19 აგვისტო ბოლო დღეა - NAEC-ის გაფრთხილება აპლიკანტებს
19-08-2026
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს, გამოცდისათვის რეგისტრაციის ვადა 19 აგვისტოს 18:00 საათზე ეწურებათ.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ პირი, რომელიც საჭიროებს გამოცდაზე სპეციალურ პირობებს, ვალდებულია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე ცენტრში წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
თუ პირს სპეციალური საჭიროება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს შემდეგ წარმოეშობა და სურვილი ექნება, შეექმნას სპეციფიკური საგამოცდო გარემო, გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
პირებს, რომლებიც ატვირთავენ ხარვეზიან განაცხადს, უფლება აქვთ20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით. იხილეთ ბმული.
გაითვალისწინეთ, რომ:
რეგისტრაციისას სავალდებულოა ყველა ველის შევსება;
ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლის ატვირთვა;
განაცხადის წარმატებით ატვირთვის შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია 11:00 საათზე, ხოლო გამოცდა 12:00 საათზე დაიწყება.
გამოცდაში მონაწილეობა საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:
იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.