ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძემ ესსეების კონკურსში გაიმარჯვა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლით და ამ წარმატებას ულოცავს. 

მარიამ ბერაძის ესსეს უცვლელად გთავაზობთ:

„მე ვარ ქართველი. დავიბადე და ვცხოვრობ დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც ევროპის ნაწილია. ამავდროულად, ჩემი სამშობლოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც გასულ საუკუნეებში საგარეო კურსის არჩევის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ გზა, რომელიც მშვიდობას და განვითარებას მოგვიტანს. არჩევანი ერთადერთია – დასავლეთი.

მე ვფიქრობ, დასავლეთი არის თითოეული ჩვენგანისთვის სასურველი ადგილი. ჩემი სურვილია დასავლური ღირებულებებისა და შესაძლებლობების მქონე საქართველოში ცხოვრება. საქართველოს მომავალი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებშია. სწორედ დასავლეთთან მჭიდრო კავშირითაა შესაძლებელი ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნება, რომლის მოპოვებაც საქართველოსთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

ჩვენი მტრისაგან პირველი დამოუკიდებლობა 1918 წელს მოვიპოვეთ, რომლის ხანგრძლივობა, სამწუხაროდ, მხოლოდ სამი წელი აღმოჩნდა. დაკარგული დამოუკიდებლობის მიუხედავად, მტერმა ქართველ ერში თავისუფლების სურვილი ვერ ჩაკლა.

მეორედ მოპოვებული დამოუკიდებლობა სამუდამოა და მტერი მის წართმევას ვერ მოახერხებს. მიუხედავად მოპოვებული თავისუფლებისა, საქართველო ისევ დგას გზაგასაყარზე: დასავლეთი თუ რუსეთი? მეგობარი თუ მტერი? ცივილიზებული სამყარო თუ მძიმე და მტკივნეული წარსული?

საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის შედეგი ისაა, რომ დღესაც ძალიან დიდი მანძილი გვაშორებს იმ განვითარებულ სამყაროსთან, რომელსაც დასავლეთი ჰქვია. არსებული მანძილი გადაულახავი არაა, მით უფრო, თუ მთელი ძალით შევეცდებით დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას.

საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა იქნება ის შედეგი, რასაც დასავლური გზა მოგვიტანს. საქართველოს სუვერენიტეტი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ნათელ მომავალთან. მთელი ერი ვალდებულნი ვართ, შევთანხმდეთ დასავლურ გზაზე და შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც უშუალოდ გვაქცევს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ, რომელიც მსოფლიოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი იქნება.

დასავლური გზით საქართველო აუცილებლად შეძლებს გამარჯვებას და გამთლიანებას, დაამარცხებს ოკუპანტს და მისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. საქართველო ვერ ითანამშრომლებს ქვეყანასთან, რომლისგანაც ღალატის და მტრობის მეტი არაფერი უნახავს. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა. საგარეო კურსის სწორი მიმართულება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს; მომავალს, რომელიც მე მჯერა, რომ ჩვენია“,- წერს მარიამ ბერაძე.