სიახლეები
ინტერვიუ

„პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის აქ მუშაობა გმირობის ტოლფასია“ - ინტერვიუ შუახევის რესურსცენტრის უფროსთან
22-03-2018
-
+


ედუარდ გოგრაჭაძე ოთხი წელია შუახევის რესურსცენტრის უფროსია. მისი სამსახურეობრივი საქმიანობა მანამდეც განათლების სფეროს უკავშირდებოდა. პროფესიით ისტორიკოსმა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მშობლიური წყაროთის სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, სწორედ ამ სკოლაში გაიზარდა როგორც პედაგოგი:

- უმაღლესის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა სოფელ წყაროთის საშუალო სკოლაში. ეს ჩემი მშობლიური სოფლის სკოლაა, რომელშიც გავატარე მოსწავლეობის პერიოდი და ჩემი პედაგოგიური შესაძლებლობებიც სწორედ აქ მოვსინჯე. ჩემი მასწავლებლების თანადგომის იმედი მქონდა და არც შევმცდარვარ, აქ გავიზარდე როგორც პედაგოგი.

წარმატებულ მასწავლებელობას ამავე სკოლის დირექტორობა მოჰყვა. ახალ ამპლუაში ედუარდ გოგრაჭაძემ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლო სკოლისთვის - კოლეგებთან ერთად ბევრი სიახლე დანერგა მშობლიურ სკოლაში, ახალი შენობაც ააშენეს.

- სამ წელზე მეტ ხანს ვიყავი დირექტორის თანამდებობაზე. საერთო ჯამში კი ჩემს სკოლაში დაახლოებით ცხრა წელი ვიმუშავე. შემდეგი ორი წელი ბედი ვცადე კერძო ბიზნესში (მცირე მეწარმედ). გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე, თუმცა ამ სფეროში დიდხანს გაჩერება ვერ შევძელი.

შემდეგ ისევ სკოლას დაუკავშირა ბედი. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და 3 წელი მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 2014 წელს კი კონკურსის საფუძველზე შუახევის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც თავად აღნიშნავს, განათლების სფეროს გარდა სხვა მიმართულებით მოღვაწეობა ვერ წარმოუდგენია.

შუახევის რესურსცენტრში 44 სკოლაა. როგორია მაღალმთიანი რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებზე ყოველდღიური ზრუნვა, რესურსცენტრის უფროსის სამსახურის სპეციფიკა და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ამ რაიონის სკოლები - ამ სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ედუარდ გოგორაჭაძე ესაუბრა.

- რელიეფურად რთული რაიონი გვაქვს, ხეობებადაა დაყოფილი. ყველა სოფელი მაღალმთიანია. სკოლა ყველა სოფელშია. ზოგიერთი სოფელი და სკოლა ისეთ მანძილზეა რაიონის ცენტრიდან დაშორებული, რომ სკოლაში მისული უკან დაბრუნებისას სამუშაო საათები დასრულებულია. ის დღე იმ ერთი სკოლისთვის უნდა გადადო, სხვა სკოლას ვერ ნახავ. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მხოლოდ მანძილზე, ისეთი რელიეფია, რომ სულ მაღლა და მაღლა მიდიხარ ციცაბო ფერდობებზე. განსაკუთრებით რთულია ზამთრის პერიოდი, დიდთოვლობა იცის აქ. მართალია, გზები მაქსიმალურად გონივრულ ვადაში იწმინდება თოვლის საფარისაგან, მაგრამ ყინვების გამო მაინც სახიფათოა მოძრაობა.

აქ პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის მუშაობა გმირობის ტოლფასია. ისინი, მიუხედავად რთული საცხოვრებელი პირობებისა, ცდილობენ მთა შეინარჩუნონ. ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების განხორციელება სკოლებთან მიმართებით. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა - „მოსწავლეთა ტრანსპორტირებას“. არის სოფლები, სადაც საცხოვრებელი უბნიდან სკოლამდე მოსწავლეს 7-8 კილომეტრის გავლა უხდება ფეხით. აქ არ არის ტრანსპორტი, რომელიც საათში ერთხელ მაინც გაივლის და გაყვება მოსწავლე. ის ან საერთოდ არ დადის ამ უბნებში, ან უკეთეს შემთხვევაში დღეში მხოლოდ ერთხელ გადის - დილით სოფლიდან ქალაქისკენ და საღამოს პირიქით, რაც, ბუნებრივია, მოსწავლისათვის მოუხერხებელია. ტრანსპორტირების პროგრამამ ეს პრობლემა მოაგვარა. თუმცა ზამთრის პერიოდში, სანამ ყველა უბანში გზა გათავისუფლდება თოვლის საფარისგან, მოსწავლეები კვლავ ფეხით გადაადგილდებიან რამდენიმე მეტრი სიმაღლის თოვლიან გზაზე.

- როგორც აღნიშნეთ, რთული საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, მოსახლეობა მთის შენარჩუნებას ცდილობს. თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენად შემცირდა სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლებში?

- დღევანდელ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემაა სოფლების დაცლა მოსახლეობისაგან. მიგრაციამ და უარყოფითმა დემოგრაფიულმა პროცესებმა, ბუნებრივია, იმოქმედა შუახევზეც და მის სკოლებზეც. მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო 10 წლის პერიოდში დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია სკოლებში კლასების გაუქმება ან კლას-კომპლექტების შექმნა. ამას მოჰყვა მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის შემცირება და კვალიფიციური კადრების გადინება სკოლებიდან. 

დროულად მიიღეს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. სახელფასო დანამატმა შეინარჩუნა მასწავლებლები სკოლებში. თუმცა არ არის საკმარისი, რადგან მოსახლეობის შეჩერება სოფლად მთლიანად ვერ მოხერხდა. თუ გადავხედავთ ზოგიერთი სოფლის მოსახლეობის სტატისტიკას, აღმოვაჩენთ, რომ სოფლად მცხოვრებთაგან ძირითადი ნაწილი მასწავლებელთა ოჯახებია. მაგრამ არ ვიცი როდემდე შეძლებენ სოფლისა და სკოლის შენარჩუნებას ეს პედაგოგები. 

საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფოს მცირეკონტინგენტიანი სკოლების შენარჩუნება. წარმოიდგინეთ, რომ არის სკოლა, სადაც მხოლოდ შვიდი მოსწავლე სწავლობს, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავს და ამ სკოლას არ აუქმებს. უფრო მეტიც, მიმდინარე სასწავლო წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათ ახალი სკოლა აუშენა. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა ნამდვილად მიზანშეწონილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სოფლებიც გაუქმდება. გამოდის, რომ სკოლამ დამატებით სოფლის შენარჩუნების ფუნქციაც შეიძინა. 

- კიდევ რა სირთულეების წინაშე დგას დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლები?

- ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის დიდი პრობლემაა კადრების ნაკლებობა. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ათეულობით მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებენ სკოლები, განსაკუთრებით დეფიციტურია: ინგლისური ენისა და ლიტერატურის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის სპეციალისტები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვეხმარება კადრების შევსებაში. „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამით მიმდინარე სასწავლო წელს  შუახევში მოვლინებულია ექვსი კვალიფიციური მასწავლებელი.

მასწავლებელთა კადრების მოზიდვაზე ზრუნავს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,რომლის მიზნობრივი პროგრამით - „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ ათამდე მასწავლებელს გზავნიან შუახევის საჯარო სკოლებში ყოველწლიურად.

- შუახევში ტარდება ძალიან ფართო მასშტაბის ღონისძიება, სადაც 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. რამდენად ხშირად იმართება მსგავსი აქტივობები შუახევში და როგორია ამ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა?

- მთის სკოლის მოსწავლეებს, ობიექტური მიზეზების გამო, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, ხშირად, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში, კონკურსში, კონფერენციასა და ოლიმპიადაში, სპორტულ აქტივობაში, რომლებიც ძირითადად ქალაქებში ტარდება. სოფლად არ არის შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და  სპორტული წრეები, მოსამზადებელი ცენტრები (არ ვგულისხმობ სასკოლო წრეებს), სადაც მოსწავლე შეძლებს თავისი შესაძლებლობის გამოვლენასა და გამოცდას, თავისი ნიჭისა და უნარების რეალიზებას, განვითარებას. ამიტომაც ვფიქრობ, ადგილობრივი ძალებით, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, ამ მიმართულებით მოსწავლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

როგორც აღვნიშნე, სკოლებში ინგლისურის  მასწავლებელთა დეფიციტი გვაქვს და სწორედ ინგლისურით მოსწავლეთა დაინტერესებისათვის და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებისათვის, უკვე მეორე წელია ვატარებთ მუნიციპალურ კონკურსს. მიმდინარე წელს კონკურსზე დარეგისტრირდა 37 სკოლის 307 მოსწავლე. კონკურსი ტარდება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში V-VI, VII-VIII, IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებს შორის. კონკურსი ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი უკვე ჩავატარეთ 17 მარტს, მეორე დასკვნითი ტური გაიმართება 24 მარტს, სადაც გამოვლინდება 12 საუკეთესო შედეგის მქონე (I, II, III ადგილი თითო კატეგორიაში) მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით - 50-დან 100 ლარამდე ღირებულების წიგნების ვაუჩერით, პირველ ადგილზე გასულებს ასევე გადაეცემათ სპეციალური დიპლომი ან მედალი რაიონულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის სტატუსით. 
მსგავსი ტიპის რაიონულ კონკურსებს ოთხი წელია ვატარებთ სამოქალაქო განათლებაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში.

ვატარებთ ასევე მოსწავლეთა შემოქმედებით  კონფერენციას ფოლკლორში. ვაწყობთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას ხალხურ ტრადიციულ ხელოვნებაში: ქსოვა, ქარგვა, ხეზე ან ქვაზე კვეთა, სხვადასხვა ნაკეთობები, ნახატები და ა.შ.

მერიის სამსახურებთან და სპორტსკოლასთან ერთად ყოველკვირეულად ვატარებთ სპორტულ აქტივობებს:  სწავლება, მომზადება, შეჯიბრება სხვადასხვა სახეობაში. აღარაფერს ვამბობ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (ამას ერთი ინტერვიუ არ ეყოფა) ან სხვა ორგანიზაციები ატარებენ მოსწავლეებისათვის.

- როგორც ვიცით, მასწავლებლებისთვისაც იმართება ღონისძიებები... 

- მასწავლებელთა ცხოვრება რომ საინტერესო გავხადოთ, ღონისძიებები მათთვისაც ტარდება.  მასწავლებლის დღეებში, დედისა და ქალთა დღეების და სხვა დღესასწაულებზე ვხვდებით ღვაწლმოსილ,  დამსახურებულ  და წარმატებულ პედაგოგებს. ეწყობა საღამო შემოქმედი პედაგოგებისთვის. ტარდება ინტელექტუალური თამაშები „რა, სად, როდის“ მასწავლებლებს შორის და ა. შ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ხელს ვუწყობთ სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. უკვე მეორე წელია ვატარებთ შუახევის მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციას. მიმდინარე სასწავლო წელს კონფერენცია ჩატარდება 31 მარტს. კონფერენცია იმუშავებს სექციებში ყველა საგნობრივი მიმართულებით. კონფერენციაზე დაახლოებით 200 მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას და ერთმანეთს გაუზიარებს საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას.

ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი. მუნიციპალური ღონისძიებებს აფინანსებს მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაცია.

ჩვენი რესურსცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან. წელს ბევრი ახალი პროექტის წამოწყებასა და განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე სპორტული  მიმართულებით. მიხარია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სწორად ხედავს და აფასებს განათლების როლსა და მნიშვნელობას მოზარდი თაობისათვის, რაც გვიადვილებს მუშაობას და გვაძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტი პროექტი შევქმნათ და  განვახორციელოთ.

- რას ისურვებდით, რომ თქვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ?

- ალბათ, მოწესრიგებული და სასიამოვნო სასწავლო გარემო, უზრუნველყოფილი თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს პრობლემა თანდათან გვარდება, ამიტომ აქცენტს სხვა მიმართულებაზე ვაკეთებ.  უფრო მეტად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც აკლიათ და სჭირდებათ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში ჩართვა. გასულ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 240 მოსწავლეს უმასპინძლა სხვადასხვა ბანაკში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მიმცემი იყო მათთვის. 

კარგი იქნება თუ მოხერხდება და მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებისათვის ბანაკების მსგავსად, ორგანიზებულად  მოეწყობა ლაშქრობები: ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, სახლ-მუზეუმების, ნაკრძალებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მოსწავლეთა მიწვევა თეატრებში დასხვა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასასწრებად.

არდადეგების პერიოდში სხვადასხვა კულტურული აქტივობების განხორციელება შესაძლებელია მასწავლებლებისთვისაც მოეწყოს. 

მასწავლებლებს ასევე ვუსურვებ, უპირველესად, კარიერულ წინსვლას, ხელფასების ზრდასა და ბევრ წარმატებულ მოსწავლეს გაკვეთილზე...

- განათლების სისტემის მთავარ გამოწვევად რას დაასახელებდით?

- ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა მთავარ გამოწვევად მიმაჩნია მასწავლებელთა კადრების მომზადების პრობლემა.  რეფორმები ტარდება ზოგადი განათლების მიმართულებით, ვიგონებთ ახალ მეთოდებს, გზებს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მასწავლებლობით რომ ვერ დავაინტერესეთ ახალგაზრდობა? ნიჭიერი, მოაზროვნე აბიტურიენტი არ ირჩევს ამ პროფესიას და „თავის დაზღვევის“ მიზნით, სადღაც  ბოლოში წერს პედაგოგიურ ფაკულტეტს,  შესაბამისად მოაზროვნე ინტელექტუალი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვა ფაკულტეტზე, ხოლო ნაკლებად აქტიური და ნაკლებად მომზადებული  მოხვდა პედაგოგიურზე, შედეგსაც შესაბამისს ვიღებთ. 

ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელთა ასაკობრივი პრობლემა. მასწავლებელი, რომელიც თავის დროზე საუკეთესო პედაგოგი იყო არ ნიშნავს, რომ ხანდაზმულობაშიც ისეთივეა. მითუმეტეს ისინი ყველაზე ძნელად ითვისებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, რის გარეშეც, თანამედროვე გამოწვევების ეპოქაში, ვერ იქნება კარგი მასწავლებელი.  მას არ უნდა დაეკარგოს ამაგი,  მაგრამ რაღაც გზები უნდა გამოინახოს, რომ დაუთმონ გზა ახალგაზრდებს.

ბოლო დროს სამინისტრომ აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი.  ვიღაცას ეს არ მოსწონს, მაგრამ დროული და სასწრაფოდ განსახორციელებელი საკითხია. უნივერსიტეტი არ უნდა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდებს „დავაკავებთ“ ოთხი წლით, მაგრამ მისგან ვერ მივიღებთ კომპეტენტურ კადრს. ვფიქრობ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად ბარიერიცუნდა გაიზარდოს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა


თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლა შეწყვეტილია - მიზეზები და სწავლის განახლების თარიღი ცნობილია

„სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული“ - ილია ჩავჭავაძე 

ცვლილება 107 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალები

პიროვნება

„განსაკუთრებით მახარებდა საახალწლო ღონისძიება და კიდევ ღონისძიება, რომელშიც მე წამყვანის როლს ვასრულებდი“

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეებისათვის ახალი, სახალისო და საინტერესო აქტივობებისა და მეთოდების შეთავაზება“

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთ ძლიერ გუნდს, სადაც ყოველ მათგანს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა...“

სკოლები

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული

საინტერესო
პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, არსებობენ ისეთი მასწავლებელები, რომლებიც სასწავლო გარემოში ტოქსიკურები არიან

სავარაუდოდ, ის ბაკალავრის ხარისხს 14 წლის ასაკში, ხოლო დოქტორანტის - 18 წლისა მიიღებს

ბავშვები საკუთარ უფლებებს კარგად იმახსოვრებენ, თუმცა ზოგჯერ, მოვალეობები ავიწყდებათ“




გაგიზიარებთ, რამდენიმე რეკომენდაციასა და თამაშს, რომ გაკვეთილები იყოს მეტად ეფექტური 

სასწავლო წელის რომელი პერიოდია მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული?

სიახლეები
საზოგადოება