| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინკლუზიური განათლების რეფორმის ფონზე სპეციალიზებული სკოლა-პანსიონების როლი მეტად მნიშვნელოვანია. თბილისის N200 საჯარო სკოლა წლებია ამ პროცესების ეპიცენტრშია და მისი თითოეული წარმომადგენელი ყოველდღიურად ხელს უწყობს სტერეოტიპების გადალახვას. აქ ერთმანეთს კვეთს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, სტიგმის წინააღმდეგ მიმართული აქტივობები და ის ემოციური კავშირები, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ყალიბდება.
თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონი არის სივრცე, სადაც განათლება სიყვარულთან, მოთმინებასა და უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. სადაც ბავშვები ყოველგვარი ბარიერების გარეშე სწავლობენ სამყაროსთან კომუნიკაციას... ნამდვილი ინკლუზია ხომ მხოლოდ სახელმძღვანელოებში დაწერილი სიტყვები კი არა, ყოველდღიური შრომაა თანაბარი შესაძლებლობებისთვის - etaloni.ge-ს N200 სკოლის დიდი ოჯახის ხელმძღვანელი, ელდარ არაბული იმ ემოციურ და არცთუ იოლ გზაზე ესაუბრება, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ერთად გადის, აფასებს მიმდინარე სიახლეებს და ღიმილით იმასაც გვიმხელს, რომ საზოგადოების ცნობიერება თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შეიცვალა:
- ბატონო ელდარ, დღეს, როდესაც განათლების სამინისტრო ინკლუზიურ განათლებას უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ასახელებს, როგორ აღწერთ თბილისის N200 საჯარო სკოლის მთავარ მისიას?
- პირველ რიგში, ესაა სსსმ მოსწავლის სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ღირსეული ცხოვრებისთვის მომზადება, განათლებითა და განვითარებით დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, ყველა სსსმ მოსწავლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მშობლების ნდობის მოპოვება.
- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა სპეციალიზებული სკოლის მართვისას?
- სპეციალიზებული სკოლის მართვის პროცესში მთავარი გამოწვევაა, რომ დაწესებულებას ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი და არ მოიხსენიებოდეს, როგორც საჯარო სკოლა... გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰქონდეს სტატუსთან შესაბამისი დაფინანსება. ასეთი მიდგომები ხელს შეუწყობს სკოლის ფუნქციონირების ახალი გზების ძიებას და გააუმჯობესებს სპეციალიზებული სკოლის მართვას.
- განსხვავებულია სწავლების მეთოდებიც... გვითხარით, როგორ ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების (ისგ) მორგება თითოეულ მოსწავლეზე მაშინ, როდესაც ბავშვებს სრულიად განსხვავებული საჭიროებები აქვთ?
- ჩვენ სკოლაში ირიცხებიან მძიმე და ღრმა ან/და მრავლობითი ინტელექტუალური დარღვევების მქონე ბავშვები, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები დგება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ვინაიდან თითოეულ მათგანს სრულიად განსხვავებული ინდივიდუალური შესაძლებლობები გააჩნია.
- რა როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიები და თერაპიები (მაგალითად, სენსორული ოთახი, მუსიკათერაპია) თქვენს საგანმანათლებლო მოდელში და რა შედეგებს ხედავთ პრაქტიკაში?
- თანამედროვე ტექნოლოგიები დადებით როლს ასრულებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა განვითარება-შემეცნების პროცესში, სენსორული ოთახი, მუსიკათერაპია, თიხაზე მუშაობა ააქტიურებს მათთვის საინტერესო და მისაღები მიმართულებების უნარ-ჩვევებს, აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და უმჯობესდება აღქმის უნარი.
- სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, თუმცა ბევრი მშობლისგან გვსმენია, რომ თქვენთან უსაფრთხო, ოჯახური გარემოა... როგორ ახერხებთ სსსმ ბავშვებისთვის როგორც საგანმანათლებლო კერის, ისე მყუდრო, „ოჯახური“ გარემოს შექმნას?
- ვაღიაროთ, მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობა რთულია და მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს. სკოლის ყველა თანამშრომელი ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, აქტიურად ვთანამშრომლობთ მშობლებთან და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით სკოლაში ვქმნით ბავშვისთვის მისაღებ გარემოს.

- გახსოვთ თქვენი, როგორც ხელმძღვანელის პირველი დღე N 200 სკოლაში? რა ემოცია დაგეუფლათ და როგორ შეიცვალა თქვენი აღქმა დროთა განმავლობაში?
- რა თქმა უნდა, მახსოვს! მქონდა მუშაობის გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, მაგრამ მწვავე ქცევითი სირთულის მქონე მოსწავლეებთან არა, ამიტომ საკმაოდ ემოციური დღე იყო... თუმცა ცივი გონებით შევუდექი მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა სრულად გაიაზროს, რომ ეს ბავშვები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეები სკოლის დასრულების შემდეგაც საჭიროებენ მხარდაჭერას, ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს საკითხი მეტად აქტუალური გახდება.
- ყველა ბავშვს თავისი ისტორია აქვს. არის თუ არა რომელიმე მოსწავლის წარმატების ისტორია, რომელმაც თქვენზე წარუშლელი კვალი დატოვა?
- ...იცით, ჩვენთან მუშაობს N200 სკოლის ორი აღზრდილი. ერთი მათგანი, რომ დავინიშნე, დამხვდა, მეორე კი მე მოვიყვანე. ისინი მთელი თავისი არსით არიან ჩართულნი ჩვენი ბავშვების სააღმზრდელო პროცესში და ეს ძალიან სასიამოვნოა. თუ კიდევ მოვიძიებ მსურველს, რომელსაც ექნება შესაბამისი უნარები, დიდი სიამოვნებით დავასაქმებ.
- სპეციალიზებულ სკოლაში მუშაობა დიდ სულიერ რესურსსაც მოითხოვს - სად პოულობთ მოტივაციასა და ენერგიას თქვენ და თქვენი გუნდი?
- თითოეული ჩვენგანი გრძნობს, რომ აკეთებს ღვთიურ საქმეს და მწირი ანაზღაურების პირობებშიც კი, ეს გვაძლევს უდიდეს მოტივაციას.
- რას გასწავლიან ბავშვები პირადად თქვენ, დირექტორს?
- ჩვენ, ერთად, საზოგადოებისთვის ემპათიისა და შემწყნარებლობის მაგალითი ვართ.
- რა შეგრძნებაა, როდესაც ხედავთ ბავშვის პროგრესს - თუნდაც ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯს, რომელიც სინამდვილეში უდიდესი გამარჯვებაა?
- მართლაც გამარჯვებაა, როდესაც ხედავ - შენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო.
- მშობლების როლზეც ვისაუბროთ: როგორ „აშენებთ“ ნდობას სკოლასა და მშობლებს შორის, რომლებიც ხშირად თავადაც დიდ სტრესს განიცდიან?
- მხოლოდ თანამშრომლობითა და თანაგრძნობით... სხვაგვარად წარმოუდგენელია წარმატება.
- ბატონო ელდარ, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ღიად საუბრობენ ინკლუზიაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება ამ ბავშვების მისაღებად, როდესაც ისინი სკოლის კედლებს დატოვებენ?
- საზოგადოება ამისთვის უკვე მზად არის, თუმცა დავძენ, რომ აუცილებლად უნდა შევქმნათ ჩვენი ბავშვისთვის სკოლის შემდგომ საარსებოდ შესაბამისი პირობები.
- როგორც ხელმძღვანელს, რა უნარებით გსურთ, გაუშვათ თქვენი მოსწავლეები დამოუკიდებელ ცხოვრებაში?
- რთულია ჩვენი სკოლის მოსწავლემ შემდეგში დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება. მას მთელი ცხოვრება გვერდში დგომა დასჭირდება.
- რა არის ის რესურსი, რაც სკოლა-პანსიონს კრიტიკულად სჭირდება განვითარებისთვის?
- მთავარია სწორი მიდგომა, სკოლას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი - კარგი იქნება, თუ თბილისის N200 სკოლა მიიღებს სპეციალური სკოლა-პანსიონის სტატუსს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
მამუკა მამსირაშვილმა ll ადგილი დაიკავა, ირაკლი მამსირაშვილმა კი - lll.