ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აძლევს
30-07-2018
დაკოპირებულია
-
+
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში, მაშინაც კი თუ ცხოველი აცრილია, დაუყოვნებლივ მიმართეთ რაბიოლოგს - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში, მაგალითად, თითებზე ან თავის არეში მოხდა.
ლომჯარიას განცხადებით, ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა. ამასთან, მსგავსი შემთხვევები პატრონიანი ძაღლებისგან უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან.
„ვერ ვიტყვით, რომ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები გახშირებულია, თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულში სტანდარტულად მეტია ხოლმე იმიტომ, რომ ლეკვების დაბადების პერიოდში დედა შეიძლება უფრო აგრესიული იყოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკბენის ფაქტები უფრო მეტია პატრონიანი ცხოველისგან, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში, აცრილი ჰყავდეს, როგორც ცოფზე, ასევე კოპლექსურებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ცოფზე არ ცრიან. მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა პროცედურა დავიცვათ, მათ შორის ცხოველის იდენტიფიკაციის, ჩიპირების თუ აცრების მიმართულებით იმისთვის, რომ როგორც საკუთარი თავები, ასევე სხვებიც დავიცვათ,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოწოდებით, მოსახლეობამ თავიანთი ძაღლები ქუჩაში უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. ამასთან, ცხოველის ყოლის სურვილის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის თავშესაფარში მყოფი ცხოველები გააჩუქოს.
ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ