სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ არასოდეს დავთმობთ თავისუფლებას, რომელიც უფლისაგან გვაქვს მონიჭებული“ - გაეცანით ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო კახნიაშვილის სტატიას
27-05-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სტატია მიუძღვნა. 

გთავაზობთ პედაგოგის სტატიას:

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ და გისურვებთ მუდამ დამოუკიდებელი, ერთიანი და თავისუფალი საქართველოს მზე ათბობდეს თქვენს გულსა და გონებას!

ამ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე განვლილი გზა სულაც არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვალში, როდესაც სვეტიცხოველში ქართულ ენაზე აღევლინა საზეიმო წირვა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, დიდი მიღწევა და ხსნა იყო ქართული ერის, თავად ეკლესიის: სამღვდელოებისა თუ ერისკაცებისა.

1917 წლის ოქტომბერში რუსეთის ბოლშევიკურმა პარტიამ ვლადიმერ ლენინის ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალება  მოაწყო და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ამ მოვლენამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დამოუკიდებლობისაკენ უბიძგა.

როგორ შეიძლება დღეს სიამაყით არ გავიხსენოთ ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარი, რასაც 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია, რომელსაც ქართველი ხალხი აღფრთოვანებითა და ზარ-ზეიმით შეხვდა.

საქართველოში შეიქმნა ეროვნული გვარდია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთხელ იხსნა მტრის დაუნდობელი კლანჭებისგან. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც ასევე დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ისტორიაში. ამ კონსტიტუციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი, როგორც მოქალაქის უფლებების და თავისუფლებების აღიარებასა და დამკვიდრებაში.

1918 წლიდან დღემდე საქართველომ ქართველი ხალხის და ქართული არმიის ზურგზე მრავალი ქარ-ტეხილი გამოიარა, მრავალ გასაჭირს გაუძლო, მრავალი გარე თუ შინაური მტერი მოიგერია და დღეს დამოუკიდებლობის 102 წლის იუბილეს ქართველი ხალხი, კვლავ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მორალურად თუ სულიერად ძლიერები ვეგებებით.

მინდა გავიხსენო 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც რუსულმა ჯარებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი აირის გამოყენებით დაარბია.  თუმცა ქართველი ხალხი არც ამან შეაშინა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ იზეიმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

ასევე მინდა გავიხსენო 2008 წლის სისხლიანი აგვისტო, როდესაც ჩვენმა ერთმორწმუნე და მეზობელმა ქვეყანამ ქართული მიწის სისხლით მორწყვა განიზრახა. სწორედ ქართველთა სისხლით ნაბან მიწაზე სურდა რუსული მენტალიტეტის დანერგვა.

მაგრამ, არა!.. ქართველმა ხალხმა ერთხმად ბრძანა, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ მცირე ერი ვართ, მაინც ვერასდროს დაგვაჩოქებენ. ჩვენ არასოდეს დავთმობთ თავისუფლებას, რომელიც უფლისაგან გვაქვს მონიჭებული თითოეულ ადამიანს და არავის მივცემთ ნებას, რომ ჩვენზე იბატონონ, ვინაიდან საკუთარი თავისა და ქვეყნის ბატონ-პატრონები თავადვე ვართ…

მინდა გაგიზიაროთ ლექსი, რომელიც 2008 წლის საქართველოს ტკივილს მივუძღვენი:

ქართული მიწა ცეცხლში გახვეულა,
სისხლში ამოსვრილა მოლი,
ძირ-ძველი კერა ბუდიდან ანგრეულა,
იმედი დაგვრჩენია ყოვლის!..
დესპოტ მბრძანებლებს ღმერთი გაწყრომიათ,
ეშმასთვის მიუციათ სული,
სჯული და კანონი დავიწყებიათ,
სადღაც დაუკარგავთ გული.
დქტატორ მლიქვნელებს ძარღვი გაწყვეტიათ,
მოსწყურვებიათ სისხლი,
ნათელი ფერები ბნელში არეულა,
არეს მოხვევია ნისლი.
როგორ არ ვიტირო, როცა გასაჭირი,
კარზე მოგვდგომია დიდი.
ძილი დაგვიკარგავს და მოგვნატრებია
ცხოვრება, ტკბილი და მშვიდი.
მთელი საქართველო ფეხზე ამდგარია,
დიდი შემართებით ვიბრძვით,
ჩვენი დამარცხებაც არის გამარჯვება,
ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს.
მაგრამ გათენდება, ისევ გაბრწყინდება,
ქართული ზეცის ფერი,
რაოდენ მეტიც არ უნდა იყოს,
ჩვენ ვერას დაგვაკლებს მტერი.

დედა ღვთისმშობელმა ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გადააფარა თავისი კურთხეული კალთა, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა სწორედ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და ჩვენ ქართველები, უფლის რჩეული ერი ვართ, ამიტომაც გადაშენება არ გვიწერია. გწამდეთ რომ საქართველოში მარად საქართველოს მზე იბრწყინებს, ქართველები მარად ვიქართველებთ და ჩვენი შვილებიც დამოუკიდებელ საქართველოს ჰაერს ჩაისუნთქავენ.

მინდა გაგიზიაროთ ლექსი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მივუძღვენი:

დავმხობილვარ და მიკოცნია ქართულ მიწაზე,
ხელებიც ბევრჯერ აღმიპყრია ცისფერ ზეცისკენ,
ძვირფასი თვლებით რომ შემამკონ სხვა ქვეყანაში,
ის მირჩევნია ფოთლებს გავყვე ჩემი ქვეყნისკენ.
 
იქ, სადაც ნინოს ქრისტეს მცნება უქადაგია
და წამებული ქეთევანი დაბადებულა,
დე ჩემი სულიც იქ გმინავს, სადაც დიდი თამარი
და ქართლის დედა აღზევებულა.
 
ჩემო მამულო, ჩემო მიწა, შენ ჩემო ოდა,
შენს სამსახურში მიგულე პატარა ქართველი ქალი,
მე დავიბადე ულამაზეს ქარულ მიწაზე
და უნებურად დამყოლია ამ ქვეყნის ვალი.
 
ყველას გვახსოვდეს ჩვენი წარსული,
ჩვენი აწმყო და მომავალი,
ჩვენს ანდამარტულ საქართველოსკენ
ყველას გვეჭიროს ყური და თვალი.
 
უჯარმა, ვანი, ვარძია, ფსოუ,
დავითგარეჯი, ტაო ჩვენია,
ან სამაჩაბლოს ლაღი ბუნება,
ვინ გაასხვისა, რად არ რცხვენია?!
 
ვეამბორები შენს ბაღ-ვენახებს,
შენს ოქროს ჭალებს და ტყეს ნისლიანს,
მე ჩემი ქვეყნის ხიბლი მეყოფა,
არ მიმიზიდავს ის, რაც სხვისია.
 
გინდ შემედავეთ სხვა ქვეყნის შვილნო,
საუკუნოვან ჩვენს კულტურაზე,
ჩვენ როცა ჩვენი ერა გვქონდა და
სიტყვა გვეთქმოდა ამ ქვეყანაზე.
 
ჰო, მაშინ როცა სხვათა კულტურა,
ხეებზე ცოცვას იყო ჩვეული,
ჩვენ საამაყოდ გვქონდა დმანისი
და რად დავკარგოთ დღეს განძეული?
 
რად გავასხვისოთ კოლხური მიწა?!
ვის ვუანდერძოთ კავკასიონი?!
და მტერს საძიძგნად რად გავუხადოთ
ჩვენი მეტეხი, ბოდბე, სიონი?!
 
ქართველთა შვილნო ჩვენ მოვუაროთ!
ჩვენ ვუპატრონოთ - ჩვენი ვალია!
და არ წავთვლიმოთ არც ერთი წამით,
თორემ ფხიზელი სხვაც მრავალია!
 
ჰო, ჩვენ ვიფხიზლოთ, მტერმა იძინოს,
ქვეყანას მარჯვე თვალი ჭირდება,
თორემ ქართული ფუძე-კერია
თვალის ხამხამში გაიყიდება.
 
ქართველნო თუნდაც სისხლი დავღვაროთ,
არ დავანებოთ მტერს მიწა-წყალი!
მითხარით სხვა ხალხს რატომ დავუთმოთ
ნადიდგორალი, ნათამარალი?!
 
ოღონდ სამშობლოს გამოადგეს და
შრომა და გარჯა იყოს ალალი…
ყველა წმინდანის მადლი გვწყალობდეს
და გვიფარავდეს ღმერთი მაღალი.
 
ჩემი თბილისი და ქუთაისი
მტერთაგან ბევრჯერ დასეტყვილია.
ჩვენს საქართველოს მგალობლად ჰყავდნენ:
შოთა, აკაკი, ვაჟა, ილია.
 
მაბედნიერებს შენი მთების და ტბების ცქერა,
თვალუწვდენელი კლდეები და სალოცავები,
კალაპოტიდან გადმოსული მდინარეები,
სურნელოვანი ტყეები და ბაღჩა ბაღები.
 
სასტიკ ფერხულში ვერ ჩამითრევს უკუღმართობა,
ჩემი ქვეყანა ღვთისმშობელის მიწა-ყრილია,
მამულიშვილებს საამაყოდ ისიც გვეყოფა
ოცდაექვსი მაისი რომ გამოგვივლია.
 
ო, საქართველო! გადავშვებულვარ მე შენს მორევში
და სენს მომავალს გაბრწყინებულ ფერებში ვხედავ,
ამა მიწაზე დავაბიჯებ ნატიფი სულით,
მეც ხომ ქალი ვარ, პოტენციური შვილების დედა.
 
ო, საქართველო, მე ვითავისებ ყველა შენს წუხილს
და ყველა შენი სიხარული გულს მიხალისებს,
ყური დავუგდოთ ერთმანეთის გამოთქმულ აზრებს
და ერთგულების ნაცვლად ღმერთი ლხენას გვაღირსებს.
 
ახალგაზრდებმაც კარგად ვიცით ამ ქვეყნის ვალი,
პატრიოტებო, შევაერთოთ ძგერა გულისა!..
და პატრიარქის კურთხეული ლოცვა-ღაღადით
არ მოგვკლებოდეს წყალობა და მადლი უფლისა.
 
დე საქართველოს უძლიერეს სამების ტაძრის,
საკურთხეველთან მარად ენთოს ერის სანთელი,
ქართველ დედების დაუზარებელ წმინდა გალობით,
ყმაწვილ ქალ-ვაჟებს მომავალი ჰქონდეთ ნათელი.
 
მე საქართველოვ, შენს წიაღში დავეხეტები,..
და მსურს აქ ოქროს ასოებით სიტყვებს ვაქსოვდე,
შენს სადიდებლად და სადიადოდ მარად ვილოცებ,
რომ სულიერად არ გაგვიჭირდეს აღარასოდეს.
 
ავაფრიალებ ხუთჯვრიან დროშას...
ქართული ჰიმნით ხმას ავიმაღლებ...
შენს სადღეგრძელოდ კარგ შვილებს აღვზრდი,
ოღონდ მამულო შენ ნუ ინაღვლებ!
 
ბედის მდევარო არც შენ შეშინდე!
ქართულ მიწას ხომ წინ უძღვის ჯვარი,
ჩვენს აფხაზეთს რომ ჩავეხუტები,
გამიქარწყლდება გულიდან ჯავრი.
 
ძვირფასო ხალხნო აღაპყრეთ ხელი,
ჩვენს საქართველოს ლოცვა ჭირდება,
შემოვიერთოთ ქართული მიწა
და აღარასდროს გაგვიჭირდება…

მარად გვფარავდეს უფალი სრულიად საქართველოს შვილებს!“

                                    ნინო კახნიაშვილი





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება