სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ხელოვნებით დაინტერესებული ბავშვები იშვიათად ექცევიან ცუდი გავლენის ქვეშ“ - ნინო კობახიძე, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის N46 სკოლის დირექტორი
31-03-2022
-
+


ის დირექტორი არ ვარ, ვის დამსახურებებეზეც საუბარი შეიძლება... დღემდე ჩვენ სკოლას შენობა არ აქვს, რაც უდიდეს გამოწვევად რჩება, ამიტომ აჯობებს, სკოლა და ჩვენი პედაგოგები წარმოვაჩინოთ; მით უმეტეს, გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებმაც არა მხოლოდ სკოლას, არამედ ქვეყანას გაუთქვეს სახელიო... - ასე დაიწყო etaloni.ge-სთან ინტერვიუ, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, თბილისის N46 საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ; თუმცა მისი თავმდაბლობის მიუხედავად, ფაქტი ერთია - სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები და რაც მთავარია, ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი კოლექტივი, რომელიც ყოველთვის უდგას ერთმანეთს მხარში... ეს ყველაფერი კი უდავოდ, ხელმძღვანელობის დამსახურებაა. რას ნიშნავს, იყო სახელობითი სკოლის დირექტორი ? როგორ უნდა დაარეგულირო ურთიერთობები უფროსკლასელებთან? რა არის წარმატების ფორმულა? - ჩვენს კითხვებს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, თბილისის N46 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კობახიძე პასუხობს და კოვიდპანდემიის გავლენასაც აანალიზებს სასკოლო განათლებაზე.

- ამჟამად ჩვენს სკოლაში სწავლება ჰიბრიდულად მიმდინარეობს.. არიან ბავშვები, ვინც კვლავ რჩება ონლაინზე, დანარჩენები კი დადიან სკოლაში და სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს...

- ქალბატონო ნინო, პანდემიის დაწყებიდან 2 წელიწადზე მეტი გავიდა... ახლა უკვე შეგვიძლია გავაანალიზოთ, რა შედეგები იქონია განათლების სისტემაზე და ზოგადად, რთული იყო პროცესების მართვა?

- რა თქმა უნდა, რთული იყო... ახლა უფრო მშვიდად შემიძლია, ვისაუბრო და გავაანალიზო, რომ პანდემია ზვავივით დაგვატყდა თავს. უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩვენმა პედაგოგებმა, რათა სწავლა არ შეწყვეტილიყო... რამდენიმე მასწავლებელმა დახურული ფეისბუქ-ჯგუფების შექმნა შემოგვთავაზა და მაშინ ეს წინადადება უდავოდ გადარჩენის ტოლფასი იყო; ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი და დარწმუნებული ვარ, სხვა სკოლების ხელმძღვანელებიც დამეთანხმებიან - უცებ შეიკრა კოლექტივი, მოგვიანებით, „თიმსი“ არაჩვეულებრივი შემოთავაზება იყო და მთავარია, მშობლები-ბავშვები გარიყულები არ დარჩნენ... დიდი მობილიზება იყო მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების მხრიდან, რესურსები გვქონდა, თუმცა პრაქტიკაში განხორციელება მაინც არ ყოფილა იოლი...

ხარვეზები გვქონდა, ეს ეტაპიც ღირსეულად განვვლეთ, მაგრამ ვაღიაროთ - დასწრებით სწავლებას არაფერი ცვლის, რადგან ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული საგნის გადმოცემა... ესაა ურთიერთობები, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვირტუალური ფორმა. სწორედ ეს გვაკლდა ჩაკეტვისას და სხვათა შორის, ბავშვები სკოლაში რომ დაბრუნდნენ, ერთგვარი გაუცხოებაც კი იგრძნობოდა.

- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცი, საკუთარ თავზე საუბარი არ გიყვართ... თუმცა საინტერესოა, როგორ გახდით დირექტორი და რას ნიშნავს, ხელმძღვანელობდე, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლას?

- ეს ძალიან საპასუხისმგებლოა... არ მიმაჩნია, რომ ჩემი ბიოგრაფია საინტერესოა, პროფესიით ბიოლოგი ვარ, ვასწავლი სამოქალაქო განათლებასაც, ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი... რაც შეეხება დირექტორობას, ჩავაბარე გამოცდა, გავიარე კონკურსი და ასე დავინიშნე ამ თანამდებობაზე... სკოლას კი უდავოდ საინტერესო ისტორია გააჩნია და პრობლემებიც გვაქვს...

- რას გულისხმობთ?

- სკოლას არ აქვს საკუთარი შენობა. ვართ მცირე ფართში, რაც არ აკმაყოფილებს სტანდარტს, არ გვაქვს ეზო, სპორტული დარბაზი და ამ ფონზე, ყველა სხვა გამოწვევა, უკვე პრობლემად აღარ გვეჩვენება.

შედარებით ახალი სკოლაა, შეიქმნა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის ბაზაზე და იოლი არაა, უხელმძღვანელო, თუ გავითვალისწინებთ, ვისი მემკვიდრენი ვართ; გარდა ამისა, ვცდილობთ, სახელოვნებო სასწავლებელთანაც არ დავკარგოთ მჭიდრო კავშირი და ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, ფორმალური განათლების მხარდამხარ, ხელოვნების მიმართულებითაც განვითარდნენ. აქ მხოლოდ ბალეტზე არაა საუბარი - ისინი ეუფლებიან ფერწერას, მუსიკას...

- რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდები ჩართულები იყვნენ ხელოვნების სფეროში და რას ცვლის ეს მათ განვითარებაში?

- დავიწყოთ იმით, რომ ამ ბავშვებს უფრო ადრე აქვთ დასახული მიზნად, რა უნდათ; ცხოვრობენ იმ სფეროთი, რომლიც აირჩიეს, შესაბამისად, ასეთ ბავშვები იშვიათად ექცევიან ცუდი გავლენის ქვეშ; შესაძლოა, ხელოვნებას ბოლომდე არც გაყვნენ, მაგრამ ეცნობიან ლიტერატურას, დადიან სპექტაკლებზე, უსმენენ მუსიკას, სწავლობენ  და არ რჩებათ უქმად ყოფნის დრო. ხელოვნება ხომ ადამიანის სამყაროს ამრავალფეროვნებს.

- ისე, ბალეტით ბევრი მოსწავლე ინტერესდება?

- ვერ ვიტყვი, რომ ბალეტი აუცილებლად ყველა ადამიანს უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ბავშვები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სასწავლებელთან, ხელოვნებასთან... ისინი ხელოვნებით სუნთქავენ  და თუ პროფესიად ამ სფეროს არ აირჩევენ,  კარგი მაყურებლები ნამდვილად დადგებიან. 

- რა არის თქვენი სკოლის წარმატების ფორმულა, ქალბატონო ნინო?

- კარგად უნდა გქონდეს გააზრებული შენი სურვილები, მიზნები და ამ მიზნისკენ სავალი გზაც.

- მითხარით, სერტიფიცირებული პედაგოგი ვარო... ახლახან დაიწყო მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია; საგამოცდო მასალა მოცულობითია და როგორ ფიქრობთ, მომზადება პედაგოგებს ძირითად საქმიანობაში ხომ არ შეუშლის ხელს? და ზოგადად - გამოცდის შედეგი  პროფესიონალიზმს ზუსტად ასახავს?

- პედაგოგმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რაც უნდა მოხდეს, ეს არ აისახოს მის საგაკვეთილო პროცესზე - ეს უმთავრესია!

- თავად აპირებთ კვალიფიკაციის მეტად ამაღლებას?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვეტია... რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, გამოცდის შედეგი არ შეიძლება იყოს პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი - შეიძლება ადამიანმა თეორიულად არაჩვეულებრივად იცოდეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ ეს ცოდნა არ გადმოიტანოს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.

გეთანხმებით - საგამოცდო მასალა მოცულობითია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მასწავლებლები წარმატებით გაართმევენ თავს ტესტირებას... რაც შეეხება ჩვენს სკოლას, ჩემი კოლეგებიც აპირებენ კვალიფიკაციის ამაღლებას, ალბათ შევქმნით ჯგუფს, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებას და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კარიერულ წინსვლაში.

- კოლექტივში ასეთი მეგობრული დამოკიდებულება ნამდვილად დირექტორის დამსახურებაა, ქალბატონო ნინო...

- როგორც ხელმძღვანელობა, ასევე კოლექტივი ერთმანეთზე ზეგავლენას ახდეს და ეს ჩვენი წინა თაობის დამსახურებაა. ჩვენს სკოლაში  ერთად შეკრული კოლექტივი იყო და მომავალშიც ასე იქნება...

- უფროსკლასელებთან, რომლებიც უკვე სრულწლოვნები არიან, როგორ არეგულირებთ ურთიერთობებს, მკაცრი ხართ?

- მკაცრი ვარ, ალბათ, მომთხოვნიც... მაგრამ უხეში და მბრძანებლური ტონი არაფრით შეიძლება! რაც შეეხება მათ სრულწლოვანებას, ეს ბავშვები სულ პაწაწუნები მოდიან სკოლაში, აქ იზრდებიან, ოჯახზე მეტ დროს ჩვენთან ატარებენ და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. რაც მთავარია, ჩვენმა ბავშვებმა იციან - ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, აქ, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, თბილისის N46 საჯარო სკოლაში, აუცილებლად მოუსმენენ და მხარში დაუდგებიან.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება