სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

როგორ უნდა ანაზღაურდეს გაცდენილი გაკვეთილები - დირექტორების მოსაზრებები
20-03-2020
-
+


ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. თუმცა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეს თარიღი შესაძლოა 26 აპრილამდეც გადაიწიოს.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის, თქმით, სკოლები თავად გადაწყვეტენ, როგორ აანაზღაურებენ კორონავირუსის გამო შეჩერებულ სასწავლო პროცესს.

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ დირექტორები ამ საკითხზე, როგორ უნდა ხდებოდეს გაცდენილი საათების აღდგენა და როგორ აპირებენ სკოლები სასწავლო პროცესის გაგრძელებას, „ეტალონი“ დირექტორებს დაუკავშირდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ენზო ბერიძე:

„ჩვენი გეგმა არის დისტანციურად მუშაობის გაგრძელება. გუშინ შევადგინეთ სამუშაო ჯგუფები. ვიყენებთ შესაბამის პროგრამებსა და ინსტრუმენტებს და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც შესაძლებელია. ინდივიდუალურად დამოუკიდებლად მუშაობაში ვეხმარებით თითოეულ მოსწავლეს“.

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბალახაშვილი:

„ჩვენ ვთვლით, რომ ბოლომდე ვერ იქნება ის, რაც სასკოლო ოთახი იყო, მაგრამ მაქსიმალური გაკეთდება ყველაფერი, რაც ამ ძალიან რთულ პერიოდშია საჭირო. მთელი კვლევა ჩავატარეთ, ყველა ბავშვს ვკითხეთ, ვის შეეძლო დისტანციურად ესწავლა. აღმოჩნდა, რომ არცისე რთული მდგომარეობაა ამ კუთხით. ვისაც არ აქვს კომპიუტერი, მათთან გადავდივართ სატელეფონო კონტაქტზე. დღეს უკვე ვიწყებთ ასეთ კავშირს. სწორედ ასეთია ჩვენი გეგმა. ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს.

ვფიქრობ, როცა აღდგება სასწავლო პროცესი, 6-დღიან სამუშაო კვირაზე შეიძლება გადავიდეთ. ჯერჯერობით ვერ ვცემთ ბევრ კითხვას პასუხს, რადგან მდგომარეობა ბოლომდე არ ვიცით. დაველოდოთ ამ ორ კვირას და ეს ბევრ რამეს გვეტყვის, თუმცა მანამდე რაღაც ვარიანტებს ვეძებთ. ჯერჯერობით კლასგარეშე მასალებით ვსარგებლობთ, ვაჩვევთ ბავშვებს და ჩვენს ვეჩვევით ასე მუშაობას. იმედი გვაქვს, რაღაც შედეგზე მაინც გავალთ“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი სამსონ ჯიბუტი:

„მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ დისტანციურად მიმდინარეობდეს სწავლება. არ მგონია, ამან უშველოს სიტუაციას. ვფიქრობ, ზაფხულის დღეები უნდა იყოს გამოყენებული. სამუშაო კვირა გავახანგრძლივოთ და ეს დღეები ავითვისოთ. ჩვენი გეგმაა სწავლის აღდგენის შემდეგ უქმეების ხარჯზე აღვადგინოთ გაკვეთილები“.

გია მოსეშვილის სახელობის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოზბეთელაშვილი:

„ჩვენი სასწავლო გეგმები აგებულია სპირალური კურიკულუმის პრინციპზე, ეს კარგ საშუალებას გვაძლევს, რომ ახლა ბავშვმა რაღაც თუ ვერ გაიგო, მომავალ წელს იგივე საკითხი ისევ შეხვდეს. ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, ბავშვს მოეთხოვება საფეხურის დაძლევა და არა კონკრეტული კლასის, ასე რომ, შეგვიძლია დაწყებითის, საბაზოსა და საშუალო საფეხურების ფარგლებში ისე გადავანაწილოთ პროგრამები, სასწავლო საკითხები, რომ დაძლევადი გახდეს პროგრამა. უარესი მდგომარეობაც რომ იყოს, ვფიქრობთ, არ იქნება ბავშვებისთვის გასაჭირი. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი მოქნილი ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სკოლის მოდელი. თუკი ბავშვს არ მივცემთ მოდუნების საშუალებას, ჩავარდნა არ გვექნება. 

არის რიგი საკითხებისა, რომელსაც წინარე ცოდნის გააქტიურების პრინციპით მასწავლებლები ახსნიან და მერე გამოიყენებენ, ამაზე დააშენებენ შემდეგ ცოდნას. მზად უნდა ვიყოთ, რომ ბავშვებმა მინიმალურად მაინც დაძლიონ პროგრამა ამ პირობებში. ჩვენ არ გვაქვს განაცხადი, რომ ამით ისეთ შედეგზე გავალთ, რაზეც საკლასო ოთახებიდან გავდიოდით, თუმცა მიმდინარეობს სასწავლო გეგმის მოდიფიცირება. ბავშვებს ვუგზავნით დავალებებს ჯგუფებში, რომ გააკეთონ სახალისო ტესტები, უყურონ კარგ ფილმებს, ვთავაზობთ ლიტერატურას, გაკეთებული გვაქვს „მესენჯერის“ ჩათები, „ფეისბუკის“ ჯგუფები. მესამე დღეა, რაც ვტესტავთ Microsoft office 365-ის პროგრამას, „სილქ სქულის“ შესაძლებლობებსაც ვიყენებთ. ასევე, ჩვენი მასწავლებლები ჩართული არიან „ითვინინგის“ პროექტში და იქიდან ძალიან ბევრი ელექტრონული პროგრამის შესახებ გვაქვს ცოდნა, რასაც აქტიურად იყენებენ მასწავლებლები. ვიდეოჩართვებით ვატარებთ გაკვეთილებს, ასე ვატარებ მეც თათბირებს“. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ ხვედელიძე:

„ჩვენს სკოლას ის გეგმა აქვს, რაც განათლების სამინისტროს და ჩვენ დავიწყეთ ონლაინმუშაობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. არაჩვეულებრივი სკოლა მაქვს და უკვე დავიწყეთ დისტანციური სწავლება. ყველაფერი რიგზეა და არავითარი პრობლემა არ არის“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძეგვის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნავდარაშვილი:

„ჩვენ ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და „თიმსის“ პროგრამას ვიყენებთ აქტიურად. მოსწავლეები ყველა დარეგისტრირებული გვყავს, გააქტიურებული აქვთ თავიანთი „ექაუნთები“ და ვმუშაობთ, როგორ მოვახდინოთ სასწავლო გეგმის მოდიფიცრება. ჩვენეულ მოდელს შევთავაზებთ რესურსცენტრს. საგნის მასწავლებლები მუშაობენ ამაზე. ალბათ, დაგვჭირდება როგორც გაკვეთილების ხანგრძლივობის გაზრდა, ასევე, დამატებითი დღეების გამოყენება“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი:

„ჩვენ უკვე გადავედით დისტანციურ რეჟიმზე, ვაძლევთ დავალებას მოსწავლეებს, მობილიზებულია ყველა პედაგოგი. ვფიქრობ, ონლაინსწავლება საკმარისი არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ესაა. შემდგომში როგორ უნდა მოხდეს აღდგენა, ეს გვეცოდინება მომავალში“.

საჩხერის მუნიციპალიტეტის, მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე:

„ჩვენ ახლა „თიმსის“ პროგრამაზე ვმუშაობთ. აქამდე მესენჯერით ვიმუშავეთ, დახურული „ფეისბუკ“ გვერდები გვქონდა შექმნილი. რაც შეეხება გაცდენილ საათებს, ვფიქრობ, შაბათის ხარჯზე შეიძლება ანაზღაურდეს, შეიძლება მასწავლებლის რეზერვის საათიც გამოვიყენოთ. მთავარია მშვიდობა იყოს. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მეგონა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ დიდი აქტივობა წამოვიდა მშობლების მხრიდან. ჩათები გვაქვს აქტიურად. ორშაბათიდან „თიმსის“ პროგრამით ვიმუშავებთ და მგონი, დავძლევთ ყველაფერს“.

თელავის მუნიციპალიტეტის, რუისპირის საჯარო სკოლის დირექტორი ია ძამუკაშვილი:

„გაცდენილი სასწავლო დღეების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ, შაბათ-კვირების ხარჯზე აღდგენა, სავარაუდოდ, ვერ მოხდება. შემოვიღეთ ონლაინსწავლების ფორმები. მასწავლებლებს დავავალეთ, წარმოადგინონ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები კონკრეტულ საგანში, რამდენი საათი იქნება, სავარაუდოდ, აღსადგენი. "მესენჯერის" ჯგუფებში მუშაობენ პედაგოგები. დავიწყეთ „თიმსში“ მუშაობაც. ბავშვებს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, სატელეფონო კონტაქტი აქვთ მასწავლებლებთან. ბუნებრივია, ეს არ არის ცოცხალი სასწავლო პროცესი, მაგრამ ვფიქრობთ, ამ ფორმით ამ მოსწავლეები არ ჩამორჩებიან სასწავლო პროცესს და სახელმძღვანელოებში არსებული თემების დამოუკიდებლად დაძლევით კატასტროფა ნამდვილად არ გვექნება ჩამორჩენის კუთხით“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება