სიახლეები
სამასწავლებლო

„ყველაზე საშინელი უბავშვო სკოლაა“ - დირექტორები 4 ოქტომბერს სკოლების გახსნას ეხმაურებიან
01-10-2021
-
+


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში დასწრებითი სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდება. ინფიცირებულ პირთა მაღალი რაოდენობის ფონზე მოსწონთ თუ არა სკოლების გახსნის გადაწყვეტილება სასკოლო საზოგადოებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ლალი კარკაძე, ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ სკოლები უნდა გაიხსნას, რადგან პედაგოგებისთვისაც და ბავშვებისთვისაც ონლაინ გაკვეთილები რთულია. შექმნილი მდგომარეობა ცოტა გვაღელვებს, ჩემთან მაგალითად, თანამშრომელთა 80% ნამდვილად არ არის აცრილი. სიმართლე გითხრათ მეშინია, რადგან ჩემი სკოლა სპეცსკოლაა და ბავშვები პანსიონში ცხოვრობენ, ამიტომ არის ეს შიში, რომ შესაძლოა ვირუსი გავრცელდეს. ბავშვებთან და მშობლებთან მაქვს კონტაქტი და ყველას სურვილია სწავლა კონტაქტურად დავიწყოთ, მაგრამ საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. კიდევ განვმეორდები, რომ სპეცსკოლა ვართ და ჩვენ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლა კონტაქტურ რეჟიმში მიმდინარეობდეს. თუკი შევძლებთ, რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით სწავლას, ეს იქნება ძალიან კარგი. გვაქვს ინფორმაცია, რომ თანამშრომლების გატესტვა ყოველ მეხუთე დღეს აქვე, ადგილზე მოხდება და ეს უფრო გვაიმედებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს სკოლებს და მინდა ყველას ვთხოვო, რომ აუცილებლად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

პაატა ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ ჩვენს რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის სკოლაში განახლება სავსებით შესაძლებელია. მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესობას სკოლაში სასწავლო პროცესის განახლების სურვილი აქვთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც იქნება, თუმცა უმეტესობა 4 ოქტომბერს ელოდება. ჩემს სკოლაში, მაგალითად ერთმა მეათე კლასის მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურად გაეგრძელებინა და სხვა ანალოგიური შემთხვევა ჯერჯერობით არ გვქონია. პედაგოგებს ყველას სურს, სკოლაში სწავლის განახლება. ჯერ ასეა და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

ლილი გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის დირექტორი:

4 ოქტომბერს სკოლებში სწავლის განახლების გადაწყვეტილება, მე პირადად, ძალიან მომწონს, რადგან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს უჭირთ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე სრულფასოვნად ჩაერთონ დისტანციური სწავლების ფორმატში. მშობლებიც, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც მოუთმენლად ველით საკლასო ოთახებში დაბრუნებას. ყველანაირი რეგულაცია დაცულია ჩვენს სკოლაში და ყველას ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით ერთმანეთს.

კობა ბარდაველიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. ჩვენ მაგალითად მშობლებს და ბავშვებს დავეკითხეთ, თუ როგორ ერჩიათ სწავლის გაგრძელება და ყველამ სკოლაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. პედაგოგების ერთობლივი სურვილიც არის, რომ მუშაობა საკლასო ოთახებში განაგრძონ.

თამარ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

დისტანციური სწავლა სრულყოფილ სწავლებად არ მიმაჩნია, აქედან გამომდინარე ვეთანხმები, რომ 4 ოქტომბერს სწავლა სკოლებში უნდა გაგრძელდეს. ონლაინ რეჟიმი იმ ყველაფრის მიმცემი არ არის, რაც ბავშვმა სკოლაში უნდა მიიღოს. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ თერთმეტი მოსწავლე მყავს და სკოლაში დაბრუნების წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა; დისტანციის დაცვის პრობლემა ნამდვილად არ გვექნება და არც სხვა რეგულაციების დაცვა გაგვიჭირდება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენნაირი პატარა სკოლები მაინც უნდა გაიხსნას. ჩვენი სკოლა მზად არის მოსწავლეებთან შესახვედრად, რადგან ყველა პედაგოგი აცრილი და ჯანმრთელია.

თენგიზ მეხეშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემთვის რომ ეკითხათ, სკოლები 15 სექტემბერსვე უნდა გახსნილიყო. ჩემი პედაგოგების და მშობლების ნაწილსაც უკვე გამოვუცხადე მე პირადად, რომ სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. სკოლის პერსონალის 90%-ზე მეტი აცრილია და მშობლებიც სხვათაშორის ამ პროცესში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები.

ლალი კირჩხელი, ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები, პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის სჯობს, რომ სკოლები გაიხსნას. ვიმედოვნებთ, რეგულაციების სრული დაცვით კარგ შედეგს მივიღებთ. მშობლები და მოსწავლეები დაინტერესებულები არიან, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩატარდეს, რადგან ბავშვების ნაწილს კომპიუტერთან, ინტერნეტთან წვდომა უჭირს. ზოგჯერ არც შუქი არ არის და ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ოჯახში რამდენიმე მოსწავლეა. პედაგოგების 90% აცრილია და ყველა მზად არის საიმისოდ, რომ სასკოლო სივრცეს დაუბრუნდნენ.

მარინე ჯანჯღავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ნაკლებად აქვთ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ამიტომ პროცესში სრულყოფილად ჩართვა უჭირთ; რა თქმა უნდა, კლასში სწავლა უკეთესია და მშობლებიც ძალიან გახარებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს სწავლა სკოლებში განახლდება. მასწავლებლებიც გავიტესტეთ და ყველა გახარებული ვართ, რომ საკლასო ოთახებს დავუბრუნდებით.

მზია ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვეთანხმები, რადგან ჩვენს სკოლაში ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ბავშვები უსაფრთხო გარემოში იყვნენ. მშობლებსაც და პედაგოგებსაც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ 4 ოქტომბერს სკოლები გაიხსნება.

სერგეი სერიხი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მართალია, ონლაინ რეჟიმს პირდაპირი სწავლება სჯობს, თუმცა სიტუაცია ჯერ მაინც არ არის დარეგულირებული; აქედან გამომდინარე, ჯობდა სკოლები ცოტა მოგვიანებით გახსნილიყო, მაგრამ რას ვიზამთ. ცოდოები პირველკლასელები არიან, რადგან დიდი ხანია სკოლის დაწყებას ელოდებიან. ბავშვებისთვის ონლაინ სწავლება ძალიან ძნელია. მშობლებსაც უხარიათ სკოლის გახსნა და ყველა მოუთმენლად ელოდება საკლასო სივრცეში დაბრუნებას. რა თქმა უნდა პედაგოგებსაც სწავლის სკოლაში გაგრძელება ურჩევნიათ, რადგან დისტანციურ რეჟიმის დროს ძალიან წვალობენ.

დავით ხუროშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მხრივ მომწონს, რომ პირადაპირ გეტყვით, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ონლაინ სწავლების დროს დაიტანჯნენ; ამიტომ, სურვილი იმისა რომ სკოლები გახსნილიყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. მე პირადად, კონტაქტური სწავლება მირჩევია და მშობლებისგანაც ვფლობ ინფორმაციას, რომ ისინიც ზუსტად იგივე განწყობითა და შეხედულებებით არიან.

მერაბ დარჯანია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მოხარული ვარ, რომ 4 ოქტომბერს სკოლები გაიხსნება და სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დავიწყებთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მთელი პერსონალი აცრილია და ენთუზიაზმით ველოდებით 4 ოქტომბერს. ყველანაირი რეგულაცია, რეკომენდაციები დაცული გვაქვს იმისთვის, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ ისწავლონ. ჩვენი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ონლაინ სწავლებისას დიდ პრობლემებს ვაწყდებით, რადგან სოფელში ინტერნეტის პრობლემაა და აქედან გამომდინარე ბავშვების ჩართულობა ნაკლებია; როგორც მშობლებს, ისე პედაგოგებს, გვირჩევია მოსწავლეებს საკლასო ოთახებში შევხვდეთ. ყველა პედაგოგი მზად არის სკოლაში დასაბრუნებლად. არ მყავს ისეთი მასწავლებელი, ვისაც დავუშვათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდეს და ამის გამო დისტანციური სწავლება ერჩიოს. იგივე დამოკიდებულებაა მშობლებშიც, ყველას უნდა შვილები სკოლაში გამოუშვან. თუ ვინმეს ენდომება სწავლის დისტანციურად გაგრძელება ჩვენი სკოლა ამისთვისაც მზად არის.

რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები, რადგან ონლაინ სწავლება არის მომავალი თაობის დაღუპვა. სკოლაში დაბრუნებით ბავშვებიც ძალიან გახარებულები არიან. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, პედაგოგების 60% აცრილია და მასწავლებლებშიც იგივე განწყობაა, ყველას სურს სკოლაში დაბრუნება. მშობლებიდანაც არავის დაუფიქსირებია დისტანციურად სწავლების სურვილი. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ რომ სწავლა სკოლაში გაგრძელდეს.

მაკა ჯინჭარაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

4 ოქტომბერს სკოლების გახსნის გადაწყვეტილება მომავალი თაობის განათლების კუთხით ნამდვილად მისასალმებელია. მცირეკონტიგენტიანი სკოლის ხელმძღვანელი გახლავართ, მშობლების უმრავლესობასთან მჭიდრო კონტაქტი მაქვს და სწორედ აქედან ვფლობ ინფორმაციას, რომ სკოლების გახსნა მათაც ძალიან სურთ. ჩვენს რეგიონში ვირუსის გავრცელების მხრივ მშვიდი სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, დისტანციური სწავლების გაგრძელების აუცილებლობა არ არის.

სოფიკო ავალიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს გადაწყვეტილება ძალიან მომწონს. სკოლებში ყველაფერი მზად არის სწავლის დასაწყებად, ყველა რეგულაციას ვიცავთ. პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების სრული 100 % ვისთანაც მქონია ურთიერთობა, სკოლებში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

ნონა კვარცხელია, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაზე საშინელი უბავშვო სკოლაა. ჩვენს ბავშვებს ძალიან ბევრი რამ დააკლდათ; ონლაინ სწავლება საკლასო სივრცეს ვერ შეცვლის. სასკოლო საზოგადოებისთვის დისტანციური რეჟიმი ძალიან დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენმა პედაგოგებმა ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვეს. მისასალმებელია, რომ 4 ოქტომბერს სწავლას საკლასო ოთახებში დავიწყებთ რა თქმა უნდა რეკომენდაციების სრული დაცვით, ისე რომ არავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ მიადგება. ყველას განწყობა ერთიანია, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცალსახად იწონებენ. მშობლებთან და მაქვს ბავშვებთან კომუნიკაცია მაქვს და ყველას ერთი კითხვა აქვს, - როდის დაიწყება სკოლა? ასე რომ, ბავშვები 4 ოქტომბერს ელოდებიან. ყველას სურვილია, რომ სწავლა სკოლაში დაიწყოს.

მარიამ ნაცვლიშვილი, თელავის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მომწონს, რადგან მიმაჩნია სწავლის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება. არიან ისეთი მშობლები ვინც უპირატესობას დისტანციურ სწავლებას ანიჭებენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა უმეტესობას დასწრებითი ფორმატი ურჩევია. ამ წუთის მდგომარეობით ერთი მოსწავლეა, რომელმაც ონლაინ სწავლება აირჩია, მაგრამ არ გამოვრიცხავ მსგავსი სურვილი სხვებსაც ჰქონდეთ. ჩემს პედაგოგებს რაც შეეხება, უმეტესობა აცრილია და ყველას ერთი სული აქვს სწავლა საკლასო ოთახებში როდის დაიწყება.

მაყვალა სოსელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი:

მომწონს, როდესაც ბავშვები სკოლაში დადიან, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას ვემხრობი. ყველა მშობელს, ვისთანაც შეხება მაქვს სურთ, რომ მათი შვილები სკოლაში დადიოდნენ. მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები დასვენება ჰგონიათ და დისტანციურ რეჟიმში სწავლა შედეგის მომტანი არ არის. პედაგოგების სურვილიც არის სწავლა სკოლებში რომ განახლდეს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება