სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მე, როგორც მასწავლებელი რომ შემდგარი ვარ, ეს მოსწავლეების დამსახურებაა“- მაია ჩაჩხიანი, ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი
04-05-2022
-
+


„იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ეს სიყვარული, თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი“,- ამბობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი. მან სკოლაში მუშაობა 1984 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი თაობის აღზრდა-განათლებაზე იზრუნა. 10 წელია, რაც მასწავლებლობასთან ერთად, დირექტორიცაა. მისი თქმით, პედაგოგობა ბავშვობიდან უნდოდა, სკოლიდან სახლში დაბრუნებული წარმოიდგენდა ხოლმე, რომ მასწავლებელი იყო, სხვების ნაწერებს ასწორებდა და შენიშვნებს აძლევდა. ბოლოს, მისი ფიქრები რეალობად იქცა და დღეს ამბობს, რომ თუნდაც იმისთვის ღირდა ცხოვრება, სკოლის დერეფანში გახარებული ბავშვები მისკენ ჩასახუტებლად რომ გამორბიან.

მაია ჩაჩხიანი Etaloni.ge-ს საკუთარი თავის, მოსწავლეების, სკოლის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

- რამდენი წელია, რაც სკოლაში მუშაობთ?

- სკოლაში მუშაობა 1984 წელს დავიწყე, აქედან 10 წელია, რაც დირექტორიც ვარ. გარდა დირექტორობისა, მათემატიკას და კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც ვასწავლი. ამ ორ საქმიანობას ერთმანეთთან დიდი სიამოვნებით, სიყვარულით და რუდუნებით ვათავსებ. საქმეს მართლა გულითა და სულით ვაკეთებ და ასე მგონია, რომ მშვენივრად გამომდის - სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერია.

- თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა?

- ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. როდესაც ბავშვს შეხედავ და დაინახავ როგორ გიყურებენ, გისმენენ, გამორიცხულია, რომ მათ მიმართ სიყვარული არ იგრძნო.

- რა არის ის მთავარი რამ, რის გამოც თქვენ თქვენი პროფესია გიყვართ და გაინტერესებთ?

- ჩემი პროფესიისადმი სიყვარული დაწყებითი კლასებიდან მომდინარეობს. პირველ-მეორე კლასში რომ ვიყავი, ყოველთვის ვმასწავლებლობდი. სახლში რომ მოვიდოდი, როგორც მასწავლებელი იქცეოდა, მეც იმავეს ვიმეორებდი - ვითომ ჩემი კლასელებისა და მოსწავლეების ნამუშევრებს ვასწორებდი. ზუსტად იმავე სიტყვებით ვაფასებდი, როგორც ჩემი პედაგოგი. იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ეს სიყვარული, თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი, მიუხედავად გამოწვევებისა. მიყვარს ჩემი საქმე და ეს არის მიზეზი რის გამოც ამდენი დრო მას მივუძღვენი - ეს მარტო მოვალეობა არ არის, აქ სიყვარულია და ამ დროს ცხოვრება უფრო ხალისიანი და მიზნობრივია. „როცა სამუშაო სიამოვნებას გვანიჭებს, ცხოვრება ხალისიანია, ხოლო როცა სამუშაო მხოლოდ მოვალეობაა ცხოვრება მონობას ემსგავსება!“ - მე ვარ ხალისიანი. ყველაზე მთავარი მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ არის -   „ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა“.

- რა ცოდნასაც აძლევთ მოსწავლეებს გასაგებია, მაგრამ რა შეგიძლიათ თქვათ, თავად რა ისწავლეთ მათგან?

- სიყვარული ყველა ადამიანს გარკვეული დოზით აქვს, ჩემს შემთხვევაში, ეს სიყვარული გაძლიერდა, გაათმაგდა. მოსწავლეებმა ჩემი პროფესია შემაყვარეს. მე, როგორც მასწავლებელი რომ შემდგარი ვარ, ეს მოსწავლეების დამსახურებაა, რადგან მათგან საოცარ უკუკავშირს ვგრძნობ. დერეფნის ბოლოდან რომ ბავშვი გეძახის და შენსკენ ჩასახუტებლად მოდის, თუნდაც ამისთვის ღირდა ცხოვრება.

- რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული სკოლის დირექტორობა?

- დირექტორობა საკლასო ოთახს სცილდება, ეს ძალიან ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ეს საქმიანობა ადამიანებთან ურთიერთობას სკოლის გარეთაც მოიცავს. მე მგონია, რომ თუ ერთ ადამიანთან მაინც ახერხებ ურთიერთობას და შენში არის უნარები, რომ ეს ყველაფერი პოზიტიური და კეთილგანწყობილი იყოს, დარწმუნებული ვარ, ეს ნებისმიერ ადამიანთან განვრცობადია. რასაც ვაკეთებ, დიდი სიყვარულით ვაკეთებ.

- რამდენი მოსწავლეა თქვენს სკოლაში?

- ჩვენთან 36 მოსწავლეა, მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ. მე ძალიან მიყვარს ფრაზა - ერთ მასწავლებელს, ერთ კალამს შეუძლია მსოფლიო შეცვალოს. შეიძლება ისეთი ბავშვი ჩვენს სკოლაშიცაა, ვინც ამას შეძლებს. ბევრი მოსწავლე ბევრი შესაძლებლობებია. შეიძლება მათთან ერთად ბევრი რაღაც გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ ამ 36 მოსწავლითაც არამარტო საკლასო, არამედ სხვა აქტივობებშიც მშვენივრად ვართ ჩართული. მე ამით ვამაყობ და მიხარია.

- რას გვეტყვით მოსწავლეთა მიღწევებსა და აქტივობებში ჩართულობაზე?

- ჩვენთან კლასში 3-4  ბავშვი სწავლობს. თუ ოთხივე არა, მინიმუმ სამი უმაღლესი განათლების მიღებას აგრძელებს და სტუდენტი ხდება. შარშან ოქროსმედალოსნებიც გვყავდა, ყველა მათგანი სასურველ მიმართულებაზე ჩაირიცხა. ასეა ყოველწლიურად. კლასში ცოტა რომ არიან, ეს, ფაქტობრივად, მომზადებისა და რეპეტიტორთან სიარულის ტოლფასია.

მე პირადადაც ახლა მენტორთა 6-თვიანი თეორიული კურსი გავიარე, ახლა პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს, რაც პროექტის შექმნას გულისხმობს. თავისთავად, რაც მე ვისწავლე, იმას ბავშვებსაც ვაცნობ და ვასწავლი. ისინი აქტიურად არიან ჩართული.

კომპოსტის დამზადების პროექტშიც ვმონაწილეობთ, ნარჩენების მართვის შესახებ პროექტში. შრომითი იარაღები, რაც კომპოსტის დასამზადებლად იყო საჭირო, სკოლას გადმოგვცეს.

სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად ვერთვებით. ზოგადად, ნებისმიერი აქტივობაში, რაც მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მასშტაბით იმართება, ვცდილობთ, რომ აქტიურები ვიყოთ და მონაწილეობა მივიღოთ.

შიდასასკოლო ღონისძიებებიც იმართება. ახლა, მაგალითად, ბულინგთან დაკავშირებული კვირეული გვქონდა, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

- ამდენი წლის განმავლობაში, რა იყო მთავარი გამოწვევა, რასაც სკოლაში აწყდებით?

­- გამოწვევები ყოველთვის არსებობს, მაგრამ იმდენად დიდი, რომ რაღაც მნიშვნელოვან პრობლემად ქცეულიყო, არ ყოფილა. თუკი რაიმე გამოწვევა იყო, ყოველთვის მითქვამს, რომ აი, მაია, ეს დადებითი რაკურსით მოაგვარე. ამას სიკეთითა და სიყვარულით უნდა უპასუხო, გამოსავალი ყოველთვის არის. ზოგჯერ ეს გამოსავალი შეიძლება დუმილიც იყოს. მე უკვე ფინიშისკენ მივდივარ, შეიძლება პროფესიული საქმიანობა მალე დავამთავრო და ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ დათმობა და მოთმენა ხშირად გამოსავალია.

- სკოლებში პირბადეების გამოყენება სავალდებულო აღარ არის, როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და აქვე, როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებს?

- მე პროფესიონალების გადაწყვეტილებას ნებისმიერ სიტუაციაში ვენდობი და დადებითად ვაფასებ. ჩვენზე უკეთ იციან რა და როგორაა საჭირო. ახლა ბავშვსაც და უფროსსაც ცნობიერება იმდენად აქვს ამაღლებული, რომ თუ საჭირო იქნება, პირბადეს მითითებისა და დავალდებულების გარეშე ატარებენ. ამას უკვე მივეჩვიეთ.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოგვიწია, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, დაახლოებით ერთი-ორი კვირა. ჩვენთან კოვიდის ბევრი შემთხვევა არ იყო. ვიცავდით რეგულაციებს არამარტო სკოლაში, არამედ მთელ სოფელში. ამიტომაც პანდემია ტრაგიკულად არ გაგვივლია.

- თქვენი სკოლის პედაგოგები წელს გამოცდაზე გასვლას აპირებენ?

- სკოლაში სულ 17 პედაგოგი ვართ. მყავს წამყვანებიც და უფროსებიც. ისინი გამოცდაზე გასვლას წელსაც აპირებენ. არიან უსტატუსოებიც, მაგრამ გამოცდაზე დარეგისტრირებული არიან. ძალიან მოტივირებული კოლექტივი მყავს, ერთ ენაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება გამოცდებს, ეს ჩვენთვის გამოწვევაა და ჩვენი მოვალეობაა ნებისმიერი ასეთი გამოწვევის წინაშე პირნათლად წარვსდგეთ და გავუმკლავდეთ, ამისთვის ნამდვილად მზად ვართ. შეიძლება ყოველთვის თქვა დადებითიც და უარყოფითიც, მაგრამ მე ნახევრად სავსე ჭიქას ვხედავ და არა ნახევრად ცარიელს. პედაგოგები მოტივირებული არიან, წინსვლის, პროფესიული განვითარების სურვილი აქვთ.

- როგორ ფიქრობთ, დღეს მასწავლებლის პროფესია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია?

- დღესდღეობით, მასწავლებლის პროფესია უფრო დაფასებულია. პედაგოგობის ნებისმიერ მსურველს განვითარების ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. თუკი ისინი მონდომებული იქნებიან და სურვილი ექნებათ, წარმატებას ნამდვილად მიაღწევენ. რა შედარებაა იმასთან, რა პერიოდიც ჩვენმა თაობამ გამოიარა. მასწავლებლობის სურვილი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებსაც გაუჩნდათ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება