| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
რა იცვლება 2027 წლისთვის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის:
დოკუმენტის თანახმად, 2027 წლის ბოლოსთვის (IV კვარტალი), საჯარო სკოლების წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების 100%-ს მკაფიოდ ექნება განსაზღვრული კონკრეტული ფუნქციები ახალი სქემის მოთხოვნათა შესაბამისად. მანამდე კი, 2026 წლის III კვარტალში, სრულად განახლდება თავად მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.
განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო მასშტაბურ სატრენინგო კამპანიას იწყებს. გეგმის მიხედვით, გადამზადდება 20 000 მასწავლებელი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარია გამოყოფილი.
მასწავლებლის სახლი (TPDC) შეიმუშავებს სწავლება-შეფასების ინოვაციური მეთოდების სპეციალურ მოდულს, რომლის ფარგლებშიც დამატებით 600 პედაგოგი გაივლის სპეციალიზებულ მომზადებას.
რეფორმა ეხებათ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსაც. 2026 წელს სრულად გადაიხედება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის ანაზღაურების წესი. 2027 წლისთვის ასისტენტთა 100%, ვინც კომპეტენციას დაადასტურებს, ახალი, გაუმჯობესებული წესით მიიღებს ანაზღაურებას. ამასთანავე, ტრენინგმოდულებით გადამზადდება 500 სპეციალური მასწავლებელი და 1000 ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტი.
განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, სახელმწიფო 93 000 000 ლარს დახარჯავს სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადამუშავებისა და ბეჭდვისთვის.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული სწავლებისთვის ქვეყნის 1000 საჯარო სკოლა სრულად აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ელექტროინჟინერიის რესურსებითა და ქიმიური რეაქტივებით - პროექტის ბიუჯეტი 14 000 000 ლარია.
სწრაფი ინტერნეტი და ციფრული ჟურნალები: სკოლებში ინტერნეტის ხარისხი გაუმჯობესდება – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით უზრუნველყოფილი სკოლების რაოდენობა მინიმუმ 30 ერთეულით გაიზრდება, ხოლო არსებული რადიო და ოპტიკური კავშირის სიჩქარეები გაორმაგდება (100-200 მბ/წ-მდე). 400 სკოლაში მოეწყობა შიდა უკაბელო (Wi-Fi) ქსელი. მოსწავლეთა ნიშნები და შეფასებები კი სრულად გადავა ახალ, მოდერნიზებულ ელექტრონულ ჟურნალზე.
500-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაარსდება STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) კლუბები, სადაც ჩაერთვება 7000-ზე მეტი მოსწავლე - ბიუჯეტი: 2 550 000 ლარია.
საშუალო საფეხურის (უფროსკლასელი) მოსწავლეებისთვის მომზადდება 4 ახალი არჩევითი კურსი: ფინანსური წიგნიერება, ლოგიკა, ფსიქოლოგია და საჯარო გამოსვლის/დებატების ხელოვნება. გარდა ამისა, 400-ზე მეტ სკოლაში აქტიურად ამუშავდება სახელოვნებო და მეწარმეობის სასკოლო კლუბები.
სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას - დაწყებით საფეხურზე სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასკოლო ფორმებით მომარაგებისთვის ბიუჯეტიდან 8 000 000 ლარია გამოყოფილი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს