ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებმა ვაკანტური საათების შესავსებად პირველ რიგში შიდა კონკურსი გამოიყენონ და მხოლოდ დარჩენილი საათები გაიტანონ გარე კონკურსზე - აღნიშნულის შესახებ სკოლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრები მოუწოდებენ.
გავრცელებნულ სარეკომედაციო ინფორმაციაში ისიც აღნიშნულია, რომ სკოლებმა კონკურსი ხელოვნურად არ უნდა ჩაშალონ და ადმინისტრაციის წევრებისთვის საათების გადანაწილება კანონმდებლობით დადგენილი 10-საათიანი ზღვრის გათვალისწინებით განახორციელონ.
უცვლელად გთავაზობთ ინფორმაციას რომელსაც ერთ-ერთი რესურსცენტრი ავრცელებს სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის.
„Მოგეხსენებათ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დირექტორისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების სასწავლო/საათობრივი დატვირთვისათვის განსაზღვრულია კვირეული დატვირთვის ზედა ზღვარი – 10 საათი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში აღნიშნული ზღვრის გადაჭარბება დასაშვებია საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის მიერ ადმინისტრაციის წევრებისთვის საათების განაწილებისა და ვაკანტური საათების შესავსებად კონკურსის ორგანიზებისას მიზანშეწონილია დაცულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა:
1. შიდა კონკურსის გამოცხადება - პირველ ეტაპზე სკოლამ უნდა შეაფასოს არსებული ადამიანური რესურსი და, საჭიროების შემთხვევაში, გამოაცხადოს შიდა კონკურსი შესაბამის საგანში/საგნობრივ ჯგუფში არსებულ ვაკანტურ საათებზე.
შიდა კონკურსის მიზანია, უპირველესად, სკოლაში დასაქმებულ კვალიფიციურ პედაგოგებს მიეცეთ შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეავსონ არსებული ვაკანტური საათები.
2. შიდა კონკურსის შედეგების გათვალისწინება - შიდა კონკურსის დასრულების შემდეგ სკოლამ უნდა შეაჯამოს კონკურსის შედეგები და დაადგინოს, რამდენი საათის შევსებაა შესაძლებელი სკოლის შიდა რესურსით.
თუ შიდა კონკურსის შედეგად ყველა ვაკანტური საათი შეივსო, დამატებითი გარე კონკურსის გამოცხადების საჭიროება აღარ არსებობს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შიდა კონკურსის შედეგად ვაკანტური საათების ნაწილი ვერ შეივსო, დარჩენილი საათები უნდა იქნეს გატანილი გარე კონკურსზე დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გარე კონკურსის გამოცხადება - გარე კონკურსის გამოცხადება მიზანშეწონილია განხორციელდეს მხოლოდ იმ საათების რაოდენობაზე, რომლებიც შიდა კონკურსის შედეგად ვერ შეივსო.
ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს:
- სკოლის არსებული ადამიანური რესურსის ეფექტიან გამოყენებას;
- დასაქმებული პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნას;
- კონკურსის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას;
- ვაკანტური საათების რეალური საჭიროებიდან გამომდინარე შევსებას.
4. კონკურსის ხელოვნურად ჩაშლის თავიდან აცილება - განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონკურსის პროცესის ხელოვნურად ჩაშლის ან ფორმალური საფუძვლით კონკურსის მონაწილეთა გამორიცხვის თავიდან აცილებას.
კონკურსის პროცედურა არ უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული პირის სასარგებლოდ ან არასასურველი კანდიდატის თავიდან ასაცილებლად. კონკურსის პირობები, შეფასების კრიტერიუმები და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ განსაზღვრულ, ობიექტურ და კანონმდებლობასთან შესაბამის მოთხოვნებს.
არ არის მიზანშეწონილი ისეთი პირობების ან მოთხოვნების დაწესება, რომლებიც არ გამომდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან და რეალურად ზღუდავს კვალიფიციური კანდიდატების მონაწილეობას.
ასევე დაუშვებელია კონკურსის ისეთი ფორმით ორგანიზება, რომლის მიზანიც ან შედეგიც იქნება კონკურსის გაუმართლებლად ჩაშლა და შემდგომში სასურველი პირის კონკურსის გარეშე/არასათანადო პროცედურით დასაქმება.
5. ადმინისტრაციის წევრის დატვირთვა - კონკურსის წესით კვალიფიციური კადრის ვერ აყვანის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის ან ადმინისტრაციის სხვა წევრის სასწავლო საათობრივი დატვირთვა აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 10-საათიან ზედა ზღვარს, სკოლამ შესაბამისი საფუძვლიანობა უნდა დაასაბუთოს და წინასწარ მოგვმართოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს შეთანხმების მისაღებად, როდესაც ასეთი შეთანხმება სამართლებრივი აქტით არის გათვალისწინებული.
ამასთან, გამონაკლისის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას და არა კონკურსის ჩატარების ან ვაკანტური საათების განაწილების თავიდან აცილების მიზანს“