მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარინა ჩიკვილაძე, თბილისის N92 საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელია, მისთვის პედაგოგობა, მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის, მისი როლი ბევრად ღრმაა და ადამიანურ ურთიერთობებზე დგას.
ბავშვებთან ურთიერთობას თანასწორობის პრინციპით აშენებს, უსმენს მათ სურვილებს, აზრებს და ცდილობს მათი ყოველდღიურობა გაახალისოს. მისი თქმით, სიყვარული და მეგობრული დამოკიდებულება ის გზაა, რომელიც სასურველ შედეგამდე ყველაზე სწრაფად და სწორად მიგვიყვანს.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს თბილისის N92 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ჩიკვილაძე პასუხობს.
- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?
- ყოველთვის ემზადება სკოლა, პირველკლასელთა დამრიგებლები განსაკუთრებით, კლასები აქვთ მორთული, სპეციალური პროგრამა აქვთ, რომ უფრო სახალისო იყოს პირველკლასელებისთვის. პირველ დღეს დირექტორი და სასწავლო ნაწილი, დირექცია ესალმება მოსწავლეებს და საზეიმოდ იღებს. პირველკლასელებს, რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებს, მშობლებს, ბავშვებს და წინა წლის წარმატებულ ბავშვებს, რომლებსაც მაღალი ქულები ჰქონდათ, ასევე სპორტში და წარმატებულ ბავშვებს აჯილდოებენ სიგელებითა და დიპლომებით. ასეთი ტრადიცია გვაქვს სკოლაში, საზეიმო დახვედრა, რომ პატარებს მოტივაცია აუმაღლდეთ. მორთულია ოთახები, განსაკუთრებულად პირველი კლასის მასწავლებლები ცდილობენ, რომ სახალისო გარემო იყოს კლასში, ბავშვები არ იყვნენ დაძაბული. პირველ დღეს, ძირითადად, დამრიგებლები ვართ ხოლმე ბავშვებთან, მოკითხვის, ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარების დღე გვაქვს ხოლმე ამ დროს.
- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?
- პედაგოგის საქმიანობაში, ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის დამოკიდებულებას ბავშვებთან. გარდა იმისა, რომ მე მაქვს ვალდებულება ჩემი საგანი ვასწავლო, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს, თუ როგორი დამოკიდებულება მექნება ბავშვებთან, როგორ დავანახებ მათ სასკოლო გარემოს, რამდენად უხარიათ, მათ სკოლაში მოსვლა, რამდენად ხალისიანი არის სასკოლო გარემო, რამდენად საინტერესო აქტივობები მექნება, რომ მათთვის სკოლაში მოსვლა იყოს უფრო სახალისო, უყვარდეთ სკოლა და ერთმანეთთან ურთიერთობებს რომ მიაქციონ ყურადღება.
- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით?
- დაახლოებით 13 წელია მასწავლებელი ვარ და ნამდვილად არ ყოფილა პირველი წლები ისეთი მარტივი, როგორიც შემდეგ წლებში. დასაწყისში უფრო რთული გეჩვენება. რთულად დასამორჩილებელ ბავშვებთან დამოკიდებულების საკითხი არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან უნდა აკონტროლოს მასწავლებელმა თავისი ემოციები, სიტყვები, რომ მდგომარეობიდან არ გამოვიდეს. ყველაზე მთავარი და დიდი ღირსება მასწავლებლისთვის, ჩემი აზრით, არის, რომ ყველაზე რთულ მომენტში შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადეკვატური აღქმა ბავშვის ქცევისა.
-როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?
-კლასის წინაშე არასდროს ვაყენებ მოსწავლეს შეურაცხყოფას, კლასის წინაშე არასდროს ვაძლევ ისეთ საყვედურს, რამაც შეიძლება მას თავი ცუდად აგრძნობინოს. მან არ უნდა იგრძნოს, რომ ხელს უშლის სხვებს და რომ ყველაზე ცუდია. დატუქსვის ნაცვლად, დარიგებითა და სიყვარულით ვუდგები. ჩემთვის მშვიდად საუბარი არის გადამწყვეტი. ცალკე მშვიდად და მეგობრულად დალაპარაკებით, ყოველთვის მიმიღწევია სასურველი მიზნისთვის. მშვიდად საუბარი, დარიგება, მეგობრული ურთიერთობა და არა თითის ქნევით მითითება. ვცდილობ თავისი საქციელი გვერდიდან დავანახო და მიხვდეს.
-როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?
- მეგობრობით. სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ მათთან ვარ მათ თანატოლი. ხშირ შემთხვევაში გამიკეთებია ის, რაც მათ უნდათ. ვეკითხები ხოლმე ასე გავაკეთოთ თუ ისე გავაკეთოთ. ყოველთვის უკეთესია ურთიერთობაშიც, სწავლაშიც და სასკოლო საზოგადოებაშიც მეგობრული ურთიერთობა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შენ მის მხარეს ხარ. ზემოდან კი არ დაჰყურებდე და თითის ქნეით მიუთითებდე, არამედ მეგობრულად და სიყვარულით უდგებოდე. სიყვარული უფრო მეტ კარგ რაღაცას გააკეთებინებს და მიზანსაც მიაღწევს მასწავლებელი, ვიდრე დაშინებით და იძულებით.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
მოკლულია 16 წლის მოსწავლე, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული - გორში მომხდარ დანაშაულს შსს ადასტურებს
სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და მას ბედნიერ მომავალს უსურვებენ