სიახლეები
სიახლეები, პიროვნება

„ყველაზე მეტად პრობლემური, ალბათ, მშობელთა ჩართულობაა“ - დირექტორები სასკოლო გამოწვევებზე საუბრობენ 
30-10-2023
-
+


მართო სკოლა და სათავეში ედგე სასკოლო საზოგადოებას -  მარტივი არ არის. დირექტორები ყოველდღიურ, სასკოლო ცხოვრებაში, არაერთ დაბრკოლებას უმკლავდებიან, როგორც ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავენ, გამოწვევაა არა მარტო რეფორმები და სიახლეები, არამედ სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვა, ჯანსაღი კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან თუ პედაგოგებთან, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უინტერნეტობა და კომპლექსური დავალებებიც კი. 

პროფესიულ გამოწვევაბსა და სასკოლო საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე Etaloni.ge-ის სკოლის დირექტორები უყვებიან. 

დავით ჯაბუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ხრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

დირექტორებს დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, სკოლის მართვისას ყოველდღიურად ვაწყდებით გამოწვევებს, თუმცა ცალკე გამოვყოფდი მშობლებთან კომუნიკაციას. ეს საკმაოდ რთული საკითხია, სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია, უნდა იყვნენ მეტად აქტიურები და თავიანთი შვილების აღზრდა მხოლოდ სკოლის პასუხისმგებლობად არ ჩათვალონ.

შაისმაილ ისლამოვი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კაბლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძირითადი გამოწვევა ურთიერთობებია. მნიშვნელოვანია, რომ დირექტორს ჰქონდეს ჯანსაღი და კოლეგიალური დამოკიდებულება პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისადმი, რადგან სწორედ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი მივაღწიოთ საერთო მიზანს და შევქმნათ მოსწავლეებისთვის შედეგზე ორიენტირებული გარემო. 

თემურ მიქელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

სოფლის სკოლაა და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთან ზამთრის მოახლოებაა. დიდთოვლობა სკოლაში მოსასვლელ გზას კეტავს, მართალია გვყავს ტექნიკა და ვცდილობთ ამან არ შეგვაფერხოს, თუმცა არის შემთხვევები, როცა უძლურები ვართ. შარშან, ერთ დღეს მეც კი ვერ მივედი სკოლაში, ბავშვებზე, რომ აღარაფერი ვთქვა. სხვა მხრივ ძალინ მოწესრიგებული სიტუაციაა ჩვენთან, არ არსებობს მშობელმა ბავშვებს გააცდენინონ სკოლა, გარდა იმ შემთხვევისა თუ საქმე ჯანმრთელობას ეხება. დასაფასებელია მათი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობაა ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის. ამ ბოლოს ბავშვები ძალიან აგრესიულები არიან, მათთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი შეცვლილები და მეტად აგრესიულები არიან. სკოლებში გვყავს სპეცმასწავლებლები, მაგრამ თვითონ მშობლები არიან წინააღმდეგნი, რომ მათ შვილებთან სპეცმასწავლებლებმა იმუშაონ, სამწუხაროდ, არასწორი წარმოდგენა აქვთ ინკლუზიურ ბავშვებთან და ამ ტიპის განათლებასთან და ამას რაღაც ავადმყოფობასთან აიგივებენ. 

ლია მაჭარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის, მინაძის საჯარო სკოლის დირექტორი:

გამოწვევები მრავალმხრივია სასკოლო ცხოვრებაში, რადგან საკმაოდ ბევრი საკითხია, რასაც დირექტორის დახმარებით სკოლა აგვარებს და უნდა მოაგვაროს. ეს არის: მოსწავლეთა დასწრება; აკადემიური მოსწრება; ფინანსური საკითხები; მენეჯმენტი... საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლოა დირექტორის საქმიანობა. ახალი პროექტები თუ მეთოდები უნდა დავნერგოთ, სწავლა-სწავლების ხარისხი ავამაღლოთ და რაც მთავარია, მოსწავლეების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, რაც აუცილებლად მოგვცემ ხარისხობრივი მაჩვენებლის მატებას. ჩვენ უნდა აღვზარდოთ, პირველ რიგში ქვეყნის კარგი მოქალაქეები და შემდეგ უკვე განათლებული ახალგაზრდები - ამისთვის კი, დროულად უნდა დავნერგოთ ყველა ინოვაცია, ამაზე კი მთელმა გუნდა შეხმატკბილებულად უნდა ვიმუშაოთ. ყველაზე მეტად პრობლემური, ალბათ, მაინც მშობელთა ჩართულობაა. ჩემი მთავარი გამოწვევაც სკოლისა და მშობლების დაახლოება, რადგან ბავშვებმა მათი მხარდაჭერაც იგრძნონ.

გოჩა ძნელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის ნებისმიერი გამოწვევა სწორედ დირექტორის გამოწვევაა. ნებისმიერი საქმიანობა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებას უკავშირდება არის დირექტორების პასუხისმგებლობა, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთ დაბრკოლებას ვაწყდებით და სათავეში ვუდგავართ არამარტო სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას, არამედ სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესს, ის ჩვენი მოვალეობაა და პირადად მე ვცდილობ, რომ ის პირნათლად შევასრულო და ღირსეულად ვიდგე განათლების სადარაჯოზე. 

მარიამ კაპანაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის, ანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მაღალმთიანი სკოლა ვართ და ეს თავისთავად უკვე დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა ვფიქრობ, რომ ბავშვებს გააზრება და ათვისება უჭირთ, ეს ალბათ, არამარტო ჩვენი სკოლის არამედ გლობალური პრობლემაა, თუმცა ყველა სკოლა და განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების სკოლებს არ აქვთ საშუალება ჰყავდეთ ფსიქოლოგები და ლოგოპედები, მათი დახმარებით ზემოთ აღნიშნული პრობლემა საგრძნობლად გამოსწორდებოდა, ვისურვებდი, რომ არსებობდეს ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც გამოიკვლევენ და შეისწავლიან იმ საჭიროებებს, რაც განათლების დონი ამაღლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. 

ნელი ნათენაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

მრავალი გამოწვევაა სკოლებში, ინფრასტრუქტურა მათ შორის ერთ-ერთია, მართალია ჩვენი სკოლა გარემონტებულია, თუმცა გვაქვს ეზოში მინი სტადიონი, რომელიც არ არის კარგ მდგომარეობაში, ბიბლიოთეკა არ გვაქვს ასევე, რაც ძალიან  დიდი პრობლემაა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, არ გვაქვს ლაბორატორიები, რომ მოსწავლეებმა პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და ჩაატარონ ცდები. 

ლუიზა ფარტენაძე, ქედის მუნიციპალიტეტის, ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მთავარი გამოწვევა სწრაფი რეფორმები და ცვლილებებია - ეს ზოგადად, თუმცა კონკრეტულად ჩემი სკოლის მაგალითზე, რადგან სოფლის სკოლა ვართ ინტერნეტის პრობლემას ხშირად ვაწყდებით, ასევე სკოლის ტექნიკა გვაქვს მოსაწესრიგებელი. დირექტორები, ყოველდღიურად ვდგებით გამოწვევების წინაშე, მთავარი გვქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვაკეთოთ ჩვენი საქმე სიყვარულით. 

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საბაზოა და მიმდინარე წელს 4 კლასი არ მყავს, სკოლაში სულ 8 მოსწავლეა და 11 პედაგოგი ვართ, მივდივართ დახურვისკენ - ეს არის მთავარი გამოწვევა ჩემთვის, ვწუხვარ, რომ ამდენად ცოტანი ვართ სკოლაში. ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა შესანიშნავი გვაქვს, თუმცა მოსწავლეები არ არიანი ისე მოტივირებულები, როგორც ადრე იყვნენ. ჩვენ 2 მოსწავლესთან შევდივართ, მთელს სულს და ენერგიას ვდებთ და სამწუხაროა, რომ მათში სურვილი და ინტერესი ნაკლებია, მშობლების ფაქტორიც არის აქ, მათაც უნდა დაეხმარონ ბავშვებს, რომ მეტად მოინდომონ სწავლა, ტექნიკას და მობილურებს მივესალმები, მაგრამ ამან მოსწავლეები არ უნდა გააზარმაცონ, ვცდილობთ კარგი თაობა გავზარდოთ და იმედია, რომ ჩვენი შრომა და მონდომება უკვალოდ არ ჩაივლის. 

მაია ახალაია, სენაკის მუნიციპალიტეტის, ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში ჩვენი სკოლა აუცილებელ რემონტს საჭიროებს, ლაბორატორია საერთოდ არ გვაქვს, ბუფეტიც გვჭირდება, რომ მოსწავლეებმა ჯანსაღად და სწორად იკვებონ, არ გვაქვს ინტერნეტი რაც, ხელს გვიშლის სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წავრმართოთ. ასევე დიდი პრობლემაა  მე-12 კლასის მოსწავლეები დასწრება და ზოგადად, ბავშვებს უჭირთ გაგება, გააზრება - ეს ალბათ მხოლოდ ჩვენი სკოლის პრობლემა არ არის. თუმცა მეც და მთელი ჩემი გუნდიც, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება.

ქეთევან როყუა, გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის,  გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი:

გამოწვევებს წავაწყდით კომპლექსური დავალებების დანერგვისას, დაწყებით კლასელებთანაც ვმუშაობთ ამ დავალებებზე და მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ პატარები ამას მარტო ვერ უმკლავდებიან. მაღალ კლასელებში პირიქით, საკმაოდ კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა. ზოგადად, ბავშვებში ინტერესი არის დაბალი სწავლებისა და მეცნიერებისადმი - ეს კი ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია. ასევე მშობლებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენ ვცდილობთ გავააქტიუროთ ისინი, თუმცა ჩემი სკოლის მაგალითზე ძალიან ბევრი ბავშვი ბებიებთან და ბაბუებთან იზრდებიან, ზოგჯერ ასეთი ბავშვების მიმართ ვერ ვართ საკმარისად მომთხოვნები, ვიზიარებთ მათ მდგომარეობას და გვაქვს შეგრძნება, რომ დედას სხვანაირად ვეტყოდით და თავადაც სხვანაირად მიუდგებოდა ბავშვს.  


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სტუდნეტების ნაწილმა აუდიტორიები დატოვეს და საპროტესტო აქციებს უერთდებიან -  ვრცელდება პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიმართვაც
როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები განახლდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, ისტორიის მასწავლებლებმა იმ ადამიანები ღვაწლზე ისაუბრეს, ვინც თავი გასწირა
ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ჭიკაანის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ IV,V,VI და VII კლასების მოსწავლეებმა
სკოლაში მისწვეულმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოისმინეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა კავშირშია - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება