სიახლეები
სიახლეები

გიორგი მაჩაბლის პასუხი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეჩერების მოთხოვნაზე
23-02-2018
-
+


პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. 

პეტიციაში ავტორი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ სქემის მოქმედების პირობებში, რეალური გახდა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა აღარ არსებობს; პედაგოგთა საზოგადოებაში ადრინდელზე მეტია დაბალი მოტივაცია და ამით გამოწვეული დაბალი კომპეტენციები, პედაგოგის პროფესია გახდა არაპრესტიჟული, მასწავლებელი სოციალურად ახლა უფრო დაუცველია, ხოლო მოსწავლეს წაერთვა უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

მიმართვა, რომელსაც 1066 ადამიანი აწერს ხელს, საქართველოს მთავრობას გაეგზავნა, რადგან სწორედ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოქმედებს აღნიშნული სქემა. მთავრობისადმი გაგზავნილი მიმართვის პასუხად პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბლის წერილი. 

გთავაზობთ წერილს:

„მოგახსენებთ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდგომში - სქემა) სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას სთავაზობს მასწავლებელთა სახელფასო ზრდის მკაფიოდ გაწერილ სისტემას, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მასწავლებლის კარიერულ წინსვლასთან. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით განცხადებაში მოყვანილ გარემოებას, თითქოს აღარ არსებობს მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა. თვალსაჩინოებისთვის, გაცნობებთ, რომ 2015 წლიდან, ანუ სქემის ამოქმედების პერიოდიდან დღემდე უკვე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა მასწავლებელთა ხელფასის ზრდა: 

2015 წლის 1 სექტემბრიდან: 

მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო გაიზარდა 50 ლარით (17%-ით) და გახდა 355 ლარი; 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 160 ლარით; 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 250 ლარით; 

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 300 ლარით. 

2016 წლის 1 აპრილიდან: 

მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო გაიზარდა 50 ლარით (ჯამში 33%-ით) და გახდა 405 ლარი. 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 180 ლარით. 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 270 ლარით. 

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 400 ლარით.

2017 წლის 1 იანვრიდან:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 320 ლარით.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 500 ლარით.

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 700 ლარით.

2018 წლის 1 თებერვლიდან:

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 700 ლარით;

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრა 1000 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიგვაჩნია განმცხადებლის მხრიდან იმის მტკიცება, რომ „მასწავლებელი სოციალურად ახლა უფრო დაუცველია“. ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. ცხადია, მასწავლებლების, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეების, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს. 

ამასთანავე, სიზუსტეს არის მოკლებული განცხადება, თითქოს სქემის ამოქმედების შედეგად მასწავლებლის პროფესია გახდა არაპრესტიჟული. პირიქით, სქემა მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შეთავაზებით (რაც, თავის მხრივ, სახელფასო ზრდასთან არის დაკავშირებული) ხელს უწყობს ამ პროფესიის პოპულარიზაციას, პროფესიაში მყოფი ადამიანების წახალისებას და მათი პრესტიჟის ზრდას. Eschool-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში 1300 პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი და გახდა უფროსი მასწავლებელი,ხოლო 2017 წლის ბოლოს გარე დაკვირვების პილოტირების რეჟიმში გავლის შედეგად 42-მა მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. გარდა ამისა, სისტემაში გაჩნდნენ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები. 2018 წელს ათასობით პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა, ასევე 500-ზე მეტ მასწავლებელს ექნება საშუალება გარე დაკვირვების გზით აიმაღლოს თავისი სტატუსი.

მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებულია განაცხადი, თითქოს „პედაგოგთა საზოგადოებაში ადრინდელზე მეტია დაბალი მოტივაცია და ამით გამოწვეული დაბალი კომპეტენციები...“ საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, თუ რომელ დროს ადარებს ავტორი არსებულ მდგომარეობას და რა საზომით ზომავს მოტივაციის დონეს მასწავლებლებში. გარდა ამისა, ჩვენთვის მთლიანად აუხსნელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოტივაციის შემცირებასა და კომპეტენციის კლებას შორის, მითუმეტეს, კომპტენციის კლება - ასეთი რამ არ ხდება, პროფესიაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება მხოლოდ გააუმჯობესოს ან არ გააუმჯობესოს თავისი კომპეტენცია. Eschool-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში 40 800-მა მასწავლებელმა ატვირთა მათ მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაფასებლად. ვფიქრობთ, წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები არ მეტყველებს მასწავლებელთა დაბალ მოტივაციაზე.

განცხადების ავტორი წერს, რომ „სქემის მოთხოვნები თავისი ვადებით, მასშტაბურობითა და სიძნელით წინააღმდეგობაში მოდის სქემითვე გათვალისწინებულ მიზანთან, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას“. თუმცა განცხადებაში უფრო დაკონკრეტებული არაა, ზუსტად რაში მდგომარეობს ვადებთან დაკავშირებული პრობლემა. მოგეხსენებათ, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს განსაზღვრული აქვთ კონკრეტული ვადები სტატუსის შესანარჩუნებლად (რომელიც სქემის ამოქმედების პერიოდიდან 4 წლით განისაზღვრებოდა), ხოლო პრაქტიკოს მასწავლებლებს და მენტორებს ასეთ ვადებს არ უწესებს სქემა. რაც შეეხება „მასშტაბურობას“ და „სიძნელეს“, შესაძლებელია ავტორი გულისხმობს იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომელთა შესრულების შედეგადაც მასწავლებლები დააგროვებენ შესაბამის კრედიტქულებს სტატუსის შესანარჩუნებლად და წინსვლისთვის. საქმე ის გახლავთ, რომ სქემით განსაზღვრული მთელი ამ აქტივობებიდან სავალდებულოდ შესასრულებელი მხოლოდ მცირე ნაწილია (2 ან 3) სხვადასხვა სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, დანარჩენი კი მათ თვითონ უნდა შეარჩიონ არსებული ჩამონათვალიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მასწავლებელს შეუძლია თვითონაც გახდეს სხვა, დამატებითი აქტივობის ინიციატორი და ამ გზით მოიპოვოს კრედიტქულა. მასწავლებელს შეუძლია ამ ყველაფრის დროში გადანაწილება და ეტაპობრივად შესრულება, რაც, ვფიქრობთ, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. 

ჩვენთვის და, დარწმუნებული ვართ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი ყოველდღიურ პრაქტიკაში ისედაც ახორციელებს ამ აქტივობებს, მაგ.: იყენებს ისტ-ს სასწავლო პროცესში, მუშაობს სსსმ მოსწავლესთან, გეგმავს და ახორციელებს სასწავლო თუ სოციალურ პროექტებს, გადის ტრენინგებს, მონაწილეობს ან უძღვება სამუშაო შეხვედრებს კათედრაზე, მონაწილეობს კონფერენციებში და ა.შ.. რაც შეეხება, შედარებით „რთულ“ აქტივობებს (თუკი ეს იგულისხმება „სიძნელეში“), როგორიცაა, მაგალითად, საკუთარი პრაქტიკის ან სკოლის საჭიროებების კვლევა, ანდა სასწავლო რესურსის და მეთოდური ლიტერატურის შექმნა, ამ ტიპის საქმიანობა მხოლოდ მაღალ (წამყვანის და მენტორის) სტატუსზე გადასასვლელად სჭირდება მასწავლებელს. თანაც, ვფიქრობთ, არც ეს უნდა იყოს დაუძლეველი მასწავლებლებისთვის. 

ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ატარებს კვლევებს, გამოკითხვებს და მონიტორინგს სქემის მიმდინარეობის შესახებ, რის საფუძველზეც მუდმივად წარადგენს რეკომენდაციებს მარეგულირებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა სქემის ფარგლებში ბიუროკრატიის ხარისხის საგრძნობლად შემცირება და მათთვის უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება, რათა გაუადვილდეთ მუშაობა როგორც მასწავლებლებს, ისე სკოლის ადმინისტრაციას და შეფასების ჯგუფებს. ამდენად, ჩვენთვის ღირებულია კონკრეტული არგუმენტირებული შენიშვნა, რჩევა თუ კვალიფიციური რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მათი კარიერული და სოციალური წახალისების მექანიზმების დახვეწაში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას,“ - აღნიშნულია წერილში.

გიორგი მაჩაბლის წერილს წერილითვე უპასუხა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ. მისი წერილს გაეცანით ამ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება