სიახლეები
სკოლები

22 წლის იყო ქეთო მასწავლებელი, ამ სოფელში პირველად რომ ჩამოვიდა - ამბავი ისტორიის მასწავლებელზე
09-02-2017
-
+


                                           ''ქეთო მასწავლებელი''

კარმა რომ გაიჭრიალა ქეთო მასწავლებელს უკვე ეღვიძა, ოთახში ფეხაკრეფით შემოსულს ღიმილით უთხრა: მღვიძავს მარიკა, ასე უთენია როგორ მოხვედი?

-ფაფა მოგიტანე ქეთო მასწავლებელო, სწრაფად ვიარე, რომ ცხელი მომეტანა, ახლა ადგომაში დაგეხმარები და დაგელოდები, სანამ ისაუზმებ.

-დატოვე მარიკუნა და ვისაუზმებ, ამდენი დრო სად გაქვს, შენი ბოკვერივით ბიჭები სახლს მოედანს დაამგვანებენ.

- არა ქეთო მასწავლებელო, არ წავალ სანამ არ ისაუზმებ, მანამდე სახლს მივალაგებ.

-გუშინ ნაკაიძის გოგონები იყვნენ, გახსოვს ანა და მარი? შენზე რამდენიმე წლით ქვემოთ სწავლობდნენ, მთელი სახლი დაალაგეს.  ასე რომ, დაჯექი და შენი ამბები მომიყევი, გამიხარდა შენი ქმარი სამსახურში რომ აღუდგენიათ, კარგია.

მარიკა იღიმის და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს ქეთო მასწავლებლის ყოველ ნაცნობ მოძრაობას, თან შელამაზებულ ფერებში უყვება ახალ ამბებს. ქეთო მასწავლებელი კი სწრაფად მიირთმევს ფაფას, რომ მარიკა შვილებთან მალე გაუშვას.

მოსწავლე რომ გაისტუმრა, აივანზე გავიდა მოხუცი, სავარძელში ჩაჯდა და ფიქრებმა წაიღო.

22 წლის იყო ქეთო მასწავლებელი ამ პატარა სოფელში რომ ჩამოვიდა მასწავლებლად, სოფელს ძალიან სჭირდებოდა ისტორიის მასწავლებელი, ამიტომ ერთი ძველი პატარა სახლი შეუკეთა, შეურემონტა და საცხოვრებლად გადასცა.მას შემდეგ ამ სახლში ცხოვრობს ქეთო მასწავლებელი. ახლა ამ სახლზე მისი მოსწავლეები ზრუნავენ: ხან სახურავს უკეთებენ, ხან ფანჯრებს, ხან იატაკს.

ქეთო მასწავლებელი მარტოხელაა, ოჯახი არ შეუქმნია. მისი ერთადერთი სიყვარული მისივე თანაკურსელი იყო, ალექსანდრე. გამოსაშვები საღამოს შემდეგ აპირებდნენ დაქორწინებას, მაგრამ გამოსაშვები საღამო არ შედგა, რადგან ალექსანდრე რამდენიმე დღით ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ამბის შემდეგ ვერავინ შეძლო ქეთო მასწავლებლის გულის გათბობა, რადგან ალექსანდრეს სიკვდილმა სამუდამოდ გადარაზა მისი გულის კარები. მთელი ცხოვრება ისე გავიდა არასოდეს უნანია ქეთო მასწავლებელს ერთადერთი სიყვარულისადმი სამუდამო ერთგულება.

ფიქრებიდან ძახილის ხმამ გამოიყვანა მოხუცი. აივანი უკანა ეზოს გაჰყურებდა, ძახილი კი წინა ეზოდან ისმოდა. კი გაუჭირდა წამოდგომა, მაგრამ მაინც სიხარულით მიეგება მოსულს. ლევანი აღმოჩნდა, ქეთო მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ცელქი და მოუსვენარი მოსწავლე, რომელსაც ახლა მთლად გაჭაღარავებოდა თმა, ხილით სავსე უზარმაზარი კალათი ეჭირა ხელში და ყურებამდე იღიმოდა.

-უკვე დაბრუნდი ბიჭო?-დიდხანს ეფერებოდა თმაზე ქეთო მასწავლებელი .

ლევანი უზარმაზარი სატვირთო მანქანის მძღოლია და ხანდახან რამდენიმე კვირა აგვანდება რეისიდან დაბრუნება.

-გუშინ დავბრუნდი ქეთო მასწავლებელო, ზამთრამდე ცოტა დრო დარჩა და მანამდე უნდა დავამთავრო თქვენი შეშის დაჩეხა-დაბინავება. თუმცა წელს არც ისე კარგი შეშა მოუტანია იმ ძუნწ ზაქარას, სკოლაშიც ასეთი ძუნწი იყო და რა გამოასწორებდა.

-რას ამბობ ბიჭო, ზოგიერთს საკუთარი მშობლები არ ახსენდება, ზაქარა კი ყოველ წელს მიგზავნის შეშას, მადლობის რა მეტი რა მეთქმის.რომ მორჩები არსად გამეპარო, უნდა გასადილო. გუშინ სიხარულიძეებს ნათლობა ჰქონდათ და იმდენი საჭმელი მოიტანეს, მაცივარში ძვლივს შეატიეს. გესმის რას გეუბნები ბიჭო?

 -მესმის, მესმის-საჩეხიდან გამოსძახა ნაჯახმომარჯვებულმა ლევანმა.

ქეთო მასწავლებელი სამზარეულოში გავიდა და ფუსფუსი დაიწყო. ძალიან უჭირს უკვე ეს ფუსფუსი, მაგრამ თავს ზევით ძალას პოულობს მაინც. საღამომდე ჩეხა შეშა ლევანმა, სადილის ნაცვლად ვახშამი მიართვა ქეთო მასწავლებელმა. ცოტაღა დარჩა დასაჩეხი და თუ მე არ ვიქნები სახლში ვაჟა მოვა და დაამთავრებს, არ იდარდოო-დაუბარა ლევანმა მოხუცს. არ დარდობს ქეთო მასწავლებელი, იცის ვაჟასაც თუ არ ეცლება რომელიმე სხვა მოსწავლე მოვა და არ გაყინავენ ქეთო მასწავლებელს ზამთარში. უკვე რამდენი წელია ასე ხდება და ასე იქნება წელსაც.

ის იყო მეზობლის კატა გამოაძევა ოთახიდან, რომჭიშკართან მანქანა გაჩერდა. მძღოლმა ნელა და მძიმედ გააღო კარები და გადმოსვლა შეაგვიანდა.ქეთო მასწავლებელი კიბეზე გაჭირვებით ჩავიდა და დაჟინებით დააკვირდა მანქანიდან გადმოსულს. სტუმარი ეზოში შემოვიდა, გაჩერდა და მიწას ჩააჩერდა, მხოლოდ ერთი წამით ახედა მოსულმა მოხუცს და ამ ერთ წამში იცნო იგი ქეთო მასწავლებელმა, მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა.

 - რა კარგია რომ მოხვედი, როგორ მომენატრე გიორგი, ბიჭო, თვალები ისეთივე ნათელი გაქვს, როგორიც ბავშვობაში გქონდა- უთხრა ქეთო მასწავლებელმა

 -ერთი თვის წინ გამოვედი-თქვა ძალიან ჩუმად მოსულმა

 -ვიცი, ვიცი

გიორგი ერთადერთი მოსწავლე იყო ქეთო მასწავლებლის პრაქტიკაში, რომელსაც მასთან კონფლიქტი მოუვიდა. ქეთო მასწავლებელმა რამდენჯერმე გამოგლიჯა იგი ხელიდან საეჭვო წრეს, მაგრამ გიორგი თავგანწირვით ეწინააღმდეგებოდა ქეთო მასწავლებელს. ერთხელაც, როცა გიორგი უკვე საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, ქეთო მასწავლებელს გაავებით უთხრა:  შენ შვილი არ გყავს და ქმარი, როგორ შეიძლება იცოდე ჩემთვის რა არის კარგი და რა ცუდი,ჩემს ბედზე ზრუნვას სჯობდა საკუთარზე გეფიქრაო.ქეთო მასწავლებელს ძალიან ეტკინა გული, თუმცა ,მაშინ უფრო ეტკინა გული, როცა გაიგო, რომ გიორგი დააპატიმრეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ამბის შემდეგ გიორგის ოჯახი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და ქეთო მასწავლებელი ბიჭებისაგან იგებდა  მის ამბებს. სწორედ ასე გაიგო ერთი თვის წინ, რომ ციხიდან გამოვიდა. ქეთო მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ გიორგი მასთან მივიდოდა და მშვიდად ელოდა.     შესცქეროდა ქეთო მასწავლებელი შეცბუნებულ, მოტეხილ და მადლიერი თვალებით მომზირალ გიორგის და გული ერთდროულად სიხარულითაც ეკუმშებოდა და ტკივილითაც.

გიორგი რომ გაისტუმრა უკვე ბნელოდა. საწოლი გაამზადა ქეთო მასწავლებელმა, ჩვეულებისამებრ დაძინებამდე ფიქრი და ხვალინდელი დღის გეგმების დაწყობა უყვარდა, ხუმრობდა-ეს პროფესიული ჩვევააო. ჰოდა დაგეგმა ქეთო მასწავლებელმა: ხვალ კვირაა, ესეიგი მანანა მოვა მის სანახავად. აუცილებლად მკაცრად უნდა დაელაპარაკოს, მეტიც-კატეგორიულად. ეს აუცილებელია. მანანაც,რათქმაუნდა,მისი მოსწავლე იყო, ისიც მასწავლებელია და ისიც ისტორიკოსი. მეზობელ სოფელში მუშაობს და ამიტომ მხოლოდ კვირაობით ახერხებს ქეთო მასწავლებელთან სტუმრობას. მანანა მალე 35 წლის გახდება, ოჯახი კი არ შეუქმნია. ქეთო მასწავლებელი ძალიან დარდობს ამაზე. მანანა არაფერს უმალავს ქეთო მასწავლებელს და ისიც უთხრა, რომ იმ სოფლელ კაცს უყვარს მანანა, მანანასაც მოსწონს ის კაცი, მაგრამ ოჯახის შექმნისაგან თავს იკავებს.ქეთო მასწავლებელმა მანანას კლასელ ბიჭებს დაავალა იმ კაცზე ინფორმაციის მოპოვება, ბიჭებმაც გააგებინეს ქეთო მასწავლებელს, რომ პატიოსანი, გამრჯე და ვაჟკაცი კაცია, უბრალოდ მანანასავით ვახშამს დანა-ჩანგლით არ მიირთმევსო.გადაწყვეტილი აქვს ქეთო მასწავლებელს მანანას გასაქანი არ მისცეს, არ უნდა ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ მანანა კენტად დატოვოს.

ამასობაში ძილი მოერია ქეთო მასწავლებელს, მისი ძილი ყოველთვის მშვიდი და უშფოთველია, რადგან გათენების არ ეშინია, მარტოობის არ ეშიანია მოხუცს. მისი მოსწავლეები შვილებივით დატრიალებენ თავს და არცერთი დღე არაა იგი მარტო.

მრავალშვილიანი ქალია ქეთო მასწავლებელი და თითოეულ მათგანს მისი ფიქრი, სითბო და დრო სჭირდება.

ბედნიერი ქალია ქეთო მასწავლებელი.

 

ავტორი: ნათია თავართქილაძე - ოზურგეთის მეორე სკოლის ისტორიის მასწავლებელი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება