| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად კი მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ.
„საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს - გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა.
ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 29 სექტემბერს, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება თავდასხმის მიზნით, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს და ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ასევე, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ მას წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ ძალადობის ამსახველ კადრებს, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ დახურულ ჯგუფებში, ასევე, ახლო წრეში.
დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე რამდენიმე ძალადობრივი ქმედება განახორციელა, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასვე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით. (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება)
სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილის და გიორგი რიკაძე სრულად ცნო დამნაშავეებად წარდგენილ ბრალდებაში და მათ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ და ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 6 წლით და 9 თვით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ.
ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები“, - აღნიშნა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ და დასძინა, რომ „მათ უფრო მეტის საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან იქნებიან დარჩენილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს.
მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან ღირსეულ პიროვნებას ღირსეულად გაუსვა ხაზი. პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, სასამართლომაც ყველაფერი ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა. წლებს ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეორე ნაწილი, მე ღირსეული შვილი მომიკლეს“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს ახალი ენერგიით იწყებს
სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან
„ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები“...
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს
არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე.