სიახლეები
სიახლეები

„ჩავთვალეთ, მოზარდებში ძალადობის პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა“ - სკოლის მოსწავლეებს ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობას ასწავლიან
27-11-2019
-
+


საჯარო სკოლებში მოზარდებს შინაური ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობას ასწავლიან. მოსწავლეებისთვის  საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები უკვე ტარდება. 

რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა, რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს, როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, დადებითი ეფექტი, რასაც ცხოველის ყოლა მოზარდებზე ახდენს - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსწავლეებს გაკვეთილების ფარგლებში ასწავლის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სოციალურ ქსელში ცხოველზე ძალადობის ფაქტებზე საუბარი გააქტიურდა. ჩავთვალეთ, მოზარდებში ძალადობის პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებში“, - ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საზოგადოებრივი ურთიერთობის მენეჯერი, ნატა უზუნაშვილი, „ეტალონთან“ საუბარში.

გაკვეთილის ჩატარების სურვილით  სააგენტოს დედაქალაქის სკოლები თავად უკავშირდებიან და უზუნაშვილის თქმით, სკოლების მხრიდან დაინტერესება ამ კუთხით საკმაოდ მაღალია: „ძალიან ბევრი მსურველი გვყავს. მომდევნო სამი კვირა ყოველდღე დაგეგმილი გვაქვს. საოცრად კარგი ბავშვები გვხვდებიან. მათ უმრავლესობას ჰყავს სახლში ცხოველი, უმრავლესობას გადაურჩენია ან ერთხელ მაინც გამოუკვებია, რასაც არ ველოდით“.

საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებზე ბავშვებთან წამახალისებელ მიდგომებს იყენებენ:

„ვაჩვენებთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, სადაც არის პატრონის მიერ ცხოველის მიტოვებაზე ყურადღება გამახვილებული, პატრონის ვალდებულებებზე, თავშესაფრიდან ცხოველის აყვანაზე. ვეუბნებით, ჩვენ ხომ არასდროს მოვექცეოდით ცხოველს არასათანადოდ, ხომ არასდროს ვიზამდით ამას?! იმ ბავშვებს, ვინც განსაკუთრებით ზრუნავენ ცხოველებზე, ვანიჭებთ „ცხოველების მეგობრის“ სტატუსს და ვაძლევთ სერთიფიკატებს, სადაც უწერიათ, რომ მათ მადლობას უხდის თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. სხვა ბავშვებს კი ვპირდებით, რომ მათ პოზიტიურ აქტივობებსაც ჩაინიშნავენ მასწავლებლები და შემდეგ ჩვენ გავუგზავნით სერთიფიკატებს“.

რაც შეეხება არასრულწლოვანების მხრიდან ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, უზუნაშვილი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა თავშესაფარში შეყვანილი ტრამვირებული ცხოველების  სტატისტიკას გვაწვდის. 

„უბრალოდ ვვარაუდობთ, რომ საზოგადოების ყურადღება უფრო მიექცა ამ საკითხებს, უფრო სენსიტიური და მნიშვნელოვანი გახდა ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა. ჩვენც მეტად შეგვიძლია რეაგირება მოვახდინოთ. საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო ხოლმე, რომელიც არ ხმაურდებოდა, მაგრამ სოციალურმა ქსელმა ქნა ის, რომ რაღაც საკითხების გარშემო გაგვაერთიანა და ვერ ვიტყოდი, რომ ძალადობის შემთხვევები გაზრდილია“, - აცხადებენ უზუნაშვილი. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფარში ტრავმირებული სტატუსით შეყვანილი ცხოველების რაოდენობა, ასეთია: 

იანვარი - 85 
თებერვალი - 84 
მარტი - 94 
აპრილი - 118 
მაისი - 113 
ივნისი - 154 
ივლისი - 173 
აგვისტო - 166 
სექტემბერი - 143 
ოქტომბერი - 147

ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე კანონმდებლობა რამდენიმე თვის წინ გამკაცრდა და არასრულწლოვნის მხრიდან ჩადენილ ასეთ ქმედებაზე მშობლის პასუხისმგებლობაც განისაზღვრა: 

„არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, იწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით“.

ხოლო არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი იგივე ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით - ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით სამ წლამდე ისჯება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ბრიტანელი მოსწავლეები ბლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე მასწავლებლებს - კვლევა

ეროვნულები 2026 - შეეხო თუ არა ცვლილება ქართულის გრამატიკის საკითხებს და რისი ცოდნა მოგეთხოვებათ

შეეხებათ თუ არა უმაღლესებში ადგილების შემცირება მოქმედ სტუდენტებს? - კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს

ბავშვის სასკოლო მზაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით, მის შესაფასებლად სამინისტროს ადამიანური რესურსი არ აქვს

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კონკურსს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა ნამუშევრები და დააჯილდოვა მონაწილეები

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება