სიახლეები
ეტალონი

 „ეს გამარჯვება მოტივაციის მიმცემი გახდა“ - 2023 წლის ადიგენის, ბაღდათის, კასპის, აბაშის და წალკის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ 
29-05-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მრავალი წელია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოჩენასა და წახალისებაზე ზრუნავს. მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება.

ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან მონაწილეობენ.

25 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ადიგენის, ბაღდათის, კასპის, აბაშისა და წალკის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.

ინტელექტუალურ კონკურსში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით, 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგნენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge - სთან „ეტალონის“ მე-2 ეტაპის გამარჯვებულმა - „ეტალონმა მოსწავლეებმა“ სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს:

ნია მუხიგულაშვილი, „კასპის ეტალონი მოსწავლე“ - სასირეთის საჯარო სკოლა:        

უფრო მეტად ჰუმანიტარი ვარ და აქედან გამომდინარე, მათემატიკის და ფიზიკის საკითხები, ცოტა რთული იყო ჩემთვის. ქართულ ენასა და ლიტერატურასთან დაკავშირებით კარგი კითხვები იყო, გამიმარტივდა მათი დაწერა...

სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას, ვერ წარმოვიდგენდი, რომ კასპის მასშტაბით შეიძლებოდა 1-ელ ადგილზე გავსულიყავი. პირველად, რომ დამირეკეს მახსოვს ვიკითხე: „რამდენ ბავშვში მოვხდი?“... ცოტა მეშინოდა კიდეც, რადგან ჩემპიონატში ბევრი ჭკვიანი ბავშვი მონაწილეობდა. ამასთანავე, ტესტირებისთვის, დიდად არ მოვმზადებულვარ. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ შედეგით.

ნანი ბარნაბიშვილი, გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლიდან ბევრი ნიჭიერი მოსწავლე მონაწილეობდა. ერთი მოსწავლე მე-3 ადგილზე გავიდა, მეორე მე-4-ზე... ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს... ნაკითხები არიან, მარტო საგნებს კი არ სწავლობენ, არამედ კითხვაც უყვართ - კლასგარეშე ლიტერატურა და ალბათ, ამანაც შეუწყო ხელი. საკმაოდ ერუდირებული ბავშვები არიან.

მავრა მაზმიშვილი, გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

მე ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეები ათეულში მოხვდნენ. ბავშვები ჩემპიონატში ხალისით მონაწილეობდნენ, სულ კითხულობდნენ, როდის იქნება „ეტალონის“ ჩემპიონატი. რაც შეეხება გამარჯვებულს - ნია მუხიგულაშვილს, ძალიან მიზანდასახული და კარგი გოგოა, იმედია შემდგომშიც ექნება წარმატებები.

ნატა ჯანელიძე  „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ - ვარციხის საჯარო სკოლა:        

ველოდებოდი გამარჯვებას. ტესტები ჩემთვის ძალიან რთული არ ყოფილა. ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, დავწერე. წინასწარ ვვარჯიშობდი და „ეტალონისთვის“ მომზადებული ვიყავი. რაც შეეხება სირთულეს, ვფიქრობ, საშუალო დონის სირთულის იყო.

ელზა ზაზარაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლემ, - ნატა ჯანელიძემ კონკურსში უმაღლესი ქულები დააგროვა. ჩემპიონატი სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად შედიოდნენ, მუშაობდნენ. ნატა ძალიან კარგი, აქტიური, შემოქმედი, ლიდერი მოსწავლეა თვითმმართველობაში. მოველოდი მისგან ამ გამარჯვებას. შეეძლო, უფრო მეტიც გაეკეთებინა, ცოტა ჩქარია. სკოლა მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

შორენა თეთვაძე,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

პირველ რიგში მადლობა „ეტალონს“ ამ პროექტისთვის, იმისთვის, რომ მოსწავლეებსშესაძლებლობას აძლევს, თავიანთი სასწავლო რესურსი მაქსიმალურად წარმოაჩინონ. ძალიან გამიხარდა ნატას გამარჯვება. ის პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, კომპიუტერის მფლობელი გახდა წელს... ნამდვილად საუკეთესო და გამორჩეულია. ეს გამარჯვება მისთვის ნამდვილად დიდი მოტივაცია და გამოწვევაა. ვნახოთ, რას იზამს მომავალში.

თამარ აბულაძე „წალკის ეტალონი მოსწავლე“ - წალკის N1 საჯარო სკოლა:               


ტესტები არ იყო მარტივი. ნაწილი ვიცოდი და ბევრი არ მიფიქრია, ზოგზე კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი. წინასწარ არ მოვმზადებულვარ, თუმცა ჩემი ნაშრომით კმაყოფილი ვიყავი და შესაბამისად, გამარჯვებასაც მოველოდი. უნდა აღვნიშნო, რომ ტესტირების ფორმატი ძალიან მომეწონა. 

მარინე ბერიანიძე,  წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან მიხარია, რომ უკვე მე-3 წელია „წალკის ეტალონ მოსწავლე“ ჩვენი სკოლიდანაა. ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი შიდა და გარე შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა. ამ მოსწავლისგან გამარჯვებას ველოდებოდით, გასაკვირი არ ყოფილა, იმდენად გონიერი გოგონაა. კარგი საფუძველი აქვს წლების მანძილზე ცოდნა დააგროვა და შედეგიც დადო. მადლობა ამ პროექტს, რომელშიც ყოველ წელს ვერთვებით და ვგულშემატკივრობთ. ეს მოსწავლეების გარე შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა. 

ლილი ზოიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

როგორც ჩემპიონატის 1-ელ ეტაპზე, ასევე მე-2 ეტაპზეც მოსწავლეები ინდივიდუალურად ისხდნენ. ოთახში მხოლოდ იმდენი შედიოდა, რამდენიც კომპიუტერი იყო. 

მოსწავლეებისგან  ძალიან დიდია დაინტერესება, ძალიან მოსწონთ ეს პროექტი, რადგან მარტო ერთი მიმართულება არაა და ყველა სფეროს მოიცავს. ერთადერთი დაბრკოლება, მე-9 კლასელისთვის იყო რაღაც საკითხი, რაც არ ჰქონდა გავლილი. დანარჩენს, რაც შეეხება, ყველაფერი მოეწონათ.  მე, როგორც მასწავლებელი და ამ პროექტის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ვისურვებდი, რომ მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისთვის სატელევიზიო სივრცეში ისევ დაბრუნდებოდეს „ეტალონი“.

თამარს, რაც შეეხება ის მეთერთმეტეკლასელია, მე მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. ის ძალიან  ნიჭიერი, შრომისმოყვარეა. უყვარს კითხვა, რაც მთავარია, არა მარტო სასკოლო, არამედ კლასგარეშე ლიტერატურიდან დიდ ინფორმაციას იღებს. მისი პასუხები ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალურობით. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ არის ძალიან ლოიალური და შემწყნარებელი. არაა ისეთი ბავშვი, რომელიც არ იღებს განსხვავებულ აზრს. ყოველთვის შეუძლია შენიშვნის მიღება და გაზიარება, როგორც თანატოლებისგან, ასევე უფროსებისგან. რაც შეეხება კლასში ურთიერთობას, დიდი კლასი არ არის და რამდენიმე პიროვნება, მათ შორის თამარი ლიდერის თვისებებითაა დაჯილდოებული და სხვადასხვა აქტივობის ინიციატორი თავად გახლავთ. გარდა იმისა, რომ ყველა პროექტში ჩართულია, რაც სკოლაში კლასის მონაწილეობით ხორციელდება, არასაგაკვეთილო პერიოდში ჩართულია საოჯახო მცირე ბიზნესში და ოჯახს ეხმარება შაბათ-კვირას. ძალიან ყოჩაღი გოგონაა.

ანი მიქაძე „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ - ტყვირის საჯარო სკოლა:      

ვფიქრობ, ტესტირება რთული არ იყო. მომზადებული ვიყავი, ვმეცადინეობდი. სიმართლე, რომ გითხრათ გამარჯვებას არ ველოდებოდი და ეს ჩემთვის მოულოდნელი სიხარული იყო. სხვა დროსაც მიმიღია მონაწილეობა და ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია.

გია მიგინეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის გამარჯვებული - ანი მიქაძე კარგი მოსწავლეა. ჩვენი სკოლიდან 13 მოსწავლე მონაწილეობდა... ყოველთვის აქტიურად ვიყავით ჩართული „ეტალონის“ ჩემპიონატში. ძალიან კარგი პროექტია და გამორჩეულად გვიყვარს. 


რაჟდენ მიქაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ზოგადად, ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში დიდი ინტერესი არსებობს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. მათი უმრავლესობა მონაწილეობდა ჩემპიონატში. ჩემთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო ანი მიქაძის გამარჯვება. სხვა მოსწავლეებსაც ჰქონდათ შანსი, თუმცა, ვფიქრობ ვერ გამოიყენეს. ერთგვარი აღმოჩენაა ანის გამარჯვება ჩვენი სკოლისთვის. აქტიური მოსწავლეა, ბრწყინვალედ გაართვა ტესტებს თავი.

სალომე ბატოჯანოვი „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა:  

„ეტალონის“ ჩემპიონატი სკოლაში ჩატარდა. ცალკე ოთახში გაგვიყვანეს, სადაც ტესტირება გავიარეთ. რაც შეეხება კითხვებს, არ იყო ძალიან რთული, მაგრამ ვინც იცის ის ყველაფერს აკეთებს. ეს გამარჯვება ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. წინასწარ ვმეცადინეობდი და გამარჯვებას სიმართლე რომ გითხრათ ველოდებოდი, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად გამიხარდა.

სვეტლანა ბოჩიკაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემპიონატში 9 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეტაპობრივად გამოგვყავდა ბავშვები ტესტირებაზე. მე უბრალოდ შევედი, დიდი ხნით ოთახში არ გავჩერებულვარ. დამოუკიდებლად მუშაობდნენ.

მე-8 კლასელმა გაიმარჯვა, ჭკვიანი, ათოსანი ბავშვია, კითხვა უყვარს. მან შეძლო ბარიერის გადალახვა, კიდევ ორი გვყავდა კარგი მოსწავლე მე-11 კლასელები იყვნენ, თუმცა გამარჯვებულს, ალბათ, მეტი ცოდნა ჰქონდა.

მადლობელი ვარ ამ პროექტის. მადლობა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

სოფიო ბლიაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა ჩემპიონატის მე-2 ეტაპმა. გამარჯვებული კარგი, გონიერი, ბავშვია და თავისი ცოდნით, შედეგით გამოჩნდა და წარმატებას მიაღწია.

პირველად მიიღო მონაწილეობა - მე-8 კლასშია, მომავალში კიდევ უფრო იაქტიურებს. მისთვის ეს გამარჯვება მოტივაციის მიმცემი გახდა. 



ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები რუბრიკაში „ეტალონი“- ბმულზე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება