სიახლეები
სამასწავლებლო

იქნება თუ არა შაბათი სასწავლო დღე და გაიხსნება თუ არა სკოლებში ბუფეტები? - დირექტორების კომენტარები
28-08-2020
-
+


etaloni.ge-ზე განთავსებულ მასალას დამლაგებლების არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას - რა საფრთხეებს ხედავენ სკოლის დირექტორები ახალ რეკომენდაციებში? დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამავე თემაზე მოსაზრებები სხვა სკოლის დირექტორებმაც გაგვიზიარეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად სასწავლო პროცესის დასაწყებად რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების ვრცელმა ჩამონათვალმა სკოლის დირექტორებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. მათ 15 სექტემბრამდე მოუწევთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი სასწავლო მოდელი შეიმუშაონ. დირექტორების ნაწილი წუხს, რომ სკოლაში დამლაგებელთა საკმარისი რაოდენობა არაა, რომ რეკომენდაციების შესაბამისად, დასვენებებსა და ცვლებს შორის სანიტარულ-ჰიგიენური წესები ზედმიწევნით დაიცვან. ასევე პრობლემაა ბუფეტების/სასადილოების გახსნაც, რადგან მოსწავლეთა დისტანციის დაცვა რთული იქნება. ამ და სხვა გამოწვევებზე დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ:

თბილისის
N117 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მეტონიძე:

„ჯერ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, თუმცა შევეცდებით ცოტა ადრე დავიწყოთ სწავლა. ვიწყებდით 9 საათზე, ახლა დავიწყებთ 9-ის ნახევარზე. ალბათ ავირჩევთ ნახევარსაათიან გაკვეთილებს, უფრო ხელსაყრელი ეს იქნება. რადგან ორ კორპუსშია განთავსებული ჩვენი სკოლა, დაწყებითი კლასების კორპუსი გათავისუფლდება 5 გაკვეთილის შემდეგ და ფაქტობრივად, ერთი საათი გვექნება შუალედი დეზინფექციისთვის, რომ მომზადებულები შევხვდეთ მეორე ცვლას. ძირითადად, მინდა დისტანციური სწავლება ნაკლებად გამოვიყენო. მშობლების სურვილიც ასეთია, შემდეგ ეპიდვითარებიდან გამომდინარე რაც იქნება, იმას გავითვალისწინებთ. თუ გამწვავდება მდგომარეობა, ნამდვილად მოგვიწევს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. I-IV კლასები, რა თქმა უნდა, ყოველდღე ივლიან სკოლაში, შეიძლება შერეული სასწავლო პროცესიც გავაკეთოთ.

1600 მოსწავლეზე მეტი გვყავს და ვფიქრობ, შაბათი დღის გარეშეც გავუმკლავდებით, მაგრამ თუ გამოსავალი არ იქნება, შეიძლება შაბათიც გამოვიყენოთ. შაბათის გამოყენებას კიდევ სხვანაირად გააზრება უნდა, იმიტომ რომ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. სკოლას 3 შესასვლელი აქვს და დილით მობილიზებული იქნება ყველაფერი, რომ კლასები გადანაწილდეს, ვინ რომელი შემოსასვლელიდან შემოვა. თერმოსკრინინგიც შესაბამისად ჩატარდება, ცალკე ოთახებია კიდევ გამოსაყოფი სიცხიანი ბავშვებისთვის.

მე მაინც შერეული სწავლება ნაკლებად მხიბლავს და მშობლების თხოვნასაც გავითვალისწინებთ. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, ჯერ არ ვიცი მანდატურების პოზიცია. დირექცია, ადმინისრტაცია გადავნაწილდებით და ყველა ვიქნებით მობილიზებული. 2 ექიმი გვყავს ორივე დაგვეხმარება. თერმოსკრინინგი ჩვენთვის უცხო არ არის, ჩვენს სკოლაში ეროვნული გამოცდები ტარდება, გავლილი გვაქვს ეს პრაქტიკა. დეზინფექციაც ნახევარ საათში თავისუფლად ესწრება. 6 დამლაგებელი გვყავს, გაუჭირდებათ დამლაგებლებს, მაგრამ მეტი გამოსავალი არ არის“.

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე:

„ჩვენ, სავარაუდოდ, შერეული სასწავლო პროცესი გვექნება. მაგალითად, 3 დღე რომ ვისწავლოთ და 2 დღე ონლაინ რეჟიმში იყოს. შესაძლებელია, რომ მოგვიწიოს შაბათი დღის დამატებაც. გვქონია შემთხვევა, რომ შაბათი დღე გამოგვიყენებია სასწავლო პროცესისთვის. ჯერ კიდევ გადასაწყვეტი გვაქვს ეს საკითხი, საჭირო იქნება თუ არა ამჯერად შაბათი დღის დამატება.

რაც შეეხება ჰიგიენურ მოთხოვნებს, ჩვენ ყველა სართულზე გვყავს დამლაგებლები, ჩვენი სკოლა ისედაც ორცვლიანი იყო. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შუალედი, ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს, რომ მოვაწესრიგოთ კლასები. გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია და ვნახოთ, როგორ გავართმევთ თავს“.

თბილისის N70 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე:

„ახალ სასწავლო წელს მომზადებულები ვხვდებით. ახალი რეკომენდაციები სამინისტრომ სკოლებთან შეთანხმებით მიიღო. ჩვენც ვიყავით ჩართული. რამდენიმე ვარიანტიდან შეირჩა ის სავალდებულო შესასრულებელი რეკომენდაციები. ჩვენ ორცვლიან სწავლაზე ვიყავით, მაგრამ ახლა ალბათ შეჭრილი ცვლაც დაგვემატება. სამცვლიანი სწავლება ჩამოყალიბდება ჩვენთან.

დამლაგებლებთან დაკავშირებით პრობლემა ყველა სკოლას შეექმნება. ჩვენთან ისედაც ყოველთვის ხდებოდა სველი წესით დამუშავება და მგონი ეს სირთულეს არ წარმოადგენს. ცვლებს შორის ერთსაათიანი შესვენება საკმარისი იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დასაცავად.

რაც შეეხება შაბათს სწავლებას, არ მგონია დაგვჭირდეს. გასულ წლებში გვქონია შემთხვევა, როდესაც შაბათ დღესაც გვქონდა სასწავლო დღე, მაგრამ შაბათს მოსწავლეთა დასწრება არ არის სრულყოფილი“.

ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე:

„ჯერჯერობით ჩვენ ცვლილებას დაველოდებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში. შემდეგ დაკონკრეტდება დეტალები, გაკვეთილი რამდენ წუთიანი შეიძლება იყოს, შეფასება როგორ იქნება. საათობრივი დატვირთვა როგორი იქნება და ა.შ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და საბოლოო ვარიანტს მას შემდეგ მივიღებთ, როცა იქნება ესგ-ში ცვლილება შეტანილი. დაწყებით კლასებს დისტანციურ გაკვეთილებს არ ჩავუტარებთ, ზედა კლასებს კი მოუწევთ შერეული მოდელი.

შეიძლება გამოვიყენოთ შაბათი დღეც და ამით განვტვირთოთ. ჩვენ რამდენიმე წელი ისედაც გვქონდა სასწავლო პროცესი შაბათობით, რომ შენობა განგვეტვირთა

რეკომენდაციებთან დაკავშირებით ყველა სკოლა სხვადასხვა გამოწვევის წინაშეა, ყველას ერთი პრობლემა არ აქვს. ჩვენ ვართ „მილენიუმით“ გარემონტებული სკოლა და შესაბამისად, უკეთესად არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი. რამდენიმე იზოლირებული შემოსასვლელი გვაქვს შენობაში და რასაც ვგეგმავთ, რომ შენობაში ნახევარი რაოდენობა იყოს ბავშვების და არა სრულად, ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება როდესაც „მილენიუმის“ რემონტის დროს შეხიზნული ვიყავით სხვა სკოლაში. ორ სხვადასხვა სკოლაში გვყავდა 1700 ბავშვი და მაშინ მივიღეთ ეს გამოცდილება.

ჩვენი გამოწვევაა ის, რომ ძალიან ბევრნი ვართ, ყველა კლასი არის 30 ან 29 ბავშვიანი. მოდელი, რომელსაც ავირჩევთ, აიტანს ამ რეკომენდაციებს. ეზოებშიც გვაქვს 3 საკლასო ოთახი მოწყობილი. იმასაც სეზონის და ამინდის შესაბამისად გამოვიყენებთ. იქ არის სკამები, დაფა, ყველაფერი რაც საგაკვეთილო პროცესს სჭირდება. რთულია, მაგრამ შესაძლებელია ამ რეკომენდაციების დაცვა, ჩვენ გვაქვს დიდი საკლასო ოთახები არასტანდარტული, რომლის გამოყენებასაც ვგეგმავთ, თუმცა ყველა სკოლას აქვს თუ არა ეს შესაძლებლობა, ეს მათ უკეთ იციან“.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე:

„ვფიქრობთ, შერეულ მოდელს ავირჩევთ. შაბათ დღეს სწავლა არ გადაგვიწყვეტია, თუმცა ყველა ვარიანტს განვიხილავთ. თუ არ გვეყოფა დღეები და საათების რაოდენობას ვერ ჩავსვამთ, ალბათ, დავიმატებთ შაბათ დღესაც. ჩვენი სკოლა მაინც ორ ცვლაში მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ჯერჯერობით დრო გვაქვს, იმ კვირის ბოლოს კი ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება.

გვყავს 35 ბავშვიაანი კლასები, ერთმეტრიანი დაშორებით 28 ბავშვზე მეტი ვერ ჯდება და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. 30-წუთიანი გაკვეთილები, ორი ცვლა... როდესაც ცხრილი დასრულდება ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ჰიგიენას, 5 დამლაგებელი ჰყავს სკოლას, 1 მეეზოვე, 1 მუშა, რომელიც დაგვეხმარება და თუ ვერ გაუმკლავდებიან, შესაძლებელია ვაკანსია გამოვაცხადოთ. ორ ცვლას შორის კაბინეტები უნდა დალაგდეს ისე, რომ ბავშვები უსაფრთხო გარემოში შევიდნენ.

შარშან ორცვლიან სწავლებას ჩვენი დამლაგებლები ძალიან კარგად უმკლავდებოდნენ. ჩვენი სკოლა „მილენიუმით“ გარემონტებულია. ამაზეც ვმსჯელობთ, რამდენად შეძლებენ დამლაგებლები ყველაფრის გაკეთებას. ვფიქრობ, არ გაუჭირდებათ. მე არ მიმაჩნია სირცხვილად თუ ჩემი მოსწავლეების საკლასო ოთახების დალაგებაში მივიღებ მონაწილეობას, ვფიქრობ მასწავლებლები უფრო დავეხმარებით დამლაგებლებს, ვიდრე მშობლები, მათ ვერ დავავალდებულებთ. ჩემი ახალგაზრდა მასწავლებლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, თუ სკოლას რაიმე დასჭირდება, გვერდში დაგვიდგებიან“.

რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი:

„ჩვენ ორცვლიანი სკოლა ვართ, ორ ცვლაშივე გავაგრძელებთ სწავლებას და განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით ზედა კლასებს დისტანციურ სწავლებაზე (როგორც გვაქვს დღეები მოწოდებული) გადავიყვანთ. შაბათსაც დავიხმართ. ჩვენი საკლასო ოთახები საკმაოდ დიდია. გადავზომეთ უკვე კვადრატულობა და 29 ბავშვი ეტევა თუკი მოსწავლეებს შორის ერთმეტრიან დისტანციას დავიცავთ.

დამრიგებლებს არ ვუმატებთ სიცხის გაზომვის ფუნქციას, ამას დარაჯი და ადმინისტრაცია გადავინაწილებთ. ბავშვები ხუთივე შემოსასვლელი კარით ისარგებლებენ, რომ არ მოხდეს რიგში დგომა.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თუმცა თუ საჭირო იქნება შეიძლება დავიმატოთ დამლაგებელი. მშობლებს და მასწავლებლებს არ ჩავრთავთ ამ პროცესში“. 

მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა:

„ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ. საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ, თუმცა განვიხილავთ ჰიბრიდულ რეჟიმს.

ვფიქრობთ, რომ მორიგეობის რეჟიმი შევიმუშაოთ და დამლაგებლებს მივეხმაროთ. საბაზო და საშუალო საფეხურზე მშობლებთან გავიარეთ კონსულტაცია. ალბათ, ყველა მოსწავლე ეცდება, რომ როგორც კი დამთავრდება საგაკვეთილო დრო, თავისი ადგილი დაალაგოს მაშინვე დამრიგებელთან ერთად, დამრიგებლები კი ყველას მხარში ამოუდგებიან, იმიტომ რომ შეუძლებელია გაუძლონ დამლაგებლებმა ასეთ დატვირთვას. ასევე ადმინისტრაციის ყველა წევრი დავეხმარებით. ალბათ, გავართმევთ თავს, ვფიქრობთ, გაკვეთილის დროის შემცირებასაც, ნახევარსაათიან გაკვეთილებს განვიხილავთ. ეს თავისთავად ცვლებს შორის დროს გაზრდის და დროს გაზრდის ასევე დალაგებისთვის. ჩვენ მარნეულში წყლის პრობლემა გვქონდა და ავზებს ვარეგულირებდით, გავაგრძელებთ იმავე რეჟიმში, რომ როდესაც წყალი არ იქნება, არ დავრჩეთ წყლის გარეშე.

დეზინფექციას რაც შეეხება, ჩვენს სკოლას კარგი ბიუჯეტი აქვს და შეძენილი გვაქვს ყველაფერი.

ყველაზე მეტად რაც გაუჭირდება ჩვენს სკოლას, ეს იქნება ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. იმიტომ რომ მრავალრიცხოვანი სკოლაა, შენობა პატარაა, ოთახები პატარაა და ახლა ამაზე ვართ ჩაფიქრებულები.

54 კლასი გვყავს, ყველა კლასში ბავშვების სხვადასხვა რაოდენობაა, ზოგან 9 ბავშვია, ზოგან კი 29-ზე მეტი.

ვფიქრობთ, ჰიბრიდულ მოდელს გამოვიყენებთ და გავყოფთ კლასებს.

თუნდაც კლასი გავყოთ, მაინც გამოიწვევს ეს საკლასო გაკვეთილების ცვლილებას, ჯგუფური მუშაობის დროს ბავშვებს პირბადის გაკეთება მოუწევთ. მიუხედავად რეკომენდაციების დაცვისა, ვფიქრობ, რომ სადაც დიდი რაოდენობითაა ბავშვები, იმ სკოლებში დისტანციის დაცვა გაჭირდება. როგორც დირექტორი, ძალიან ვღელავ.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, მანდატურთა სამსახური, ალბათ, ამ ფუნქციას შეითავსებს, თუ არა და ჩვენ შევიმუშავებთ მორიგეობის ცხრილს. ვფიქრობ, რომ მორიგეობით უნდა დავარეგულირო, გვყავს მოხალისე მშობლებიც, რომლებიც გამოთქვამენ აქტიური მხარდაჭერის სურვილს. დიდი იმედი მაქვს მშობელთა კონტიგენტისა, რომლებიც ამბობენ, რომ გვერდში დაუდგებიან სკოლას და დაეხმარებიან, თუმცა ვფიქრობ, თერმოსკრინინგი მაინც მანდატურთა სამსახურის დახმარებით უნდა განხორციელდეს. თუ ასე არ იქნება მოადგილეები მყავს, კლასის დამრიგებლები - ძლიერი გუნდი, ძალიან რთული იქნება, რომ 1300-მდე ბავშვს თერმოსკრინინგი დღეში ორჯერ გავატარო და გაკვეთილის დაწყებამდე მოვასწრო ეს.

ძალიან რთულად მეჩვენება 15 სექტემბერი, მაგრამ მგონია ორ კვირაში კიდევ უკეთესად გამოიკვეთება რა ეპიდსიტუაცია გვექნება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

ბევრი მაქვს ნაფიქრი, ერთობლივად ყველა რეკომენდაციას გავართმევთ თავს გარდა დისტანციისა. დერეფნები ვიწროა ჩვენს სკოლაში, ბავშვების რაოდენობა კი ბევრი.

ასევე ვფიქრობ, ვისაც აქვს ორი კორპუსი, შესაძლოა ამ ორ კორპუსს შორის გაუქმდეს შესასვლელი და ცალ-ცალკე შესასვლელიდან იმოძრაონ ორ კორპუსში განთავსებულმა მოსწავლეებმა. რომ ვთქვათ, რამე მოხდეს და ვირუსი დაფიქსირდეს ერთ კორპუსში, მეორე კორპუსი იზოლირებული იყოს.

ბუფეტებს რაც შეეხება 5-10 წუთიან დასვენებაზე კვება უნდა მოასწრონ და ზღვა რაოდენობის ბავშვი აწყდება, როგორ უნდა დავარეგულირო და დავიცვა დისტანცია? ძნელია მშიერ ბავშვებში დისტანციის დაცვა. ვიფიქრე, დამრიგებლებს გავესაუბრები და ისინი ჩავიდნენ და აუტანონ კლასში ბავშვებს საკვები. ყიდვა რომ შეძლოს მხოლოდ დამრიგებელმა. ფულის მოგროვება სკოლაში არ შეიძლება, მაგრამ ეს საკითხი როგორმე უნდა დავარეგულიროთ, ან მშობლებმა იმორიგეონ ამ საკითხზე.

ყველა დირექტორი ვფიქრობთ, რა იქნება ამ ეტაპზე უსაფრთხო. მე ონლაინ სწავლება მიმაჩნია უსაფრთხოდ სანამ რაღაც საშიშროება არსებობს მაგრამ ისიც მესმის, რომ მთლიანად ონლაინ სწავლება არ არის ბაშვებისთვის სასურველი. ჩვენნაირი დიდი სკოლები, სადაც დისტანცია იქნება პრობლემა, ვფიქრობ, ჯობია ისევ ონლაინ რეჟიმზე დარჩნენ. დაწყებითმა კლასებმა კი იარონ სკოლაში.

იმასაც ვფიქრობ, რომ თუ ჰიბრიდულ მოდელს ავირჩევთ და კლასის ნახევარი ერთ დღეს ივლის სკოლაში, მეორე ნახევარი - მეორე დღეს, მაშინ მასწავლებელს ჰქონდეს პირობები კლასში, რომ სახლში მყოფი ბავშვები დისტანციურად ჩართოს გაკვეთილზე, კლასის ნახევარი საკლასო ოთახში იყოს, ნახევარი კი ონლაინ ერთვებოდეს. დაფაც კარგად ჩანდეს, ამით დავზოგავთ მასწავლებლის დროსაც, ასე კლასის გუნდურობასაც არ დავკრგავთ, რაც ონლაინ სწავლების ხარვეზი იყო, რომ კლასელები ერთად არ იყვნენ. თუმცა ეს უნდა შევუთანხმოთ რესურსცენტრს, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ.

ჰიგიენას რაც შეეხება, საშუალო და საბაზო საფეხურზე, ვფიქრობ, არანაირი დარღვევა არ არის თუ მოსწავლე ხელთათმნით და პირბადით თავის მაგიდას გადაწმენდს, ასე დიდი შეღავათი ექნებათ დამლაგებლებს. მიუხედავად იმისა, რომ დამლაგებლებისთვის დანამატებს ვაპირებ, დიდი დატვირთვა იქნება მათთვის ასე დეტალურად სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე ზრუნვა. ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, თუ ერთმანეთს ხელს ჩავკიდებთ, ყველაფერი გამოგვივა“.

 ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე:

I-დან V კლასის ჩათვლით ყველა მეორე ცვლაში გადამყავს, VI-დან XII კლასების ჩათვლით მეყოლება პირველ ცვლაში. გავზომეთ ოთახები რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვეტევით ისე, რომ ჩვეულებრივი სწავლა განვაგრძობთ.

ჯერჯერობით არ განვიხილავთ შაბათ დღეს სასწავლო პროცესს. გაკვეთილებს 9 საათზე დავიწყებთ, პირველი ცვლა დასრულდება 2-ის ნახევარზე, მეორე ცვლას კი დავიწყებთ 3-ის 20 წუთზე. ცვლებს შორის დამლაგებლები ერთობლივად დაალაგებენ ყველაფერს. დასუფთავებაში ჩართული იქნებიან კლასის ხელმძღვანელებიც, სკოლის ხელმძღვანელობაც და ერთობლივად გადაიჭრება ეს პრობლემა. მხოლოდ 7 დამლაგებელი ამას ვერ გასწვდება, ჩართული უნდა იყოს ყველა.

რაც შეეხება სიცხის გაზომვას, ამისთვის გვყავს დარაჯი, 3 მანდატური და მორიგე მასწავლებელი.

სკოლა მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს, შეძენილი გვაქვს ყველაფერი, დამლაგებლებსაც შევუძენთ უნიფორმებს და გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას.

რაც შეეხება სასადილოს, თუ ვერ გამოვიყენებთ, შეიძლება, მშობლებმა გამოატანონ კონტეინერით სადილი ბავშვებს, რომ სკოლაში მიირთვან“.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება