მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომავალი თაობების საგულშემატკივროდ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში შეიკრიბა წალენჯიხის სასკოლო საზოგადოება. ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციებით აღსავსე იყო, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მე-6 და მე-7 კლასელები ერთმანეთს სხარტ აზროვნებასა და ცოდნაში შეეჯიბრნენ.
20 კითხვის შემდეგ კი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პირველ ადგილზე ფახულანის N1 საჯარო სკოლა გავიდა. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-7 კლასის მოსწავლე ანასტასია გოგოხია, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ბარბარე ქობალია VII კლასი, ნინი შონია VI კლასი, ნინო ჩხაპელია VI კლასი და მარიამ შონია VII კლასი.
„ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ ერთმანეთს 25 სკოლის მე-6 და მე-7 კლასების 125 მოსწავლე შეეჯიბრა. გუნდურ ჩემპიონატს რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ etaloni-ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
„ეტალონის“ ჩემპიონატში ჩვენ უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. ბავშვები მოტივირებულები არიან, ყოველ წელს მოსწავლეთა მზარდი რაოდენობა ერთვება მასში, ეცნობიან ჩემპიონატის კითხვებს, წინასწარ ემზადებიან, ყველანაირად ჩართულები არიან კონკურსში. სულ 30 საჯარო სკოლა გვაქვს და აქედან 25 სკოლა მონაწილეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებში მაღალი მოტივაციაა და მზაობა, ჩაერთონ ამ საგანმანათლებლო პროექტში. გამარჯვებული ყველაზე მაღალი - 85 ქულით გამოვლინდა. ზოგადად, ეს პროექტი ძალიან მოგვწონს. ეს არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ სკოლისთვის, გუნდისთვის, რესურსცენტრისთვის, ყველასთვის მისასალმებელია. მაქსიმალური მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ ასეთ ჩემპიონატებში მივიღოთ მონაწილეობა. ეს პროექტი წლების განმავლობაში არ ხუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი და ღირებულია“, - ამბობს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.
ფახულანის N1 საჯარო სკოლის სიხარულს საზღვარი არ აქვს. ამ დიდი გამარჯვებით ყველა ბედნიერია. სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ტელესივრცეში.
„ველოდებოდი, რომ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში ჩემი სკოლის გუნდი გაიმარჯვებდა. სხვადასხვა საგნის მასწავლებლები დიდ შრომას დებდნენ, რომ ბავშვები პროექტში მომზადებულები გასულიყვნენ. გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი სოფიო კიკორია ასევე ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს ეს შედეგი რომ დაედოთ. გამარჯვება მარტივად არ მოდის ბევრი გარჯა და შრომაა საჭირო. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში საგნების მიხედვით, ინტელექტუალური შეჯიბრებები ხშირად იმართება, ამიტომ მოსწავლეები დაძაბულ ატმოსფეროში მუშაობას მიჩვეულები არიან.
რაც შეეხება ამ პროექტს და მის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მინდა აღვნიშნო, რომ მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. ბატონი გოჩა თავისი საქმიანობით ეროვნული პიროვნებაა. ყოველთვის ხაზს უსვამს ჩვენს ეროვნულობას, ქართველობას, სამშობლოს, რაც მიყვარს ყველაზე მეტად. სწორედ ამ ნიუანსებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ერთგული გულშემატკივარი ვიყავი და ვარ ამ პროექტის. მინდა, მალე სატელევიზიო სივრცეში ვიხილო, ამის ღირსი ნამდვილადაა“, - განაცხადა ფახულანის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ფიფიამ.
etaloni-ge-ს გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარულსა და ემოციებს გუნდის კაპიტანი ანასტასია გოგოხია უზიარებს.
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებას ველოდებოდი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული. გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, ამიტომ უფრო ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ მომეხსნა ეს განცდა. ჯგუფურად მუშაობა ვფიქრობ, ბევრად უკეთესია. რაც შეეხება გამარჯვებას, ჩემთვის ეს მოტივაციის მომცემი გახდა, რომ შემდეგში კიდევ მივიღო მონაწილეობა კონკურსებსა და ჩემპიონატებში. მან ასევე თავდაჯერებულობა შემმატა“, - აღნიშნა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ანასტასია გოგოხიამ.
ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
რეგისტრაცია 1-ელი სექტემბრიდან იწყება - დეტალები
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
„გრანტები და სასურველი უნივერსიტეტები“... ასე ეხმაურება სკოლა კურსდამთავრებულთა სტუდენტობას
საჯიჯაოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი