სიახლეები


„გინდა, გახდე მასწავლებელი? - ჯერ კარგად დაფიქრდი, ნამდვილად გინდა?“
11-07-2018
-
+


სოციალური ქსელში მასწავლებელი ნინო ყოლბაია პოსტს აქვეყნებს სათაურით - „გინდა, გახდე მასწავლებელი?“ 

გთავაზობთ მასწავლებლის პოსტს უცვლელად. 

„გინდა, გახდე მასწავლებელი?

ჯერ კარგად დაფიქრდი, ნამდვილად გინდა? იმიტომ, რომ ერთხელ თუ შეყავი თავი სკოლაში, მერე გამოსვლა ძნელია.

დავიწყოთ იქიდან,რომ ლურსმნის დაჭედება მაინც უნდა იცოდე, ხან რის დაჭედება მოგიწევს, ხან - რის. უნდა იყო კარგ სპორტულ ფორმაში, სირბილიც მოგიწევს, გაშველებისას ჭიდაობაც, ბადროს ტყორცნაც, მოსწავლისთვის გამოქანებული წიხლის ჰაერში შეჩერებაც, მკლავჭიდის საკლასო ჩემპიონატში მონაწილეობაც, ბოულინგის თამაშიც, ცეკვაც და რა ვიცი კიდევ რა. მაჩანჩალა ხომ ვერ იქნები? დაგცინებენ ბავშვები და შერცხვები.

კარგი ნერვები უნდა გქონდეს. 45 წუთის განმავლობაში 999-ჯერ დასმულ ერთსა და იმავე კითხვას ისე მშვიდად უნდა უპასუხო, თითქოს პირველად გეკითხებიან. კითხვები ძირითადად ასეთი შინაარსის იქნება:

„- სათაურის შემდეგ ხაზი გამოვტოვო, მასწავლებელო?
- არა.-პასუხობ შენ.
- სათაურის შემდეგ ხაზი გამოვტოვო?- გეკითხება ახლა სხვა.
- არა.(ისევ ინარჩუნებ სიმშვიდეს)"
მხოლოდ 999-ე "არა" შეგიძლია ხმის აწევითა და პირველ "ა"-ზე მკვეთრი მახვილით წარმოთქვა, თორემ აღარ შეგეშვებიან.

კლასის სწრაფად მოწესრიგება უნდა შეგეძლოს და გქონდეს მახვილი თვალი. დასვენება სულ რამდენიმე წუთს გრძელდება და გამოგვისას თუ მოსწავლე გეტყვის, აქაც დაგრჩათ ნაგავი, მასწავლებელოო, მეორედ არ უნდა ათქმევინო, უხერხულია.

მაინცდამაინც მოდასაც ნუ აჰყვები. ისე უნდა გამოიყურებოდე, აი, ტრანსპორტში ეგრევე უნდა მიხვდნენ, მასწავლებელი რომ ხარ. შენთვის აკრძალულია: ელასტიკები, "პრარეზიანი" კაბები ღრმა დეკოლტეთი, ტატუ,სვირინგი, პირსინგი, საცურაო კოსტიუმში ხალხმრავალ ადგილზე გამოჩენა. თუ ძალიან მოგენატრა ზღვა, იპოვე ისეთი პლაჟი, სადაც ხალხი ნაკლებადაა ან სულაც ღამე გადი ზღვაზე, ხომ შეიძლება მოულოდნელად რომელიმე მოსწავლე გამოგეცხადოს, ჩაგაკარტოჩკოს და „აჰაჰავოს" მერე მთელი სკოლა! შენ კიდე რას გადაეკიდე ამ ზღვას? წადი მთაში, იქ დაისვენე. 

კარგი იქნება, თუ გათხოვებას სკოლაში შემოსვლამდე მოასწრებ იმიტომ, რომ მერე შანსები საგრძნობლად კლებულობს. თუ გაგიმართლა და, ვინიცობაა, გათხოვდი, ამის შესახებ და მერე მშობიარობის ზუსტი თარიღიც პირველად სასწავლო ნაწილს უნდა აცნობო, რომ გაკვეთილების გადაადგილება მოასწროს.

კაჟივით უნდა იყო, კარგი იმუნიტეტით, რომ ნებისმიერ ინფექციას ფეხზე მდგომი გაუმკლავდე. კარგი იქნება,თუ ბრმა ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციებს წინასწარ გაიკეთებ, მერე საგაკვეთილო პროცესი რომ არ შეაფერხო. დაიმახსოვრე, 37-38 გრადუსი სიცხე მასწავლებლისთვის სიცხე არ არის! შენ ათვლას იწყებ 39-იდან.

ცალკე პრობლემაა, შვილი თუ გაგიხდა ავად. გეხვეწება, დედა დარჩი, ნუ წახვალ, გთხოვ... როგორ იქცევი ამ დროს? მაინც სკოლაში მიდიხარ, მოსწავლეები გელოდებიან! შეიძლება, ისე დაამთავროს შენმა შვილმა სკოლა, ვერც ერთ მშობელთა კრებას და ვერც მის "ბოლო ზარს" დაესწრო. სამაგიეროდ, შენ შენი კრებები და "ბოლო ზარები" გექნება ჩასატარებელი.

წინასწარ შეაგუე ოჯახი, რომ ისინიც სკოლის უშტატო თანამშრომლები არიან და ვალდებული არიან, გვარებით იცნობდნენ ყველა შენს მოსწავლესა და მთელ კოლექტივს, მერე ზედმეტი კითხვებით რომ არ აგიშალონ ნერვები.

მათაც უნდა იცოდნენ ხატვა, ხაზვა, ძერწვა, ანგარიში, Excel-ში მუშაობა,სლაიდების დამზადება... და როცა კი დაგჭირდება, უხმოდ უნდა გამოგიწოდონ დახმარების ხელი. მათ უნდა იცოდნენ, რომ სახლში უამრავი ხლამის მოტანა მოგიწევს. ნორმალური ადამიანებისთვის ეს ხლამია, მაგრამ შენ მაგ დროისთვის აღარ იქნები ნორმალური, ამიტომ შენთვის ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასი გახდება. 

ეს ყველაფერი არ არის. ამას დაუმატე საგნის საჭიროებები, ტრენინგები, ღონისძიებები,რეპეტიციები, ექსკურსიები, 100 რვეულის გასწორება თვეში მინიმუმ ორჯერ, ნიშნების ათასნაირად ანგარიში, ნიშნით უკმაყოფილო მშობლებთან „კომუნიკაცია"(ასე ჰქვია)... მოვა მერე ვიღაც, სკოლაში მოსწავლეობის მერე რომ არ შემოუდგამს ფეხი და გეტყვის, ახლა ასე არ ვასწავლით, ეს მოძველებული მეთოდია, ქვეყანა ახლა ამერიკული მეთოდიდან ფინურ მოდელზე გადადის, შე არაკომპეტენტუროო, და გაგიშვებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ან ტრენინგზე (შენც კიდე,აბა პირდაპირ ხომ არ გეტყვის, სადაც გიშვებს!) სხვა დროს სხვები გაგიშვებენ. მოკლედ, არ მოიწყენ.“


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება