სიახლეები
სიახლეები

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის პასუხი გიორგი მაჩაბელს
23-02-2018
-
+


პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ფერაძის პასუხი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს:

„ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ჩემთვის ყოველთვის იქნება და დარჩება კლასიკურ სისულელედ, ამიტომ, მას ყოველთვის მოვიხსენებ, როგორც ეგრეთ წოდებულს.

ჩემი პასუხის ადრესატი არის ერთის მხრივ, ბატონი მაჩაბელი და მეორეს მხრივ ხელისუფლება, რადგან, მიმართვა, რომელზეც მთავრობის ნაცვლად რატომღაც მაჩებელი მპასუხობს, მე მისთვის არ გამიგზავნია. ათასობით მასწავლებლის ხელმოწერით მიმართვა გავგზავნეთ მთავრობის ადმინისტრაციაში. როგონრც ჩანს, იცის რა ე.წ. სქემის, როგორც ნონსენსური მოვლენის შესახებ, მთავრობამ აიცილა პასუხისმგებლობა და მიმართვაზე რეაგირება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გადააწერა, ამ უკანასკნელმა კი - მასწავლებელთა ე.წ. „გამოწრთობის“ დაწესებულების ხელმძღვანელს -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს. მთავრობის ამ ქმედებას უვიცობას თუ ვუწოდებთ. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რა შუაშია მაჩაბელი. ეს ე.წ. სქემა მას არც მიუღია და არც მისი გაუქმება ან გადასხვაფერება შეუძლია. ეს მთავრობის პრეროგატივაა, რადგან, დოკუმენტი სწორედ მან დააკანონა და ამიტომ პედაგოგიური საზოგადოება სწორედ მისგან ითხოვს შესაბამის ქმედებას.

და მაინც, რადგან ჩვენთვის „განმარტება“ თქვენ მოისურვეთ, ბატონო მაჩაბელო, გავყვები თქვენ წერილს და რაღაცებში გაგარკვევთ. თუ რასაკვირეველია, თქვენი ქმედება გაურკვევლობის ბრალია და არა მხოლოდ და მხოლოდ „ტყავის გადარჩენის“ სურვილით არის ნაკარნახევი. ზოგადად ვიტყვი, რომ თქვენი პასუხი არის ცალსახად არაადეკვატური და სასკოლო სისტემაში არსებულ რეალობას ოდნავაც ვერ უახლოვდება, ვერც ე.წ. სქემის თვალსაზრისით, რომ თითქოს პედაგოგები აღფრთოვანებული ერთვებიან ამ სისულელეში და ვერც სახელფასო ანაზღაურების საკითხში, რადგან სახელფასო ზრდის სტატისტიკა, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ არის აბსურდის ნიმუში, სადაც მხოლოდ რიცხვების პრეზენტირებას მიმართავთ. თუმცა აქაც კარგად ჩანს, რომ რიცხვებში გამოხატული „ზრდაც“ მიზერულია და თან ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის კლების გამო 2013 წლიდან დღემდე ანაზღაურება რალურად კი არ გაიზარდა, პირიქით - შემცირდა.

თუმცა მოვიხმოთ ხოლმე თავად თქვენი ნათქვამი:

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდგომში - სქემა) სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას სთავაზობს მასწავლებელთა სახელფასო ზრდის მკაფიოდ გაწერილ სისტემას, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მასწავლებლის კარიერულ წინსვლასთან. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით განცხადებაში მოყვანილ გარემოებას, თითქოს აღარ არსებობს მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა. თვალსაჩინოებისთვის, გაცნობებთ, რომ 2015 წლიდან, ანუ სქემის ამოქმედების პერიოდიდან დღემდე უკვე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა მასწავლებელთა ხელფასის ზრდა“:

და მერე მოგყავთ „ზრდის“ სტატისტიკა.

თქვენ, რა მართლა ფიქრობთ, რომ  40-50 და გნებავთ 100 ლარით ხელფასის ზრდა მასწავლებლის შრომის ადეკვატურია? ან იმ შრომისა, რომელსაც პედაგოგი სტატუსის მოპოვებისთვის ეწევა? ან, ხომ არ დგავიწყდათ, როდის შეჩერდა საბაზო სახელფასო ზრდა? უკვე თვეებია, პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებს ხელფასი აღარ გაზრდიათ, ხოლო წამყვანი და მენტორი მასწავლებელი, სულ 225 იმდენად თითზე ჩამოსათვლელია, რომ მათი ანაზღაურების ზრდა რა მოსატანია, მით უმეტეს ისინი თითქმის კერძო სექტორში არიან დასაქმებულები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მათ დანამატზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.

აქვე ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ თქვენი მოყვანილი „თავმოსაწონი“ რიცხვები არის საშემოსავლო დაქვითვის გარეშე, ანუ, სინამდვილეში მასწავლებელი ამ დანამატიდან 20 პროცენტით ნაკლებს იღებს. მაგალითად, თუნდაც 216 წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლის რეალური, ე.წ. ხელზე ასაღები დანამტის ოდენობა არის არა 700, არამედ 560 ლარი. ფიქრობთ, რომ 65 ათას პედაგოგიდან  მხოლოდ 216 მასწავლებლის ხელფასის ამ ნიშნულამდ ზრდა იმას ნიშნავს, რომ ზოგადად მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა?

მაგრამ, თქვენ რატომ მოიხმობთ ამ სტატისტიკას? თქვენ ხომ არ იღებთ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას? თქვენი უწყება, უბრალოდ იმ სისტემის შეემადგენელი ნაწილია, იმ ბიუროკრატიის ჭანჭიკია, რომელიც ამ სქემამ შვა და, ბუნებრივია, არ გსურთ ნოყიერ ფინანსებს შეელიოთ, რაც ასე უხვად და ასე უმიზნოდ იხარჯება...

თქვენ გამბედაობა გყოფნით და დასცინით პედაგოგიურ საზოგადოებას: სახელმწიფო 40-40 ლარით ხომ გიზრდიდათ ხელფასს და რაღა გინდათო? არადა, თქვენ მიერ დასახელებეული ყველაზე მაღალი ხელფასიც კი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და რომც არსებობდეს, ჰოი, როგორ კონტრასტშია თქვენ სახელფასო, საპრემიერო, საჯილდო, სადანამატო შემოსავლებთან? სად, თუნდაც მენტორი მასწავლებლის ათასი ლარი  და სად თქვენი და თქვენი უწყების ოთხ-ხუთნიშნიან რიცხვებში გამოხატულ ანაზღაურებას, პლუს მომსახურება, ტრანსპორტი, მივლინება კვება და ა.შ. იქნებ, ერთი მაგალითი მაინც დამისახელოთ, მაჩაბელო, რას აკეთებთ ან თქვენ ან თქვენი თანამშრომლები ერთ პედაგოგზე მეტს, გნებავთ რაოდენობრივად, გნებავთ თვისობრივად? ანაზღაურება ხომ თვისობრივობა-რაოდენობრიობის ადეკვატური უნდა იყოს?

მიხვდით, ახლა, რატომ ვამტკიცებთ,  რომ მასწვლებელი სოციალურად დაუცველია? გავყეთ თქვენს სიტყვებს:

„ამასთანავე, სიზუსტეს არის მოკლებული განცხადება, თითქოს სქემის ამოქმედების შედეგად მასწავლებლის პროფესია გახდა არაპრესტიჟული. პირიქით, სქემა მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შეთავაზებით (რაც, თავის მხრივ, სახელფასო ზრდასთან არის დაკავშირებული) ხელს უწყობს ამ პროფესიის პოპულარიზაციას, პროფესიაში მყოფი ადამიანების წახალისებას და მათი პრესტიჟის ზრდას. Eსცჰოოლ-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში 1300 პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი და გახდა უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2017 წლის ბოლოს გარე დაკვირვების პილოტირების რეჟიმში გავლის შედეგად 42-მა მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. გარდა ამისა, სისტემაში გაჩნდნენ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები. 2018 წელს ათასობით პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა, ასევე 500-ზე მეტ მასწავლებელს ექნება საშუალება გარე დაკვირვების გზით აიმაღლოს თავისი სტატუსი.“

როდის და სად ჩაატარეთ კვლევა, რომელმაც გიჩვენათ, რომ მასწავლებლის პროფესია პოპულარული გახდა? პირიქით, ყველა გამოკითხვა, საუბარი და მათ შორის მოსწავლეთა მიერ დაწერილი დამოუკიდებელი თემები ადასტურებენ, რომ ბავშვთა, მოზარდთა აბსოლუტურ უმრავლესობის სასურველი პროფესიების ჩამონათვალში ვერ წააწყდებით პედაგოგის პროფესიას. აბა, დაუსვით მოსწავლებს ტრივიალური შეკითხვა - „რა უნდა გახდე?“ და 3% თუ მაინც ისურვებს პედაგოგობას, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. თავად მოქმედ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა კი მზადაა უკეთესი ან მსგავსი ანაზღაურების შემთხვევაში სხვა სამსახურში დასაქმდეს. Eschool-ის მონაცემები, რომ ერთ წელიწადში 1300 პრაქტიკოსი გახდა უფროსი მასწავლებელი, სწორედ სქემის უკუღმართობას, ნაძალადევობას და გაუმართაობას ადასტურებს და ასევე ადასტურებს იმას, რომ სქემით არ არიან მასწავლებლები აღფრთოვანებულები, თორემ 44 ათასზე მეტი პრაქტიკოსიდან მხოლოდ 1300 მასწავლებლის წინსვლა მაგალითად რამ მოგატანინათ? ნუთუ ეს რიცხვები ერთმანეთთან ახლოს გგონიათ? თუ იმას იტყვით, რომ დანარჩენი 44 ათასი მაჩანჩალა ან არაპროფესიონალიაო, მით უფრო გაუმართლებელი ხდება  სქემის არსებობა და ეს ადასტურებს მის მოუქნელობას, ასევე თქვენი უწყების სრულიად ზედმეტობას, რომელმაც მრავალი წლის მანძილზე ვერ უზრუნველყო და ვერ აამაღლა ამდენი პედაგოგის სტატუსი. დავუშვათ ე.წ. სქემა მართლაც განაპირობებს მასწავლებლის კვალივიციურ წინსვალს. წლიურად 11 მილიონით ფინანსდებით და ამ 11 მილიონი ლარის შედეგია მხოლოდ 1300 მასწავლებლის უფროს სტატუსის კატეგორიაში გადაყვანა.  ანუ, 11 მილიონი დაიხარჯა საშუალოდ 1350-მდე მასწავლებლის წინსვალაში?

და თუ ყოველწლიურად ამაზე მეტი პროგრესი არ გვექნება, მაშინ 40 ათასი მასწავლებელი რამდენ წელიწადში უნდა ამაღლდეს და გადავიდეს ზედა სტატუსზე? კიდევ 30 წელი უნდა იჩანჩალოს?

თქვენი სიტყვები:

„საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, თუ რომელ დროს ადარებს ავტორი არსებულ მდგომარეობას და რა საზომით ზომავს მოტივაციის დონეს მასწავლებლებში.“

რომელ დროს, და სანამ ეს სულელური სქემა ამოქმედდებოდა. მანამდელ დროს ვადარებთ, ბატონო მაჩაბელო! არც მანამდე იყო მაღალი მოტივაციები, არც მანამდე იყო ეს პროფეია მომხიბლავი, მაგრამ ამ სულელურმა სქემამ საერთოდ ბოლო მოუღო ყელაფერს, და რაც შეეხება „კომპეტენციის კლებას“, რომლის მნიშვნელობას ვერ მიმხვდარხართ. წესით, ასეთ უწყებაში დასაქმებულ „სწორუპოვარ გრანდებს“ უნდა გესმოდეთ ამ პროფესიული ტერმინის მნიშვნელობა, უნდა იცოდეთ, რომ კომპეტენციამ შესაძლოა ადამიანში, სპეციალისტში იკლოს, თუნდაც მაშინ, როდესაც მისი სამოქმედო სფერო პროგრესირდება, არის ახალი გამოწვევები და მიდგომები. თუ ამ დროს სპეციალისტები „იყინება“ და ცვლილებას ფეხს ვერ უწყობს, ეს კომპეტენციის კლების ეკვივალენტურია.  თავის მხრივ ეს „გაყინვა“ მრავალ ფაქტორთან ერთად, შესაძლოა, მოტივაციის კლებამ ან არარსებობამ გამოიწვიოს. მაგალითად, მონას არ აინტერესებდა ფეხი აეწყო პროგრესისთვის, რადგან ამას მისთვის არაფერი მოქონდა; მეორე მხრივ, კომპეტენციის კლება გამოწვეულია კომპტენტური კადრების გადინებით. აი, ესაა პასუხი თქვენ შეკითხვაზე და ახლა, იმედია,  მიხვდით, რომ კომპეტენციის კლება თურმე ხდება, იმედია, ამის მისახვედრად თქვენი კომპეტენცია კმარა.

თქვენი სიტყვები:

„მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში 40 800-მა მასწავლებელმა ატვირთა მათ მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაფასებლად. ვფიქრობთ, წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები არ მეტყველებს მასწავლებელთა დაბალ მოტივაციაზე.“

რას ბრძანებთ? მართლა? ატვირთა თუ აატვირთინეთ? და ესეც რომ არ იყოს, რაოდენობა ხარისხის პროპორციულია? თუმცა, უცებ რომ სასწაული მოხდეს და ამ რაოდენობის პედაგოგი ერთიანად გადავიდეს ზედა - უფროსის, ან წამყვანის, ან უფრო უარესი - მენტორის სტატუსზე (თეორიულად ხომ არის დასაშვები, რომ ყველა მათგანი გახდეს მენტორი) - როგორ უხდის მათ სახელმწიფო დანამატს? შეძლებს?.. ვერანაირად, რადგან ეს თანხა არაა ბიუჯეტში და თქვენ ხომ არ მოიკლებთ? ჰოდა, რჩება ერთადერთი გამოსავალი. 40 800 მასწვლებელი სულ გენიოსებად და ქიმერებად რომ იქცეს, სულ რომ „დაადუღონ“ სქემით გათვალისწინებული აქტივობები, თქვენი უწყების ხელით სახელმწიფო სტატუსის მინიჭების პროცესს ხელოვნურად დააბრკოლებს, რითაც მასწავლებლებს „სტატუს კვოში“ დატოვებს და რითაც სახელფასო ზრდას შეგნებულად დაამუხრუჭებს.  

თქვენი სიტყვები:

„მოგეხსენებათ, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს განსაზღვრული აქვთ კონკრეტული ვადები სტატუსის შესანარჩუნებლად (რომელიც სქემის ამოქმედების პერიოდიდან 4 წლით განისაზღვრებოდა).“

არც ჩვენ ვაცხადებთ, რომ სტატუსის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ყველას სჭირდება, პრაქტიკოსმა აბა, რაღა სტატუსი უნდა შეინარჩუნოს, თუმცა, მას სახლში გაშვევბის საფრთხე ემუქრება, თუ არ იბრძოლებს ახალი სტატუსისთვის. საერთოდ კი, თუნდაც უფროს ან მენტორ მასწავლებელს რომ დაუწესდა მოპოვებული პედაგოგიური სტატუსის შესანარჩუნებელი აუცილებელი ვადები და კრედიტქულების აუცილებელი კვოტა,  ეს რას ნიშნავს? რატომ არსებობს სქემაში დისკრიმინაციული მოთხოვნა  „სტატუსის შენარჩუნება“? ეს იმას გავს, სამხედრო პირს ოფიცერის წოდების მინიჭების მერე დრო და აქტივობები რომ განუსაზღვრონ წოდების შესანარჩუნებლად, თუ არადა რიგითობამდე რომ ჩამოაქვეითონ. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ არათუ პრაქტიკოსთა წინსვლის, არამედ უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეთა ჩამოქვეითების ტენდენციებმა იჩინა თავი, რადგან მათთვის გაცემული დანამატები სახელმწიფოს ეზედმეტება. სწორედ ამიტომაა შემოგდებული „სტატუსის შენარჩუნების“ რთული ალგორითმი.

შემდეგ წერთ:

„მასწავლებელს შეუძლია ამ ყველაფრის დროში გადანაწილება და ეტაპობრივად შესრულება, რაც, ვფიქრობთ, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს... ჩვენთვის და, დარწმუნებული ვართ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი ყოველდღიურ პრაქტიკაში ისედაც ახორციელებს ამ აქტივობებს, მაგ.: იყენებს ისტ-ს სასწავლო პროცესში, მუშაობს სსსმ მოსწავლესთან, გეგმავს და ახორციელებს სასწავლო თუ სოციალურ პროექტებს, გადის ტრენინგებს, მონაწილეობს ან უძღვება სამუშაო შეხვედრებს კათედრაზე, მონაწილეობს კონფერენციებში და ა.შ..“ 

ეს „ისედაც ახორციელებს “ კარგად დაზეპირებული გაქვთ, ყველა თქვენი ტრენერი ამას გაიძახის. კი ბატონო, ამას ისედაც აკეთებს მასწავლებელი, მაგრამ თქვენ უსაშინლესად ურთულებთ საქმეს ბიუროკრატიით. მან უამრავი დოკუმენტი უნდა აწარმოოს, უამრავი ფაილი უნდა შეავსოს, რომ თქვენამდე მოიტანოს. ამ „ისედაც გაკეთებულ“ საქმიანობას ჯერ წიან ბიუროკრატიული დაგეგმვა უნდა უძღოდეს, ხოლო შემდეგ დასრულება. მერე ამ ყველაფრის ატვირთვა Eschool-ის სისტემაში, მერე შეფასების ჯგუფის უხელფასო მუშაობა, განხილვა... და კიდევ უამრავი ჯანდაბა. და საბოლოოდ, რომელიმე აქტივობაში იქნებ ძლივს 1 ან 0, 5 კრედიტქულით შეფასდეს.

ძალიან ძვირი, ძალიან ძვირი უჯდება მასწავლებელს იმ გროშების, ყოველთვიური დანამტის მიღება, რომელიც ახალ სტატუსს მოაქვს და რომლის ექვივალენტს თქვენ და თქვენნაირები საათში თუ არა დღეში ხარჯავთ.

და რადგან ასე ზედაპირულად აფასებთ იოლ საქმიანობას, მე უფრო დეტალურად შეგახსენებთ კრედიტულების დაგროვების რთულ გზას, რომლებსაც ადრეც არაერთხელ შევხებივარ:

პედაგოგმა ახალი სტატუსისთვის რომც არ იბრძოლოს, მოპოვებულისთვისაც საკმაო საბრძოლო აქვს და ეს ბრძოლა უხდება და მოუხდება კოლოსალური დროის და ენერგიის ხარჯვად.

21-ე საუკუნეში. ე.წ. კომპიუტერულ ეპოქაში, შემცირების ნაცვლად მკვეთრადაა გაზრდილი და სავალდებულო პედაგოგიური საქმიანობაზე მეტ დროს საჭიროებს არაფრისმომცემი ფორმალობა: მაგ: თვითშეფასების კითხვარი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, პროფესიული საქაღალდის დოკუმენტებით შევსება. შიდა შეფასების ჯგუფში ჩართული მასწავლებელი კი დამატებითაა დატვირთული. გარედამკვირვებლებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ სოლიდურად მიიღებენ გასამრჯელოს, შიდადაკვირვება ანაზღაურებადი არ არის. მათი „სტიმული“ მხოლოდ ერთგვაროვანი კრედიტქულაა იმის მიუხედავად, თუ რა მოცულობის „შემფასებლურ“ საქმიანობას გასწევს.

მარტივად რომ ვთქვათ: არ არსებობს მათ მიერ გაწეული სამუშაოსა და კრედიტქულების პირდაპირპროპორციულობის სტანდარტი. 

შიდაშეფასებისას კიდევ ერთი ნონსენსი იჩენს თავს: გაუგებარია, რა პროფესიონალურ მახასიათებლებით არიან შერჩეული შიდასასკოლო შეფასების ჯგუფის წევრები, იმ დროს, როდესაც  მასწავლებლის ზედა სტატუსის მოსაპოვებელი ან შესანარჩუნებელი აქტივობები უნდა შეფასდეს და თუ მოცემულ მომენტში სკოლას მხოლოდ მათზე დაბალი სტატუსის მასწავლებლები ეყოლება?

თუმცაღა, განხორციელებული აქტივობა აპრიორულ გარანტიას როდი იძლევა, რომ ის შესაბამისი კრედიტქულებით „შეფასდეს“ (ამის სამწუხარო მაგალითი უკვე ვნახეთ). აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: შიდა თუ გარე შეფასების ჯგუფის არაობიექტურობა, არაკომპეტენტურობა, წინასწარგაზრახულობა, სუბიექტურობა, ტექნიკური პრობლემა და ა.შ.

თუ ზოგადად კრედიტქულებს თვალს გადავავლებთ, ერთი კრედიტქულა არის სამი სრული სამუშაო დღის ექვივალენტური (საშუალოდ), შესაბამისად, თითოეული სტატუსისთვის თუ განვსაზღვრავთ საშუალოდ 14 კრედიტქულას, ის 42 რვასაათიანი სამუშაო დღის, ანუ 336 ასტრონომიული და 445 აკადემიური (საგაკვეთილო) საათის ექვივალენტური გამოდის.

ერთმა მასწავლებელმა უნდა მოახერხოს ამ საათების  გადანაწილება მისთვის მიცემულ ვადებზე. ეს ნიშნავს, იმას, რომ სრული დატვრითვის მქონე მასწავლებლის სამუშაო დრო ყოველდღიურად კიდევ ერთი სამუშაო საათით მაინც უნდა გაიზარდოს. და გათვალისწინებული არ არის, რომ ამის რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. რვასაათიანი სამუშაო დროის პირობებშიც ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის ფიზიკურ-გონებრივი შესძლებლობა ნელ-ნელა ქვეითდება და ეს შრომის ნაყოფიერებაზეც აისახება. რეაბლიტაციისთვის აუცილებელია დასვენება, რომელსაც პედაგოგი სქემაში ჩართვამდეც ვერ იყენებდა და მითუმეტეს, სქემის ამოქმედებამ კიდევ უფრო დატვირთა.  პედაგოგს უპირობოდ უნდა მიუწვდებოდეს ხელი სათანადო ბეჭდურ, თუ ონლაინ ლიტერატურაზე, პრესაზე, სხვა რესურსებზე... დროისა და ფიზიკური შესაძლებლობის გარდა ეს  შესაბამის ფინანსურ რესუსრსაც მოითხოვს. გამოდის, რომ პედაგოგი მრავალმხრივ კრიზისშია. სქემა მისთვის მისაღებიც რომ იყოს, მასში ჩართვის ძალაც არ შესწევს, ამიტომაც ის რჩება დილემის წინაშე: შეწყვიტოს დამატებითი შრომა, უპირველესად რეპეტიტორობასა და დამატებით სახსრებზე უარი თქვას და გადაერთოს მხოლოდ „პროფესიულ წინსვლაზე“, ოღონდ საამისოდ არც ფინანსური, არც ფსიქოლოგიური, არც ფიზიკური რესურსი აღარ ექნება, ან მოიქცეს პირიქით: უარი უთხრას პროფესიულ წინსვლას და ძველებურად გააგრძელოს საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში, ის სკოლას დაემშვიდობება.

სქემა არ ითვალისწინებს არა მარტო იმას, ეყოფა თუ არა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო თავად პედაგოგს, არამედ, არც პედაგოგის პროფესიული საქმიანობის ადგილის - სკოლის ფაქტორსაც.  დამატებითი აქტივობების ერთი ასტრონომიული საათი შეესაბამება დაახლოებით 0,03-0.05 კრედიტს. 3-5 წლის განმავლობაში ერთ პედაგოგს სკოლამ უნდა გამოუყოს კვირაში 2-5 საათი მაინც კრედიტების დასაგროვებელი აქტივობისთვის, ანუ: პრაქტიკოსს - 2, უფროსს - 3, წამყვანს - 4, ხოლო მენტორ მასწავლებელს - 5 საათი. სკოლამ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღე თითო საგაკვეთილო საათიც რომ დაუთმოს პედაგოგს (რაც, ბუნებრივია, ყოვლად შეუძლებელია), სქემით გათვალისწინებულ ყველაზე დიდ ვადაში - 5 წელიწადში ის მაქსიმუმ 17-20 პედაგოგს თუ „დააკმაყოფილებს“. განსაკუთრებული უტოპიურობით გამოირჩევა ე.წ. „მაღალი“ აქტივობები: სახელმძღავენლოს ავტორობა-თანაავტორობა, პრეზენტაციების ორგანიზება, ტრენერობა,  ინტერნეტ და სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა, კვლევები, საგანმანათლებლო პროექტების ავტორობა, სტატიების წერა და ა.შ.

ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი აქტივობების მქონე ადამიანს დამყაყებულ სისტემაში დარჩენის სურვილი ექნება? თან მხოლოდ წამყვანი ან მენტორის სტატუსისთვის? მხოლოდ ორასიოდე ლარიანი სახელფასო სხვაობისთვის? მსგავსი მასშტაბის აბსურდს, ალბათ, დედამიწაზე სხვაგან ვერსად ვიპოვით!

დავუშვათ, გვაქვს იდეალური შემთხვევა და პედაგოგს ყოფნის „ჯამაგირი“, დავუშვათ ის მთელი მონდომებით ჩეაფლო პროფესიულ წინსვლაში. გაწვდება კი საჯარო სკოლა ყველა ასეთი მონდომებული მასწავლებლისთვის ჯერ ბაზით, ხოლო შემდეგ შეფასებით უზრუნველყოფას?!

მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი იდეალური საჯარო სკოლა, სადაც საშუალოდ 60 მასწავლებელი მუშაობს და 55 მათგანი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ატარებს, ხოლო 55-დან 45 მაინც შემდგომი სტატუსისთვის ემზადება. სკოლაში მოქმედი შეფასების ჯგუფისთვის ერთი მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა მოითხოვს სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 8 საათს (55 მასწავლებელს კი 440 საათი დასჭირდება), გაკვეთილზე დაკვირვებისას (პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლისთვის) 45 მასწავლებლის შემთხვევაში - 67 ასტ.სთ. (საშუალოდ 90 გაკვეთილზე დასწრება); ჩატარებული გაკვეთილის შეფასება - საშუალოდ  100 ასტ. სთ; მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება საშ: 150 ასტ.სთ;  განმავითარებელი შეფასების წერილობითი ფორმები. საშ 45-50 სთ. მთლიანი საშუალო ჯამი კი იქნება  802 ასტ. სთ. (440+67+100+150+45). ეს გახლავთ 100 რვასაათიანი სამუშაო დღე (მაშინ, როდესაც სასწავლო დღეების რაოდენობა 200-მდეა).

საჯარო სკოლა უნდა მოწყდეს უმთავრეს ფუნქციას - მოსწავლისთვის განათლების მიცემას (ეს ფუნქცია ისედაც მოჩვენებითი ხდებოდა) და გადაიქცეს შემფასებელ დაწესებულებად?!

შეფასების ჯგუფის წევრი თუ ამ ტემპში იმუშავებს, გაკვეთილებს როდისღა ჩაატარებს ან დირექტორი როგორღა შეძლებს გაართვას თავის მთავარ ვალდებულებას - სკოლის მართვას?რჩება ერთი გამოსავალი: შეფასება უნდა გახდეს ფორმალური (გაფორმდეს დოკუმენტაციით) ყალბი და ხანდახან, მხოლოდ მონიტორინგის თვალის ასახვევად განხორციელდეს, როგორც ეს საბჭოურ პერიოდში ხდებოდა.

თქვენც კარგად იცით, კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ე.წ. სქემის არარაობის ძირფესვიანი წარმოჩენისა  და თქვენი უწყების საქმიანობის შესაფასებლადაც, მაგრამ, ვფიქრობთ, მოცემულ მომენტში და მოცემული ფორმატით პოლემიკის პირობებში ისედაც საკმაო დრო დავხარჯე.  ეს საზოგადოებისთვის გავაკეთე, თორემ ცხადია, ბიუროკრატია არგუმენტირებული კრიტიკისა და საომავლოდ მოსალოდნელი დამანგრეველი შედეგების მიუხედავად კონსესუნსს არ აპირებს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გაიძულოთ დათმობა,“ - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. მიმართვა საქართველოს მთავრობას გაეგზავნა. მთავრობისადმი გაგზავნილი მიმართვის პასუხად პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბლის წერილი. წერილს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება