაძლიოს. მე-12 კლასი მთლიანად აბიტურის კურსს ჰგავდა, მე-11 კლასში კი ცოდნის განმტკიცება ხდებოდა. თუ მოსწავლეს 10 კლასი საშუალო და კარგი აკადემიური მოსწრებით ექნება დამთავრებული, ის ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენტი თავისუფლად გახდება. ზოგადად, 10 კლასი იმის გარანტიაა, რომ მოსწავლეს საბაზო განათლება სრულყოფილად ექნება მიღებული. როგორც აღვნიშნე ამ მოდელს მეც ვემხრობი. ეს მხოლოდ ჩვენი დაკვირვებების შედეგი არ არის, საერთაშორისო კვლევებიც ამას აჩვენებენ. ვფიქრობ, რომ სწორი მოდელია და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ არის.
- არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეა მასწავლებელთა სახელფასო ფორმულა, რამაც მასწავლებლების გარკვეული ნაწილის კრიტიკა გამოიწვია… თქვენი აზრით, პედაგოგის ანაზღაურება საათების რაოდენობაზე უნდა იყოს დამოკიდებული?
- ძალიან დიდი ხანია, რაც მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ, პედაგოგის ანაზღაურება, რა თქმა უნდა, საათებზე უნდა იყოს მიბმული. 5 საათისა და 20 საათის ჩატარების შემდეგ, ადამიანებს ერთნაირი ანაზღაურება არ უნდა ჰქონდეთ. ბუნებრივია, რომ ხელფასი გაწეული შრომის მიხედვით უნდა გაიცემოდეს. ჩემს სკოლაში ხელფასი საგრძნობლად ვისაც არ მოემატათ, ესენი დაწყებითი კლასების პედაგოგები არიან, რადგან ამ კათედრაზე საათების რაოდენობა ცოტაა. იმისთვის, რომ უკმაყოფილონი არ ყოფილიყვნენ, ნაწილობრივ საგნობრივ სწავლებაზე გადავედით. ახლა თითოეულ ამ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვა არა 14, არამედ 17, 18, 20 და 22 საათი აქვს. ჩვენი სკოლა დიდია და ამის შესაძლებლობა გვქონდა. არც ერთი ჩემი მასწავლებელი არაა უკმაყოფილო, რადგან ამას თავი კარგად გავართვით.
- თქვენს თავზეც მოგვიყევით, რამდენი ხანია, რაც სკოლას ხელმძღვანელობთ, რომელ საგანს ასწავლით?
- 21 წლის ვიყავი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველად სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად რომ მივედი. 15 წელზე მეტია, დირექტორი ვარ, ამ პოზიციაზე ორ სხვადასხვა სკოლაში ვიმუშავე. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი ვარ, გაკვეთილებს ყოველთვის ვატარებ, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია მათემატიკის მასწავლებლობაა. ყოველ წელს, სხვადასხვა ორ-ორ კლასს ვასწავლი. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა, ყველას ვიცნობდე. ამის დამსახურებაა, რომ სკოლაში მოსწავლეების დაახლოებით, 60%-ს სახელით ვესალმები. რთულია, კლასების გამოცვლა, მოსწავლეებთან ურთიერთობის თავიდან აწყობა, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც დირექტორისთვის ეს კომფორტია. სულ 1350 მოსწავლე გვყავს.
- და ბოლოს, შეგიძლიათ გვითხრათ, რა გასწავლათ მოსწავლეებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ?
- მოსწავლეებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მთავარი, რაც წლების განმავლობაში ვისწავლე, არის ის, რომ მოსწავლე აუცილებლად უნდა გენდობოდეს. თუ ასე არ არის, ის შენგან ვერაფერს ისწავლის. ყველა მასწავლებელმა მათთან ურთიერთობის პირველი პერიოდი ნდობის მოპოვებაში უნდა დახარჯოს.
მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, სკოლის დირექტორობა დიდი ხნით ადრე დავგეგმე. მინდოდა, ჩემი „საკუთარი სკოლა“ გამეკეთებინა და ამას მივაღწიე. თავისთავად, ეს სკოლა საჯაროა და გაჩნდება კითხვა - ჩემი საკუთარი როგორაა? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სკოლაა, მაქსიმალურად მაღალი სასკოლო კულტურაა ჩამოყალიბებული. 100 მასწავლებელი მუშაობს, ასივეს დილის გათენება და ამ შენობაში შემოსვლა უხარია. მოსწავლეებსაც ძალიან უყვართ აქაურობა, ამ ადგილს ადვილად არავინ ტოვებს. ვფიქრობ, რომ თემში და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა. მინდა, რომ ასე გავაგრძელოთ და ყოველთვის წარმატებულები ვიყოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია