სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ლუკა ბაქანიძე: „ეს ქვეყანა თუ პოეტისთვის ჯოჯოხეთია, პროზაიკოსისთვის სამოთხეა ჭეშმარიტად“
22-01-2018
-
+


ლუკა ბაქანიძე არაერთი ჯილდოს მქონე ახალგაზრდა მწერალია. მან წერა ბავშვობიდან დაიწყო. განსაკუთრებით სკანდინავიური და იაპონური პროზა იტაცებს. მისი რომანი „მესამე ნაპირი“ ლიტერატურული კონკურისის „საბას“ ფინალისტი გახდა. მწერალი ამბობს, რომ ეს რომანი მისი ბედისწერაა.


- ვინ ვარ მე...

-ლუკა ბაქანიძე, მეტსახელად ლუკრეციო. ვარ თხემით-ტერფამდე ქვეითი და ყველა მიმართულებით, მიყვარს ფეხით სიარული. მიყვარს ცხოველები და ბუნება და არ ვენდობი ადამიანებს. პროფესიით - მწერალი და ჟურნალისტი, მოწოდებით - მეთევზე და მოლაშქრე. ვცხოვრობ არასტერილური ცხოვრებით და არ მიყვარს სტერილური ხალხი. მწამს ტყეში დანთებული კოცონის და არ მწამს ეკლესიების. ღია ცის ქვეშ, გადაკარგულში უფრო შინაურად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე სახლში. მჯერა წიგნების და ცხოვრების.  არ მჯერა სკოლების და უნივერსიტეტების.


- პირველი ნაწარმოები....

- ბავშვობაში ვწერდი ბევრ ლექსს, რადგან მამაჩემი თითო ლექსში გარკვეულ თანხას მაძლევდა. ასეთ მერკანტილურ საწყისებზე ჩამოვყალიბდი მწერლად.  რაც შეეხება გამოქვეყნებას, დიდი ხნის წინ, მალხაზ ხარბედიამ  ლიტერატურულ ჟურნალ „არილში“ რამოდენიმე ლექსი დამიბეჭდა. ბოლო სამი წელია, რაც პოეზიას პროზა ვამჯობინე. რამეთუ ეს ქვეყანა, საქართველო, თუ ნაღდი პოეტისთვის ჯოჯოხეთია, პროზაიკოსისთვის სამოთხეა ჭეშმარიტად.

- პირველი აღიარება...

- ცნობადი გამხადა ჩემმა პირველმა წიგნმა, ლექსების კრებულმა „ღმერთი ჩემი, მოხეტიალე“, რომელიც შესანიშნავმა ადამიანმა და მეგობარმა - ნაირა გელაშვილმა და გამომცემლობა „კავკასიურმა სახლმა“ გამოსცა. ეს კრებული 2011 წელს ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ფინალისტი გახდა.

- ლიტერატურული პრემია  „საბა“...

- „საბა“ და ლიტერატურულ კონკურსები ადრე ჩემთვის გრაალის თასის ეკვივალენტი გახლდათ.  მეგონა, რომ ეს მთელი ჩემი ნიჭის ერთგვარი ხარისხის აღმნიშვნელი შკალა იყო. ამ ეტაპზე ერთობ სარდონიკულად ვარ განწყობილი. თუმცა, რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის და თვით „საბას“ გამარჯვებულიც ვარ. არ უარვყოფ, რომ „საბას“ მოგებამ  ბედნიერება მომანიჭა, რადგან ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ფული არ გაქვს და უცებ ოთხი ათასი ლარი გიჩნდება ჯიბეში. ასევე 2017 წელს “საბას“ გამარჯვებული გახდა მოთხრობების კრებული “სად ხარ ლაზარე“. დაკვირვებული ვარ, რომ წაგება უფრო კარგად მოქმედებს ჩემზე, ვიდრე მოგება. ალბათ, ეს განაპირობებს ამ აურზაურის და ტაშის მიმართ ჩემს სარდონიკულ განწყობას.  რა თქმა უნდა, ეს მიმართება არ ეხება ჟიურის წევრებს, რომელთაც უღრმეს პატივს ვცემ და მიყვარს.


- რომანი „მესამე ნაპირი“...

- „მესამე ნაპირი“ ბედისწერაა ჩემთვის. წიგნი თავიდან ბოლომდე ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და ფაქტობრივად, მე ვარ „მესამე ნაპირი“. ამ წიგნზე მუშაობისას გავიზარდე, როგორც მწერალი. მიხარია, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, მშვენივრად გავიარე ბეწვის ხიდი, სკაბრეზულ, ვულგარულ პროზასა და მხატვრულად ღირებულ ტექსტს შორის. სტილისტურად დიდი შანსი იყო, რომ ეს რომანი მაკულატურა გამხდარიყო. მეამაყება, რომ ლიტერატურული გამოცდილება თუ არა, ალღო დამეხმარა კარგი კომპოზიციის და საკმაოდ ავტონომიური, სპეციფიკური სტილის შექმნაში, რასაც მთლიანობაში ეს რომანი წარმოადგენს.  „მესამე ნაპირი“  2014 წელს „საბას“ ფინალისტი გახდა. სასიხარულოა ის, რომ ამ წიგნით ევროპული ქვეყანა დაინტერესდა. „მესამე ნაპირის“ გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია  მარტში იქნება. ასევე, ჩემი მესამე წიგნის, მოთხრობების კრებულის „სად ხარ, ლაზარე“ თარგმნის პერსპექტივაც ჩანს.

- საყვარელი წიგნი/წიგნები....

- უამრავი საყვარელი მწერალი და  წიგნი მეგულება. სიამოვნებით ვკითხულობ სკანდინავიურ და იაპონურ პროზას.  ჩემზე დიდი გავლენა ამერიკულმა ნოველებმა იქონიეს. პირდაპირ ვიტყვი, მარკ ტვენს რომ არ დაეწერა „ჰეკლბერი ფინი“, ალბათ, უფრო დიდი დრო დამეკარგებოდა სტილისტურ ძიებაში. ჩემი საყვარელი მწერალი უილიამ ფოლკნერია. ერთ-ერთი ყველაზე  „რთული“ მწერალი სტილისტურად. ჩემს ლიტერატურულ გემოვნებას, ჩამოუყალიბებელზე მეტად, უფრო მრავალმხრივი ჰქვია.

- რჩევა ახალგაზრდა თაობას...

- ახალგაზრდა თაობას პირველი და უკანასკნელი რჩევა ჩემგან, რადგან მეტი რჩევა არცაა საჭირო: წიგნი, წიგნი და წიგნი. წიგნიერება ნებისმიერ აკადემიურ განათლებაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა შედგე ადამიანად. მწერლებს და მიმდინარეობებს კითხვის პირველ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იკითხეთ ყველაფერი, რადგან ლიტერატურული გემოვნების და პროფესიონალი მკითხველის სტატუსის შესაქმნელად ნაგავი და მაკულატურაც ისევე საჭიროა, როგორც მაღალმხატვრული პროზა.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური
 

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება