სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციით არ უნდა განისაზღვრებოდეს პედაგოგის პროფესიონალიზმი“ - ნელი ლიქოკელი, რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი
31-03-2023
-
+


არაერთი წელია ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და etaloni.ge-სთან საუბრისას, ამაყობს - სკოლაში უსაფრთხო და პოზიტიური გარემო რომ აქვს.

ნელი ლიქოკელი, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია იმ სკოლის ხელმძღვანელებს შორის, რომელიც ჯერ სკოლის დირექტორად დაინიშნა და შემდეგ ეზიარა მასწავლებლობას - დღეს სკოლის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლებას ასწავლის ბავშვებს.

რის შეცვლას ისურვებდა განათლების სისტემაში? რა მოლოდინი აქვს ახალი მინისტრისგან? როგორ ახერხებს, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ჰქონდეთ ყველა საგანმანათლებლო სიახლის მიმღებლობა? – etaloni.ge-ს კითხვებს, რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი და საკუთარი მოსწავლეების მთავარი უფლებადამცველი - ნელი ლიქოკელი პასუხობს.

- ქალბატონო ნელი, გიორგი ამილახვარი ახლახან დანიშნა განათლების მინისტრად და ამიტომ პირველ რიგში გკითხავთ, რა მოლოდინი გაქვთ? ან რის შეცვლას ისურვებდით სისტემაში?

- დღეს ყველა სკოლის ერთობლივად რეაბილიტაცია ვერ ხდება; არადა სასწავლო პროცესის სრულფასოვნად მიმდინარეობისთვის, 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს სჭირდებათ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და სრულად რეაბილიტირებული შენობები, რათა სასწავლო პროცესი სათანადოდ წარიმართოს... აქედან გამომდინარე, ვისურვებდი და მოლოდინიც მაქვს, რომ ინფრასტრუქტურული საკითხები უფრო სწრაფად მოგვარდება, რადგან დისტანციურზე გადასვლა ხშირად უწევთ სკოლებს და ამის გამო, პროტესტი ყოველთვის აქვთ მშობლებს. ხომ გესმით, პანდემიურმა ორმა წელმა ისეთი გამოცდილება მოგვცა, არავის აქვს დისტანციური სწავლების სურვილი.

- საბოლოოდ ყველამ აღიარა, რომ დისტანციური სწავლება გამოწვევა იყო, ხომ ასეა?

- გამოწვევა ნამდვილად იყო, ორი წელი; თუმცა ეს იყო შესაძლებლობაც, რადგან სხვა შემთხვევაში ასე სწრაფად სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენება ვერ მოხერხდებოდა.

- სკოლების რეაბილიტაციაზე საუბრით დაიწყეთ ინტერვიუ... როგორც ჩანს თქვენთვის ეს მტკივნეული საკითხია.

- ჩვენი სკოლა არ არის რეაბილიტირებული, ახლა იგეგმება და ალბათ, ამ ზაფხულს მოგვიწევს გადაბარგება... ველით პროექტის განხილვას.

- მოსწავლეები და მშობლები მოთმინებით ეკიდებიან საკითხს, ქალბატონო ნელი?

- დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ასეა... პოზიტიურად ვართ განწყობილნი, გვაქვს მოლოდინი, რომ სწრაფად დასრულდება ეს პროცესი და მალე დავბრუნდებით უკეთეს გარემოში - იმ პირობებში, რომელიც საჭიროა სასწავლო პროცესისა და ჩვენი ბავშვებისთვის.

- ახლა სამინისტროში დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები მიმდინარეობს. იყავით გასული გამოცდაზე?

- არა, რადგან სერტიფიცირებული დირექტორი ვარ, ზოგადად კი მივესალმები დირექტორობის მსურველთა ტესტირებას. ბევრ სკოლას ჰყავდა მოვალეობის შემსრულებელი და უდავოდ, დროული იყო ამ გასაუბრებების ჩატარება.

- დირექტორების ახალი სტანდარტი მოგწონთ?

- ჩვენი სკოლა სრულადაა ჩართული რეფორმებში... ახლახან დავამთავრეთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პრეზენტაცია და მიმაჩნია, რომ  სკოლა ამ კუთხით წინ უნდა წავიდეს. ერთია ადამიანური რესურსი, პროფესიონალი კადრები, რასაც ეფუძნება სასწავლო პროცესის ხარისხი და მეორე - სასკოლო თემი, კომუნიკაცია, რაც დიდ როლს ასრულებს სკოლის განვითარებაში. პირადად ჩემთვის, მისაღებია დირექტორის ახალი სტანდარტიც და სქემის ცვლილებაც, რადგან მიმაჩნია, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით - საგნობრივი კომპეტენციით არ უნდა განისაზღვრებოდეს პედაგოგის პროფესიონალიზმი.

- ამას თქვენი სკოლის მაგალითზე ამბობთ?

- სკოლაც, მასწავლებლებიც მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ... მაგალითად, ჩვენი სკოლისთვის წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ მოვიპოვეთ თანხმობა - გავხდეთ გაძლიერებული გერმანული ენის სკოლა.

2022-2023 სასწავლო წელს დავიწყეთ გერმანულის, მეორე უცხოური ენის გაძლიერებული სწავლება, ვცდილობთ ჩავერთოთ სხვადასხვა პროექტში და ამ მიმართულებით უფრო მეტ სიახლესა თუ მეთოდს დავნერგავთ, სტატუსისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გვაქვს, სამინისტროში წარვადგენთ და სექტემბრიდან ახალი სტატუსით გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს.

- სიახლეები ახსენეთ, რაც 2022-2023 სასწავლო წელს სამინისტრომაც მრავლად შესთავაზა სკოლებს - პროექტებით სწავლება, ჭადრაკი პირველ კლასში, თავდაცვის გაკვეთილები... რამდენად აქვთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ზოგადად სიახლეების მიმღებლობა და რა უნდა გააკეთოს სკოლის ხელმძღვანელმა ინოვაციური მიდგომების წარმატებით დანერგვისთვის?

- ვფიქრობ, სკოლის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს უნარი, მიაწოდოს ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას და დაამყაროს სწორი კომუნიკაცია... სიახლეების მიმღებლობა მაშინ აქვთ, როდესაც უხსნი, რამდენად კარგია ესა თუ ის სიახლე, რას მოუტანს ზოგადად სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას, რამდენად კარგი იქნება პროფესიული წინსვლისთვის... თუ სწორად იქნებიან მშობლები ინფორმირებულნი, რამდენად პერსპექტიულია ეს მიდგომები მათი შვილებისთვის, სიახლეების დანერგვა გამარტივდება.

- როგორც ვხვდები, საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია გაქვთ არა მხოლოდ კოლეგებსა და მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან.

- ჩვენს სკოლაში 500 ბავშვია და ყველა მოსწავლის მშობელთან მაქვს პირადი შეხვედრები, ღია საუბრები... მინდა მათი მოლოდინის გაგება, გვაქვს ფოკუსჯგუფებთან  შეხვედრები... და როდესაც კომუნიკაცია არის ჯანსაღი, თანამშრომლობასა და თანასწორობაზე დამყარებული, არის ნდობაც!

- ნდობა თუ საგნის სიყვარული - რა უფრო მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში, ქალბატონო ნელი?

- ვფიქრობ, ორივე თანაბრად... სულ ვამბობ - ბავშვი ჯერ უნდა გიყვარდეს, რათა შემდეგ კარგად ასწავლო! პროფესიონალიზმი მხოლოდ საგნის ცოდნა ხომ არ არის? ვალდებულება - იყოს საგნის ექსპერტი - პედაგოგს ისედაც აქვს, მაგრამ მხოლოდ მოსწავლისადმი დიდი სიყვარულის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სწავლის ხარისხზე.

- და რა უნარები უნდა გამოუმუშაოს სკოლამ მოსწავლეებს, რომ ვთქვათ - 12 წელს ფუჭად არ ჩაუვლია?

- მთავარია, ჩვენგან წაღებული ცოდნა სწორად გამოიყენონ ცხოვრებაში, რა მიმართულებითაც უნდა წავიდნენ... ისინი ღირსეული ადამიანები უნდა იყვნენ! იცით, ჩვენს სკოლაში ბევრი სპორტსმენი, ასევე სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე სწავლობს, რაც ძალიან გვეამაყება...

- მათი ხელშეწყობა სკოლის მოვალეობაა?

- მაქსიმალურად ვცდილობთ, მივცეთ მეტი მოტივაცია... მაგალითად, მასწავლებელმა ერთ-ერთ პირველკლასელს შეატყო, რომ ხელოვნების გაკვეთილზე საოცარ ნახატებს ქმნიდა და ჩვენ გამოფენა მოვუწყვეთ... ნიჭს მოტივაცია სჭირდება.

- ასეთ დროს, ხომ შეიძლება სხვა მოსწავლეებს გული დასწყდეთ?

- თუ ბავშვების ინტერესებს, შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ და ამის მიხედვით ვაღიარებთ, დემოტივაცია აღარ მოხდება.

- ისე, როგორი დირექტორი ჰყავს რუსთავის N17 საჯარო სკოლას?

- მკაცრი არ ითქმის ჩემზე... მთავარია, ბავშვს შევუქმნა კომფორტული, უსაფრთხო გარემო... თუმცა მომთხოვნიც ვარ. პარალელურად, ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და ჩემთვის მთავარი საზრუნავია ისეთი ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც  საზოგადოებაში დაიმკვიდრებენ ღირსეულ ადგილს და ორიენტირებულნი იქნებიან იმაზე, რომ თავისი ცოდნა თავის ქვეყანას მოახმარონ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი მარტვილის მუნიციპალიტეტით დაიწყო
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება
გაზაფხულის სეზონის გუნდური ჩემპიონატი სტარტს 10 აპრილიდან აიღებს
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
მინისტრმა დირექტორების ახალი სტანდარტი დაამტკიცა - ბრძანება სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯებს ეხება
როგორ და სად უნდა ნახოთ ტესტის ქულა - ინსტრუქცია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელის შედეგებითა და მიღწევებით ამაყობს
„ვფიქრობთ, ეს შთამბეჭდავი გაკვეთილი კარგად ჩარჩება მეხსიერებაში V კლასის ყველა მოსწავლეს და გაკვეთილზე დამსწრეებს“
პედაგოგის წარმატებაზე სკოლის დირექტორი ვერა ბენიძეც დიდი სიამაყით საუბრობს და უხარია, რომ პედაგოგი შორენა ქავზინაძე მისი გუნდის ღირსეული წევრია
პირველკლასელებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად გააჟღერეს და დღე მეტად ემოციური გახადეს
გაკვეთილზე შექმნილმა მხიარულმა ატმოსფერომ და შთამბეჭდავმა აქტივობებმა, მომავალი გამოფენის მოლოდინი დაუტოვა ბავშვებს
საინტერესო
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება
მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა იფიქრონ იმაზე, თუ რა სტრატეგიები აქვთ უკვე დანერგილი, რომლები მუშაობს კარგად და რომლები საჭიროებს განმტკიცებას
სიახლეები
საზოგადოება