მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვის სიყვარული - არის ის, რაც თბილისის N89 სკოლის დირექტორ მიმოზა ტყებუჩავას თქმით, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის საფუძველია.
მისთვის მთავარი არა მხოლოდ საგნის ცოდნა, არამედ ის გულითადი დამოკიდებულებაა, რაც მასწავლებელს მოსწავლესთან უნდა აკავშირებდეს. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეს ბავშვი. რა თქმა უნდა, უნდა გიყვარდეს ის საგანი, რომელსაც ასწავლი, მაგრამ თუ ბავშვი არ გიყვარს ვერ გახდები მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებელი“,- აღნიშნავს დირექტორი.
სწორედ ამ მიდგომით ხვდება მიმოზა ტყებუჩავა ახალ სასწავლო წელსაც - სიახლეებითა და სასიამოვნო ცვლილებებით, მათ შორის საპილოტე რეჟიმში დაწყებული სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამითა და გაძლიერებული სწავლების მოლოდინით.
დირექტორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ახალგაზრდა პედაგოგების მხარდაჭერისა, სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას.
ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა ღონისძიებებს მშობლებთან ერთად გეგმავს, შეხვედრებს მართავს და მათ ნდობას იმსახურებს - რადგან სწორედ ნაყოფიერი ურთიერთანამშრომლობაა წარმატების საფუძველი.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს თბილისის N89 სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა პასუხობს.
- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?
- ძირითადად ვაკეთებთ ისე, რომ მეთორმეტე კლასელებს შემოჰყავთ - ეს არის ტრადიცია და პლუს, რამდენიმე წელია კავკასიის უნივერსიტეტთან გვაქვს ჩვენ მემორანდუმი და მათ აქვთ ასეთი აქტივობა: მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებს აგზავნიან პირველკლასელთა საზემო მიღებაზე, ძალიან საინტერესო გამოდის. ესწრებიან ამ ღონისძიებას, შემდეგ საკლასო ოთახებში დამრიგებლებთან ერთად არიან. ყველა დამრიგებელი განსხავებული აქტივობებით ატარებს მათთან შეხვედრას. ამ საკითხს ყოველ წელს გავდივართ და ყოველთვის მრავალფეროვანია.
მომავალი მასწავლებლებიც მოტივირებულები არიან - შარშან ყველა კლასს წარვუდგინეთ ისინი, გაფაციცებულები იყვნენ, ღელავდნენ, როცა სამივე კლასი გავაცანი, ამბობდნენ, ერთი სული გვაქვს გაკვეთილს როდის ჩავატარებთო. ხშირად ვთავაზობ, გნებავთ ხვალვე მოდით და მასწავლებელთან ერთად გაკვეთილზე შეგიშვებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც სკოლის დირექტორისთვის, ხელი შევუწყო რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა წამოვიდეს სკოლაში და გახდეს მასწავლებელი. ბევრ სხვა უნივერსიტეტთანაც მაქვს მემორანდუმი, ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.
პირველკლასელების მიღებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები. საზეიმო ღონისძიებაზე ვიწვევთ, სიტყვით გამოდიან, რა თქმა უნდა, წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლა გადასცემს სიგელებს.
რაც გვაქვს კიდევ განსხვავებული არის ის, რომ წარჩნინებულ კლასებს ვაჯილდოვებთ. შარშან პირველ და მეორე სემესტრშიც გავაკეთეთ - პირველი სემესტრის ბოლოს გამოვავლინეთ წარჩინებული კლასები. რეიტინგული ელექტრონული ჟურნალი ამის ძალიან კარგ საშუალებას გვაძლევს. პირველ სემესტრში საგნების მიხედვით, კლასის საშუალო ქულას ვითვლით და ზრდადობის მიხედვით ვალაგებთ. გამოვავლინეთ, დაწყებით საფეხურზე ვინ იყო წარჩინებული კლასი, საშუალოზე, საბაზოზე და მეორე სემესტრში კლასებს გადავეცით დირექციისგან სიგელი. მეორე სემესტრიც გამზადებული გვაქვს, ახლა წლიურს გავაკეთებთ და საზეიმო მიღებაზე ვაპირებთ, რომ კლასი დავაჯილდოვოთ. კლასებიც გაფაციცებით ადევნებენ ხოლმე თვალს რეიტინგულ სიას, ვინ რომელ ადგილზეა. მათ ვუხსნით, რომ იმ კლასის რეიტინგი დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე, თითოეული საგნის აკადემიურ მოსწრებაზე. ძალიან დიდი პოზიტიური დამოკიდებულება მოჰყვა ამას გასულ სემესტრში, მათ შორის დამრიგებლების მხრიდან, ამიტომ გავაგრძელებთ ამ კონკურსს წამახალისებელი სახით.
ჩემი ინიციატივით, მეორე დღეს მე-12 კლასელებს ვიწვევთ მშობლებთან ერთად და სლაიდ-შოუს ფორმატში სასკოლო ცხოვრების დაწყების ამსახველ ფოტოებს ვაჩვენებთ. „ბოლო-პირველი ზარი“ დავარქვით სიმბოლურად, ძალიან ამაღელვებელია ხოლმე ყველასთვის.
აქვე აღვნიშნავ, რო ჩვენს სკოლაში რემონტია და მობილობით გადასული სკოლა ვართ 103-ე საჯარო სკოლაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს, ბატონ არჩილ ჩხაიძეს, ყველაფრისთვის. სააქტო დარბაზი გამოგვიყო, სადაც ჩავატარეთ აღნიშნული ღონისძიებები და ძალიან კომფორტულად...
- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?
- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეს ბავშვი. რა თქმა უნდა, უნდა გიყვარდეს ის საგანი, რომელსაც ასწავლი, მაგრამ თუ ბავშვი არ გიყვარს ვერანაირად ვერ გახდები მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებელი. ნებისმიერი აქტივობა, სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმო ისე, რომ მოსწავლეების საჭიროებებს იყოს მორგებული. ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები მასწავლებელს უდავოდ დაეხმარება სასწავლო პრეცესში მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებაში.
- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?
- ახალ სასწავლო წელს გუნდთან ერთად ვხვდები, რა თქმა უნდა, იმ სიახლეებით, რეფორმებით რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წელს, მაგალითად, სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამას შევუერთდით საპილოტე რეჟიმში, ასევე ველოდებით გაძლიერებული სწავლების რეჟიმში ჩართვას.
ამიტომ მასწავლებლებთან ამ სიახლის დანერგვის მზაობის გათვალისწინებაა საჭირო. ასევე წინა წლის შეჯამებით, ვმსჯელობთ, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ მომავალ წელს.
მნიშვნელოვანია მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაცია აღრიცხული დარღვევების შესახებ, მოსწავლეთა გადაცდომებზე. ამას ისედაც გვავალდებულებს კანონი, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მივაწოდოთ, თუ რა რეკომენდაციები შევიმუშავეთ. ახლა, მაგალითად, გავამზადე პრეზენტაცია, სადაც წინა წლისა და ამ წლის დარღვევებს ვადარებთ. გვაქვს მანდატურების რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად ვგეგმავ მასწავლებლებთან ერთად,თუ რა ტიპის აქტივობები შეიძლება განხორცილდეს, რომ დარღვევები შემცირდეს. ამგვარად, წინა წლის შედეგებზე დაყრდნობით, ვცდილობთ ანალიზის საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტანასა და დაგეგმვას.
-რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და როგორც ცდილობთ ხელი შეუწყოთ ამ თანამშრომლობას?
- ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ღონისძიება იგეგმება მშობლების ჩართულობით. წინა წელს, მაგალითად, დედ-მამა, ორივე იყო ჩართული ამ კუთხით, ერთი ჟურნალისტია, მეორეს მუსიკალური განათლება აქვს და ყოველ წელს გვაქვს სხვადასხვა პრაქტიკა, აქტიურად ერთვებიან და შესაბამისად მათ მადლობის სიგელებიც გადავეცით და აღფრთოვანებაც დიდი იყო. დამრიგებლები სთავაზობენ მოსწავლეებს ღონისძიებების დაგეგმვისას ვისაც სურვილი აქვს პირველ დღეს მიიღოს მონაწილეობა. გარდა ამისა მშობლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მომენტია. მოგეხსენებათ, არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის მშობლები, არ ვიშურებთ არაფერს - გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები. მე პირადად ძალიან დიდ დროს ვუთმობ მათთან ურთიერთობას, იმიტომ რომ, როცა კონკრეტულ მოსწავლესთან დგას საჭიროება, მშობლის ჩართულობაც მნიშვნელოვანია და ვცდილობთ მშობელიც გავხადოთ პოზიტიური, ჩვენი მხარდაჭერა იგრძნოს. მშობლებთან ეს მიდგომა ძალიან კარგად მუშაობს, რადგან როცა გრძნობს, რომ დირექტორისა და ადმინისტრაციისათვის მნიშვნელოვანია მისი შვილი და მისი შესაძლებლობები და ხედავს, რომ ამდენ დროს უთმობ, შემდეგ აუცილებლად პოზიტიურად მიდის ურთიერთობა. რა თქმა უნდა მშობელთა კრებებზე შევდივარ ხოლმე. ვთქვათ, წლის დასაწყისში - ვაჯამებთ წინა წელს და ვგეგმავთ მომავალს, ვცდილობთ მომდევნო წლის საჭიროებები მათი კუთხიდანაც დავინახოთ. ასევე, სასწავლო გეგმით გვაქვს გათვალისწინებული, რომ დამრიგებლები ქმნიან ყველა კლასის მშობელთა „მესენჯერ-ჯგუფს“, სადაც დამატებულია დირექტორიც და მოადგილეც. ასეთი სახლით სასკოლო ცხოვრებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცას ვცვლით, ესეც, გარკვეულწილად, ხელშემწყობია. გარდა ამისა, ვინაიდან საათობრივ ბადეს აქვს სარეკომენდაციო სახე და სკოლას შეუძლია სკოლის საჭიროებებს მოარგოს, შევქმენით სასკოლო საზოგადოება - ჯგუფი, სადაც ჩავრთეთ ყველა კლასი და მშობლები, თავიანთი სურვილის გამოხატვის საშუალება მივეცით, გავამზადეთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ვახორციელებდით, გავუზიარეთ, შეავსეს და მათი გამოკითხვის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული ცვლილებებისა სასწავლო გეგმაში.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმი... - გარემოს ეროცნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
„პირველ რიგში, ჩემი აზრით, პედაგოგს სჭირდება პროფესიონალიზმი და ამასთან ერთად, აუცილებელია, უყვარდეს ბავშვი“
დირექტორი განსაკუთრებულად ამაყობს გუნდით, რომელიც მრავალი წელია მის გვერდით დგას